Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

2055


ანტისტალინური უნამუსობა

ის, ვისაც ნიკიტა იმოწმებდა

ხრუშჩოვი: «ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე გამოვიდნენ ცკ-ის წევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, დაეჭვებულნი იყვნენ «ორპირებთან» ბრძოლის საბაბით მასობრივი რეპრესიების დასახული კურსის სისწორეში.

ყველაზე უფრო ნათლად ეს ეჭვები გამოიხატა ამხ. პოსტიშევის გამოსვლაში. იგი ამბობდა: «მე განვსაჯე: ისეთ უმძიმეს წლებში, როცა პარტიის დამპალი წევრები ტყდებოდნენ ან მტერთან მიდიოდნენ, ჯანსაღნი იბრძოდნენ პარტიის საქმისთვის _ ეს არის ინდუსტრიალიზაციის, კოლექტივიზაციის წლები. ვერ წარმომედგინა, რომ ამ უმძიმეს პერიოდგავლილი კარპოვი და მისი მსგავსნი მტრის ბანაკში აღმოჩნდებოდნენ (კარპოვი პარტიის უკრაინის ცკ-ის მუშაკია, ვისაც კარგად იცნობდა პოსტიშევი). და აი, ჩვენებების მიხედვით, კარპოვი 1934 წელს თითქოს გადაიბირეს ტროცკისტებმა. მე პირადად ვფიქრობ, რომ 1934 წელს პარტიის ჟანსაღი წევრის, რომელმაც განვლო პარტიის საქმისთვის, სოციალიზმისთვის ბრძოლის ხანგრძლივი გზა, მტრის ბანაკში გადაბარგება წარმოუდგენელია. მე ამისი არ მჯერა… ვერ წარმომიდგენია, პარტიასთან ერთად განვლო მძიმე წლები და შემდეგ, 1934 წელს წახვიდე ტროცკისტებთან. უცნაურია ეს…» («მოძრაობა დარბაზში»)».

1990-იანი წლების შუა ხანს, ბოლოს და ბოლოს, გამოიცა საკ.კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმის სტენოგრამა. და ახლა უკვე ყველა შეიძლება დარწმუნდეს: პოსტიშევის გამოსვლის ციტატა ნამდვილია, ხრუშჩოვის კომენტარი _ ცრუ.(მკითხველებს ვთხოვ, მიაქციონ ყურადღება, რომ ხრუშჩოვის მტკიცება, თითქოს პლენუმის წევრები ეჭვს გამოთქვამდნენ მასობრივი რეპრესიების დასახული კურსის გამო და თითქოს ეს ეჭვი «ყველაზე უფრო მკაფიოდ პოსტიშევის გამოსვლით» მტკიცდებოდა, აბსოლუტურად შეუსაბამოა, ანუ დებულება და ფაქტი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

პოსტიშევი წარმოუდგენელსა და გაუგებარს უწოდებს პარტიის წევრის ფერიცვალებას, ტროცკისტების ბანაკში გადაბარგებას მიიჩნევს ალოგიკურად და არა შეუძლებლად. მისთვის გულსატკენია, რომ პარტიის გამოცდილი, ბრძოლებში გამობრძმედილი, «ჯანსაღი წევრი» აღმოჩნდა შეთქმულთა მხარეს.

რაც შეეხება მასობრივი რეპრესიების კურსის წინააღმდეგ გამოსვლას, ამაზე, როგორც დარწმუნდით, ნიკიტას მიერ მოხმობილ ციტატაში საერთოდ არაფერია ნათქვამი. _ ა.ს.).

უეჭველია, ხრუშჩოვმა იცოდა, რომ მის მიერ ნათქვამი არის ტყუილი… პლენუმზე არც ერთი გამოსვლა არ იყო «მასობრივი რეპრესიების კურსის» წინააღმდეგ. ხოლო იმავე პოსტიშევმა, ხრუშჩოვის მიერ გამოყენებული ციტატის შემდეგ მოითხოვა კარპოვის და ყველა იმათი გადაცემა სასამართლოსთვის, ვინც, მისი აზრით, მტრებს მიეკედლა.

