Home რუბრიკები სამართალი ზაზა დავითაია: ციხის თანამშრომლების სიის გამოქვეყნების ერთადერთი მიზანი პატიმრების დაცვა იყო

ზაზა დავითაია: ციხის თანამშრომლების სიის გამოქვეყნების ერთადერთი მიზანი პატიმრების დაცვა იყო

1167

გაზეთ «ასავალდასავალში» ციხის თანამშრომლების გვარსახელების გამოქვეყნებამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათ გაზეთს ძალადობისკენ მოწოდებაში დასდეს ბრალი და რედაქციის წინ საპროტესტო აქციები გამართეს. თუმცა «ასავალდასავალის» ჟურნალისტები მათ წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ამ ბრალდების ავტორთა მიზანი გაზეთის დახურვაა, ვინაიდან მთელი იმ დროის მანძილზე, რაც «ასავალდასავალში» პატიმრების წამების შესახებ იბეჭდებოდა, ეს ადამიანები პატიმრების ბედს არ აუღელვებია. «მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ჯალათებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, თან მაშინ, როცა ჯერჯერობით ჯალათების ოჯახებზე ზეწოლის პრეცენდენტიც არ ყოფილა და არ ლაპარაკობენ იმ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე, რომლებსაც ახლაც კი აწამებენ», _ ამბობს გაზეთ «ასავალდასავალის» ჟურნალისტი ზაზა დავითაია. «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში იგი ყოფილ სახალხო დამცველს, ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, გიორგი ტუღუშს, სერიოზულ ბრალდებას უყენებს და დანაშაულთა დაფარვაში სდებს ბრალს.

_ გაზეთ «ასავალდასავალში» ციხის თანამშრომლების სიის გამოქვეყნების შემდეგ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებაში დაგადანაშაულეს. როდესაც ამ სიას აქვეყნებდით, რა იყო თქვენი მიზანი?

_ ციხის თანამშრომელთა სიის გამოქვეყნებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა _ შეგვეწყვიტა პატიმრების წამება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, ჯერ სისტემა ბოლომდე დალაგებული არ იყო, ჯალათები კვლავ რჩებოდნენ თანამდებობებზე და პატიმრების წამებასაც აგრძელებდნენ. ვინაიდან შიშობდნენ, რომ ჩადენილ დანაშაულთა გამო აუცილებლად მოეკითხებოდათ; ყველა ზომას მიმართავდნენ, რათა მათ მიერ ნაწამები პატიმრები დაეშინებინათ. ისინი არამხოლოდ პატიმრებს ემუქრებოდნენ შვილების ამოწყვეტითა და განადგურებით, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. ამ სიტუაციაში პრევენციის სხვა საშუალება წამების შესაჩერებლად მე არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ამ ჯალათების სახელები და გვარები, სრულ სიასთან ერთად, მისამართების მითითებით გამომექვეყნებინა. ვინაიდან, სანამ კანონი არ მოქმედებს ქვეყანაში, დაე, საზოგადოებრივმა აზრმა შეაჩეროს მათი ბილწი ზრახვები და პატიმრები შემდგომი ფიზიკური ტკივილის მიყენებისგან იხსნას.

_ თუმცა, ჯალათების გარდა, სიაში ციხის სხვა თანამშრომლების გვარსახელებიც იყო ჩამოთვლილი. თქვენ გაკრიტიკებდნენ, რომ ლამის დამლაგებლების ვინაობაც კი გამოაქვეყნეთ, არადა, სიაში მყოფთაგან რეალურად დამნაშავე სულ რამდენიმე პირი იყო

_ ტყუილია, თითქოს ჩამოთვლილთაგან მხოლოდ რამდენიმე პირი იყო დამნაშავე. ამ სიაში დასახელებული უამრავი ადამიანია დამნაშავე. ვინაიდან ჯალათი მხოლოდ ის კი არ არის, ვინც თავად აწამებს პატიმრებს, არამედ ისიც დამნაშავე და თანამომაწილეა, ვინც ხედავს, როგორ აწამებენ ადამიანს და ხმას არ იღებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

რაც შეეხება დამლაგებლებს, მათ პატიმრების წამების ხმაც ესმოდათ და შემდეგ საკანში სისხლის გუბეებსაც წმენდდნენ, სისხლიანი თეთრეული გამოჰქონდათ და მაინც ჩუმად იყვნენ.

