Home რუბრიკები საზოგადოება იური მეჩითოვი: “გიჟი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს…”

იური მეჩითოვი: “გიჟი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს…”

1119

GEWORLD.GE:
ინტერვიუს დასასრულს იური მეჩითოვს შევეკითხები – თქვენი პორტრეტი თუ გაქვთ-მეთქი გადაღებული, თუ აქაც ისეა საქმე, როცა მეწაღეს თავისთვის წაღა არ შეუკერია და მექუდეს – ქუდი? გამარკვევს, რომ ფოლკლორის ფორმულისგან განსხვავებით მისი ფოტოპორტრეტები უამრავია გადაღებული, იმდენი, რომ კინოსაც გააკეთებ, თუ მოინდომეო.

– მამაჩემი თბილისში ცნობილი მექუდე იყო და ისე ქართველობდა, ბევრ ქართველს შეშურდებოდა.
ქუდი არის. ქართველობის საკითხს დავუბრუნდებით. ჯერ ფოტოპორტრეტებისა ამოვწუროთ:
– ჩემი მეგობრები მიღებენ, სტუდენტები მიღებენ. როგორც ჩანს, ჩემზე ვარჯიშობენ. ერთხელ ვუთხარი, თუ გინდათ, რომ თქვენც გახდეთ დიდი ადამიანები, დაიწყეთ დიდი ადამიანების გადაღება და მომავალი გარანტირებული გექნებათ.
მას შემდეგ ცდილობენ…
ამ კაცის ხასიათის საფანელი, აშკარად ჩანს, იუმორია. ამიტომ ამავე ტონალობაში ვეკითხები:
– როგორ წარვუდგინო ჩვენს მკითხველს ეს დიდი ადამიანი, რომელსაც ვესაუბრები? ივარგებს – გამოჩენილი ფოტოხელოვანი?
– არ ივარგებს, რადგან მე ფოტოგრაფი ვარ. ხელოვანი კი ყველგან ხელოვანია. შეიძლება კაცმა ყაურმა გააკეთოს და ხელოვანი იყოს ყაურმის მომზადებაში.
იუმორიდან სერიოზულ პრობლემებზე მკვეთრად, გარდამავალი «ხუმრობაგაშვებით კი მოგახსენებთ»-ის გარეშე გადასვლა, საუბარში ვრწმუნდები, მისი მსჯელობის ექსკლუზიური ნიშანია.
– ფოტოგრაფია სერიოზული მოვლენაა. ზოგჯერ ხელოვნებაცაა თავისთავად.
– პედაგოგიკა? – მინიშნებით ვეკითხები.
– პედაგოგიც ვარ. თეატრის და კინოს უნივერსიტეტში მე და ჩემს მეგობარს მაია დეისაძეს 18 სტუდენტი გვყავდა. აქედან თერთმეტს ჩავუთვალეთ – პროფესიული განათლება მივეცით.
– ფოტოგრაფი, პედაგოგი. კიდევ? – ესეც მინიშნებაა.
– ძალიან მაინტერესებს ზოგადად პოლიტიკა. ჩემი მთავარი გატაცება კი ეთნოფსიქოლოგიაა, რომელიც ლამის პროფესიაში გადაიზარდა. ზურაბ კიკნაძის თხოვნით, წიგნისთვის «საქართველო ათასწლეულის გზაჯვარედინზე» დავწერე კიდეც წერილი «ცოტაოდენი რამ ქართულ ეთნოფსიქოლოგიაზე, ანუ მარგინალის აღსარება». უკვე 6 წელი გავიდა, რაც გამოქვეყნდა და მაინც ძალიან პოპულარულია – მავანი მაგინებს, ზოგი კი მაქებს…
– ესე იგი, – ეთნოფსიქოლოგიაც. დარჩა რამე?
– გიჟივით მიყვარს მუსიკა.
– გიჟი უნდა იყო, მუსიკა რომ გიყვარდეს?
– თუ ხელოვნებაზე გაქვს პრეტენზია, ცოტა გიჟი უნდა იყო, ნორმიდან ამოვარდნილი. მე ასეთი სიგიჟე მჩვევია და არ არის ეს ცუდი საქმე საერთოდ…
– ხელისუფლებაში ყოფნისთვისაც?
– გიჟი ხელისუფლებაში  არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა.