პოსტიშევმა თავი წარმოაჩინაროგორც ერთ-ერთმა ყველაზე უფრო დაუნდობელმა პარტიულმა ხელმძღვანელმა: 1938 წლის იანვრის პლენუმზე პარტიის წევრთა დიდი რაოდენობით პარტიის რიგებიდან დაუსაბუთებელი გარიცხვის გამო იგი გამოიყვანეს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობიდან. გეტი და ნაუმოვი დაწვრილებით აღწერენ, როგორ დაამუშავეს პოსტიშევი პლენუმზე უზომო რეპრესიების გამო, და აღნიშნავენ, რომ «ზეფხიზელი პოსტიშევი მსხვერპლად შეწირეს, რათა ბოლო მოეღოთ რეპრესიებისთვის პარტიაში».

…1938 წლის იანვრის პლენუმზე სტალინურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ სცადა, შეეჩერებინა უკანონო რეპრესიები, რომლებიც პირველი მდივნების ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პოსტიშევი გააძევეს პოლიტბიუროდან და დააპატიმრეს უდანაშაულო ადამიანების მასობრივი რეპრესიების გამო, გამოქვეყნებულია გეტისა და ნაუმოვის წიგნში.

ხრუშჩოვი მონაწილეობდა იანვრის (1938 წლის) პლენუმის მუშაობაში და, რა თქმა უნდა, იცოდა, რა ბედიც ეწია პოსტიშევს. ცხადია, ისიც იცოდა, რომ «პარტიის მთელ რიგ წევრებს» ეჭვი არ შეუტანიათ…» მასობრივი რეპრესიების კურსის სისწორეში». უფრო მეტიც, 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე ხრუშჩოვი, რომელმაც დაიკავა პოსტიშევის მიერ გამოთავისუფლებული პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატის ადგილი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც გააფთრებით გამოვიდა პოსტიშევის წინააღმდეგ (იხ.Сталинское политбюро в 30-е годы გვ. 167).

მაშასადამე, ხრუშჩოვი ტყუოდა. პოსტიშევი არა მარტო არ «დაეჭვებულა» რეპრესიული პოლიტიკის სისწორეში, არამედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავგამოდებული გამტარებელი აღმოჩნდა. სწორედ იგი იყო პირველი, ვინც გაირიცხა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს კანდიდატობიდან, შემდეგ _ პარტიიდან, დაბოლოს _ დააპატიმრეს. ამას ადასტურებს 1938 წლის იანვრის პლენუმის განსაიდუმლოებული სტენოგრამა.

პოსტიშევმა აღიარა, რომ მონაწილეობდა მემარჯვენეთა შეთქმულებაში, დაასახელა უამრავი მონაწილე, მათ შორის, პირველი მდივნები და ცენტრალური კომიტეტის წევრები.

(პაველ პოსტიშევის ჭეშმარიტი პორტრეტის წარმოსაჩენად, უწინარესად კი, იმის საჩვენებლად, რომ რეპრესიული პოლიტიკის გამტარებლად იგი 1937 წლის შემდეგ არ ჩამოყალიბებულა, უპრიანი იქნება, წარვუდგინოთ ჩვენს მკითხველს მისი ბიოგრაფიის უკრაინაში მოღვაწეობის პერიოდი, სადაც იგი უმაღლეს პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა 1923 წლიდან მოყოლებული, 1937 წლამდე).

ბიბლიოგრაფიულ ენციკლოპედიურ ლექსიკონში «სტალინის იმპერია», რომელიც უკომპრომისო ანტისტალინური მიმართულებისაა, პოსტიშევის მოღვაწეობა ასეა აღწერილი:

