Home რუბრიკები პოლიტიკა სად ერეკლე და სად – ვასილ დავითაშვილი!

სად ერეკლე და სად – ვასილ დავითაშვილი!

912

GEWORLD.GE:
პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელ «ნაციონალურ მოძრაობას» თელავის ერთი მაჟორიტარული მანდატის დათმობა არც უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი. გია არსენიშვილის გარდაცვალების შემდეგ, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოქტომბრისთვის გადაიდო. ამ შუალედში ხელისუფლების «უხამს წინადადებაზე» დათანხმებულ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთს ხომ არ დააჯახებდნენ! ჰოდა, ამ მძიმე ტვირთის აკიდება ისევ მმართველ პარტიას მოუწია.

ამ ერთი მანდატის დასაუფლებლად ერთმანეთს სამი პარტია შეერკინა: «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» და «ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა». «ქრისტიან-დემოკრატებიდან» კენჭი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლაშხმა უხმაუროდ იყარა, არც «მრეწველების» კანდიდატურას _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ვასილ არაბულს უხმაურია.
სამაგიეროდ, ხმაური პარტია «თავისუფალი საქართველოს» კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა ატეხა. მან მთელ ქვეყანას გააგებინა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს «ნაციონალური მოძრაობიდან» იყრიდა, გამორჩეული კომკავშირელი, სანიმუშო კომუნისტი, «მრგვალი მაგიდის» აქტიური წევრი, «მოქალაქეთა კავშირის» მედროშე და ამჟამად «ნაცმოძრაობის» ჩირაღდანია თელავში.
«თავისუფალ საქართველოს» არც «ახალი მემარჯვენეები» ჩამორჩნენ. არჩილ ჯორჯაძეს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენამ საბჭოთა წარსული გაახსენა: «ნაციონალური მოძრაობა» პირდაპირი მემკვიდრეა საბჭოთა კომუნისტური პარტიის, ყოველ შემთხვევაში, თელავის მაგალითზე. დავითაშვილი ჯერ საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრი იყო, შემდეგ _ «მოქალაქეთა კავშირის» და ახლა _ «ნაციონალური მოძრაობის». ვასილ დავითაშვილს 2002-2005 წლებში თელავის გამგებლის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციაზე იგი მედეა მეზვრიშვილის უშუალო ჩარევითა და მხარდაჭერით დანიშნეს. ახლა დავითაშვილსა და იმ კლანს, რომელსაც იგი წარმოადგენს, არავითარი პოლიტიკური პრინციპები და პოლიტიკური ღირსება არ გააჩნია. იგი იყო ერთ-ერთი, რომელიც გულმოდგინედ ლანძღავდა იმ გუნდს, რომლის სახელითაც უნდა, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი».
ირკვევა, რომ ვასილ დავითაშვილი 1975-79 წლებში თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის ფაკულტეტზე სწავლობდა; 1979-1980 წლებში საქსოფლმშენში მუშად მუშაობდა; 1979-1983 წლებში დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით; 1980-1986 წლებში საბინაო სამშენებლო კოოპერატიული გაერთიანება «თელავის» ინსპექტორია, ხოლო შემდეგ _ თავმჯდომარე; 1986-1995 წლებში თელავის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის უფროსი იყო; 1995-2002 წლებში იყო საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელი; 2002-2005 წლებში _ ქალაქ თელავის გამგებელი, ხოლო შემდეგ _ თელავის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2006-2007 წლებში მუშაობდა თელავის რაიონის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ხელმძღვანელად; 2007-2009 წლებში იყო თელავის ინფრასტრუქტურისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2009 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, შემდეგ კი _ გამგებლად.
ეს სამაგალითო მუშურ-გლეხური ბიოგრაფია დავითაშვილს საბჭოთა პერიოდშიც ზურგს უმაგრებდა და არც ნაციონალური მმართველობისას დააღალატა. ბევრი იხმაურა მოსიაშვილმა, მაგრამ მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერის სრული ფრონტი უზრუნველყო. «ნაცმოძრაობის» გენერალური მდივნითა და საპარლამენტო გუნდით დაწყებული, მინისტრებითა და თვით პრეზიდენტ სააკაშვილით დასრულებული, ყველამ სათითაოდ და ერთად დაუჭირა მხარი ვასილ დავითაშვილს.
