Home რუბრიკები საზოგადოება დემოჭრაქი

დემოჭრაქი

780

GEWORLD.NET:
რამდენიმე წლის წინათ ლევან ღვინჯილიამ სხარტად თქვა: საქართველოში სამ პიროვნებაზე არის სრული კონსენსუსი მიღწეული. ესენი არიან: ორჯონიკიძე, როდიონოვი და ბოკერიაო. მას შემდეგ ამ დიდებულ ტრიადას «კმარას» ყოფილი აქტივისტი თეა თუთბერიძეც დაემატა. სხვადასხვა გამოკითხვებით (ძირითადად, ამით ინტერნეტმომხმარებელი იქცევს თავს), იგი უარყოფითი რეიტინგის ჩემპიონია.

ერთ-ერთ ფორუმში თეა თუთბერიძე მოიკითხეს, _ სად არის ჩვენი დემოკრატიის ჭრაქი, გზას რატომ არ გვინათებსო? მართლაც, მთლად «შუქურობას» ვერ ქაჩავს, თორემ ჭრაქის კვალობაზე საკმაოდ კარგად ახერხებს იმის ამონათებას, რაც თვითონ უნდა. რას იზამ, ამ ჩვენს სამოთხესავით დამშვენებულ ცხოვრებას ერთი ჭრაქიღა აკლდა და ისიც გამოჩნდა.
ზოგადად, თუთბერიძე ისეთივე კომიკური პერსონაჟია, როგორც ჟირინოვსკი, რომელიც მოურიდებლად ახმაურებს ხოლმე ოდიოზურ იდეებს, რაზეც კრემლის მესვეურები ხმამაღლა არ საუბრობენ. მისი ეპატაჟურობა ნებისმიერი სატელევიზიო წამყვანისთვის იმის გარანტიაა, რომ თოქ-შოუ შედგება. ჩვენი საზოგადოება კი ცდილობს, სერიოზულად აღიქვას თუთბერიძის მორიგი ბოდვითი გამოხდომა, თუმცა ეს გასაგებია. ჟირინოვსკი არასოდეს ეხება რუსული სულიერების სფეროს. მან ძალიან კარგად იცის, სად არის მასხარის ადგილი. მისი წინასაარჩევნო ლოზუნგიც კი _ «ყველა რუს კაცს _ ბოთლი არაყი, ყველა რუს ქალს _ მამაკაცი» _ შეურაცხმყოფელი არ იყო. ჟირინოვსკი იმითაც სჯობს თეა თუთბერიძეს, რომ, რუსი ვარო, არ იჩემებს. ამბობს, დედა რუსი მყავდა, მამა კი _ იურისტიო.
თეა აცხადებს, რომ თავად არის იურისტი, მაგრამ კონსტიტუციაში რა წერია, ან არ წაუკითხავს, ან ვერ გაიგო. უკვე მერამდენედ ჯიუტად იმეორებს, კონსტიტუციაში წერია, ქვეყანაში ყველა რელიგიური მიმდინარეობა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოსო. რა ქნას, როცა კონსტიტუციონალიზმის კურსი უნდა გაევლო, ქუჩა-ქუჩა დარბოდა და «კმარას» გაიძახოდა. სინამდვილეში კონსტიტუცია ამბობს: «სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან» (მუხლი 9.1).
მოკლედ ეს «საკმარისი» იურისტი იმაზე დაყრდნობით, რაც კონსტიტუციაში არ წერია, დაასკვნის, რომ «კონკორდატი უნდა გაუქმდეს». ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო თეამ არც ის იცის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატი არ გაფორმებულა. იმის გაუქმება, რაც არ არსებობს, იურიდიული ტექნიკის ისეთივე «უმაღლესი პილოტაჟია», როგორც სტახანოვური მეთოდით მიღებული ცვლილებები _ სამოქალაქო კოდექსში. შეგახსენებთ, რომ თეას მსგავსი იურისტებით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა უკანასკნელ ერთ თვეში ორჯერ ზედიზედ შექმნა ანტიკონსტიტუციური კანონპროექტები და შეცდომები მხოლოდ მეორე მოსმენისას გაასწორა. კერძოდ, საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება ჯერ მხოლოდ მის ხელმომწერ სუბიექტებზე უნდა გავრცელებულიყო ისევე, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი – მხოლოდ ხუთ რელიგიურ ორგანიზაციაზე. არც ერთ ამ დისკრიმინაციულ პროექტზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის «მებრძოლ» თეას ხმა არ ამოუღია. არც იმას შეუწუხებია, რომ გასულ წელს პარლამენტმა ასევე სტახანოვურად მიიღო კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომავალი შრომითი მოწყობის დოკუმენტს წარმოადგენს.
