Home რუბრიკები საზოგადოება დავიღალე! ტექნიკური სასწავლებლის დირექტორობა მინდა!

დავიღალე! ტექნიკური სასწავლებლის დირექტორობა მინდა!

666


მიხეილ სააკაშვილი იმდენად დაღალა ქვეყნის აღმშენებლობამ, რომ საქართველოს დირექტორობას გლდანში აშენებული ტექნიკური სასწავლებლის დირექტორობა ურჩევნია. ამის შესახებ დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე საქართველოს დირექტორმა თავად განაცხადა. მისი თქმით, სასწავლებელი, რომლის მშენებლობაც 10 თვეში უნდა დასრულებულიყო, 5 თვეში დასრულდება (გაიხსენეთ საბჭოთა ლოზუნგი „ხუთწლედი – სამ წელში“! თვით ამ მოწოდებასაც კი აჯობა დირექტორმა სააკაშვილმა). „ერთი სული მაქვს, ჩემი თავი გამოვცადო”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ამ სასწავლებელში სხვადასხვა თაობის მოსახლეობას გადამზადების და მომდევნო ეტაპზე უკვე დასაქმების საშუალება ექნება.

მე თუ მკითხავთ, მიშას დირექტორობაზე მეტად ინგლისურის მასწავლებლობა უფრო მოუხდებოდა. მონაცემებიც აქვს და კოლეგებს რჩევა–დარიგებასაც არ აკლებს. სააკაშვილმა დანანებით გვაუწყა: „შალვა ნათელაშვილს რომ ევლო ინგლისურზე, ქართულად დაწერილი ტექსტის წაკითხვა არ დასჭირდებოდაო“. მხედველობაში ჰქონდა 23 ნოემბერს ნათელაშვილის საპროტესტო აქცია თეთრი სახლის წინ, როდესაც იგი ინგლისურ ენაზე სკანდირებდა: „დაუნ ვიდ დიკტეიტე!“ „შალვა ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება არ დასჭირვებოდა ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე.ახლა გასაგებია, რატომ ლაპარაკობს საქართველოს დირექტორი უცხო ენაზე ყველგან, სადაც საჭიროა და სადაც – არა, რათა ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში!

თქვენი არ ვიცი, მაგრამ დღემდე იგი სულ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ არც ქართველების და არც გამვლელების აზრი არ აინტერესებს! დიახაც, აკი პრემიერმინისტრი, ანუ საქართველოს სასწავლო ნაწილის გამგე (თუ სააკაშვილი დირექტორია, გილაური სასწავლო ნაწილის გამგე გამოდის) ნიკა გილაურიც ამას ამტკიცებს: „ ქვეყანაში აღმშენებლობა ვინმეს დასანახად არ ხორციელდებაო“. აბა, რისთვისო, იკითხავთ. ნიკა გილაურის მტკიცებით, ქვეყანაში აღმშენებლობა არა ვინმეს დასანახად, არამედ მოქალაქეების დასაქმების მიზნით და ბევრი ტურისტის შემოსასვლელად ხორციელდება. ამის შესახებ გილაურმა პარლამენტში, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მერე უფრო შორს წავიდა და შემოგვაპარა: „ქვეყანა დაპირებულ 100-დოლარიან საპენსიო პაკეტს ძალიან მიუახლოვდაო“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული პოლიტიკური დებატების დროს გილაურმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა პენსიონერი ყოველთვიურად 14 ლარს იღებდა.

„14-ლარიანი პენსიიდან 140-ლარიან პაკეტამდე მივედით. მომავალი წლის სექტემბრიდან 140-ლარიან საპენსიო პაკეტს 67 წელს გადაცილებული ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს. ეს 100-დოლარიანი პენსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 100 დოლარის პენსიასთან ძალიან ახლოს ვართ,“ – აღნიშნა გილაურმა და დასძინა, რომ „მთავრობის მომდევნო ნაბიჯები უკვე ამ მიზნის მისაღწევად გადაიდგმება“.

პენსიონერები იმას კი ხვდებიან, რომ „პაკეტი“ პენსია არ არის, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რატომ უმატებენ პენსიას მხოლოდ არჩევნების წინ. გილაურს, სანამ პრემიერი (უკაცრავად, სასწავლო ნაწილის გამგე) გახდებოდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხელფასი თუ გყოფნისო და მანაც ალალად უპასუხა: – ორი კვირა მყოფნის და მერე მშობლებთან ვსადილობო! ოღონდ გილაურის ხელფასი 100 დოლარზე გაცილებით მეტი იყო – 2900 ლარს შეადგენდა! ამოცანა გვეკითხება, რამდენ ხანს ეყოფა გილაურს „100 დოლართან ძალიან მოახლოებული პენსია“?

უადგილო შეკითხვააო, გაგვისწორებდა მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც სერიოზული სახით ირწმუნება: „ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მისია აქვს“.

მიხეილ მაჭავარიანს აშფოთებს ის, რომ ოპოზიციას არ მოსწონს სიმინდის ტაროს ფერი და ფორმა. მისივე თქმით, ოპოზიცია ხალხს სთავაზობს ახალ საბჭოთა მანქანას, ხელისუფლება კი – თანამედროვე ტექნოლოგიით აწყობილ ავტომობილს. ვიცე-სპიკერის შეფასებით, ქართული ოპოზიცია ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც ხელისუფლებას სთავაზობს მხოლოდ პრობლემების ჩამონათვალს და არა მათი გადაჭრის გზებს.

