Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი პაციენტის თეატრი, ანუ სტეიკი უსისხლოდ

ერთი პაციენტის თეატრი, ანუ სტეიკი უსისხლოდ

696

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივნისს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. იგი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ჰილარი კლინტონი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ოპოზიციური კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი შეეცდება, შეხვდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, რომელიც საქართველოში 5 ივნისს ჩამოდის. მან ასევე განაცხადა, რომ 27 მაისს თბილისში გამართულ აქციას «დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელებისთვის და ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის, ყველაზე ძლიერი მეგობრის _ ამერიკისთვის».

ერთობ უსიამო ამბავი უნდა გამცნოთ _ ჩვენთან რევიზორი ჩამოდის! _ ჩვენმა გოროდნიჩიმ საკუთარ ამქარს ეს ამბავი უხალისოდ აცნობა და ქუთაისის გუბერნიას მიაშურა. კაცმა რომ თქვას, გოროდნიჩი კი არა, მთლად უფროსია, მაგრამ რევიზორი ხომ ოკეანისგაღმიდან მოდის და რა იცი, რა არ მოეწონოს? ბოლო ჩამოსვლაზე ჰავლაბრის რეზიდენციას ისეთი ცუდი თვალით შეხედა, რომ ამჯერად პარლამენტის ახალი შენობით უნდა მოუბრუნოს გული. აქაოდა, მარტო ჩემთვის კი არ ვაშენებ, ახალი დედაქალაქი და «ლაზიკა» მაქვს დაწყებული და ამ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ნუ მიმატოვებინებთო!

ერთობ სასიამო ამბავი უნდა გამცნოთ _ ჩვენთან რევიზორი ჩამოდის!

 _ საგოროდნიჩედ გამზადებულმა ხალისიანად აცნობა საკუთარ ამქარს ეს ამბავი და დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე «ასობით ათასი» ადამიანი გამოაყვანინა. რევიზორი ოკეანისგაღმიდან მოდის და, თუ «ხალხის ძალა» აჩვენა, იქნებ კეთილი თვალითაც გადმოხედოს! მერე რა, რომ ბოლო ხანებამდე თავადაც გოროდნიჩის აფინანსებდა და მისი ნაყიდი ხელკეტებით ახლა მისივე მომხრეებს უჭრელებენ გვერდებს!

გოროდნიჩი და საგოროდიჩნე ერთმანეთს ეჯიბრებიან. ზოგჯერ ზედმეტიც მოსდით, მაგრამ ტყუპებივით კვალში უდგანან ერთმანეთს და იმავე პიესის სხვა გმირებს, სრულ სეხნია ბობჩინსკისა და დობჩინსკის ემსგავსებიან. ბობჩინსკი მეზობელი სახელმწიფოსკენ იშვერს ხელს, იქაური «გაზპრომის» ფულებით უნდათ ჩემი დამხობაო; დობჩინსკი კი იქვე ნატოს ერთგულების ფიცს დებს და, იმ მეზობელ ქვეყანაში რაც მაბადია, ყველაფერს ვყიდიო, აცხადებს.

ახლა არა, მაგრამ 2014-ში ნაღდად მიგვიღებენ ნატოშიო, ამბობს ბობჩინსკი. 2014-ში უშენოდ შევალო, ეპასუხება დობჩინსკი. ამასობაში კი არჩევნები ახლოვდება და ჩიჩიკოვი მთელ ქვეყანაში ყიდულობს მკვდარ სულებს, რომ ბობჩინსკის გადაგდება არ დაუშვას. ჩიჩიკოვის ამბავი თავის დროზე გოგოლს პუშკინმა უამბო. ბესარაბიის სოფელ ბენდერიში თურმე მრავალი წელი არავინ კვდებოდა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის ცენტრალური რაიონებიდან გაქცეული ყმები იქ თავშესაფარს პოულობდნენ და გარდაცვლილი ყმების სახელებს იღებდნენ. არც ერთი გარდაცვალება ოფიციალურად არ რეგისტრირდებოდა, ხოლო პოლიცია გაქცეულ ყმებს ვეღარ პოულობდა.

