Home რუბრიკები პოლიტიკა “3+3”-ის ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმით საქართველო უდიდეს შეცდომას უშვებს, შედეგებს კი მალე...

“3+3”-ის ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმით საქართველო უდიდეს შეცდომას უშვებს, შედეგებს კი მალე მოვიმკით

275

10 დეკემბერს მოსკოვში “3+3” ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, წესითა და რიგით, 6 ქვეყანა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი _ საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა და ეს არის დასაწყისი იმ დიდი შეხვედრის სამზადისისა, რომელიც 2022 წელს უკვე ამ ქვეყნების პირველი პირების მონაწილეობით უნდა შედგეს, მაგრამ

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ “3+3” რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივაზე არაერთხელ გამოხატა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და, შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი”, _ ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

გამოვიდა ისე, რომ “3+3” ფორმატში მონაწილე ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მოსკოვში ჩავიდნენ, იქ არ გაემგზავრა მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელი. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საქართველო რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს და მიწებს ედავება. არადა, ამ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ისხდნენ და საუბრობდნენ. საუბრობდნენ წარმომადგენლები იმ ორი ქვეყნისა, რომლებმაც ომი ცოტა ხნის წინათ დაასრულეს და სომხეთი დღემდე ამბობს, რომ აზერბაიჯანმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია თურქეთის დახმარებით მოახერხა და… აღნიშნულ შეხვედრაზე თურქეთიც იყო. დიალოგს ალტერნატივა რომ არ აქვს, აღიარებს ყველა, საქართველოს გარდა. აღსანიშნავია, რომ ფორმატის მონაწილე ხუთი ქვენიდან სამი _ აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი _ საქართველოს დღემდე ედავება ტერიტორიებს, ხოლო რუსეთის გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე ფიქრი აბსურდულია. აქედან გამომდინარე, ქართული მხარე ვალდებული იყო, ამ შეხვედრაზე წასულიყო და, სულ ცოტა, ის დაეცვა, რაც დღეს გვაქვს. როგორ გგონიათ, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, როცა საქართველოზე დაიწყება საუბარი, ჩვენს ინტერესებს დაიცავენ თუ საკუთარი ქვეყნისას? და იმავე შეხვედრაზე არავინ იქნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ საქართველოს ინტერესი გასათვალისწინებელია და, თუ ისინი შეთანხმდებიან, რომ, მაგალითად, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად აზერბაიჯანს ეკუთვნის, ხმის ამომღები და პროტესტის გამომხატველი არავინ იქნება. ზუსტად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქართული მხარე ამ ფორმატით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავდა. თანაც, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები არ არიან ის დონეები, სერიოზული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად რომ მიიღონ. ისინი, უბრალოდ, უფრო მაღალი რანგის პირების შეხვედრის მომზადებას დაიწყებენ და საბოლოოდ მაგიდას ქვეყნების ლიდერები მიუსხდებიან. ჰოდა, როცა საქართველო მონაწილეობას განიხილავდა, ჯერ მიხეილ სააკაშვილი (?!) ჩაერია საქმეში და შემდეგ _ ამერიკის საელჩო. მიშამ ხმამაღლა თქვა: დასავლეთი მხარს არ მიჭერს, რაც რეგიონის სხვა ლიდერებისთვის მესიჯი იქნება, რომ გასაჭირში მხარში არ ამოგვიდგებიანო. არადა, რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომლის ხელისუფლებაც უსიტყვოდ ასრულებს დასავლელი პარტნიორების მითითებებს, თორემ არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, თურქეთი და მით უმეტეს რუსეთი დასავლეთს არ ექვემდებარებიან. ისიც გემახსოვრებათ, როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა დასავლურ მუსიკაზე დაიწყო როკვა, მას არა მხოლოდ მთავარმა პარტნიორმა, რუსეთმა, უგანა, არამედ მთელი ერი ფეხზე დადგა და რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნა. სწორედ მაშინ მიხვდა ფაშინიანი, რომ ჯერ თავის ქვეყანაზე უნდა ეფიქრა და შემდეგ _ დასავლეთზე. ანალოგიური რამ ხდება საქართველოს მიმართ. დასავლეთმა კარგად იცის, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიძლება საკუთარ ნებაზე ატრიალოს და ამიტომ “3+3” ფორმატში მონაწილეობა აგვიკრძალა.

რეგიონში პირველობის ამბიცია თურქეთს რომ აქვს, კარგად მოგეხსენებათ. უფრო ზუსტად, რეგიონში კი არა, თურქეთი დიდ ქვეყნებს ეტოლება და ერდოღანი იმასაც ამბობს, რომ ოსმალური იმპერიის აღდგენა დროის ამბავია. იმავე ერდოღანმა საჯარო შეხვედრისას ლექსი წაიკითხა მესხეთზე და მას თურქეთის გულიდან მოგლეჯილი ყვავილი უწოდა, რომელიც დედასამშობლოს თურმე მალე დაუბრუნდება. ასეთ პირობებში, ნებისმიერი შეხვედრა და საკუთარი პოზიციების დაცვა სავალდებულოც კი არის, მაგრამ დასავლეთს ნაკლებად აინტერესებს თურქეთიც, მესხეთიც და მხოლოდ რუსეთზე აკეთებს აქცენტს. რატომღაც გვგონია, რომ “3+3” ფორმატი კონკრეტულად საქართველოსა და რუსეთისთვის იქნებოდა სერიოზული საბაბი იმისა, რომ მომავალში ამ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა გამართულიყო. თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ ზალკალიანი და ლავროვი “შემთხვევით” რომ გადაიკვეთნენ, მაშინ დასავლეთს ისტერიკა დაეწყო. ახლა კი…

