Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

1488


იტალია _ პოლიტიკურ თამაშებში

1922 წელს, იტალიის ხელისუფლების სათავაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზე მუსოლინი შესამჩნევი ფიგურა გახდა. იმ პერიოდში იტალიასთან ურთიერთობის დალაგება კრემლისთვისაც მნიშვნელოვანი ამოცანა იყო… რომი მოსკოვისთვის შეიძლება სასარგებლო საპირწონე გამხდარიყო როგორც პარიზთან და ლონდონთან, ასევე, ბერლინთან ურთიერთობის თვალსაზრისით…

იტალიის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო როგორც საფრანგეთის წინააღმდეგ (ხმელთაშუა ზღვაზე მეტოქეობის გამო), ასევე გერმანიის წინააღმდეგ (ავსტრიაზე გავლენის მოსაპოვებლად გამართული ბრძორლის გამო). ორივე მიმართულებით მას სჭირდებოდა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა, ანუ, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა ხელმძღვანელის.

ოციანი წლების მეორე ნახევრიდან ოცდაათიანი წლების დასაწყისამდე სტალინს საშუალება არ ჰქონდა, საფუძვლიანად ხელი მოეკიდა საგარეოპოლიტიკური პრობლემებისთვის. მას, უწინარეს ყოვლისა, უნდა განემტკიცებინა საბჭოთა სახელმწიფო და თავიდან აეცილებინა საზოგადოების გახლეჩა. შიდაპარტიულ ბრძოლას, შემდეგ კოლექტივიზაციით გამოწვეულ დაძაბულობას, საშიშროებას სირცოვ-ლომინაძის ოპოზიციის მხრიდან ძალიან დიდი დრო მიჰქონდა. მხოლოდ 1932 წელს მოახერხა, პირადად მოეკიდა ხელი დიპლომატიური საქმიანობისთვის… ქვეყნის შიგნით სტალინის პოზიციის განმტკიცება გახდა ის ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა მისი გაზრდილი ინტერესი საერთაშორისო ურთიერთობებისადმი. ამ თვალსაზრისით მასა და მუსოლინს გარკვეულწილად მსგავსი ვითარება ჩამოუყალიბდათ.მოსკოვისა და რომის დასაახლოებლად ახალი მძლავრი სტიმული გაჩნდა. სტალინს უკიდურესად აშფოთებდა ნაციზმისა და ანტიკომუნიზმის ზრდა გერმანიაში… მუსოლინისაც ფრიად აფიქრებდა გერმანიის გავლენის ზრდა უნგრეთში და, განსაკუთრებით, ავსტრიაში, რადგან ეს ასუსტებდა იტალიის პოზიციებს ამ ქვეყნებში, რომელთაც დუჩე თავისი ინტერესების სივრცედ განიხილავდა. მას განზრახული ჰქონდა, იტალიის ეგიდით დუნაი-ბალკანეთის კავშირის შექმნა, რაც ამ რეგიონში გერმანიის ექსპანსიის წინააღმდეგ სერიოზულ წინაღობად უნდა აღმართულიყო.

სტალინს ხელს აძლევდა მოვლენათა ამგვარი განვითარება: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გამწვავდებოდა გერმანია-იტალიის წინააღმდეგობანი _ მათი კავშირი შეუძლებელი იქნებოდა. მეორე, გერმანია საბჭოთა კავშირის დასავლეთის საზღვრებიდან ყურადღებას სამხრეთის მიმართულებით გადაიტანდა.

1933 წელს გერმანიის სახელმწიფოს სათავეში ჰიტლერის მოსვლით ნაცისტური აგრესიის საშიშროება მკვეთრად გაიზარდა, სსრ კავშირის მდგომარეობა კი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გაფუჭდა, ხოლო სსრკ-ს გერმანიასთან თანამშრომლობას გარდაუვალი შეწყვეტის პერსპექტივა დაემუქრა.

ასეთ პირობებში იტალიის როლი სტალინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. იგივე ითქმის მუსოლინზეც.

1933 წლის 2 სექტემბერს რომში საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს «სსრკ-სა და იტალიას შორის მდგომარეობის, თავდაუსხმელობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულებას». ეს იყო სტალინური დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიღწევა: მას ერთბაშად რამდენიმე პოლიტიკური კომბინაციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

ლონდონმა, რომელსაც სერიოზულად აფიქრებდა იტალიის მიერ უფლების გაცხადება ინგლისის კოლონიებზე, დაუყოვნებლივ გააუმჯობესა ურთიერთობა მოსკოვთან. ჩაიშალა ჰიტლერის მცდელობა _ აეწყო გერმანია-იტალიის თანამშრომლობა ანტისაბჭოთა საფუძველზე. უფრო მეტიც, ამგვარი თანამშრომლობის ნაცვლად, გამწვავდა რომისა და ბერლინის ურთიერთობა. ევროპაში ერთიანი ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნა გადავადდა, ხოლო სსრკ-ის პოზიცია ბებერ კონტინენტზე გაძლიერდა.

