Home ახალი ამბები საქართველო 26  მაისის ტრაგიკომედია

26  მაისის ტრაგიკომედია

327

ჩაიარა კიდევ ერთმა (რიგით 106-ე) 26-მა მაისმა, რომელიც დამოუკიდებლობის დღედ არის გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში მას არავითარი დამოუკიდებლობა არ მოუტანია და არ მოჰყოლია. ერთა ლიგაში საქართველო არ მიიღეს. ეს გააკეთეს იმ მოტივით, რომ, მათი აზრით, გარეშე  საფრთხის შექმნის შემთხვევაში ამ ქვეყნის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა. 1921 წლის 6 იანვარს გაზეთი „ერთობა“ წერდა: „ერთა ლიგა ვალდებულია, გაუწიოს ანგარიში თავის წესდების მე-10 მუხლის, რომლის თანახმად ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებული არიან, დაიცვან ყოველი თავის თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის. აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც მისცემდნენ ხმას საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების საკითხს, ამით აიღებდენ თავის თავზე ვალდებულებას, აღმოეჩინათ დახმარება საქართველოსათვის, თუ უკანასკნელს რაიმე გარეშე საფრთხე დაემუქრებოდა. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა კი ამჟამად მეტად ძნელია… საკითხის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ საქართველოს შუამდგომლობა უარყვეს“.

XX  საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიული (რეალური) შანსი გაუჩნდა, არც საქართველოს ხელისუფლებას და არც დასავლეთს ამ შანსის რეალიზება არ უცდია, რადგან არც ერთსა და არც მეორეს საქართველოს სახით დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა არ სჭირდებოდა. დასავლეთს იმხანად, ისევე როგორც დღეს, საქართველოს სახით სჭირდებოდა უუფლებო კოლონია (ტერიტორია, იაფი მუშახელი და ნედლეული), რომელსაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად განკარგავდა. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება კი დასავლეთის ისეთივე აგენტურას წარმოადგენდა, როგორიც ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობები იყო და, როგორიც დღევანდელი ე.წ. ოპოზიციაა. საქართველოში აგენტოკრატია ახლა არ დაწყებულა, ე.წ. პირველი რესპუბლიკის პერიოდში  დაიწყო. დასავლეთის იმ აგენტებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ მოკალათებულნი, როდესაც  გარეშე საფრთხე იგრძნეს, საქართველოდან უკანმოუხედავად მოკურცხლეს,   საქართველოს ეროვნული განძი (სამუზეუმო და საეკლესიო ექსპონანტები პლუს ეროვნული ხაზინა) კი ხელს გააყოლეს, რომელიც დიდი ზომის 248  ყუთში ჰქონდათ ჩალაგებული და წასაღებად გამზადებული. სიმდიდრე გაიტაცეს, ქვეყანა და ხალხი კი მიატოვეს. მათი მმართველობის ამ სამარცხვინო სამწლიან მონაკვეთს დაერქვა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ვითარება ტრაგიკომიკური იყო იმხანად  და ტრაგიკომიკურია დღესაც.  

       * ტრაგიკომიკურია, როდესაც სამ ნაწილად დაშლილი და დასავლეთის კოლონიად ქცეული საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს;

 * ტრაგიკომიკურია ქართველი მენშევიკების მიერ დასავლეთისთვის ჩაბარებული საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩინების მცდელობა იმ დროს, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას იგი არ უღიარებია;

* ტრაგიკომიკურია საქართველოს დამოუკიდებლ სახელმწიფოდ წარმოჩენის მცდელობა დღესაც, როდესაც ორ ავტონომიურ წარმონაქმნში რუსეთის სამხედრო ბაზებია განებული, დანარჩენ საქართველოში კი აშშ სანქციებს აწესებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს;

*ტრაგიკომიკურია საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენის მცდელობა იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს და პირიქით  – საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს სამშობლოს ღალატსა და ორგულობაში ამხელს;

* ტრაგიკომიკურია ამ დღეს საქართველოს ცაზე ორი კინკილა ავიაგამანადგურებლისა და სამხედრო ვერტმფრენის გამოჩენა, როდესაც არც ერთი მათგანი სამამულო წარმოების არ არის. საერთოდაც, ყოვლად უადგილოა სამხედრო კომპონენტისთვის ხაზგასმა იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წარმოებულ ყველა ომში დამამცირებელი და გამანადგურებელი მარცხი ვიწვნიეთ;

* ტრაგიკომიკურია ამ დღეს რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა და პატარა თავყრილობისთვის ხელოვნური პომპეზურობის მინიჭების ღიმილისმომგვრელი მასკარადი, რომელიც ზესახელმწიფოთა მიერ ძლიერების დემონსტრირების მიზნით მოწყობილი გრანდიოზული სამხედრო აღლუმების საცოდავი ეპიგონობაა;

ასასრულ, ტრაგიკომიკურია, როდესაც თანამედროვე საქართველო პრეზიდენტად და შეირაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად აღიარებს განძიპარია მთავრობის წევრის პირდაპირ შთამომავალს, რომელიც გონიერებისა დ ზნეობის მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს.

დასავლეთს საქართველოზე პასუხისმგებლობა არც იმხანად და არც ახლა არ აუღია. უფრო ზუსტად,  უსაფრთხოების საკუთარი ქოლგის ქვეშ საქართველო არასოდეს შეუფარებია. საქართველოს იმჟამინდელი  მთავრობისთვის (ნოე ჟორდანიას მეთაურობით) საქართველოს დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვანი იყო  საქართველოს დასავლურ ორბიტაში მოქცევა. ასე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში და ასე იყო მეოცე საუკუნის დასასრულსაც, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედაგად დამოუკიდებლობის ახალი ტალღა მოვარდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერები ნატოს წევრობისკენ მიილტვოდნენ და ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებდნენ. დასავლეთმა ამჯერად (პირველი რესპუბლიკისგან განსხვავებით) გაეროს წევრად მიღებაში ხელი არ შეგვიშალა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარი უსაფრთხოების ქოლგის მიღმა დაგვტოვა, რის გამოც საქართველო დასავლური ოჯახის სრულუფლებიან  წევრად კი არა, მის უუფლებო კოლონიად ჩამოყალიბდა.  ყოველივე აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის  სცენები და მოქმედებებია ტრაგიკომიკური, არამედ, საზოგადოდ, საქართველოს მდგომარეობაა ტრაგიკომიკური.  კარგია, რომ დღევანდელი მმართველი პარტია და მთავრობა ამ სავალალო ვითარების დაძლევას ცდილობს, მაგრამ რა გამოვა აქედან, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ვალერი კვარაცხელია                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here