– ბატონო იური, საიდან მოდის თქვენი გვარი?
– მამაჩემი რომ ძალიან ქართველობდა, ვთქვი. თავს ქართველად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პასპორტის გრაფაში «ეროვნება» ეწერა «სომეხი». მამამისს, ანუ პაპაჩემს ერქვა არშაკი. ეს სახელი მამაჩემს იმდენად ეჩოთირებოდა, რომ მთელი ცხოვრება არკადიევიჩი იყო.
– Михаил Аркадиевич? 
– დიახ. მამას ქართული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. აინტერესებდა, – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ. ჩვენი ძირების კვლევისას აღმოაჩინა, რომ ადრე სოსებაშვილები ვყოფილვართ. ჩვენი გვარი კი ქართული ფუძიდან მოდის – მეჩითის – შვილი (მეჩიტაშვილებიც არიან, მეჩიტიშვილებიც). მეჩიტაია არ გამიგია – მეგრელებში ვერ გავდივარ. ქართლიდან მოვდივართ, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ზერტიდან. ეს სოფელი დღეს, სამწუხაროდ, იმ საზღვრის პირასაა, რომელიც არ უნდა იყოს საზღვარი.
– დედა?
– დედა – ემილია მანოიანი ნაღდი თბილისელი სომხებიდან არის, რომელთა ძირებიც ირანშია. მახსოვს, როგორ ჩამოვიდა თეირანიდან დედაჩემის დეიდა მარგო და ჩამოგვიტანა ბითლზების «თეთრი ალბომი» – უიშვიათესი საჩუქარი. რეზა ფეჰლევის დრო იყო მაშინ, ირანის პროამერიკელი შაჰის.
– შეიძლება ითქვას, რომ თქვენ საფუძველიც და შესაძლებლობაც გქონდათ, ქართულად გადაგეკეთებინათ გვარი. მაგრამ ასე არ მოიქეცით. რატომ?
– მამაჩემი ძალიან «მაწვებოდა», რომ ეს გამეკეთებინა, მით უფრო, რომ ბიძამისი შვილებითურთ მეჩიტიშვილებად იწერებოდნენ, ჩემი შუათანა ძმაც მეჩიტიშვილია თავის სამ შვილთან ერთად. უმცროსი ძმა მეჩითოვია. ასე ვართ დაყოფილ-დანაწევრებული, თუმცა არ ვჩხუბობთ.
– მეჩითაშვილობა თქვენთვის პრობლემა არ იქნებოდა.
– არა, რა თქმა უნდა. 15 წლის ვიყავი, მამაჩემმა ამის გაკეთება რომ მოინდომა – 1965 წელს ასეთი ტალღა წამოვიდა. ახლა ამბობენ, რომ მაშინ ყველაფერი კარგად იყოო. მაგრამ გვარის გადაკეთების ტენდენციას რაღაც საფუძველი, ეტყობა, ჰქონდა. მამაჩემს უნდოდა, სომხობის გამო საქართველოში არავის დავეჩაგრე. ბრძენი კაცი იყო მიხეილი, საქმის გამრჩევი, კარგი მოქეიფე და თამადა.
მექუდე რომ იყო, ვთქვი. ახლა დაგიზუსტებთ: თბილისში პირველი მექუდე ერთი იოსკა იყო, მეორე – მამაჩემი – მექუდე მიშა. მიცკევიჩის და პეკინის ქუჩების კუთხეში იყო ატელიე, სადაც ბოლო 20 წელიწადი მუშაობდა. დიდ პატივში იყო. თავის თავზე ამბობდა: «доктор швейных наук, профессор головных уборов» ძალიან არტისტული იყო თავისი ბუნებით.
რუსული სკოლა დავამთავრე. ჩვენს კლასში 3-4-მა სომხური გვარი ქართულად გადაიკეთა. გვარის გადაკეთება მეხამუშებოდა, მეუხერხულებოდა, რადგან იმ წრეში, სადაც ვტრიალებდი, გადაკეთებულ გვარიანების მიმართ გარკვეულწილად აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. არ მინდოდა, რომ ამგვარი ობიექტი ვყოფილიყავი. ამით «დავამუხრუჭე» მამაჩემი.
