Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის დაიბარა ობამამ სააკაშვილი?

რისთვის დაიბარა ობამამ სააკაშვილი?

667

30 იანვარს ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებს. ამ უკანასკნელის ოცნება ახდება, პირველად, ჯორჯ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ის ოვალურ კაბინეტში მოხვდება, მას ბუხრის მარცხნივ მდებარე სავარძელში ჩასვამენ და პატივისცემით მოეპყრობიან. სააკაშვილისთვის ეს, შესაძლოა, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პირველი მეჯლისი _ ნატაშა როსტოვასთვის (ან, რახან ოვალურ კაბინეტში ვართ, მონიკა ლევინსკისთვის); მისი განწყობა ამ მომენტში, სავარაუდოდ, ტრიუმფალურთან მიახლოებული იქნება. ძველ რომში, აღტაცებულ ტრიუმფატორს Memento Mori-ს ჩასჩურჩულებდნენ ხოლმე, სააკაშვილისთვის კი იმის გახსენება არ იქნება ურიგო, რომ 2010 წლის 1 სექტემბერს ამავე სავარძელში ჰოსნი მუბარაქი იჯდა და ობამა მეგობრულად უღიმოდა მას. იმ შეხვედრიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული და ეგვიპტელებმა, აშშ-ის მხარდაჭერის პირობებში, მუბარაქის რეჟიმი სანაგვეზე მოისროლეს. Memento Hosni, _ შეახსენებს ქართველ სტუმარს სავარძელი ბუხრის მარცხნივ; დღეს სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მუბარაქის პოლიტიკური ბიოგრაფიის დასკვნითი ნაწილი მართლაც მუდამ უნდა ახსოვდეს.

მაგიდაზე ბრახუნის გარეშე

თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში თეთრი სახლი ლეგიტიმურობის უზენაეს წყაროდ განიხილება, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ს უმაღლესი არბიტრის როლი ენიჭება. აშშ-ის ელჩი თბილისში, შესაძლოა, უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე შამანი პირველყოფილ ტომებში. მის თითოეულ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თითქოსდა ღვთაებრივი ნების თვითმავალი რეტრანსლატორი იყოს.ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ამერიკელებს, პრაქტიკულად, უსიტყვოდ ემორჩილება და, ამ გარემოების გათვალისწინებით, დღეს ძალზე ძნელია, საქართველოს სუვერენული სახელმწიფო ეწოდოს. ვერაფერს ვიზამთ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ის საკუთარი ხელით შევქმენით. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ობამამ სააკაშვილი ერთობ მოულოდნელად დაპატიჟა (თუ დაიბარა), საქართველოში დაიწყო ჰიპერაქტიური მსჯელობა იმაზე, თუ რას მოასწავებს ეს შეხვედრა; პროცესი ერთობ მოაგონებდა სწორედ რომ პირველყოფილი წარმართების მკითხაობას თემაზე: «შერისხავენ ბელადს ღვთაებები თუ აკურთხებენ მას?». საერთაშორისო ურთიერთობებთან ამ ჩოჩქოლს საერთო, ტერმინოლოგიის გარდა, თითქმის არაფერი ჰქონდა.

ვინაიდან უკვე საკმარისზე მეტი ითქვა იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან, ალბათ, ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ვთქვათ, თუ რას არ უნდა ველოდოთ მისგან. ობამა, დიდი ალბათობით, არ მოუწოდებს სააკაშვილს, თანამდებობა დატოვოს და იმასაც არ ეტყვის, რომ, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, შეუძლია ხელისუფლებაში დარჩეს და აშშ-ის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. კარტების გახსნა ობამას მხრიდან დღეს, როდესაც ქართულ არჩევნებამდე საკმაოდ ბევრი დრო რჩება, არარაციონალური იქნებოდა.

