Home რუბრიკები სამართალი დალი სიხარულიძე: ჩემი ქმარი ციხეში აწამეს და მოკლეს

დალი სიხარულიძე: ჩემი ქმარი ციხეში აწამეს და მოკლეს

895


რატომ დააბრალეს ტუბერკულოზით დაავადებულ მომაკვდავ პატიმარს ციხეში ბუნტის ორგანიზება და რა კავშირშია სტრასბურგის სასამართლოს მიერ პატიმარ მახარაძის სიცოცხლის ხელყოფაში საქართველოს დამნაშავედ ცნობა ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის გარშემო ატეხილ სკანდალთან?

ნიკო მახარაძე 2006 წლის 14 მარტს სოდ-ის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად აბასთუმანში დააკავეს. იგი სხვადასხვა მძიმე ავადმყოფობით იყო დაავადებული და მედიკამენტები სჭირდებოდა, მაგრამ დაკავებიდან 9 დღის განმავლობაში არ მიუღია. ნიკო მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გარდაიცვალა კიდეც. მახარაძეს დარჩა 9 წლის ქალიშვილი _ სალომე და მეუღლე _ დალი სიხარულიძე, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი რამდენიმე მუხლად შეიტანა. სარჩელი შეტანიდან მესამე წელს ევროპულმა სასამართლომ შეტანილი საჩივრის ერთ მუხლში _ სიცოცხლის უფლების ხელყოფა, საქართველო დამნაშავედ ცნო და გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ ქვეყანას 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო 2008-2011 წლებში არამართლზომიერად გაიხარჯა 2 400 000 ლარი.«საქართველო და მსოფლიოს» გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე დალი სიხარულიძე ესაუბრა.

_ თქვენი მეუღლე 2006 წელს დააპატიმრეს. მისი ადვოკატის მიმართვაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა და დაკავებიდან 9 დღის განმავლობაში მისთვის არანაირი მედიკამენტი არ მიუციათ.

_ ჩემი მეუღლე აბასთუმანში დააკავეს. კიევიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით, სადაც სამკურნალოდ გვყავდა. ფოთში რომ შემოვედით, სამართალდამცავები დაგვხვდნენ. რომ ნახეს, ძალიან ცუდად იყო, თვითონ გაგვიშვეს აბასთუმანში. კვდებაო და არ დააკავეს. ხუთი თვე ვიყავით იქ. ახალციხის სამმართველოშიც განგვიმარტეს, რომ ნიკოლოზ მახარაძეს არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი არც საქართველოში და არც უკრაინაში. ჩვენს ექიმსაც ესაუბრნენ სამართალდამცავები და მანაც დაუდასტურა, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ნიკოლოზ მახარაძე იყო, საავადმყოფოდან გაწერა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, მისი აყვანა 14 მარტს საავადმყოფოდან მოხდა. სამი დღე იყო სოდ-ში და მერე გადაიყვანეს მეშვიდე საპყრობილეში. იქ ძალიან ცუდად გახდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ წამლების მიღების საშუალება არ მისცა, თან გაცივდა, საშინელ მდგომარეობაში იყო. ვის არ მივმართე, ძლივს გადაიყვანეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ყურთასმენაც დაქვეითებული ჰქონდა, აღარაფერი ესმოდა, ვუწერდით და ისე ვაგებინებდით ყველაფერს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, მეგონა, მოკვდა. მთელი ღამე გადასხმებზე ჰყავდათ.

_ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, როდესაც 2007 წლის 27 მარტის ციხის ბუნტის ორგანიზატორობაში დაადანაშაულეს და პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფს როგორ შეეძლო ბუნტის ორგანიზატორობა და ამ საქმეში სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჩათრევა?

_ ციხის ბუნტის მოწყობა ჩემს ქმარს დაბრალდა. არაფრის თავი არ ჰქონდა, ისე ცუდად იყო, ფაქტობრივად, მომაკვდავი იყო, ცალი ფილტვი დახურული ჰქონდა. ოთხი დღის დაკავებული იყო და ბუნტის ორგანიზატორობაზე კიდევ 9 წელი დაუმატეს. ეს სასამართლოები როგორ გადავიტანეთ, არ ვიცი. სასწრაფო დახმარების მანქანები დაჰყვებოდა უკან ბადრაგის მანქანას.

_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 20 ოქტომბრის დასკვნით, პატიმარს კარდიოლოგიური თვალსაზრისით სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროებოდა, პარალელურად, ტუბერკულოზის მძიმე ფორმაც დაუდგინდა.

_ სახელმწიფომ ყველანაირ მკურნალობაზე უარი გვითხრა. ჩაუტარეთ ექსპერტიზა და, თუ სჭირდება, მხოლოდ ამის შემდეგ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნასო. გავაკეთე ალტერნატიული ექპერტიზა და მათაც იგივე დასკვნა დადეს, რაც სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ. სასამართლო-სამედიცინო საკომისიო ექსპერტიზის მიხედვით, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენიზაცია, გულის უკმარისობა, მარჯვენა ფილტვის ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზი ინფლაციისა და მოთესვის ფაზაში, მულტირეზინისტენტობა, მარჯვენა მხრივი პიოპნევმოთარაქსის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები პლევრალური ნადების სახით. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ნიკოლოზ მახარაძე დაავადებული იყო ფილტვების ტუბერკულოზის მძიმე ფორმით, მას ფილტვის კიბო ჰქონდა. კარდიოლოგიური თვალსაზრისით, კი ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება.