«უკრაინის ინტელიგენციის წინააღმდეგ რეპრესიების (1932-1937 წწ) მთავარი ინიციატორი… უკრაინის კომპარტიის «ნაციონალისტური» კადრების განადგურების ხელმძღვანელი, სამეულის («ტროიკის») წევრი, რომელსაც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები ფალსიფიცირებული მონაცემების საფუძველზე, რიგ შემთხვევებში კი, მათი სრული უქონლობის პირობებში. სწორედ მისი წყალობით რეპრესიებმა მიიღო არნახული გაქანება, დააპატიმრეს საოლქო კომიტეტების ყველა პირველი მდივანი, რაიონული კომიტეტების მდივნების უმრავლესობა და ა.შ. ამ ყველაფერს თან სდევდა ასიათასობით უბრალო მოქალაქის მოსპობა… (მიაქციეთ ყურადღება! ეს ხდება 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმამდე! ახლა კი გადავაბიჯოთ ამ მიჯნას და განვაგრძოთ. _ ა.ს.). 1937 წლის 18 მარტს გადაიყვანეს საკ. კპ(ბ) კუიბიშევის ოლქის მდივნად. ოლქში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა დაპატიმრებების უპრეცედენტო აქციას: მისი «მეფისნაცვლობის» პერიოდში დააპატიმრეს რაიკომის 110 მდივანი… ხრუშჩოვი იხსენებს, რომ იგი იყო «კეთილი ადამიანი, თუმცა ზოგჯერ იცოდა ხმის აწევა, დაუშვებელი უხეშობა» (იხ. «Империя Сталина», გვ. 370-371)

აი, ამ «კეთილ» კაცს არ მისცა სტალინმა საშუალება, ახალ პოსტზეც გაეგრძელებინა რეპრესიები და 1938 წლის 14 იანვარს ცეკას პლენუმზე გამოიყვანეს პოლიტბიუროდან, იმავე წლის თებერვალში გარიცხეს პარტიიდან, 21 თებერვალს დააპატიმრეს, 26 თებერვალს მიუსაჯეს დახვრეტა. 1956 წელს… რეაბილიტირებულია.

ესეც თქვენი «ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკა», ანუ ხრუშჩოვის «დახურული მოხსენების» «სიმართლის საფუძვლები»).

განსჯის ლოგიკა მოითხოვს, რომ კერძო შემთხვევიდან (პოსტიშევი კერძო შემთხვევაა, თუმც დამახასიათებელი და ტიპიური) გადავიდეთ ზოგად სურათზე, საერთო თვალთახედვით შევხედოთ «სტალინურ რეპრესიებს». ამისთვის კი დროებით გვერდზე გადავდოთ გროვერ ფერის წიგნი «ანტისტალინური უნამუსობა» და შევიარაღდეთ იგორ პოხალოვის ნაშრომით «რისთვის აპატიმრებდნენ სტალინის დროს».

«რისთვის აპატიმრებდნენ სტალინის დროს? _ კითხულობს ავტორი და იქვე ირონიულად უპასუხებს, _ უცნაური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, არაფრისთვის.

«კრემლის ტირანი», თავისი მანიაკალური სისხლისმსმელობის გამო ისწრაფვოდა, რაც შეიძლება მეტი თანამემამულე გაენადგურებინა, _ უკვე მრავალი წელიწადია, დაჟინებით გვარწმუნებს ოფიციალური პროპაგანდა, _ რეპრესიების ყველა მსხვერპლი უდანაშაულო იყო, _ დაუღალავად ჩაგვჩიჩინებს «ერის სინდისი»…

სინდისი კი სიმართლეს მოითხოვს, რომელიც, როგორც ყოველთვის, დოკუმენტებშია დამარხული. ჩავიხედოთ არქივის მასალებში.

როგორია რეპრესიების ჭეშმარიტი მასშტაბი?

სტალინის ეპოქის გასაშავებლად «ტოტალიტარიზმის წინააღმდეგობის მებრძოლები» იძულებულნი არიან, უკიდურესად დაძაბონ ვითარება, მიაწერონ სტალინს შემზარავი ბოროტმოქმედებანი.

ამათ ფონზე რუსი მკვლევარი როინ მედვედევი ზომიერ კრიტიკოსად აღიქმება, ხოლო მის მიერ დასახელებულ რეპრესირებულთა რაოდენობა _ შესაძლო სინამდვილედ. «ამრიგად, _ წერდა იგი ყოველკვირეულში «არგუმენტი ი ფაქტი» გამოქვეყნებულ სტატიაში, _ სტალინიზმის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა, ჩემი ანგარიშით, დაახლოებით 40 მილიონს აღწევს».