თელავში მაჟორიტარობის სამთავრობო კანდიდატებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. თავდაპირველად ლევან ბეჟაშვილის კადრი _ საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოტკოველი დაწინაურდა. ვიდრე ლევან ბეჟაშვილი კახეთის გუბერნატორი იყო, ბოტკოველი მის მოადგილედ მუშაობდა. შრომითი ბიოგრაფია მასაც ჩინებული აქვს, მაგრამ დავითაშვილს იმით აჯობა, რომ 2006-2007 წლებში მოახერხა, ერთდროულად ორ სხვადასხვა რეგიონში, ოღონდ ერთსა და იმავე უწყებაში, სხვადასხვა თანამდებობაზე ემუშავა: 2006-2007 წლებში გიორგი ბოტკოველი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი და იმავე 2006-2007 წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსად მუშაობდა.
ასე იყო თუ ისე, ვასილ დავითაშვილს ბოტკოველზე უკეთესი «სწრაფი რეაგირების» უნარი აღმოაჩნდა და, ვიდრე ბოტკოველს ეგონა, თავი ქუდში ჰქონდა, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უკანასკნელი დღე კი იწურებოდა, იმდენი მოახერხა, რომ 31 აგვისტოს გამგებლობიდან გადადგა, მეორე დღეს კი თელავში, ერეკლეს მოედანზე, მთელ «ნაცელიტას» წარადგენინა თავი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზურაბ მელიქიშვილთან, გიგი წერეთელთან, გოკა გაბაშვილთან, ვახტანგ ბალავაძესთან  და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად  ამ წარდგენაზე დავითაშვილმა გიორგი ბოტკოველიც დაისწრო.
ზურაბ მელიქიშვილმა ეს წარდგენა «ნაცმოძრაობის» გასაპიარებლად გამოიყენა და კახეთში განხორციელებულ პროექტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტად მან ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაცია დაასახელა. «გომბორის გზის გახსნამ ხალხს გადაადგილება გაუადვილა და ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო. ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონის პროექტები ხორციელდება. ვაგებთ გზებს, ვაკეთებთ წყლის სისტემას. თელავში 2012 წლის ბოლოს 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს,» _ განაცხადა მელიქიშვილმა.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2010 წლის 2 ოქტომბერს, სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა გომბორის გზა. მის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დაიხარჯა, საიდანაც 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. ამ «ნასესხებმა» გზამ ზუსტად ორ თვეში ჭირი მოგვჭამა, _ ზოგან დაიბზარა, ზოგან _ ჩაინგრა. ჟურნალისტებმა ადგილზე აზომეს ასფალტის სისქე და გაირკვა, რომ, 7-12 სანტიმეტრის ნაცვლად, მისი სისქე 3-4 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. მავანი იტყვის, დავითაშვილი აქ რა შუაშიაო, მაგრამ, თუ გზის გაყვანის გამო დავითაშვილს უნდა მისცენ ხმა თელაველებმა, მაშინ მის დანგრევაზე სხვას რატომ უნდა მოსთხოვონ პასუხი?
რაც შეეხება წყალმომარაგებას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში პერიოდულად ქვედა სართულები და სარდაფები გრუნტის წყლით იტბორება. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგებელს დახმარებისთვის, მაგრამ მან უსახსრობა მოიმიზეზა: მარტო «პომპა» 5 ათასი დოლარი ღირს, დრენაჟის მოწყობას ნახევარი მილიონი სჭირდება, ბიუჯეტში კი 7 ათას ლარზე მეტი არ გვაქვსო. სამაგიეროდ, კომფორტული «მერსედესიდან» ახალ «ნისანის» მარკის ჯიპზე გადასაჯდომად ბიუჯეტში თანხა დავითაშვილმა იოლად გამონახა. თუმცა, მის ზემდგომებთან შედარებით, იგი ამ საკითხში ანგელოზად გამოიყურება; იმ დროს, როცა კახეთის მოსახლეობა სტიქიის შემოტევისას დახმარების გარეშე იყო დარჩენილი, კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სამსახურებრივი ავტომანქანა «ჯიპი» გუბერნატორის მეორე მოადგილეს, პეტრე კიკნაძეს გადასცა, თვითონ კი «შევროლეს» მარკის ახალი «ჯიპი» შეიძინა.