ჩვენებური ჩიჩიკოვი ყმებს კი არა, ხმებს ეძებს. ეძებს და პოულობს კიდეც, ხოლო დობჩინსკის ყველას დაძახილზე გამოსული ხალხი მისთვის ხმის მიმცემი ჰგონია და, ემანდ რამე არ მოხდესო, სწრაფადვე ამთავრებს მიტინგს. რევიზორისთვის საკმაო ხალხია _ მან უნდა ირწმუნოს, რომ ახალ მმართველს სერიოზული მხარდაჭერა აქვს. კაცმა რომ თქვას, ამ შეშლილ ქვეყანას რევიზორი კი არა, ერთი კარგი პროვიზორი ესაჭიროება, მაგრამ სად არის პატრონი?

დობჩინსკის გამოჩენამდე ვარდისფერ ქვეყანაში ერთი მსახიობის თეატრი ყვაოდა. «მასოვკამ» სცენაზე შემოვარდნა მოინდომა, მაგრამ ოკეანისგაღმელმა «პომრეჟმა» (რეჟისორის თანაშემწემ) რამდენიმეჯერ მოახერხა მისი კულისებშივე გარეკვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ერთი მსახიობი აშკარად ერთ პაციენტად იქცა, მის პალატა #5-ში სულ უფრო იმატა «მასოვკის» შემოტევებმა.

ეპოსსა და ტრაგედიას წაპოტინებულმა პაციენტმა ვერც კი იგრძნო, რომ კომედიის გმირად ჩამოყალიბდა. ის ტრაგედიას თამაშობს, მაყურებელი კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით! ამ გლობალურ სოფელში, ყველაფერთან ერთად, ჟანრებიც აირია და აიჭრა: თავის დროზე შექსპირმა კომედია დაწერა «ვენეციელ ვაჭარზე», მაგრამ მაიკლ რედფორდმა იგი დრამად აქცია. ებრაელი მევახშე შეილოკი ქრისტიან ანტონიოს უპროცენტო სესხს აძლევს და ხუმრობით ამატებს, რომ სარგებელს მისი (მსესხებლის) გირვანქა ხორცით აიღებს.

ჩვენმა პაციენტმაც გზების დასაგებად უპროცენტო სესხები აიღო მსოფლიო ბანკისგან, მაგრამ გირვანქა ხორცს თავისას არ შეპირებია, ჩვენი შესთავაზა. შეილოკი დასაჯეს და ბოლოს ძალად გააქრისტიანეს, მაგრამ ეს სულ სხვა დროს მოხდა, დღეს კი თავად ჩვენი პაციენტია გასაქრისტიანებელი. გენიალურ ალ პაჩინოს იმ ფილმის გამო ისრაელში არ უშვებდნენ, ხოლო ფილმი საერთოდ აკრძალეს. ჩვენი პაციენტი კი ყველგან დადის საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის გარდა და ერთი პაციენტის სპექტაკლებს მართავს.

პაციენტის დამოკიდებულება ფულის მიმართ იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მას მხოლოდ ძვირი საათები კი არა, ის ძალაუფლება უყვარს, რომელიც ფულს მოაქვს. ფული კი დობჩინსკის უფრო მეტი აქვს. პაციენტი ისევე ჰგავს დიდსულოვან მმართველს, როგორც სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი _ გრაფ მონტე-კრისტოს. რამდენიც არ ეცადა, მანაც, ჩვენი პაციენტივით, ვერაფრით მოიშორა გვარიდან ჯღანი.

სტანისლავსკი ამბობდა, დამაჯერებელი რომ იყო, თავად უნდა გჯეროდეს იმის, რასაც თამაშობ. ჩვენს პაციენტსაც სჯერა, რომ საქართველოს საგარეო ვალი 2003 წლის შემდეგ კი არ გაოთხმაგდა, არამედ შემცირდა. ისიც სჯერა, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოში არავის აუშენებია იმდენი, რამდენიც მას. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, მსოფლიოში პირველი და საუკეთესოა.