რეპრესირებული რევოლუციონერ-ტროცკისტის შვილი ა. ვ. ანტონოვ-ოვსეენკო წიგნში «სტალინი უნიღბოდ» ორჯერ ზრდის ამ რაოდენობას: «ეს გაანგარიშებანი ფრიად და ფრიად მიახლოებითია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: სტალინის რეჟიმმა სისხლისგან დაცალა ხალხი _ მოსპო და გაანადგურა 80 მილიონზე მეტი ქვეყნის საუკეთესო შვილი» (იხ.Сталин без маски გვ. 506).

«პროფესიონალი რეაბილიტატორები» საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ყოფილი წევრის, ალექსანდრ იაკოვლევის მეთაურობით უკვე 100 მილიონზე ლაპარაკობენ:

«სარეაბილიტაციო კომისიის ყველაზე უფრო მორიდებული გაანგარიშებით, სტალინური მმართველობის წლებში ჩვენმა ქვეყანამ 100 მილიონამდე ადამიანი დაკარგა. ამ რაოდენობაში იგულისხმება არა მხოლოდ თავად რეპრესირებულები, არამედ სასიკვდილოდ განწირული მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, ბავშვები, რომლებიც შეიძლება დაბადებულიყვნენ, მაგრამ ვერ მოევლინენ ამ ქვეყანას» (Н. Михайлова, Кальсоны контреволюции გვ. 10).

აბსოლუტური რეკორდი კი ბორის ნემცოვმა (ყოფილმა გუბერნატორმა და რუსეთის ოპოზიციის ამჟამინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა) დაამყარა, რომელმაც 2003 წლის 7 ნოემბერს ნტვ-ს პროგრამაში «თავისუფალი სიტყვა» 150 მილიონი დაღუპული დაასახელა, რომლებიც რუსეთმა 1917 წლის შემდეგ დაკარგა.

ამგვარ მტკიცებათა აბსურდულობას იგორ პიხალოვი ასე ამტკიცებს:

«1959 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რაოდენობა 208 827 ათასს შეადგენდა. 1913 წლის ბოლოსთვის იმავე საზღვრებში ცხოვრობდა 159 153 ათას კაცი. იოლია იმის დადგენა, რომ 1914-დან 1959 წლების პერიოდში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიური ბუნებრივი მატება 0,60 პროცენტს შეადგენდა.

ახლა ვნახოთ, როგორ იზრდებოდა ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის მოსახლეობა, ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ორივე მსოფლიო ომში მონაწილეობდა:

(იხ. ცხრილი #1)

ამრიგად, მოსახლეობის ნამატი სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირში თითქმის ერთ-ნახევარჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოკავშირე სახელმწიფოებში. რამდენად იყო შესაძლებელი ასეთი რამ იმ ქვეყანაში, სადაც «სისხლიანმა რეჟიმმა» გაანადგურა 150 მილიონი ადამიანი, თუნდაც _ 40 მილიონი? ასეთი რამ შეუძლებელია.

არქივის დოკუმენტები მეტყველებს

სტალინის დროს რეპრესირებულთა ჭეშმარიტი რაოდენობის გასარკვევად საკმარისია გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაცნობა. ყველასი თუ არა, ერთის მაინც, რომელშიც ყველა მონაცემია თავმოყრილი. ეს არის ცკ მდივნისთვის ნიკიტა ხრუშჩოვისთვის გაგზავნილი ცნობა, რომელსაც ხელს აწერენ იმ დროს სსრ კავშირის გენერალური პროკურორი რომან რუდენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი კრუგლოვი, იუსტიციის მინისტრი კონსტანტინ გორშენინი.

ცნობაში ვკითხულობთ:

«სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, 1921 წლიდან დღემდე კონტრრევოლუციურ დანაშაულობათა გამო მსჯავრდებულია გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ოგპუ) კოლეგიის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულების («ტროიკა»), საგანგებო სათათბიროს, სამხედრო კოლეგიის, სასამართლოებისა და სამხედრო ტრიბუნალების მიერ 3 777 380 ადამიანი, მათ შორის:

სასჯელის უმაღლესი ზომით _ 642 980 ადამიანი,

ბანაკებსა და ციხეებში 25 წლითა და ნაკლები ვადით მოსათავსებლად 2 369 220 ადამიანი,

გადასახლებით და გასახლებით _ 765180 ადამიანი».