ზოგადად, სტიქიამ ხელ-ფეხი გაუხსნა ადგილობრივ ხელისუფლებას. მისი წყალობით, თელავის მუნიციპალიტეტში ტენდერები აღარ ცხადდებოდა. გამგებელმა დავითაშვილმა ყველა სამუშაოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო დაარქვა და თანხებიც ყოველგვარი ტენდერების გარეშე დახარჯა.
ჭეშმარიტად ნაციონალური  «გულისხმიერებით» მოეკიდა დავითაშვილი უსინათლო ცოლ-ქმარს _ თელაველ ბუბუნაშვილებს. ისინი ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდნენ გამგებელს, მათთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ. იმ ლოგიკით, რომ უსინათლოს სინათლე მაინც არ ესაჭიროება, მათ არც ელექტროენერგია გაუყვანეს და არც აბონენტთა სიაში შეიყვანეს. სამყაროს მოწყვეტილ ბუბუნაშვილებს ისღა დარჩენიათ, რომ გამგებელს სიტყვაზე ენდონ:
«ყველამ კარგად იცით, რა გამიკეთებია. ამიტომ, თავის ქებას არ დავიწყებ. უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული გომბორის გზის მშენებლობაში, თელავის თეატრის აღორძინებაში, ბავშვთა საავადმყოფოს და სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციაში, ლტოლვილებისთვის კილომეტრნახევრიანი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაში, იმ პროექტებში, რომლებიც დღეს ხორციელდება. ვისაც ჩემთან შეხება ჰქონია, იცის, რომ არასოდეს გადამიდვია დღევანდელი საქმე ხვალისთვის. ყოველთვის ვიყავი თქვენ გვერდით და ასეც მინდა გავაგრძელო. დასაქმების საკითხი სულ მაწუხებდა და შემაწუხებს, სანამ იქნებიან უმუშევრები. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სახლში საჭმელი მიიტანოს, ოჯახი არჩინოს. მე არ მინდა წინასწარ გითხრათ, რა შეიძლება გაკეთდეს ხვალ, მაგრამ მინდა გქონდეთ ჩემი იმედი, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მივხედავ თელავს, სოფლებს და ნებისმიერ ადამიანს,» _ განაცხადა ვასილ დავითაშვილმა.
ბუბუნაშვილებს ერთ რამეში მაინც გაუმართლათ: ისინი მთელ თელავში გამოკრულ დავითაშვილის საარჩევნო პლაკატს მაინც ვერ ხედავენ, რომელსაც ორაზროვანი სლოგანი ამშვენებს _ «თელავი მეტს იმსახურებს». თელაველები მის დანახვაზე თავს უხმოდ გადააქნევდნენ ხოლმე, ყველაზე გაბედულები კი  ამბობდნენ: «დიახაც, მეტის ღირსებიცა ვართო»! ალბათ, ამიტომ შუალედურ არჩევნებზე, 2 ოქტომბერს ყოველი 3 თელაველიდან ერთი გამოცხადდა. სწორედ ამ ერთი მესამედის 84%-ით გახდა დავითაშვილი დეპუტატი.
გაიმარჯვებდა, მაშ, რა იქნებოდა, როცა წინა დღეს სააკაშვილმა თელავის მხსნელად წარმოაჩინა; იმის წინა დღეებში ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ასხამდნენ ხოტბას, ხოლო არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია «იმედი» თავის საინფორმაციო გამოშვებებში მის ინტერვიუებს ატირაჟებდა: «ვაპირებ ქალაქის ისე მოწყობას, როგორც ისტორიულისას; ისე, როგორც ვითარდება თბილისი და ბათუმი». მეტსაც იმსახურებს თელავი, რომლის «ისტორიულობა» თურმე ვასილ დავითაშვილმა უნდა შექმნას!
მიხეილ მარკოზაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here