ეს მოვლენები დაემთხვა საბჭოთა პოზიციების გაძლიერებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაც, კერძოდ, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაშიც გამოიხატა. მოსკოვისა და ვაშინგტონის დაახლოებამ დამამუხრუჭებელი გავლენა იქონია იაპონიაზე, რომელიც ემზადებოდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის. სსრ კავშირის ურთიერთობის განმტკიცება იმ დროის კიდევ ერთ მსხვილ სახემწიფოსთან _ იტალიასთან _ ტოკიოსთვის დამატებითი შემაკავებელი ფაქტორი იყო.

ამასთან ერთად, სტალინმა შეძლო ეჯობნა მუსოლინისთვის, რომელიც მიისწრაფოდა, ჩაეშალა მოსკოვისა და პარიზის თანამშრომლობა და დაეშანტაჟებინა საბჭოთა მხარე რომისა და ბერლინის დაწყებული დაახლოებით. სტალინმა აიძულა პარიზი, დაეჩქარებინა მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება საბჭოთა კავშირთან, რადგან იტალია საფრანგეთის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ხმელთაშუა ზღვაზე. ამასთან ერთად, საფრანგეთის მთავრობამ გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ხელი შეეშალა იტალიისთვის თავისი გავლენის ზონის გასაფართოებლად რეგიონში, სადაც იგი უმსხვილეს სახელმწიფოდ რჩებოდა.

1934 წლის პირველ ნახევარში დაიწყო საბჭოთა კავშირ-იტალიის ურთიერთობის გაუარესება. ლიტვინოვის იდეას აღმოსავლეთის პაქტის დადების შესახებ მხარი დაუჭირა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუი ბარტუმ. იგი იუგოსლავიას (მუსოლინის #1 მტერს) თავის მნიშვნელოვან საყრდენად მიიჩნევდა. დუჩეს ეს ქვეყანა სერიოზულად აღიზიანებდა, რადგან იგი ხელს უშლიდა, სრულად დაემორჩილებინა ალბანეთი და შეექმნა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ძლიერი პროიტალიური ბლოკი: ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი. იუგოსლავია საფრანგეთის გავლენის მთავარი გამტარებელი იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში. მუსოლინის განზრახული ჰქონდა, იტალიის შემადგენლობაში მოექცია იუგოსლავიის ვრცელი ტერიტორიები, მათ შორის, ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული სლოვენია, როგორც თურქეთსა და საბერძნეთზე თავდასხმის პლაცდარმი.

იტალიის პრემიერ-მინისტრის კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ლიტვინოვის მხარდაჭერით ბარტუს მიერ ბალკანური პაქტის შექმნამ, რომელშიც გაერთიანდა რუმინეთი, იუგოსლავია, საბერძნეთი და თურქეთი. თუ აღმოსავლეთ პაქტს ანტიგერმანული მიმართულება ჰქონდა, ბალკანეთისას _ ანტიიტალიური.

მაშ ასე, ურთიერთობამ მოსკოვსა და რომს შორის გაუარესება დაიწყო. ორივე მხრიდან გაჩაღდა საგაზეთო ომი. იტალიის საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი მიძღვნილი წერილები ობიექტურად აანალიზებდა ფაშიზმის არსს, მაგრამ სპეციალისტები ამასთან ერთად აღნიშნავენ, რომ ილია ერენბურგის, კონსტანტინ ფედინის, მაქსიმ გორკის მრავალრიცხოვანი სტატიები, რომლებიც «იზვესტიაში», «პრავდაში», «ვეჩერნაია მოსკვაში» იბეჭდებოდა, შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იტალიის კულტურის, განათლების, ლიტერატურის, მუსიკის, თეატრალური ხელოვნების შესახებ».

არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ საბჭოთა მწერლობის ამგვარი გამონათქვამები სტალინის პოზიციას ასახავდა.

უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში სტალინის შესახებ ავრცელებენ ისეთ შეხედულებას, რომ იგი ყველა დროისა და ყველა ხალხის უდიდესი გენიოსი იყო. ამასთან, ანტიკომუნისტები მას მიიჩნევენ ბოროტ გენიად. ამგვარ «ყოვლისმცოდნეთა» აზრით, იგი თავის ნებაზე მართავდა ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდებოდა _ მითითებებს აძლევდა კულტურისა და მეცნიერების, შინსახკომისა და ოგეპეუს, სამხედროებისა და სამეურნეო სფეროს, ჟურნალისტებისა და პროპაგანდისტების ნებისმიერ წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას.

მიაწერენ ზეადამიანურ უნარსა და შესაძლებლობას (რაც მხოლოდ დღევანდელ საქართველოშია შესაძლებელი და ისიც სისულელეების კეთების სარბიელზე. _ ა.ს.).

აი, ერთი მაგალითი. 1929 წელს მოსკოვს ეწვია უკრაინელ მწერალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სტალინს შეხვდა. მათ ერთსულოვნად «ამხილეს» მიხაილ ბულგაკოვი ანტისაბჭოთა გადახრებში, მოითხოვეს მისი პიესების აკრძალვა, სამაგიეროდ კორშონის პიესის დადგმა 26 ბაქოელი კომისრის შესახებ. სტალინი ვერ ახერხებდა მათ გადარწმუნებას და იძულებული გახდა, მოეშველიებინა ახალი და ახალი მოსაზრებანი ბულგაკოვის დასაცავად. თუნდაც ეს ერთი მაგალითი მოწმობს, რომ სტალინი ყველას და ყველაფერს არ აკონტროლებდა, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს თვითონ წყვეტდა.

რაც შეეხება იტალიის კულტურას, იგი სრულიადაც არ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში. მაგალითად, ჯოვანიოლის რომანი «სპარტაკი» გიგანტური ტირაჟებით გამოიცემოდა, ვერდის ოპერები საბჭოთა კავშირის ყველა საოპერო თეატრში იდგმებოდა. მაგალითების ჩამოთვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. სტალინი ისწრაფოდა (ყოველთვის წარმატებით არა), რათა რომანული ქვეყნები _ საფრანგეთი და იტალია _ დაეპირისპირებინა ინგლისურ-საქსონური სამყაროსთვის, გერმანიისთვის. იგი, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ სსრკ-იტალიის კონტაქტები აეწყობოდა. მუსოლინის სჭირდებოდა საბჭოთა მხარდაჭერა კარგი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად თურქეთთან, რომელთანაც მოსკოვს მაშინ მყარი პოზიციები ჰქონდა. ამასთან ერთად, იგი იმედოვნებდა, რომ ამ სიტუაციას ბალკანეთის ბლოკის დასასუსტებლად გამოიყენებდა. მაგრამ ყველაზე მეტად დუჩე დაინტერესებული იყო იაფი საბჭოთა ნედლეულით, უმთავრესად, ნავთობით, რომელიც იტალიას ხელმისაწვდომი და უმოკლესი საზღვაო გზით მიეწოდებოდა…

1934 წლის 15 სექტემბერს, საფრანგეთისა და იტალიის მხარდაჭერით, საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში შევიდა და როგორც ერთ-ერთმა დიდმა ქვეყანამ დაიკავა ადგილი ლიგის საბჭოში. აეწყო საბჭოთა კავშირ-იტალიის სამხედრო თანამშრომლობა, სამხედროების დელეგაციებს ერთმანეთის მანევრებზე იწვევდნენ. მუსოლინი ირწმუნებოდა, რომ საბჭოთა სამხედროებს იტალიაში აჩვენებდნენ ყველაფერს, რისი ნახვაც მათ სურდათ, იმასაც კი, რაც სხვა უცხოელებისთვის დამალული ჰქონდათ. ბენიტო მუსოლინიმ განაცხადა, რომ ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ ომი საბჭოთა კავშირსა და იტალიას შორის არ შეიძლება მოხდეს. იგი სტალინს იმ ინფორმაციასაც აწვდიდა, რომელსაც იტალიის დაზვერვა გერმანიაში მოიპოვებდა. მაგალითად, 1934 წლის მარტში გადასცა მასალები, რომლებიც იაპონია-გერმანიის ურთიერთობას და ჰიტლერის მიერ უკრაინის დაპყრობას ეხებოდა, ივლისში კი _ დაზვერვის მონაცემები გერმანიის შეიარაღებასა და სამხედრო გეგმების შესახებ.