– გვარების გადაკეთება კარიერისტულ მისწრაფებასთანაც იყო დაკავშირებული, თავის დასამკვიდრებლად სჭირდებოდათ…
– იმ პერიოდში არსებულ რეალობაზე ჩვენ ხშირად თვალს ვხუჭავთ და ყველაფერს იდეალურად წარმოვიდგენთ. სულ მითოლოგიაში ვართ, რაც, მე მგონი, ქართველი ერის მენტალობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ისე კი, ყველა ერი მითოლოგიურია, განსაკუთრებით, ძველი ერები.
– მაგრამ მეჩითოვობის გამო არავის დაუჩაგრიხართ.
– კარიერისტული მისწრაფება არასოდეს მქონია, არასოდეს მიცდია თანამდებობის დაკავება. მაგრამ დაჩაგვრა რაღაც დოზით მაინც ვიგრძენი, როცა 1977 წელს თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ვაბარებდი და ერთ სულელურ გამოცდაზე აშკარად ნახევარი ქულა დამაკლეს. თბილისურად რომ ვთქვათ, «ჩათლახობას» ჰქონდა ადგილი. ძალიან მეწყინა, რადგან რამდენიმე კაი ფილმიც უკვე მქონდა გადაღებული. პრაქტიკულად ჩამოყალიბებული რეჟისორი ვიყავი. უმაღლესი განათლებაც მქონდა მიღებული, სამთო ინჟინერი ვარ.
ВГИК -შიც შემეძლო ჩაბარება, მაგრამ ამ დროს უკვე ოჯახი მყავდა სარჩენი, ორი ბავშვი შეგვეძინა, ცხოვრება გაგვიჭირდა და მე მთლიანად ფოტოგრაფიაში გადავეშვი. დავანებე მოჭრილ 100 მანეთიან ინჟინრობას თავი, გავანაწყენე ამით მამაჩემი, რომელსაც ჩემი ინჟინრობა ეამაყებოდა, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა, მერე შეეგუა.
– ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანების ფოტოსურათები და სია, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და რომლებსაც გვარები ქართულად აქვთ გადაკეთებული. რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საკითხის წამოწევას როგორ უყურებთ?
– შევეცდები, გიპასუხოთ. ერთის მხრივ, თითქოს ცუდია, როცა ადამიანი გვარს გადაიკეთებს, მაგრამ ჩემთვის გვარი ეროვნებას არ ნიშნავს. ისინი, ვისაც ახლა სომხობას აბრალებენ, სომხები არ არიან – პრეზიდენტიდან დაწყებული და – ქვემოთ გაგრძელებული. როცა რომელიმე ეროვნებას მიეკუთვნები, ეს ნიშნავს, რომ იზიარებ ამ ერის ტკივილებს, მითოლოგიას, გარკვეულწილად აღტკინებული გაქვს გული მისი ისტორიული მოვლენებისადმი. ქეთევან წამებულზე უნდა გქონდეს შენი აღტკინება, ცოტნე დადიანი შენთვის არ უნდა იყოს მხოლოდ სახელი და გვარი. მას უნდა მოსდევდეს განცდების შლეიფი, თუ ქართველია, ანუ შენ ხარ იმ ტკივილებისა და განცდების მატარებელი, რომლებიც შენშია ჩაბუდებული.
როცა ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი სომეხია, ამას მე ვერ ვღებულობ. იმიტომ, რომ ის სომეხი არ არის.
– სომეხიც არ არის?
– მე ასე არ მითქვამს.
– მე ვამბობ. იმ «ლოგიკური ღერძიდან» გამომდინარე, რომელზეც აგებთ თქვენი მსჯელობის ქარგას.
– ჩემ თავზეც არ ვარ ჩამოყალიბებული. ერთი მეგობარი მეუბნება: როცა გინდა, ქართველი ხარ, როცა გინდა – სომეხი. ვუპასუხებ, რომ კონტექსტს გააჩნია.
მე არ შემიძლია ვიყო ასპროცენტიანი სომეხი, იმიტომ, რომ სომხური არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ის ქართველი, რომელიც ქვეყნიდან წავიდა და ქართულად ვერ ლაპარაკობს, რაგინდ ქართული გვარი ჰქონდეს, ვერ იქართველებს. თუ ამ ენის გარემოცვაში იბადები, ამ ენას ითვისებ, ამ ენით ცხოვრობ, ამ ერის შვილიც ხარ. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომლის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანმა ბავშვობიდან ისწავლოს ორი ენა. პირიქით, ერთ, მშობლიურ ენაზე უნდა დაფუძნდეს მისი მსოფლაღქმა, თუ უნდათ, რომ ქართველი იყოს, უპირველესად, ქართული უნდა შეასწავლონ.