რაც უფრო დიდხანს გაწელავს ვაშინგტონი პაუზას, სანამ თავის თბილისურ ფავორიტს დაასახელებს, მით უფრო ლოიალურები გახდებიან მის მიმართ ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველი პოლიტიკოსები; შემოდგომისთვის ისინი, სავარაუდოდ, მზად იქნებიან, ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ (უხამს მეტაფორას მონიკა ლევინსკის უადგილო მოხსენიებით ჩვენ აქ, ცხადია, არ მოვიშველიებთ, მაგრამ პრინციპი, ალბათ, გასაგებია). სხვათა შორის, თუ არჩევნები «ფრედ» დასრულდება, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, სიამოვნება კიდევ უფრო გაიხანგრძლივოს.

დავუშვათ, რომ ობამას ადმინისტრაციას არ სურს, სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. თუ ამ სურვილს ღიად და არაორაზროვნად, თუნდაც იმავე 30 იანვრის შეხვედრაზე დააფიქსირებს, სააკაშვილი ძალიან დიდი ალბათობით ყრუ თავდაცვაზე გადავა, რათა როგორმე გაძლოს ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც ობამა შეიძლება რესპუბლიკელების კანდიდატმა ჩაანაცვლოს, რომელიც მის მიმართ უფრო გულმოწყალე იქნება. სააკაშვილის მოწადინებას _ ხელისუფლება ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით შეინარჩუნოს, თავის მხრივ, საქართველოს დესტაბილიზაცია მოჰყვება, რამაც ამერიკულ ინტერესებს შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნას. ასე რომ, ამ მიმართულებით წასვლა ნაკლებად ლოგიკური ჩანს. როდესაც ამერიკელებს ამა თუ იმ «მეგობარი დიქტატორის» ხელისუფლებიდან ჩამოცილება სურთ, ამის შესახებ 9 თვით ადრე, როგორც წესი, არ აცხადებენ და თავის პოზიციას მკაფიოდ მხოლოდ მაშინ აფიქსირებენ, როდესაც დიქტატორს (სააკაშვილი იქნება, მუბარაქი თუ სხვა) აღარ აქვს დრო და შესაძლებლობა, ძალთა გადაწყობა და საფრთხეზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

ისიც დავუშვათ, რომ ვაშინგტონი თანახმაა, სააკაშვილი ხელისუფლებაში დატოვოს და ეს ვარიანტი მისთვის მომგებიანია. თუ ფიგურანტი აშკარა მხარდაჭერას იგძნობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დიდი ალბათობით, აიწყვეტს და ოპოზიციასთან (მეტიც, სრულიად საზოგადოებასთან) სასტიკ ანგარიშსწორებას დაიწყებს იმ შიშისთვის, რომელიც ბოლო თვეებში განიცადა. ამ შემთხვევაშიც პროცესი შეიძლება კალაპოტიდან ამოვარდეს; ამ გზით წასვლა, ალბათ, ასევე არარაციონალურია.

ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 30 იანვრის შეხვედრაზე ობამამ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით მკვეთრი შეფასებები გააკეთოს. ის, ალბათ, უსაყვედურებს სააკაშვილს იმ ველური თავდასხმებისთვის, რომელთაც მისი ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ახორციელებს, თუმცა იმისთვის, რომ სტუმარი არ დაფრთხეს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქაოტური მოქმედებება არ დაიწყოს, მიანიშნებს, რომ შეუძლია ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს _ არც ისე მკაფიოდ, რომ სააკაშვილს თავბრუ დაეხვას, თუმცა არც მეტისმეტად ბუნდოვნად, რათა ეჭვიანი ფიქრების ტყვეობაში არ მოექცეს. მსგავსი მხარდაჭერა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კლიენტი აშშ-ის მიმართ ლოიალური, გამორჩეულად დამჯერი იქნება. მხოლოდ ასე მოახერხებს ვაშინგტონი მის უპრობლემო მიყვანას ისტორიის სანაგვემდე ან დიდების მწვერვალამდე, მოკლედ, იქამდე, სადაც ახლო მომავალში მისი ხილვა სურს.

