Home რუბრიკები სამართალი უჩა ნანუაშვილი: დათო შენგელია კარგად იცნობს გალის რაიონს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას...

უჩა ნანუაშვილი: დათო შენგელია კარგად იცნობს გალის რაიონს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას რაღაცაში დასჭირდა მისი ციხიდან გამოყვანა

794

გავლენიანმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ _ ICPS-მა ჩვენს სასჯელაღსრულებით, სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სკანდალური მონაცემი გამოაქვეყნა: საქართველოს ციხეებში ყოველ 63 საათში ერთი პატიმარი იღუპება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლით ჩვენთან 100 ათას მოსახლეზე 539 პატიმარი მოდის, რითაც ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. რა მდგომარეობაა დღესდღეობით ციხეებში და კონკრეტულად რა განაპირობებს მსჯავრდებულთა სიკვდილიანობის ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება «ადამიანის უფლებათა ცენტრის» ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.

_ ბატონო უჩა, უპირველესად, ICPS-ის მონაცემებზე გკითხავთ, რამდენად რეალურია ის ციფრები, რომელიც მასშია მოყვანილი და საერთოდ, რამდენად ასახავს იგი დღესდღეობით ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას?

_ კონკრეტულად ამ კვლევას არ ვიცნობ და მის დეტალებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ პატიმართა სიკვდილიანობა ბოლო დროს კატასტროფულად გაიზარდა, ყველა მონაცემით, ყველა უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტით დასტურდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 640-მდე გარდაცვლილი მსჯავრდებული _ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ ამას უკვე არ სჭირდება შეფასება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ რამეზე _ რა კეთდება შესაბამისი უწყებების მხრიდან იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა, თუნდაც ნაწილობრივ,  გამოსწორდეს.

ამასწინათ ერთ-ერთ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, სიკვდილიანობა იმიტომ იზრდება, რომ პატიმართა რაოდენობა ძალიანაც დიდიაო, ანუ ამათ ჰგონიათ, რომ ეს არის გამართლება და ის, რაც ხდება ციხეებში, ნორმალურია. მოკლედ, ხელისუფლება მთელ ამ უბედურებაში არა თუ პრობლემას ვერ ხედავს, არამედ დასაშვებად მიიჩნევს, რომ ვიღაც შეიძლება წამებით მოკლან, ვიღაცას არ ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა და ამის გამო დაიღუპოს… გამოძიება კი, ფაქტობრივად, არ იწყება არც ერთ საქმეზე, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა გახმაურებული მკვლელობა, რომელიც მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიჩუმათდა და რეალურად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საერთოდ საუბარიც არ ყოფილა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკაა განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს, ამიტომ, როცა ლაპარაკია ვითარების გამოსწორებაზე, უპირველესად, აქ უნდა მოიაზრებოდეს ამ პოლიტიკის ძირეული ცვლა. ასევე მიმაჩნია, რომ, სამართლიანობის პრინციპის თანახმად, უნდა დადგეს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც თუნდაც რაიმე უმნიშვნელო ფორმით გადააჭარბეს სამსახურებრივ მოვალეობას. უწინარესად კი, უნდა დადგეს ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის დაინიშნა მინისტრად, ფაქტობრივად, დაკანონდა და სამართლებრივი სახე მიეცა ყველა უკანონობას, რაც მანამდე ხდებოდა სამართლის გვერდის ავლით. რა თქმა უნდა, ის არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და, როცა დადგება სათანადო მომენტი, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი.

_ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დღესდღეობით უფრო მეტი ადამიანი შედის ციხეში, ვიდრე გამოდის. ამჟამად რა ტენდენცია გვაქვს?

_ ციხეებში ხალხის შედინება ხდება ისევ და ისევ სტიქიურად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გადატვირთულობის პრობლემა კვლავ რჩება გადაუჭრელ საკითხად და მეტიც, ეს უკვე საფრთხეს უქმნის მსჯავრდებულთა ჯანმრთელობას, მათ სიცოცხლეს, ვინაიდან თუნდაც ათკაციან საკანში თხუთმეტი და ოცი პატიმარი რომ იქნება მოთავსებული, ცხადია, იქ რამე საარსებო პირობებზე საუბარი ზედმეტია.