ინგლისური საკმაოდ კარგად ვიცი, გარკვეულწილად მიერთებულიცა ვარ ანგლოსაქსურ სამყაროსთან. შემიძლია გავუგო ბევრ რამეში ანგლოსაქსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეც მისი ტკივილი მასავით მაწუხებს და მისი სიხარული მახარებს.
ამიტომ, როცა მავანთა შესახებ ამბობენ, რომ ისინი სომხები არიან, ვერ ვიგებ. ჩემთვის ეროვნება სხვა რამეს ნიშნავს – უფრო სულიერი მდგომარეობაა, რომელიც მათ, ვისზეც ვლაპარაკობთ, არ აქვთ, არც შეიძლება ჰქონდეთ.
– არც სომხობა, არც ქართველობა… ტრაგედიაა. აქაც ინტერესებია მამოძრავებელი ძალა, ეტყობა.
– ეროვნება ბუღალტრის წიგნში ჩანაწერს არ ნიშნავს. შეიძლება ვიღაც სომხად ჩაიწერა, მაგრამ ქართველობს, ქართველებად ზრდის შვილებს. მაინც სომეხია? გამაგებინეთ, კაცო! ვერ იქნება სომეხი!
როცა ადამიანებს უჭირთ ამ საკითხებში გარკვევა, ერთ ანეგდოტს ვუყვები ხოლმე. სომხები თავიანთ მოძღვართან მივიდნენ და შესჩივლეს: – ჩვენ ამ ხრიოკ მიწაზე შრომით თავს ვიკლავთ, ვწვალობთ, წელში ვართ გაწყვეტილები. აი მეზობელი ქართველები უკეთეს მიწაზე ხალისიანად შრომობენ, მღერიან, იცინიან, დროს ატარებენ. ჩვენო, უთხრეს მოძღვარს, იქ რომ გვეცხოვრა, გვეშრომა, რა იქნებოდა? – მაშინ, სულელებო, თქვენც ქართველები იქნებოდითო.
– დიდებულია!
– ეს ეხმიანება ლევ გუმილიოვის ეთნოგენეზისის თეორიას. იგი ამტკიცებს, რომ ყველაფერი მიწიდან მოდის, ბინადრობის სფეროდან. აბა, გურული და კახელი ერთნაირები ხომ არ იქნებიან?! ქართველები კი არიან, მაგრამ სხვადასხვა ღვინოს სვამენ, ქეთევან წამებული კი ერთნაირად სტკივათ, მაგრამ ხასიათით განსხვავებულები არიან…
– მით უფრო – სომხები და ქართველები, როგორც ერთ დროს ფეხბურთში «სამკვდრო-სასიცოცხლო» დაპირისპირებისას, როცა ასეთი ანეგდოტი მოვუგონეთ მეზობლებს, რომლებიც გამორჩეულად ეთაყვანებოდნენ «არარატის» ცნობილ ფეხბურთელს იშტოიანს: «Армянское радио передает сводку погоды: в Ереване – 32 градуса, в Ечмиадзине – 31, на озере Севан – 23, у Иштояна – 36,6»…
– ახლა მე გეტყვით ანეგდოტს ტიგრან პეტროსიანზე, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე, რომელიც თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ჭადრაკის წრეში აღიზარდა. მიმდინარეობს მატჩი მსოფლიო ჩემპიონობის მოსაპოვებლად და პეტროსიანი იგებს პირველ პარტიას. სომხური რადიო აცხადებს: «Победил выдающийся армянский гроссмейстер Тигран Петросян».მეორე პარტია ყაიმით დაამთავრა. სომხური რადიო აცხადებს: «Московский гроссмейстер Петросян сыграл вничью». მესამე პარტია წააგო: «Воспитанник Тбилисского дворца пионеров Тигран Петросян проиграл».