კონფრონტაცია

საერთო ჯამში, 1930-იანი წლების პირველი ნახევარი ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობით იყო გამორჩეული, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაციამ გაუარესება დაიწყო. მუსოლინი სულ უფრო ამჟღავნებდა აგრესიულ განზრახულობას, რაც ფაშისტური ლიდერებისთვის იყო დამახასიათებელი (ამაშია ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება სტალინის საგარეო პოლიტიკისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყნებისა და ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობაზე).

აბისინიაზე (ამჟამად _ ეთიოპიაზე) 1935 წელს იტალიის თავდასხმას სტალინის შეშფოთება არ გამოუწვევია, თუმცა საჯაროდ დაგმო აგრესორი. მას უკიდურესად აღელვებდა ანტისაბჭოთა ნიადაგზე ინგლისისა და გერმანიის დაახლოება. ინგლისის მთავრობის ყურადღება გადართული იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე, სადაც იტალია აძლიერებდა თავის სამხედრო ფლოტს. ამასთან, მისი ჯარები თავს იყრიდა ლიბიაში, ეგვიპტის საზღვრებთან. ინგლისელებს ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი მთავარი ობიექტის _ სუეცის არხის უსაფრთხოება ადარდებდა. დიდი ბრიტანეთის საადმირალომ დაიწყო თავისი სამხედრო ხომალდების გადაყვანა ხმელთაშუა და წითელ ზღვებში.

კაპიტალისტური ქვეყნები გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სტალინი უზრუნველყოფდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას იტალიასთან, აშშ და იაპონია _ ინგლისის ძველისძველი კონკურენტები _ მიიჩნევდნენ, რომ ინგლისისა და იტალიის დაპირისპირება მათთვის მომგებიანი იყო.

ისტორიკოსები აღნიშნავენ: «სტალინი პირდაპირ აცხადებდა, რომ ომის საფრთხის ორ ძირითად კერასთან შედარებით _ იაპონიის ზონაში და გერმანიის ზონაში _ იტალია-აბისინიის ომი მხოლოდ ეპიზოდია»…

ხაზგასმით უნდა ვთქვათ _ სტალინი არასოდეს მალავდა, რომ ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის შეურიგებელი იდეური შეურიგებლობა არსებობდა. მდიდარი კაპიტალისტური ქვეყნები მხარს უჭერდნენ, კვებავდნენ ფაშისტურ რეჟიმებს როგორც საერთაშორისო მოძრაობის ალტერნატივას. ამასთან, ინგლისსა და საფრანგეთს ჰქონდათ დასაბუთებული შიში მათ წინააღმდეგ ან მათი სატელიტების წინააღმდეგ ფაშისტების აგრესიის გამოვლენისა. ეს აიძულებდა ეძებნათ გზები საბჭოთა კავშირთან დაახლოებისა, რაც აღნიშნულ აგრესიას წინ აღუდგებოდა.

ასეც მოხდა.

1934 წლის ზაფხულში მოსკოვში გაიმართა კომინტერნის VII კონგრესი, რომელზეც ფაშიზმი შეფასდა როგორც «უკიდურესად რეაქციული, უკიდურესად შოვინისტური, როგორც ფინანსური კაპიტალის ყველაზე უფრო იმპერიალისტური ელემენტების ტერორისტული დიქტატურა». წამოაყენეს წინადადება არა მხოლოდ პროლეტარული, არამედ რაც შეიძლება ფართო ერთიანი «ანტიფაშისტური ფრონტის» შექმნის შესახებ. ამასთან, მეორე პლანზე გადაიწია ბურჟუაზიული დემოკრატიების წინააღმდეგ გამოსვლებმა, რომელთაც ჩაენაცვლა ბრძოლა მშვიდობისათვის და ფაშიზმის წინააღმდეგ.

უეჭველია, რომ კურსის ასეთი რადიკალური შეცვლა შეთანხმებული იყო სტალინთან, ან მის მიერაც კი იყო შემუშავებული, რაც ნაკარნახევი იყო აღმოსავლეთისკენ მიმართული გერმანული აგრესიის მოსაგერიებლად. თუმცა სტალინმა ამჯობინა, აქტიური მონაწიელობა არ მიეღო კონგრესის მუშაობაში, რათა არ გამოეწვია ჰიტლერისა და მუსოლინის ძლიერი გაღიზიანება. იგი გრძნობდა, რომ ახალი მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი: 1935 წლის მარტში იდენთან შეხვედრის დროს მან თქვა, რომ შექმნილი საერთაშორისო სიტუაცია იყო უარესი, ვიდრე 1918 წელს. რამდენიმე თვის შემდეგ იტალიის ჯარები აბისინიაში შეიჭრნენ, ცოტა მოგვიანებით კი გერმანიამ რეინის ოლქის ოკუპირება მოახდინა. ინგლისი და საფრანგეთი, საბჭოთა შეთავაზების მიუხედავად, არ გამოვიდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ.