(იხ. დოკუმენტი #1).

მაშასადამე, 1921 წლიდან 1954 წლის დასაწყისამდე პოლიტიკური ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა 642 980 კაცს, თავისუფლება აღეკვეთა 2 369 220, გადასახლება მიესაჯა _ 765 180 ადამიანს.

წლების მიხედვით ასეთი სურათი იხატება:

(იხ. ცხრილი #2)

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სრული სიზუსტისთვის აუცილებელი იქნება დამატებითი მუშაობა პირველწყაროებზე.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ყველა განაჩენი არ აღსრულებულა. მაგალითად, 76 სასიკვდილო განაჩენიდან, რომლებიც ტიუმენის საოლქო სასამართლომ გამოიტანა 1929 წლის პირველ ნახევარში, 1930 წლის იანვრისთვის 46 განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ზემდგომი ინსტანციების მიერ, დარჩენილიდან კი მხოლოდ ცხრა აღსრულდა.

1939 წლის 15 ივლისიდან 1940 წლის 20 აპრილამდე ბანაკების ცხოვრებისა და წარმოების დეზორგანიზაციის ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯა 201 პატიმარს. მაგრამ შემდეგ მათ ნახევარს სასიკვდილო განაჩენი შეეცვალა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.

1934 წელს შინსახკომის ბანაკებში იმყოფებოდა 3849 პატიმარი, რომელთაც სასჯელის უმაღლესი ზომა შეცვლილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთით. 1935 წელს ასეთი პატიმარი იყო 5671, 1936 წელს _ 7303, 1937 წელს _ 6239, 1938 წელს _ 5926, 1939 წელს _ 3425, 1940 წელს 4037 კაცი.

მას შემდეგ, რაც ჩვენი მკითხველი ამ ციფრებს გაეცნობა, მას უთუოდ ექნება მიზეზი დაფიქსირების, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბოლშევიკების მიერ ათობით მილიონი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის შესახებ.

გულაგის დაბადება

1917 წლის რევოლუციური მოვლენების შედეგად რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მანქანის მოშლა გვერდს ვერ აუვლიდა პატიმრობის ადგილების სისტემასაც. მეფისდროინდელი საპყრობილეები პრაქტიკულად დაცვის გარეშე დარჩა. 1918 წელს მარტ-აპრილში რსფსრ იუსტიციის სახალხო კომისარი პეტრე სტუჩკა 30 წლის შემდეგ წერდა: «რეჟიმი მაშინ იმდენად არ ვარგოდა, რომ ციხეებიდან არ გარბოდა მხოლოდ ის, ვისაც ეზარებოდა».

ცხადია, რომ დაუცველ ციხეებში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩასმას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ მეფისდროინდელი საპყრობილეების პარალელურად დაიწყეს საგანგებო კომისიის _ ჩეკას _ ციხეების ქსელის შექმნა. 1918 წლის შემოდგომაზე ყალიბდება შრომითი საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც ჩეკას გამგებლობაში შედის.

ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკები ბოლშევიკმა კი არა, მათმა მოწინააღმდეგეებმა შექმნეს. მას შემდეგ, რაც ფინეთში თეთრებმა გაიმარჯვეს, მათ იქ ისეთი მასობრივი ტერორი გააჩაღეს, რომ თქვენი მოწონებული! _ 8,3 ათასი კაცი დახვრიტეს, 1918 წლის ზაფხულში მათ საკონცენტრაციო ბანაკებში 12 ათასი ადამიანი დაიღუპა. ასეთია ოფიციალური მონაცემები, რომელთა შესახებ ფინეთის ოფიციალურმა ისტორიკოსმა საჯაროდ განაცხადა. ფაქტობრივად კი თეთრი ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ციხეებისა და ბანაკების ტუსაღთა რიცხვი 90 ათასს აღწევდა. შედარებისთვის: საომარი ოპერაციების დროს თეთრებმა დაკარგეს 3178 კაცი, წითლებმა _ 3463.