სულელურ პოლიტკორექტულობას რომ გავყვეთ (რომელიც ევროპას საბოლოო ჯამში დაღუპავს, და ჩვენ რატომ გვინდა იმ მატარებელს ავახტეთ, რომელიც უფსკრულისკენ მიდის?), ასეთი ანეგდოტები დანაშაულად ითვლება – ციხე და ჯარიმებია. ეს სისულელეა! უმჯობესია, ერთმანეთზე ანეგდოტებიც მოვყვეთ, ვიცინოთ, ვიხარხაროთ და – ვიმეგობროთ!
ერთ ანეგდოტსაც გეტყვით «ეროვნებათშორის» თემაზე. ამბავი საქართველოში ხდება. სომეხი და ქართველი ზვიადის დროს მანქანებით ერთმანეთს გზაჯვარედინზე ეჯახებიან. სომეხი საყვედურობს ქართველს: სად მიდიოდი, გზა ხომ ჩემი იყო! დაბოღმილი ქართველი უპასუხებს: გზა შეიძლება შენი იყო, მაგრამ მიწა ხომ ჩემია!
(წავიდა და წავიდა «ქსენოფობიური» ანეგდოტები)…
– ქსენოფობიის პრობლემა შემოგდებულს ხომ არ ჰგავს, ბატონო იური, რომელიც ქართულ მასმედიაში დიდ ტალღად აგორდა?
– მთლად შემოგდებულს არ ჰგავს.
– რატომ?
– კერძოდ არმენოფობია ქართველებში სხვადასხვა მიზეზების გამო ისტორიულად არსებობს, თუნდაც ქონებრივი განსხვავებულობის გამო, რაც აშკარად შეინიშნებოდა ჩვენს ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან.
ახლა იმავე საფუძველზე განსაკუთრებით გაძლიერდა დაპირისპირება მდიდარ და სუპერმდიდარ ქართველებსა და გაღატაკებული ქართული მოსახლეობის მასას შორის.
ჩვენ სოციალური უსამართლობის მიმართ პასიურები ვართ, რადგანაც ვიმართებით მტრის ხატით, რომელიც გარკვეულწილად ყველა ერში არის გამჯდარი. მაგალითად, რუსები ანტისემიტები არიან. ძნელია, მათ ეს წაართვა. ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ ადვილია რუსეთში ანტისემიტური ტალღის აგორება.
– საქართველოში ამის გაკეთება წარმოუდგენელია.
– სამაგიეროდ ხელისუფლებამ საქართველოში რუსოფობიის კარტი გაითამაშა. აბსოლუტურ სიგიჟეში უნდათ ერის მოქცევა. ახლა ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდით. რუსები ხომ მტრები არიან და არიან, ამათ ცოტა მივიწყებული სომხები დაემატა, ზოგისთვის ამერიკელებიც მტრულად გვეპყრობიან…
– ყველას გემოვნებას ვაკმაყოფილებთ პერსონალური მტრების მდიდარი ასორტიმენტით, ვთქვათ ასე, ოღონდ ნამდვილი მტერი დავავიწყოთ: «ნუ იქნება ოღონდ ბუნტი»… მაგრამ აქვე დგება მეორე პრობლემა, რომელიც პირველის ლოგიკური გაგრძელებაა: გვყავს მტერი, გვჭირდება პატრონი, რომელიც ამ მტერს დაგვამარცხებინებს.
– საქართველოში დედის გინებაზე ნაკლები არ არის «შე უპატრონოთი» შეურაცხყოფა. თითქოს ვიპოვეთ პატრონი – აშშ, მაგრამ ისიც ბოლომდე არ გვპატრონობს და ვერც გვიპატრონებს… რაც ბუნებრივიც არის.
ასეთ დაბნეულობაში აღმოჩნდა ზოგადად ქართველი ადამიანი, რომელსაც სწორი ანალიზის არც დრო, არც სურვილი და, სამწუხაროდ, აღარც უნარი აქვს, ისე გამოულაყეს ტვინი ჩვენმა ტელევიზიებმა…
– მიგაჩნიათ, რომ რობერტ სტურუას ერთმა სასხვათაშორისოდ (და არა გამიზნულად) ნათქვამმა ფრაზამ ააგორა ქსენოფობიის ტალღა საქართველოში?