თანამედროვე იტალიელი ისტორიკოსი ჯუზეპე ბოფი ამასთან დაკავშირებით აცხადებს: «დასავლეთის უდიდესი სახელმწიფოები ამით ხაზს უსვამდნენ, რომ არ სურდათ ხელ-ფეხი შეკვროდათ სსრ კავშირთან ერთობლივი მოქმედების ვალდებულებით იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელთაც დაიწყეს აგრესიული აქციების ახალი წყება, მაგრამ გაცილებით სერიოზული მაგალითები ამ სურვილის არქონისა ჯერ კიდევ წინ იყო». ამასთან, რომი დაინტერესებული არ იყო, მთლიანად გაწყვეტილიყო საბჭოთა კავშირისა და იტალიის ურთიერთობა.

იტალიის ბეჭდვითი სიტყვის სამინისტრომ გამოსცა ცილკულარი, რომელიც კრძალავდა პრესაში პირადად სტალინის წინააღმდეგ რაიმე გამოხდომის პუბლიკაციას. მართალია, აკრძალვამ რამდენიმე თვეს გასტანა, მაგრამ ნათლად წარმოჩნდა, თუ რა წონა ჰქონდა საბჭოთა ლიდერს მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, იტალია დაინტერესებული იყო, რომ გაგრძელებულიყო ეკონომიკური თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან. პარალელურად კი მუსოლინი ჰიტლერთან ერთად მხარს უჭერდა გენერალ ფრანკოს ამბოხს რესპუბლიკური ესპანეთის წინააღმდეგ. სტალინმა კი პირიქით _ გაშალა ფართო კამპანია _ სამხედრო, სამოქალაქო, იდეოლოგიური _ რესპუბლიკის ძალების დასახმარებლად. საფრანგეთი და ინგლისი მოჩვენებით ნეიტრალიტეტს იცავდა.

1937 წელს განვითარდა მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირ-იტალიის ურთიერთობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. ესპანეთში, გვადალახარასთან რესპუბლიკელებმა საბჭოთა სამხედრო მრჩევლების ხელმძღვანელობით გაანადგურეს იტალიელების საექსპედიციო კორპუსი _ მუსოლინის არმიის ელიტური შენაერთი. დუჩე ითმენდა, საბჭოთა ავიაგამანადგურებლები იტალიის თვითმფრინავებს რომ ჩამოაგდებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნერვებმა უმტყუნა. მისმა წყალქვეშა ნავებმა იმ საბჭოთა გემების ჩაძირვა დაიწყეს, რომლებიც რესპუბლიკის პორტებში მიცურავდა. მუსოლინი, რომელიც აქამდე ბალანსირებდა ბერლინსა და მოსკოვს შორის, საბოლოოდ გერმანელების მხარეს დადგა.

იტალიამ დადო შეთანხმება გერმანიასთან გავლენის სფეროების განაწილების თაობაზე და დათანხმდა, ეღიარებინა გერმანელების მიერ მომზადებული ანშლიუსი _ ავსტრიის გერმანიასთან შეერთება. სანაცვლოდ ჰიტლერმა აღუთქვა მას, რომ მხარს დაუჭერდა მუსოლინის ოდინდელ ოცნებას _ იტალიის ბატონობის დამყარებას ხმელთაშუა ზღვაში.

დუჩეს ოცნება რომის იმპერიის აღდგენის თაობაზე რეალურ კონტურებს იძენდა. ჰიტლერთან კავშირში, «დემოკრატიული» დასავლეთის მიერ ნებაზე მიშვებული, წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. დამთავრდა ეთიოპიის (აბისინიის) დაპყრობა, მისმა ჯარებმა ფრანკისტებთან ერთად სძლიეს ესპანელ რესპუბლიკელებს და 1939 წლის მარტში შევიდნენ მადრიდში. მომდევნო თვეში კი იტალიამ ალბანეთი დაიპყრო. რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი, რომლებიც ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძს მიემხრნენ, ამჯობინებდნენ, შედარებით სუსტ იტალიაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულები, ვიდრე აგრესიულ ნაცისტურ გერმანიაზე, რომელიც გიგანტურ ძალას იკრებდა. სტალინისთვის ეს იყო ორიდან ნაკლები ბოროტება: საბჭოთა კავშირის მეზობელ ქვეყნებში მკვიდრდებოდა მისთვის ნაკლებად საშიში მტერი.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here