1921 წლის 1 იანვრისთვის იძულებითი სამუშაოების მთავარი სამმართველოს ბანაკებში იმყოფებოდა 51 158 ათასი კაცი (მათ შორის 24 400 სამოქალაქო ომის სამხედრო ტყვე), იუსტიციის სახალხო კომისარიატის ცენტრალური სადამსჯელო განყოფილების დაწესებულებებში _ 55 422. სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის საპატიმრო ადგილებში 1921 წლის ბოლოსთვის იმყოფებოდა 50 ათასამდე კაცი. მაშასადამე, სამოქალაქო ომის დამთავრებისთვის თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში პატიმრობის ვადას იხდიდა 150 ათასი ადამიანი, სისხლის სამართლის დამნაშავეების ჩართვით.

1923 წლის განმავლობაში იძულებითი შრომისა და საკონცენტრაციო ბანაკები გაუქმდა. «რეპრესიების მსხვერპლთა» იზოლაციის ადგილები კი შემოიფარგლა რამდენიმე საპყრობილეთი ოგეპეუს სისტემაში, აგრეთვე, იძულებითი სამუშაოების სოლოვეცის სამმართველოს ბანაკით.

1923-1928 წლებში ამ ბანაკის ტუსაღების რიცხვი საშუალოდ ასეთი იყო:

(იხ. ცხრილი #3)

1926 წლის 1 ოქტომბრიდან 1927 წლის 1 ოქტომბრამდე ამ ბანაკში გარდაიცვალა 728 ადამიანი.

მომდევნო წლების სტატისტიკა კი ასეთ სურათს იძლევა: 1930 წლის 1 იანვრისათვის შრომა-გამასწორებელი ბანაკების პატიმართა რაოდენობა 179 000 ადამიანი იყო, მომდევნო წლის 1 იანვრისათვის _ 212 000, 1932 წლის 1 იანვრისათვის _ 268 700, 1933 წლის 1 იანვრისათვის _ 334 300, 1934 წლის 1 იანვრისათვის _ 510 307. ყველა ეს ციფრი აღებულია შინსახკომის _ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის _ შიდასაუწყებო ანგარიშებიდან. ამიტომ მიჩნეულია სანდოდ.

სხვა უამრავი რიცხობრივი მონაცემით ჩვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, პირდაპირ დასკვნას მოვიდეთ: სტალინის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში დაპატიმრებულთა საერთო რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არასოდეს აჭარბებდა 2 მილიონ 760 ათასს (გერმანელი, იაპონელი და სხვა დამარცხებული ქვეყნების სამხედრო ტყვეთა ჩაუთვლელად). მაშასადამე, «ათეულ მილიონობით» გულაგის ტუსაღის შესახებ ლაპარაკიც შეუძლებელია.

მკვლევარი-ისტორიკოსი იგორ პიხალოვი ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობისაც ადგენს. მისი მონაცემებით, 1941 წლის პირველი იანვრისთვის ტუსაღების საერთო რაოდენობა უდრიდა 2 400 422. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა იმ პერიოდისთვის ცნობილი არ იყო, მაგრამ მიჩნეულია, რომ 190-195 მილიონის ფარგლებში უნდა ვიანგარიშოთ. აქედან გამომდინარე, ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 1230-დან 1260 პატიმარი უნდა ვივარაუდოთ, რაც სტალინის ხანის მაქსიმალური მაჩვენებელია. 1950 წლის 1 იანვრისთვის პატიმართა რაოდენობა 2 760 095 ადამიანს აღწევდა, რაც სტალინის მმართველობის პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია. სსრ კავშირის მოსახლეობა 178 მილიონ 547 ათასს ადამიანს ითვლიდა. 100 ათას მოსახლეზე 1546 პატიმარი გამოდის.

დაბოლოს, ომამდე გულაგი 8 მილიონმა «გაიარა».

შეცდომაა იმის დაშვებაც კი, რომ მათი უმეტესობა «პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი» იყვნენ. დოკუმენტურად მტკიცდება, რომ 1942 წლამდე «რეპრესირებულები» პატიმართა საერთო რაოდენობის ერთ მესამედზე მეტი არ იყო. მათი რიცხვი 1942 წელს იზრდება სამშობლოს გამყიდველ, მოღალატე ვლასოველების, პოლიცაების, მამასახლისებისა და «კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ» ფაშისტების მხარეს გადასულთა ხარჯზე.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here