– ჯერ იმას ვიტყვი, რომ რობერტ სტურუა მართლაც დიდი შემოქმედია. ხოლო ის, რასაც მეკითხებით, ახალი ამბავი არ არის. ზოგიერთი გაზეთი ხომ სწორედ ამ თემის მუსირებით ზრდის თავის ტირაჟს. ერთი-ორი ავტორი კი ისეთი ანტისომხური პუბლიკაციებით აწონებს მკითხველებს თავს, რომ გაგიჟდები. მაგალითად, ერთგან წავიკითხე, სომეხთა კათალიკოსი სადღაც რომ ჩავიდა, მიწისძვრა მოხდა თურმე, ჩვენთან რომ ჩამოვიდეს, ყველა უბედურებას უნდა ველოდოთო და ა.შ.
სტურუას ნათქვამში მე ვერაფერი ფობიური ვერ დავინახე. ჩვეულებრივ საუბარში ბევრ ისეთ რამეს ვამბობთ, მით უფრო, «სამზარეულოს» საუბრებში, რაც პრესაში არ არის გამოსატანი. თუმცა ისეთი რა თქვა რობიკომ? შეიძლება ასე გავიგოთ: ის (სააკაშვილი) სომეხია და იმიტომ ემტერება საქართველოს.
მე ველაპარაკე ნამდვილ, ფაიზაღ სომხებს და ისინი ძალიან გაკვირვებულნი და ცოტა განაწყენებულებიც არიან რობიკოზე: ჩვენ რა, ასე ვემტერებით საქართველოსო?
– არ ვემტერებითო?
– დიახ, არ ვემტერებითო!.. საერთოდ არ არის კარგი, როცა მართლაც უხეში, გაუმართავი ფრაზა ასე ტირაჟირდება, სხვა მნიშვნელობას იძენს.  სიტყვას კი არა, არასწორად დასმულ მძიმესაც აქვს მნიშვნელობა.
– გინდათ, თქვათ, რომ ხალხმა აიტაცა?
– რამდენი შემოგდებული ანკესი გვაქვს გადაყლაპული, შეგიძლიათ მითხრათ? თუნდაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში? ნებისმიერს, ვისაც კავშირი აქვს ეთნოფსიქოლოგიასთან, შეუძლია გათვალოს, რაზე აღტკინდება ქართველის გული და როგორ შეიძლება მართო მასის ემოცია ასეთ შემთხვევაში.
მაგალითად, ქართველების ერთ-ერთი დამახასიათებელი (სხვა ეროვნებების ადამიანებისთვისაც) თვისებაა ამპარტავნობა. სააკაშვილმა იმის პედალირებით, რომ შეგვიძლია რუსები ვაგინოთ, ძალიან გაგვახარა და ბევრი ქულაც ჩაიწერა.
მაგრამ პიარკამპანიას ზემოქმედების გარკვეული დრო აქვს, შემდეგ ნელდება და ქრება. ზოგადად ჩვენი ხელისუფლება რუსეთის დემონიზაციას ახდენს, ანუ ახასიათებს მას, როგორც ყველა უბედურების სათავეს. ერთი ზესახელმწიფო კი, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, უდიდეს, ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს საერთაშორისო ვითარებაზე, ორასი სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოში და სწორედ ის ქადაგებს, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საშიშროება და ა.შ. მე კი მიმაჩნია, რომ სტრატეგიულ პერსპექტივაში საქართველოს გადარჩენის, ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი წინაპირობა არის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა.
ამას სრული შეგნებით ვაცხადებ.
არსებობს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი და ელიტის, ანუ მმართველი ფენის დღევანდელი ინტერესი. ამ ინტერესების თანხვედრის პირობებში ნებისმიერი ქვეყანა ხეირობს. სამწუხაროდ, ეს თანხვედრა დღეს არც რუსეთში და არც საქართველოში არ არსებობს, ამიტომაც ასე რთულია შექმნილი უმძიმესი ვითარების გამოსწორება.
მიმაჩნია, რომ ერთმორწმუნეობის ფაქტორიც ერთად ყოფნას გვიკარნახებს. კულტურულად ჩვენ ახლაც ერთმანეთთან ახლოს ვართ, ე.წ. ვესტერნიზაციის, ინგლისური ენის თავზე მოხვევის და ა.შ. მიუხედავად.