მას სჯერა, მაგრამ მაინც ვერ არის დამაჯერებელი. მის თამაშში სულ უფრო მეტი სიყალბეა. მას რევიზორისაც ეშინია და საკუთარი გარემოცვისაც. მარტო თამაშობს, ოღონდ ჭვავის ყანაში ვეღარ ნავარდობს. ტრაქტორებიც გვალვამ დაუზიანა, წყალდიდობამ და სეტყვამაც უდროოდ მოუსწრო. ერთი სიტყვით, იღბალმა ზურგი აქცია.

მისი სცენაზე დატოვება უკვე სახიფათოა; «პომრეჟიც» ნერვიულობს, დასიც, გამნათებლებიც და რადისტიც. ეს უკანასკნელი _ მით უფრო, რომ მოვარდნილმა წყალმა სარდაფში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა დაუტბორა და «უყუროდ» არის დარჩენილი!

ვერც გაჰყავთ სცენიდან, რადგან «დემოკრატიის შუქურას» ასე უცებ ვერ გამორთავ, ერთი მსახიობის თეატრში კი ერთადერთი პაციენტის სცენიდან გასვლა შეუმჩნეველი ვერ დარჩება. «ზამენა» მყისიერად უნდა მოხდეს, მყისიერად, მაგრამ უსისხლოდ. პაციენტს კი ხელში ყულფი უჭირავს და ქვეყანას არგებს კისერზე. ძალის გამოყენებას, შესაძლოა, ყულფის მოჭერა მოჰყვეს. პაციენტი უკვე ტერორისტად იქცა: _ არ მომეკაროთ, თორემ სკამსაც ფეხს ვკრავ და ჩემს შემდეგ წყალსაც წაუღია ეს ქვეყანა!

როგორც ყველა ფეტიშისტს, ჰგონია, რომ ფსიქიატრიულის დანგრევა იხსნის გარდაუვალისგან. როგორც ყველა შეპყრობილი, დარწმუნებულია, რომ თავად  შეუძლია სხვას ავნოს, მას კი ვერავინ ავნებს. აწ გარდაცვლილი «კმარას» ლოზუნგი: «თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით ზედგამოჭრილია მისთვის, ოღონდ თქვენობით მიმართვა მისდამი სრულიად უადგილოა. და არა იმიტომ, რომ ღმერთსაც შენობით მიმართავენ ქართველები. უბრალოდ, იმდენი მართლაც არავის უქნია საქართველოში, რამდენიც ამ პაციენტს. იმდენიც არავის უჭამია, რამდენიც მას. იგი, ძირითადად, ხორცით იკვებება, სისხლიანი სტეიკი უყვარს. ქართველების ხორცი კი არც სისხლით და არც უსისხლოდ არ შეერგება.

თამარ დავითულიანი

P.S. შეილოკმა სასამართლო პროცესი მოუგო ანტონიოს. მოიგო და გამწარებულმა საძულველი ქრისტიანისგან გირვანქა ხორცი მოითხოვა. სასამართლო დარბაზში შეკრებილი ვენეციელები შეძრა მევახშის მზადყოფნამ, ცოცხალი ადამიანისთვის ხორცი მოეჭრა. ანტონიოს დამცველმა, მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმულმა პორციამ დანა მიაწოდა შეილოკს, მაგრამ, როცა იგი ანტონიოს მიუახლოვდა, პორციამ შეაჩერა და უთხრა: _ მოაჭერი ხორცი, ოღონდ ისე, რომ წვეთი სისხლი ამ ქრისტიანისა არ დაიღვაროს, რადგან კონტრაქტში სისხლის შესახებ არაფერია ნათქვამიო! საბოლოოდ შეილოკმა ქრისტიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის ქონებაც დაკარგა და რჯულიც.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here