სადმე სხვაგან, როგორმე თვითონ

აშშ-ირანის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ზოგიერთმა ქართველმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ 30 იანვრის შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ ამერიკელების მიერ საქართველოს ტერიტორიისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ. ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა როგორც ირანული, ისე რუსული რაკეტების სამიზნე გახადოს, ოღონდაც ამერიკელი ჯარისკაცის ჩექმამ ქართულ მიწაზე დააბიჯოს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუმცა არის რამდენიმე გარემოება, რომლებიც თანამშრომლობას ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ციტატა აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის (U.S. Army War College) სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (SSI) მოხსენებიდან: «რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატების და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ». მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ამერიკული ძალების განლაგება ან თუნდაც მისი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთთან შეთანხმების ან მასთან მწვავე (ომის ზღვარზე) კონფრონტაციის გარეშე შეუძლებელია. ვინაიდან ამავე ამოცანების გადაწყვეტა ამერიკელ სამხედროებს სხვა მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიიდანაც შეუძლიათ. ნაკლებად სავარაუდოა, ვაშინგტონი მაინც და მაინც ქართულ პლაცდარმს ჩაეჭიდოს, რადგან დღეს არც რუსეთთან დაპირისპირება და არც იმ მოცულობით დათმობებზე წასვლა სურს, რომელიც კრემლმა შეიძლება ამერიკელების მიერ სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და საჰაერო სივრცის გამოყენების სანაცვლოდ მოითხოვოს. ეს, ალბათ, ის სიტუაციაა, როდესაც ჩიტი ბდღვნად არ ღირს.

აქ სხვა რამ არის სახიფათო: სააკაშვილმა თავისი გაუფთხილებელი მოქმედებით შეიძლება რუსეთს საქართველოში ჯარების შეყვანის საბაბი მისცეს. ირანთან ომის წინ (ან ომის დროს) შტატებს არანაირად არ აწყობს, რომ საქართველოსა და სომხეთზე გამავალი, რუსეთისა და ირანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერია მოსკოვის სრული კონტროლის ქვეშ მოექცეს. ამიტომ, ობამა სავარაუდოდ, მოუწოდებს სააკაშვილს, კრემლთან ურთიერთობაში განსაკუთრებული წინდახედულობა გამოავლინოს.

30 იანვარს ოვალურ კაბინეტში, ბუხრის მარცხნივ, პრეზიდენტ ობამას პირისპირ იჯდება ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. პარადოქსულია, მაგრამ დღეს მეორედ პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გარემოებათა თანხვედრა შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოსმით ყველაფერი ისე გააფუჭოს, რომ საქართველოსგან ქვა ქვაზე არ დარჩეს. საინტერესოა, გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი ამ «შანსს»?

ერთი ნაბიჯი უფსკრულამდე

თუ ხვალ რუსული ჯარები ადმინისტრაციულ საზღვარს გადალახავენ… გასაგებია, რომ ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერი ჩვენგანის სურვილი იმის გამოთვლა იქნება, თუ რა შედეგი მოჰყება ამას საქართველოსთვის, თუმცა ამჯერად იმის დადგენით დავიწყოთ, რა მოხდება ვაშინგტონში.

«გადატვირთვა» კრახით დასრულდება. ობამას პოზიციები არჩევნების წინ ძალიან სერიოზულად შეირყევა, რესპუბლიკელი ოპონენტები მას მიწასთან გაასწორებენ. დღევანდელი დებატები საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება-არმიწოდების ან «პატარა მოკავშირის» მიტოვება-არმიტოვების თაობაზე ამერიკელ ამომრჩეველზე განმსაზღვრელ ზეგავლენას არ ახდენენ. სიმართლე რომ ვთქვათ, ის მათ, უბრალოდ, არ ამჩნევს, მაგრამ, როდესაც თითოეულ ამერიკულ ოჯახში ტელეეკრანზე გამოჩნდებიან რუსული სატანკო კოლონები ალმოდებული ქალაქების ფონზე, აშშ-ის ძალიან ბევრი მოქალაქე მივა დასკვნამდე, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა ეპიკური მარცხით დაგვირგვინდა.

რესპუბლიკელების არგუმენტები ასეთ სიტუაციაში ირანული კიტრივით მარტივი და გასაგები გახდება: პუტინს შიდაპოლიტიკური კრიზისის დასაძლევად «პატარა, ძლევამოსილი ომი» დასჭირდა, რომელიც შესაძლებელი ობამას დამთმობმა, უსუსურმა პოლიტიკამ გახადა. ვაშინგტონი იძულებული გახდება, მოსკოვს დაუპირისპირდეს.