ამიტომ ის დამლაგებლებიც ჯალათობის და წამების თანამონაწილეები არიან. რა თქმა უნდა, კეთილშობილი ხალხიც მუშაობდა იქ და ჩვენს სიაშიც არის ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათი ჯალათებისგან გამიჯვნა უნდა მოხდეს.

_ თქვენ მიმართ მთავარი პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ ციხის თანამშრომლების მისამართები გამოაქვეყნეთ. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ მათი ოჯახების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა?

_ ამაზე უნდა ეფიქრათ თავად ჯალათებს, როდესაც დანაშაულს სჩადიოდნენ, რადგან უდანაშაულოს არავინ არ მიუვარდება სახლში. ამას გარდა, უკვე თითქმის ათი დღე გავიდა ამ სიის გამოქვეყნებიდან და ერთი ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა, რომ მათ სახლებში ვინმე მიუვარდა.

დიახ, ამ ჯალათების ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი წამებაში მონაწილეობდა. სწორედ ცოლები, დედები, მეზობლები და ნათესავები უნდა განუდგნენ ამ ადამიანებს და გაკიცხონ. ვიდრე ადამიანები დაუსჯელად გრძნობენ თავს კანონისა და საზოგადობრივი აზრის წინაშე, დანაშაული კვლავ განმეორდება და თანაც მეტი სისასტიკით

მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ჯალათებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, თან მაშინ, როცა ჯერჯერობით ჯალათების ოჯახებზე ზეწოლის პრეცენდენტიც არ ყოფილა და არ ლაპარაკობენ იმ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე, რომლებსაც ახლაც კი აწამებენ.

_ თქვენ ხშირად წერდით ციხეში არსებული მძიმე ვითარების თაობაზე, ამ ადამიანთაგან, რომლებიც დღეს თქვენ გიპირისპირდებათ, ადრე მაინც თუ გამოგხმაურებიათ რომელიმე და მხარი დაუჭერია პატიმრებისთვის?

_ არასდროს არც ერთი მათგანი არ გამოგვხმაურებია. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გვიპირისპირდებიან, ყოველთვის სარკასტულად და ცინიკურად იყვნენ გაზეთ «ასავალ-დასავალის» მიმართ განწყობილები, ფაშისტურ გაზეთად გვაცხადებდნენ და არათუ გვეხმარებოდნენ, მას შემდეგაც კი, რაც ჩვენ პატიმრების წამების კონკრეტულ ფაქტებზე ვწერდით, ჯალათების სახელებსა და გვარებს ვასახელებდით, მათი რეაქცია მხოლოდ იქედნური ღიმილით შემოიფარგლებოდა. მახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე როგორ ირონიულად გაიღიმებდა ხოლმე, როცა პატიმრების წამების შესახებ ინფორმაციას შეიტყობდა. მიხეილ სააკაშვილს, დავით ბაქრაძესა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს _ ყველას _ პირადად მე, დანაშაულის მიჩქმალვაში ვადანაშაულებ. ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომელსაც პატიმრების წამების უამრავი ფაქტი ჰქონდა, წინასწარ აცნობებდა ხოლმე საპატიმროებს, რომ ახლა უნდა მოვიდე და ვნახო ნაწამები პატიმარი და არიქა, გადაათქმევინეთ, თორემ, რომ მოვალ, მერე გვიანი იქნებაო.

_ მაგრამ სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ხომ წერდა აღნიშნული ფაქტების შესახებ?