რაც შეეხება ციხიდან ადამიანების გამოსვლის სიხშირეს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ბოლოდროინდელ კვლევებს თუ გადავხედავთ, თანაფარდობა დაახლოებით ასეთია: გამოდის ერთი მსჯავრდებული, შედის _ სამი, ოთხი და ხშირ შემთხვევაში მეტიც, ანუ საქმე გვაქვს ისევ და ისევ ავტორიტარულ, რაღაც მახინჯ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკასთან, რომელიც ეფუძნება ერთადერთ პრინციპს _ ხელისუფლების მიერ თავის დროზე დეკლარირებულ ე. წ. ნულოვან ტოლერანტობას. ერთი სიტყვით, აბსურდია ის პროპაგანდა, თითქოს პრეზიდენტი იწყალებს პატიმრებს და ბევრი ვადაზე ადრე ასრულებს სასჯელის მოხდას. არავინ ასე იოლად არ გამოდის ციხიდან, პირიქით, არიან პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ არც კი დგას მათი გათავისუფლების საკითხი, რათა სახლში მინც დალიონ სული ამ საცოდავებმა. ასე იმიტომ კი არ იქცევიან, რომ საშიშები არიან ის პატიმრები, ვის რა საფრთხე უნდა შეუქმნას, ფაქტობრივად, მომაკვდავმა ადამიანმა?! უბრალოდ, ეს არის ამათი პრინციპი და მიზანმიმართული პოლიტიკა.  როცა სჭირდებათ, ტერორისტებს და კაცისმკვლელებს ათავისუფლებენ და არც აინტერესებთ, ექმნება თუ არა ამით რამე საფრთხე საზოგადოებას…

_ იქნებ კონკრეტული შემთხვევა დაგვისახელოთ.

_ მაგალითად შარშან, იანვარში, გაათავისუფლეს «ტყის ძმების» ყოფილი ხელმძღვანელი დათო შენგელია, რომელიც გასამართლებული იყო მძიმე დანაშაულისათვის. მოგეხსენებათ, მას 24 წელი ჰქონდა მისჯილი. ამ ადამიანის საქმეში წერია, რომ გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. არადა, მაქვს ინფორმაცია, რომ არც ისე მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ამით რისი თქმა მინდა: არის უამრავი პატიმარი, რომლებიც მართლა მძიმედ არიან და, შეიძლება ითქვას, განწირულნიც, მაგრამ ხელისუფლება საერთოდ არც განიხილავს მათ საკითხს. მაგრამ, როცა თვითონ სჭირდებათ, მნიშვნელობა არ აქვს, რა დანაშაულისთვის იხდის ადამიანი სასჯელს, რამდენად პატიოსნად იხდის ან რამდენი დარჩა მოსახდელი, მაშინვე ათავისუფლებენ. სწორედ შენგელიას საქმეა ამის ნათელი მაგალითი და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, მსგავსი ფაქტები ხდება ხოლმე პერიოდულად იმის მიხედვით, სად, როგორ დასჭირდება ხელისუფლებას, ოღონდ, ბუნებრივია, ეს არ ხმაურდება და ფართო საზოგადოებამდე ვერ აღწევს ინფორმაცია…

_ თქვენი აზრით, შენგელიას შემთხვევაში რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ხელისუფლებას?

_ თუ გავითვალისწინებთ, რა წარსულის მქონე ადამიანია იგი, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ისაა, რომ დათო შენგელია კარგად იცნობს გალის რაიონს, იგივე ადმინისტრაციულ საზღვარს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას რაღაცაში დასჭირდა  მისი ციხიდან გამოყვანა,  შემთხვევითი არაა, რომ სწორედ მისი გათავისუფლების პერიოდს ემთხვევა მთელი რიგი ამ ე. წ. ტერაქტების გამოძიება, რომელიც  ხელისუფლებამ  გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენა. საეჭვოდ დაემთხვა იმ პერიოდს ზუგდიდში რეზერვის შექმნის პროცესი, რომელშიც, როგორც ამბობენ, თვითონ შენგელიაცაა გარკვეული ფორმით ჩართული. ერთი სიტყვით, კითხვა ჩნდება უამრავი და თუ ხელისუფლებას სურს, რომ საბოლოდ მოიხსნას მთელი ეს ეჭვები, მაშინ უნდა გამოააშკარავონ ამ საქმის დეტალები, კერძოდ, ვისი შუამდგომლობით მოხდა მისი გათავისუფლება, რა მოტივით, რა პირობით და ა. შ. ისე, პრინციპში, ჩვენ ამას ისედაც რეალურად  დავინახავთ, როცა მოახლოვდება არჩევნები და პოლიტიკური პროცესები შევა გადამწყვეტ ფაზაში…