გასულ კვირას როგორც ხელისუფლების, ისე მასთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან გაკეთდა მთელი რიგი განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ ახალი ომის საფრთხე მეტად რეალური გახდა.

ამასთანავე, ავანსცენაზე კვლავ გამოჩნდა გივი თარგმაძე, რომელსაც საკმაო ხნის განმავლობაში არ უაქტიურია, და ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ომის თავი არ აქვს, რომ მას «ისკანდერები» არ უვარგა და ასე შემდეგ «დაჟანგული ტანკების» სტილში. ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი რიტორიკა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ მოგვისმენია. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ცვლილებები?

მცირე ჩანართი: ომების ისტორია და ეთნოფსიქოლოგია ცხადყოფს, რომ რუსი ტანკისტები (არტილერისტები, მფრინავები და ა. შ.) «დაჟანგული» ტექნიკით, ბრძოლის ველზე ხშირად უფრო საშიშნი ხდებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ხელთ ქარხნიდან ახლახან მიღებული ტექნიკა აქვთ. მეორე შემთხვევაში, ისინი ტრადიციისამებრ მშვიდად «თვლემენ» და მოულოდნელ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეიძლება დაიბნენ კიდეც; «დაჟანგულ ტანკში» კი ისინი ტექნიკის არასაკმარის რესურსს საკუთარი მოწადინებით ავსებენ, მუდამ მობილიზებულნი არიან, ივანე კულიბინივით განუწყვეტლივ იგონებენ რაღაცას და იწყებენ მოქმედებას „на морально-вол­евых“, „на адреналине“, „через „не могу“.. ასეთ დროს კი რუსი ჯარისკაცი განსაკუთრებით საშიში მოწინააღმდეგეა. თუმცა ეს, საბოლოო ჯამში, განყენებული მსჯელობაა, რადგან სამხრეთის მიმართულებით რუსებს საკმაო რაოდენობის არა მხოლოდ ძველი, არამედ ახალთახალი ტექნიკა აქვთ; ბოლო დროს მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს.

გამორიცხული არაა, ვიღაცამ გამოთვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხვალ რუსული ჯარები ადმინისტრაციულ საზღვარს გადალახავენ, ეს «გადატვირთვის» საბოლოო ტორპედირებით დასრულდება, სააკაშვილი «დევნილი პრეზიდენტის» სტატუსს და დასავლეთის სრულ მხარდაჭერას მიიღებს, ამასთანავე, დიდ ფინანსურ დახმარებას (თუ ისევე, როგორც 2008-ში რუსები რაღაც მომენტში გაჩერდებიან და ის ხელისუფლების შენარჩუნებას მოახერხებს). პუტინი ერის კონსოლიდაციას და «ახალი ცივი ომისთვის» მის მობილიზებას მოახდენს, ხოლო აშშ რუსეთის პერიმეტრზე პოზიციებს გაიმყარებს. ჯონ მაკკეინისა და ხუ ძინტაოს ოცნებები ახდება (აშშ-რუსეთის კონფრონტაცია ჩინეთისთვის ხელსაყრელია, ამით ის გაძლიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს მოიგებს). მოკლედ, ასე თუ ისე, ნებით თუ უნებლიეთ, რაღაც სარგებელს ამ ჰიპოთეტურ სიტუაციიდან ყველა ნახავს; ერთადერთი, ვინც დაზარალდება, ისევ საქართველო იქნება.

30 იანვარს ბარაკ ობამას იმის დადგენა მოუწევს, ხომ არ შეიპყრო მისი სტუმარი საშიშმა იდეამ, რომელმაც შეიძლება მეტად მასშტაბური კრიზისი გამოიწვიოს. თუ ეს ასეა, მას ამ ბომბის გაუვნებელყოფა დასჭირდება; საათი წიკწიკებს და ჯერაც გაუგებარია, რომელი მავთული უნდა გადაჭრას: ლურჯი თუ წითელი, წითელი თუ ლურჯი…

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here