„თქვენ აკრიტიკებთ პოლიციის ახალ შენობებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციას, შენობების ფერებს, ფასადებს, არქიტექტურას, მანქანებზე წარწერებსაც კი. როგორც ერთი პუბლიცისტი წერს, თანამედროვე ქართული ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობს თავის ტკივილს და არა – წამალს, თუნდაც ეს წამალი იყოს მწარე და მტკივნეული“, – მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას და დასძინა, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ იცის პრობლემებიც და მათი გადაჭრის გზებსაც ეძებს.

მაჭავარიანის მტკიცებით, ხელისუფლებას აქვს ისტორიული მისია, რომ შექმნას და ჩამოაყალიბოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო.

ამას გვიმალავდით? თუ პრობლემებიც იცოდით და მათი გადაჭრის გზებიც, რატომ გვტანჯავდით ასე? მწარე და მტკივნეული წამალი ვართო, მიგვანიშნებს მაჭავარიანი, მაგრამ მარგებელი წამალი ვართო, ამას აღარ ამბობს. წამალი კი, რომელიც არ გარგებს, – საწამლავია. ახლაც გაიკვირვებთ რამეს? თუ გაკვირვებას და აღშფოთებას არ მოიშლით, სხვა წამალს მოგიძებნიან ჩვენი სათუთი მინისტრის კალთაში, რომელიც პატიმრებზეც ზრუნავს და მათი ოჯახის წევრებზეც.

პატიმრებისთვის ახალი ადმინისტრაციული სახდელები ამოქმედდა. ახალი გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სახდელებად განისაზღვრა: სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ“.
ამასთან, დადგინდა, რომ პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არ გავრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი და პროკურორი.
ამას გარდა, დადგინდა, რომ განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს და განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

ქვეყანაში, სადაც პატიმარს სულის ამოხდამდე ცემენ, რომ სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანოს, ეს ჩამონათვალი, რომლითაც პატიმარს „არ შეეზღუდება“ მიმოწერა იმავე სტრასბურგთან, თვითონ თუ სჯერა პარლამენტს? თუმცა, უკაცრავად, თუ სააკაშვილი ტექნიკური სასწავლებლის დირექტორია, მაშინ პარლამენტი პედსაბჭო გამოდის, ხომ? ჰოდა, ამ პედსაბჭომ კიდევ უფრო გაუტია და ახლა ციხის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრისადმი მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარა. აქამდე პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ დაწესებულების საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.
ახალი რეგულაციით კი, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება აგრეთვე პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის ანდა მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა. თუმცა, ეს მუქარა, თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
ასევე, ანალოგიური სასჯელით ისჯება პატიმრობის დაწესებულების საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.

ამას წინათ ეს პრივილეგია პოლიციის თანამშრომელთა ოჯახის წევრებს მიანიჭეს, ახლა მათ ციხეების თანამშრომლების ოჯახებიც დაემატა. ერთი სიტყვით, თუ მაგათი თანამშრომელი არა ხარ, შენი ცემის ან შეურაცხყოფისთვის თავს არავინ აიტკივებს. არც არავინ დაისჯება. საინტერესოა, როგორ უნდა გაარჩიონ, ცემა სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება თუ არა? ალბათ, ასე: თუ ცემისას ან ქონების დაზიანებისას ხმამაღლა და გარკვევით უყვირებ, – „სიცოცხლეს მოგისპობ იმიტომ, რომ ციხეში მუშაობ! ან ასე: – ქონებას განზრახ გიზიანებ, რადგან მტარვალი საპატიმრო დაწესებულების თანამშრომელი ხარ! ან ასე: – შენს დედას ტუუუუუუ, რადგან ციხის „ნადზორად“ გაგზარდა!

არაფერი რომ არ თქვა და ისე ცემო, რა იქნება? ან ისინი რომ სცემენ პატიმრებს, განა ხმამაღლა არ ეუბნებიან, „გცემ, რადგან საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანე სტრასბურგშიო“? მერე კი, შესვენებისას დაყვავებით სთავაზობენ: „გამოიტანე სარჩელი და „სვაბოდაზე“ გაგიშვებთო.

ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ნიკო მახარაძის მეუღლემ სტრასბურგში სარჩელი მოიგო, მაგრამ, საუბედუროდ, ეს მის ქმარს ვერ გააცოცხლებს. ვერც ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სასჯელების დამძიმება შეცვლის ამ ხელისუფლების ბედს. იგი გადაწყვეტილია და მხოლოდ თავის საათს ელის. ეს ტექნიკური სასწავლებელი მისი დირექტორიან–სასწავლონაწილიან–პედსაბჭოიანად უნდა დაიხუროს და დაიხურება კიდეც, ხოლო მისი პერსონალი სათუთი მინისტრის მიერ ნაქებ „ევროპულ ციხეში“ უნდა გამწესდეს და იმ კანონებით იცხოვროს, რომელიც ჩვენთვის მიიღო.

„დაუნ ვიდ დიკტეიტე!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here