_ თავის ანგარიშებში გიორგი ტუღუში წერდა იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც უკვე ცნობილი იყო, ამიტომ ის იძულებული ხდებოდა, ამ გახმაურებულ  ფაქტებზე პარლამენტის ტრიბუნიდან ელაპარაკა. ოღონდ, თუ ჩვენ სახელებითა და გვარებით ვამხელდით ციხის დამნაშავე თანამშრომლებს, ტუღუში ჩვენი მხილების მერეც კი ვინმე ოლეგზე, «ხონსკიზე» და «ჯუკაზე» საუბრობდა, როცა ბევრჯერ დავუწერეთ, რომ ვინმე ოლეგი ოლეგ ფაცაციაა,  «ხონსკი» _ დავით ხუროძე, ხოლო «ჯუკა» _ ჯუღული მამულაშვილი.

გიორგი ტუღუში ციხის ჯალათებს მფარველობდა. იგი არ ინტერესდებოდა, რატომ უარყოფდა ნაწამები პატიმარი საკუთარ ჩვენებას.

რა უნდა მექნა მე, როგორც ჟურნალისტს, უფლებადამცველს, როცა ვიცოდი, რომ კვლავ აწამებდნენ პატიმრებს? ციხის თანამშრომლების სიის გამოქვეყნების ერთადერთი მიზანი პატიმრების დაცვა იყო.

_ ხომ არ სჯობდა, დაგეცადათ, სანამ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა და დასჯიდა დამნაშავეებს? მიზეზი რა იყო ამ სიის გამოქვეყნების, არ გქონდათ დამნაშავეების დასჯის იმედი?

_ იმ წუთას მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა _ ციხეებში მიმდინარე წამების ფაქტები როგორმე შემეჩერებინა. შემდეგ, ე.წ. ლიბერასტულმა ორგანიზაციებმა დაგვაბრალეს, თითქოს ეს იყო ანგარიშსწორებისკენ მოწოდება. როდესაც ჩვენ კანონის აღსრულებისთვის ვიბრძოდით, ეს ადამიანები, რომლებსაც  პატიმრებზე ზრუნვა ევალებოდათ, საერთოდ უყრუებდნენ პრობლემებს, ახლა კი გამოყვეს თავი, როცა თურმე ჯალათების უფლებები ირღვევა.

პირდაპირ მინდა გითხრათ: ესენი არიან სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნამსხვრევები. სააკაშვილის მიერ მოსყიდული ქართველი თუ ევროპელი ჩინოვნიკები ქართველი უფლებადამცველების მიერ პატიმრების წამების შესახებ ევროპაში წარდგენილ ინფორმაციას მალავდნენ, ამიტომ დიდი გამოძიება ევროპაშიცაა დასაწყები.

_ თუმცა ქართულ საზოგადოებასაც არ სჯეროდა პატიმრების წამების შესახებ ინფორმაცია, სანამ ვიდეოკადრები არ იხილა.

_ სჯეროდა, მაგრამ ქართული საზოგადოება იყო დათრგუნული. შიში ყველაზე საშინელი სინდრომია. თუმცა, ეს შიში ნელ-ნელა იძლევა და დარწმუნებული ვარ, უამრავ ინფორმაციას შევიტყობთ. უკვე გაანადგურეს ციხეებში მოთავსებული ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც ყველაზე უტყვი მესაიდუმლეები არიან თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულისა. ციხის თანამშრომლებისგან ვიცი, რომ ციხის არქივების განადგურების წინ მაღალჩინოსნები ერთმანეთს ასე უბნებოდნენ თურმე, ეს რომ აღმოაჩინონ, ხომ გვეტირება ყოფის დღეო.

_ იმ კადრებზე შემზარავია, რაც ვიხილეთ?

_ ბევრად უარესია. თვალი და გონება რომ ვერ წარმოიდგენს, წამების ისეთ ფორმებზეა საუბარი. ფირებზე კონკრეტული თანამშრომლები არიან აღბეჭდილები, რომლებიც ახლა შეიძლება იმ ჩვენს სიაშიც არიან, მაგრამ უმანკო სახეს ირგებენ და ამბობენ, რომ არაფერი დაუშავებიათ. სწორედ ამიტომ საჭიროა დიდი გამიჯვნისა და ლუსტრაციის პროცესი. ეს ადამიანები საშიშები არიან. ცოტა ხნის წინ 9 თვის ბავშვის საშინელი სიკვდილი ვიხილეთ. ეს კიდევ გამოსაძიებელია, რა და როგორ მოხდა. 

