Home რუბრიკები საზოგადოება «მიშამ სტალინს ვერაფერი დააკლო ვერც ამ, ვერც იმ ქვეყანაში»

«მიშამ სტალინს ვერაფერი დააკლო ვერც ამ, ვერც იმ ქვეყანაში»

613


«საქართველო და მსოფლიოს» პუბლიკაციებს, რომლებიც იოსებ სტალინის ეპოქას ეხება, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანებს სურთ, იცოდნენ სიმართლე, რათა მუდმივად არ დარჩნენ ისტორიის გამყალბებელთა, მედროვეთა და ცრუდემოკრატთა ტენდენციური მონაგონის ზეგავლენის ქვეშ.

მკითხველები განსაკუთრებით იწონებენ რედაქციის გადაწყვეტილებას, ანტისტალინურ კამპანიას, რომელიც პროვინციული მორჩილებით აიტაცა საქართველოს ხელისუფლებამ, უპასუხოს არა ცალკეული წერილებით, არამედ უწყვეტი ციკლით. «მხოლოდ ასეთ სისტემატურობას ექნება შესაბამისი შედეგი, მხოლოდ ასე დავძლევთ ხრუშჩოვის ანტისტალინური პროპაგანდის მიერ თავსმოხვეულ შეხედულებებს,» _ გვწერს ნიკო ნიკოლაიშვილი, როგორც თვითონ ამბობს, «უკვე პროფესიონალი უმუშევარი და ორი დიპლომის მქონე».«რედაქცია სწორად მოიქცა, _ შენიშნავს ფრიდონ მარტყოფლიშვილი, _ როცა გაზეთში გამოქვეყნებულ ციკლს დაუდო ამერიკელი მეცნიერის, გროვერ ფერის წიგნი. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს ამ ნაშრომის ობიექტურ ხასიათს. თანაც მისი დასკვნები დოკუმენტების ანალიზზეა აგებული და არა მიკერძოებულ ენთუზიაზმზე».

მადლობის სათქმელად დარეკა რედაქციაში ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ ირაკლი ანდრიაძემ. ეს ის ანდრიაძეა, ვინც წმინდა სამების კათედრალის სამშენებლო საბჭოს ედგა სათავეში და ასეთი დიდებული ქმნილება დაუტოვა საქართველოს. «სტალინის თემა, _ თქვა მან, _ თქვენ არასოდეს დაგვიწყებიათ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ გაქვთ მყარი პოზიცია და ეს თემა, როგორც ჩანს, თქვენი სატკივარია. ჩვენმა თაობამ ხრუშჩოვის შემოტევები, 1956 წლის 9 აპრილი და ბევრი სხვა უსამართლობა თავის თავზე გადაიტანა და არ გაგიკვირდეთ, რომ ასე დიდად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, რომელიც სტალინის შესახებ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება».

«სტალინის დროს არ მოვსწრებივარ, _ გვწერს თარხან ჩქარეული, _ მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ძალიან გული მეტკინა, როცა გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს. ქართველი არ იყო? ქართველების დიდ წინაპრებს ვებრძვით? დავით აღმაშენებელს ვერც თბილისის ცენტრში მოეძებნა ადგილი, ვერც _ ქუთაისის ცენტრში, სტალინი ხომ საერთოდ გააქრეს».

«ისტორია ულმობელია. მიშამ გორელებს «აახია» სტალინი, თორემ სტალინს ვერაფერი დააკლო, ვერც ამ და ვერც იმ ქვეყანაში», _ ეს გუგა ფერაძეს მონაწერია.

ხოლო საყდრიონელი (ასე აწერს ხელს) ამგვარად აყალიბებს თავის შეხედულებას: «ბრწყინვალე პუბლიკაციაა. დროა, ყველამ თავიდან გამოვიბერტყოთ ისტორიის გამყალბებელთა მიერ ჩაგონებული სიცრუე და ვცნოთ სიმართლე, რადგან უკეთესად ვერ იტყვი: «მხოლოდ სიმართლის ცოდნა ჩვენი ახლო წარსულის შესახებ იძლევა გარანტიას ღირსეულ მომავალში შესაბიჯებლად».

ერთ-ერთმა მკითხველმა კი რედაქციაში დაგვიტოვა ამონაბეჭდი, რომელიც ჩვენს პუბლიკაციაში მინიშნებულ დეტალს დოკუმენტურად ადასტურებს. ლაპარაკია იმაზე, რომ სტალინი კატეგორიულად არ აღიარებდა მისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭებას.

აი, ეს ციტატა:

«სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1945 წლის 26 ივნისის ბრძანებულებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა საბჭოთა კავშირის მარშალს იოსებ ბესარიონის ძე სტალინს.

ეს ბრძანებულება სტალინმა «პრავდაში» რომ წაიკითხა, თავისთან მიიწვია მიხეილ კალინინი:

_ მითხარით, ამხანაგო კალინინ, იცნობთ თუ არა დებულებას საბჭოთა კავშირის გმირის წოდების შესახებ, ვის და რისთვის ენიჭება ეს წოდება?

მიხეილ კალინინმა რომ უპასუხა, სტალინმა თქვა:

_ თქვენ თურმე იცნობთ ამ დებულებას, იცით, რომ საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას ანიჭებენ მხოლოდ რიგით ჯარისკაცებს და მეთაურებს ბრძოლის ველზე გამოჩენილი გმირობისთვის… როგორღა შეიძლება ჩვენი, თბილ კაბინეტებში მსხდომთა ოქროს ვარსკვლავებით შემკობა?.. რას იტყვის ხალხი? მე მონიჭებული მაქვს სოციალისტური შრომის გმირის წოდება, განა ეს საკმარისი არ არის? მე არ მაქვს უფლება, ვატარო გმირის მეორე ვარსკვლავი…

სტალინმა კალინინს მიაწოდა «პრავდა», რომელშიც დაბეჭდილი იყო ბრძანებულება და უთხრა:

_ ამ ბრძანებულებაზე ხელმოწერისთვის თქვენ, ამხანაგო კალინინ, იმსახურებთ უმკაცრეს სასჯელს, მაგრამ მრავალი წლის თქვენი უზადო მსახურება საბჭოთა ხალხისა და ლენინური პარტიის ინტერესებისადმი, აგრეთვე, ჩვენი ოდინდელი მეგობრობა უფლებას არ მაძლევს, მკაცრად დაგსაჯოთ. არ დაუშვათ კვლავაც ასეთი შეცდომა. მე კი უარს ვამბობ, მივიღო ეს მაღალი ჯილდო.

საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი, რომლითაც დაჯილდოებული იყო სტალინი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაჯილდოების განყოფილებაში დარჩა».

«საქართველო და მსოფლიოს» რედაქცია მადლობას უხდის ყველა მკითხველს გამოხმაურებისთვის და იმედოვნებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here