Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდელები როლანდ ახალაიას მიერ უკანონოდ გადაკეტილი კედიას ქუჩის გახსნას მოითხოვენ

ზუგდიდელები როლანდ ახალაიას მიერ უკანონოდ გადაკეტილი კედიას ქუჩის გახსნას მოითხოვენ

625

სამეგრელოზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორის, არჩევნებში ვითომდა გამარჯვებულ ზუგდიდის მაჟორიტარ როლანდ ახალაიას «საქმენი საგმირონი» მთელი საქართველოსთვისაა ცნობილი. მან თავისი მოღვაწეობა ზუგდიდში ოფისის კეთილმოწყობითა და გამაგრებით დაიწყო, რასაც მრავალი ადამიანის ტანჯვაწამება მოჰყვა. საოფისედ მან თვალი დაადგა ზუგდიდის ცენტრში არსებულ შპს «ზუგდიდსერვისის» ოთხსართულიან შენობას, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა ობიექტი პრივატიზებულ ფართობებზე.

საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისთვის გადაცემის მიზნით, შპს «ზუგდიდსერვისის» საწესდებო კაპიტალიდან ამოიღეს კედიას ქუჩა #5-ში მდებარე შენობის 1027,5 კვ.მ ფართობი  და 441,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამ ფართობზე განთავსდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა ისე, რომ «ზუგდიდსერვისსა» და საოლქო პროკურატურას შორის ხელშეკრულება არ დადებულა უსასყიდლო უზუფრუქტზე.

როლანდ ახალაიამ უპრობლემოდ მიითვისა ეს შენობა, გამოყარა იქ მომუშავე ადამიანები, გადაკეტა შენობის წინ საავტომობილო გზა, შემოავლო რკინის ღობე, დარგო ხეები და ქუჩა თავის დასასვენებელ სკვერად და თავისი სამსახურის მანქანების სადგომად აქცია. იქ შეღწევა ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ შიშის გამო ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, ახლა კი «ახალმა ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, როლანდ ახალაიას მიერ სკვერად და მანქანების სადგომად ქცეულ ქუჩას უნდა აღუდგინოს ძველი ფუნქცია. როლანდ ახალაიას თვითნებობის გამო მანქანებს შემოვლითი გზით უხდებათ მოძრაობა», _ აცხადებს ზუგდიდელი რევაზ დარასელია.

ზუგდიდელი გივი ჭითანავა, რომელიც როლანდ ახალაიამ ზემოთ აღნიშნული შენობიდან გამოაძევა, 5 წელზე მეტხანს ეძებდა სამართალს. «2001 წელს, ყოველგვარი კანონის დაცვით, სათანადო საბუთების საფუძველზე, შევიძინე შპს «ზუგდიდსერვისის» შენობის პირველ სართულზე 40 კვ.მ  ფართობი, რომელიც დამიკანონა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ. ამ პრივატიზებულ ფართობში განთავსებული იყო აფთიაქი. არანაირი დაპირისპირება არც «ზუგდიდსერვისთან» და არც ეკონომიკის სამინისტროსთან არ მქონია, სანამ არ მოვიდა როლანდ ახალაია. მას თვალში არ მოუვიდა ჩემი პრივატიზებული ფართობი და განიზრახა ჩემი გაგდება, ამიტომაც ჩემ წინააღმდეგ აამხედრა «ზუგდიდსერვისი» და ეკონომიკის სამინისტრო; რადგან მას იმდენი გავლენა ჰქონდა, რომ ვერავინ შეჰბედავდა წინააღმდეგობის გაწევას, აიძულა ისინი, ჩემთვის კანონიერად გადმოცემული ფართობი უკანონოდ ეცნოთ და წამართვეს. მივმართე ყველა სასამართლო ინსტანციას. იყო საპროტესტო აქციები, მაგრამ არაფერი გამომივიდა. იმ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იყო მესაკუთრეს საკუთარი უფლებები დაეცვა», _  გვითხრაა გივი ჭითანავამ.

ხუთწლიანი დავის შემდეგ გივი ჭითანავა შეეშვა ბრძოლას, რადგან ყოველგვარი იმედი გადაეწურა, ახალმა ხელისუფლებამ კი მას კვლავ გაუჩინა საკუთრების დაბრუნების იმედები. «მე გამაჩნია ყველა დოკუმენტი, რომლებიც ჩემს სამართლიანობას დაამტკიცებს, და იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლებრივი გზით დავიბრუნებ ძალით წართმეულ ჩემს საკუთრებას», _  განაცხადა გივი ჭითანავამ.

იმედია, არამარტო გივი ჭითანავა, არამედ ბევრი უკანონოდ დაჩაგრული ადამიანი იპოვის სამართალს.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here