ახლა ცდილობენ, შეგვაშინონ იმით, რომ კვლავ მონობაში აღმოვჩნდებით. არავითარი მონობა არ ყოფილა! ჩვენ ვიყავით ერთი დიდი სახელმწიფოს თანამოქალაქეები და ვსარგებლობდით თანაბარი უფლებებით და უუფლებობაც თანაბარი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 30 წლის მანძილზე ეთნიკური ქართველი მართავდა ამხელა იმპერიას. მე არ ვარ უბირი სტალინისტი, მაგრამ ფაქტია, რომ სტალინმა – იოსებ ჯუღაშვილმა ამოათრია რუსეთი წუმპედან და ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც შეეძლო ფაშისტურ გერმანიასთან გამკლავება და მის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
სხვა საქმეა იმ დროს უამრავი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა, რომელსაც გამართლება არ აქვს.
რუსეთი ნიკოლოზ მეორეს (რომელიც სხვათა შორის მოყვარული ფოტოგრაფი იყო) დონეზე რომ დარჩენილიყო, გაქრებოდა პირისაგან მიწისა. თუნდაც «ლენინური გვარდიის» ბოლშევიკების დონეზე რომ დარჩენილიყო, რომლებიც მიამიტურად «რევოლუციური ხანძრის» მთელ მსოფლიოში აგიზგიზებას აპირებდნენ.
საიდან იყო სტალინი? გორიდან იყო. მეც გორიდან ვარ (გულიანად და დიდხანს ვიცინით). პაპაჩემის სახლი ჯუღაშვილების ხუხულის გვერდით იდგა. 1937 წელს, როცა ბერიას განკარგულებით, გორის ამ მჭიდროდ დასახლებული ცენტრიდან ხალხი გაასახლეს, მუზეუმისათვის მოედანი გაათავისუფლეს, პაპაჩემმა თავის ძმას უთხრა, მოდი მივწეროთ სტალინს, სადმე ახლოს დაგვასახლოს, შორს არ გაგვიშვასო, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელიწადი ვამხანაგობდით და ვმეზობლობდითო.
პაპა უარზე იყო – არ გინდა, ნუ იზამ, რადგან, ბავშვობის დროინდელი ჩხუბი და კინკლაობა რომ გაიხსენოს, მაშინ რას შვებიო?! (ისევ გულიანად ვიცინით).
– რუსეთი მტრად შევრაცხეთ. ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთის ნაწილს, დავუტკბით; აღშფოთებულნი ვართ ჩერქეზთა ორი საუკუნის წინანდელი გენოციდით, საზღვარი გავუხსენით ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებთ და ა.შ. თქვენი კომენტარი?
– მე მგონი, ეს არის ძალიან ცუდი პროექტი, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დიდ საფრთხეს უქმნის. საქმე ეხება ცივილიზაციული რკალის, ჯებირის მოშლას ჩვენ და ჩდილოეთ კავკასიის შორის. რუსეთი ჯერჯერობით ინარჩუნებს მას, ინახავს დიდი მატერიალური ინექციების მეშვეობით…
ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ მოიშალა ეს ჯებირი, დაიწყება დიდი ლეკიანობა #2. ჩრდილოეთ კავკასიაში მომრავლდა მოსახლეობა, რომელიც ენერგიით სავსეა, სჭირდება ჭამა, სმა და, სამწუხაროდ, მისი უმრავლესობა დიდი მორალური ვალდებულებებით შეზღუდული არ არის. წაგვლეკავენ და ვნახოთ მერე, როგორც ვისრიალებთ «იქსპიატებით»…
იური მეჩითოვი თავის წიგნს მჩუქნის – «101 პორტრეტი» და მიყვება, რომ ამჟამად მუშაობს ახალ პროექტზე, რომელსაც პირობითად ჰქვია «საქართველოს უახლესი ისტორიის სუბიქტური ფურცლები», სადაც თითოეული ფოტო დამოუკიდებელი ამბავია, ყველა ფოტო და ტექსტი ერთიან კრიალოსნად ისეა აკინძული, როგორც შაჰრაზადას ათას ერთი ღამის ზღაპარი. პატივი მაქვს, გაცნობოთ, რომ ბატონი იური ამ წიგნიდან ნარკვევებს სულ მალე საავტორო ციკლის მეშვეობით ჩვენს მკითხველებს გააცნობს.
ესაუბრა 
არმაზ სანებლიძე 
მაია დეისაძის ფოტო 
 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here