_ მას შემდეგ, რაც ტელეკოპანია «მაესტროს» გადაცემაში თქვენ და ზაზა ბურჭულაძემ შეურაცხყოფა მიაყენეთ ერთმანეთს, ზაზა ბურჭულაძე სცემეს

_ მე მისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. მე კი ბევრჯერ მომაყენა შეურაცხყოფა. არ შეიძლება ადამიანს ლიბერალურ აზროვნებაზე პრეტენზია ჰქონდეს და სხვის უფლებებს თავად არღვევდეს. ზაზა ბურჭულაძის ცემაზე მე პასუხისმგებელი არ ვარ, მისი მოღვაწეობა და ნაწერებია ყველაფრის მიზეზი. რადგან, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, კეთილი უნდა ინებო, კანონები და ზნეობრივი ნორმები დაიცვა.

_ თქვენ თავადაც მოიხადეთ სასჯელი, რა დამოკიდებულება იყო პოლიტპატიმრების მიმართ ციხეში, თქვენ როგორ გექცეოდნენ?

_ პირადად მე, როგორც პოლიტპატიმარი, არ ვუწამებივარ, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან ჩემ მიმართ იყო გარკვეული ზეწოლა. საერთოდ რომ არ შეგეხოს არავინ, უდანაშალო ადამიანის ციხეში ყოფნა უკვე წამების ფორმაა. რა უდანაშაულობის პრეზუმფციაზეა საუბარი, როცა პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ძალოვანი სტრუქტურების ჩინოსნები ხელაღებით გაბრალებენ, რომ აგენტი ხარ. ვიდრე სასამართლოს განაჩენი დადგებოდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც დააჯერეს, რომ ჩვენ მართლაც რუსეთიდან მართული გადატრიალების მოწყობას ვაპირებდით და, სიმართლე გითხრათ, დღეს იმის აღიარებაც კი მრცხვენია, რომ არანაირი მონაწილოება არ მიმიღია ამ გადატრიალებაში. დღეს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ინგრევა, ვამბობ, რომ ეს იყო ცილისწამებით შეთითხნილი ბრალდება და დღეს გაცილებით ამაყი ვიქნებოდი, მართლაც რომ მიმეღო ისეთი სახის  გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა.

_ ვლადიმერ ბედუკაძე ახლახან «ასავალდასავალმა» საკუთარ თანამშრომლად გამოაცხადა, ამის გამო ზოგიერთების კრიტიკაც დაიმსახურეთ. არის ლადო ბედუკაძე გმირი?

_ მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ბედუკაძე ჩვენი დროის გმირია. ნებისმიერ სასამართლო პროცესზე შემიძლია დავადასტურო, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის მაწვდიდა ინფორმაციას ინკოგნიტოდ. ჩვენი საუბრები ჩაწერილია ფირზე, სადაც ის მეუბნება, რომ ეს არის საშინელი სისტემა, რომლის დამხობაც აუცილებელია და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სისტემა დაემხოს.

ბედუკაძე Facebook-ზე «ანტივირუს კასპერსკის» სახელით იყო ცნობილი და მაწვდიდა ინფორმაციას. მე ვიქნები პირველი, ვინც მას გვერდით დაუდგება. ყველამ უნდა იცოდეს: რომ არ ყოფილიყო ვლადიმერ ბედუკაძე, არ იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება. ვლადიმერ ბედუკაძემ შეცვალა საქართველოს ისტორია და დაამარცხა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი. ლადო ბედუკაძის წვლილი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში უდიდესია.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას ჯალათს უწოდებს, ძალიან ცდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბედუკაძემ მათი და მათი შვილების მომავალი შეცვალა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here