_ პატიმარმა თვითონაც იცოდა, რომ ფილტვის კიბო სჭირდა?

_ პროცესზე ნიკომ განაცხადა, რომ იცოდა თავისი დაავადების შესახებ… მას სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში სჭირდებოდა მკურნალობა, მიუხედავად ყველაფრისა, არც კლინიკაში გადაუყვანიათ და არც საჭირო მედიკამენტები მიუციათ. ჩვენ ვახერხებდით და ვშოულობდით მისთვის დეფიციტურ მედიკამენტებს.

_ ტუბერკულოზის პროგრამა არ ეკუთვნოდა?

_ როგორ არა, მარტო ნიკოს კი არა, ყველა პატიმარს ეკუთვნოდა, მაგრამ… ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი სტრასბურგის განაჩენის მერე აჟიოტაჟი ატეხეს და საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ თურმე ტუბერკულოზის პროგრამა არ სრულდებოდა, თურმე ვიღაცებმა ფული მოიპარეს, თურმე წამლებს არ აძლევდნენ პატიმრებს, ძალით კლავდნენ და თვითონ მდიდრდებოდნენ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში ეწერა, რომ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულება თუ ვერ უზრუნველყოფდა ავადმყოფის სათანადოდ მკურნალობას, ქალაქის საავადმყოფოში უნდა გაეწერათ.

_ თქვენ ის ბოლოს 26 იანვარს ინახულეთ, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, რა მდგომარეობაში იყო?

_ გლდანის იზოლატორში რომ გადავიყვანეთ, ცოტა მოიხედა. მივაღწიე იმას, რომ წამლები შემეგზავნა. 3 თებერვალს მეკუთვნოდა პაემანი. 24 იანვარს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ მივედი, რაღაცები შევუგზავნე, მომწერა, ცოტა უკეთ ვარო. მთხოვა, იქნებ წვნიანი შემომიგზავნო დღეში ერთხელო. იქაურ საჭმელს ვერ ჭამდა ავადმყოფობის გამო. ვინ რას შემაგზავნინებდა! ამის გამო შიმშილობა დაიწყო. 26-ში დამირეკეს, სასწრაფოდ მოჰკიდეთ შვილს ხელი და მეუღლე ნახეთო. მივედი და საშინელი მდგომარეობა დამხვდა. აპარატზე იყო შეერთებული. ნიკუშა, გუშინწინ ნორმალურად იყავი, დღეს რა დაგემართა-თქო, _ ვკითხე. არაფერიო, ხომ არ მეტყოდა, მკლავენ, მიშველეო. რა უნდა მეშველა! 29 იანვარს გაუთიშეს აპარატი და… 3 თებერვალს დავასაფლავეთ.

_ რაიმე კომპენსაცია თუ მიიღეთ?

_ ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში დაიჭირეს ჩემი მეუღლე, ციხეში აწამეს და მოკლეს. სტრასბურგის სასამართლოდან მოვიდა თხოვნა მახარაძის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს და 4 დღეში მომიკლეს ქმარი. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ასეთი ავადმყოფი დაიჭირეს და შემდეგ მკურნალობის საშუალება არ მისცეს. ჩემს ოჯახსაც ადვოკატი ავუყვანე, სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებით. არ ვარ დაზღვეული, რომ ეს მთავრობა კიდევ რაიმეს არ მოიმოქმედებს ჩემ წინააღმდეგ. 9 წლის შვილი მყავს, სალომე მახარაძე. მე თვითონ უმუშევარი ვარ. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, გარდა დედაჩემის პენსიისა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ სალომეს, რადგან მამა აღარ ჰყავს, დაუნიშნეს 55 ლარი დახმარება. არანაირი პოლისი ან დახმარება არ მოუცია არავის, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.

ამჟამად ვცხოვრობ ჩოხატაურში. თბილისში ბინა გავყიდე, რათა ჩემი ქმრის მკურნალობის ხარჯები დამეფარა. თუკი რაიმე ძვირფასი ნივთი გვქონდა, ყველაფერი გავყიდე, მანქანაც კი. საკუთარ დედას სახლი გავუყიდე იმისთვის, რომ ჩემი ქმრისთვის წამალი მიმეტანა. ყველა მიცნობდა «რეზბალნიცაზე». . კუთვნილ «სვიდანიას» არ მაძლევდნენ შვილთან ერთად, მეტი რაზე ვილაპარაკო.

_ რამ გადაგაწყვეტინათ, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიგემართათ?

_ უსამართლობამ. ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან 5 თვეში შევიტანე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში. ჩემმა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმაც მირჩია. ამას ასე ვერ დავტოვებდი და მივაღწიე იმას, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ ნიკო მახარაძე წამებით მოკლა. არ გავჩერდები. იმან უნდა აგოს პასუხი, ვინც შვილი დამიობლაო. ნიკო მახარაძე თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მოკლეს და ამას ასე ვერ შევურიგდებოდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. სანამ ცოცხალი ვარ, სიმართლისთვის ვიბრძოლებ. 15 000 ევრო ვერ დამავიწყებს იმას, თუ როგორ ვცილობდი, ჩემს მეუღლეს სიცოცხლის ბოლო დღეები ჩვენთან რომ გაეტარებინა. სამი თვის განმავლობაში უნდა ამინაზღაუროს სახელმწიფომ ის თანხა, რაც სტრასბურგმა დააკისრა მთავრობას, ერთი დღეც რომ გადააცილონ, 3 პროცენტი დაემატება.

ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here