“3+3” ფორმატიდან ამერიკას ამბის გამომტანიც კი არ ეყოლება, არავინ ეტყვის, დეტალებში რა მოხდა და ეს ფორმატი დასავლეთმა, როგორც შეთქმულება, ისე განიხილა. თავად განსაჯეთ _ ამ ექვსმა ქვეყანამ შეთანხმება რომ მოახერხოს, მშვიდობიანი თანაცხოვრება რომ მოახერხოს, სადავო ტერიტორიებზე შეთანხმება რომ მოახერხოს, დამთავრდება რუსეთთან შუღლი და დამთავრდება რეგიონის ქვეყნებით რუსეთთან მანიპულირება. ჰო, შეიძლება ტერიტორიებზე შეთანხმება და საზღვრის ისე გავლება, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს, შეიძლება სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე საუბარი, ანუ პირისპირ შეხვედრისას ყველაფერი შეიძლება და ჩვენ ამ ფორმატზე უარი გვათქმევინეს.

ხუთი სახელმწიფო სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდა და შეთანხმდა იმაზეც, რომ უფრო მაღალი დონის მაღალჩინოსნები უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და უფრო სერიოზული საკითხები უნდა განიხილონ. ეს არ შეეხება მხოლოდ სადავო ტერიტორიებს, ეს შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, სავაჭრო თემებს. მაშინ, როცა მსოფლიოში კვების პროდუქტები კატასტროფულად გაძვირდა, რეგიონის ქვეყნები, შესაძლოა, შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ და საკვებ პროდუქტებსა თუ ენერგომატარებლებზე სხვასთან შედარებით შეღავათიანი ტარიფი ჰქონდეთ. ჰოდა, ამ ფორმატში ჩვენ არ ვიქნებით და ზუსტად ისე დაგვემართება, როგორც ხორბლის შემთხვევაში.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა აჩვენეს მაგალთი, რომ ერთმანეთში ომის მიუხედავად, დიალოგი მაინც შესაძლებელია. სომხეთმა გაგზავნა წარმომადგენელი იმ პირობებში, როცა თურქეთი პირდაპირ დაადანაშაულა აზერბაიჯანის დახმარებასა და თავისი ჯარისკაცების დახოცვაში. სომხეთი მიხვდა, რომ ამ ფორმატზე უარის თქმა ქვეყნისთვის არათუ ცუდი, არამედ დამღუპველი იქნებოდა და რეგიონში თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. სომხეთი, რომლის საერთაშორისო ლობი იმავე ევროპასა თუ ამერიკაში საქართველოსთან შედარებით გაცილებით ძლიერია, განზე არ დარჩა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამით დიდ სარგებელს ნახავს და თანაც უახლოეს პერიოდში. ჩვენ კი…

2003 წლის შემდეგ საქართველო სრულად დაექვემდებარა დასავლეთს. 2008 წლის შემდეგ კი დასავლეთის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამდით და ახლა ირკვევა, რომ ამერიკა საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ პოსტზე ადამიანების დანიშვნის დონემდე იყო ჩარეული და იმასაც კი წყვეტდა, რომელი მოსამართლე სად უნდა დანიშნულიყო. სწორედ მაშინ იყო, სასამართლო განაჩენების 99,% გამამტყუნებელი რომ დგებოდა და რა გამოდის? ამერიკის მიერ დანიშნული მოსამართლეები დებდნენ ამ განაჩენებს და ახლა თურმე დღევანდელი ხელისუფლება ჩქარობს მოსამართლეების დანიშვნას და ამერიკის მითითებებს არ ითვალისწინებს? არ ვამბობთ, რომ დღევანდელი სასამართლო იდეალურია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებისდროინდელ სასამართლოს ბევრად სჯობს.

მიუხედავად იმისა, რომ “3+3” –ის შეხვედრა ერთი შეხედვით მესამე რანგის ჩინოსნებს შორის გაიმართა, მის მნიშვნელობაზე უკვე ისაუბრა ერდოღანმა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატისგან ბევრს ელის. რაც მთავარია, თურქეთის პირველმა პირმა ფორმატზე საუბრისას ხუთი ქვეყანა ჩამოთვალა და არ უხსენებია საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ შეეგუა ჩვენი ქვეყნის უარს, არამედ ხელს აძლევს კიდეც ამ ფორმატში საქართველოს არყოფნა, რადგან ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთს სხვა გეგმები რომ აქვს, არაერთხელ თქმულა. ჰოდა, ფორმატს პირობითად მაინც “3+3” ერქმევა, მაგრამ რეალურად მასში 5 ქვეყანა იქნება ჩართული. საქართველოს კი იმ გადაწყვეტილებებთან და იმ შედეგებთან შეგუება მოუწევს, რომლებიც იქ გაჟღერდება და ამის წინააღმდეგ, უბრალოდ, ვერ წავა. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონში მარტო იქნება და მხარს არავინ დაუჭერს.

როგორ გგონიათ, რას მოიმოქმედებს ასეთ შემთხვევაში დასავლეთი? არც არაფერს, უფრო მეტად დაგვიმონებს და თავს იმით იმართლებს, რომ დანარჩენები მას არ უჯერებენ და საშინაო საქმეებში არ რევენ. ადრეც ვთქვით, რომ, თუ საქართველო “3+3”-ის ფორმატში მონაწილეობაზე უარს იტყოდა, ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა და ახლა ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ შეცდომას უშვებს, შედეგებს კი მალე მოვიმკით. სამწუხაროდ, არავინ ჩანს ისეთი, ვინც იტყვის, რომ რეგიონის ხუთ სახელმწიფოსთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან საქართველოს წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here