_ რამდენიმე დღის წინ ქსნის #15 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის შემდეგ (ვგულისხმობ მსჯავრდებულ პეტრე ოვანოვზე განხორციელებულ ძალადობას) თითქმის ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია ფეხზე დადგა. რამე შედეგი თუ იქნა მიღწეული და საერთოდ, თქვენ, როგორც უფლებადამცველი, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

_ ხელისუფლების მხრიდან რამე რეაგირება რომ ყოფილიყო, «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული მანქანა ამას უმაღლეს დონეზე გააპიარებდა, როგორც მათ სჩვევიათ ხოლმე, მაგრამ არანაირი დაინტერესება არც ერთი შესაბამისი უწყებიდან, ფაქტობრივად, არ ყოფილა. პირიქით, მთელი ამ დღეების განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობდა, მიეჩუმათებია ეს ამბავი, რათა საზოგადოების მხრიდან უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტი და მღელვარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.

რაც შეეხება შეფასებას, მე მგონი, აქ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ეს არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთლად საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყნებში ხდება გამოძიება და დასჯა დამნაშავის. ჩვენთან როგორაა, _ არა თუ არ ისჯება ვინმე, დამნაშავეს აწინაურებენ და ხელფასს უმატებენ, ანუ ეს უკვე წაქეზებაა ერთგვარი.

_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება, წესით, უნდა არბილებდეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას, მაგრამ ხდება პირიქით _ ციხეები ვერ იტევენ მსჯავრდებულებს. რამდენად გასაგებია თქვენთვის ეს ლოგიკა?

_ აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი, იმიტომ, რომ ჩემთვის ნათელია, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ესაა ძალა, რომელიც თავიდან ბოლომდე აქცენტირებულია დაშინებაზე, ტერორზე და არა _ ამომრჩეველთა გულის მოგებაზე საკუთარი დემოკრატიულობის ხარისხით, ლიბერალური პოლიტიკით. სხვათა შორის, ახლახან გავეცანი ინფორმაციას, რომ შემოდის კანონი, რომლის თანახმად, იცვლება ლიმიტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მაგალითად, ადრე თუ მოდიოდა სამი კვადრატული მეტრი ერთ პატიმარზე, ახლა ეს ნახევრდება და იქნება ერთ-ნახევარი კვადრატული. ხომ ხვდებით, საითაც მიდის ყველაფერი? _ ჯერ ის რა იყო, რა პირობებშიც აქამდე იყვნენ მსჯავრდებულები და კიდევ გაუარესებით წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ციხეებში სიკვდილიანობა დღითიდღე იზრდება, ეს არის პირდაპირ პროპორციული შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

მაგალითისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რომელიც ყოვლისმომცველი ტრაგედია და უბედურება იყო, 5 დღის განმავლობაში დაიღუპა 500-მდე ადამიანი; ციხეებში კი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა გაურკვეველი მიზეზებით. ახლა რატომ ვაკეთებ ამ შედარებას: პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც დღესდღეობით ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში, არის ფარული ომი დაკავებულების წინააღმდეგ, ომი საკუთარ ხალხთან და ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უნდა დადგეს არა კონკრეტულად რომელიმე დაწესებულების ადმინისტრაციის, არამედ პირადად ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ხელისუფლების პირობებში ეს რამდენად მოხერხდება, სხვა თემაა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს მოხდება. აი, მაშინ ეს ადამიანები ნამდვილად ვერ გაექცევიან იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ რეალურად ეკისრებათ წლების მანძილზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული უკანონობისა და განუკითხაობის გამო…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here