«ისევე, როგორც კათოლიკეებს არ უნდა უთანხმებდეს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, ასევე არ უნდა უთანხმებდეს მართლმადიდებლებს,» _ აი, ეს არის «დემოკრატიისა» და ადამიანის უფლებების «დამცველის» სამაგალითო პასუხი! თეას აინუნშიც არ მოსდის, რომ სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყვნენ ერთმანეთისგან და, საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლება არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით. და თუ მაინც შემოაქვს რაიმე რეგულაციები (რაც მეტად სადავოა, უფლებადაცვითი თვალსაზრისით), დიახაც, უნდა შეუთანხმოს კათოლიკეებსაც, იუდეველებსაც, მუსლიმებსაც და სხვებს, მაგრამ, უპირველესად, _ სწორედ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას!
რა ვუყოთ, თეა დემოკრატი დღეგამოშვებითაა და ეს სიბრძნეც სწორედ იმ «გამოშვებულ» დღეს წარმოთქვა. სინამდვილეში ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე. ამ ქვეყანაში კი ხალხის უმეტესობა მართლმადიდებელია. არის კიდევ ერთი ტერმინი Check and Balance, რომლის მნიშვნელობა თეამ ასევე არ იცის. რაკი გერმანულში ჩაჭრის შემდეგ თავის ყოფილ ლექტორთან, დალი ფანჯიკიძესთან აღარ მიესვლება (მან კი, გერმანულის გარდა, ინგლისურიც იცის), აქვე ავუხსნით, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ისიც ხომ სხვებივით თავს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნით გვაყვედრის:
Checks and Balances is the means whereby each branch of government has some control on the other branches. Congress, for example, may pass a law but the President may check Congress and reject the law by his veto power. The Congress, in turn, can check the president by overriding the veto by a two-thirds vote of each house. The federal courts can check the executive and the legislative branches by the power of judicial review, the right to declare laws and actions unconstitutional.
რაკი თეა ამ ინგლისურ ტექსტსაც ისევე წაიკითხავს და გაიგებს, როგორც ქართულ ენაზე დაწერილ კონსტიტუციას, აქვე ვიტყვი, რომ ეს სისტემა გულისხმობს ხელისუფლებათა სხვადასხვა დამოუკიდებელი შტოების მიერ ერთმანეთის კონტროლის მექანიზმს. მაგალითად, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა შეიძლება ვეტო დაადოს. პარლამენტს შეუძლია ვეტო დაძლიოს ხმათა სამი მეხუთედით (აშშ-ში _ ორი მესამედით). საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია  პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი ანტიკონსტიტუციურად სცნოს.  მაგრამ ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, სადაც პარლამენტში პრეზიდენტის მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, ხალხის წარმომადგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას. იქ, სადაც სასამართლო პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ემორჩილება. თუმცა ეს «უფლებადამცველ» თეას სულაც არ ადარდებს. მას იმის დარდი აქვს, რომ «1989 წელს გაზაფხულზე» (როგორც ჩანს, ზუსტი თარიღი _ 9 აპრილი ვერ გაიხსენა) პატრიარქი «არ დარჩა განსაცდელში მყოფი სამწყსოს გვერდით. ის თინეიჯერები, რომლებიც დღეს ფანატიზმში არიან გადავარდნილნი და პატრიარქს იცავენ, არ იციან ეს ფაქტები და არ იციან, რა არის მართლმადიდებლობა, მაგრამ ხალხს ახსოვს სიმართლე» (სტილი დაცულია).
ხალხს ახსოვს სიმართლე, ოღონდ რა ხდებოდა 9 აპრილს რუსთაველზე, იმ აქციის მონაწილეებს თეა ნუ მოგვიყვება. ხალხმა არ შეისმინა პატრიარქის მოწოდება და ადგილზე დარჩა. იმ მოვლენების მონაწილეთაგან ბევრი დღეს მიიჩნევს, რომ სწორედ პატრიარქისთვის ნათქვამ უარს მოჰყვა ბევრი უბედურება, რომელიც დღესაც ჩვენს თავს ტრიალებს. თინეიჯერებს კი, რომლებსაც ასე თანაუგრძნობს, 2004 წელს განათლების კანონში «თავისუფლების ინსტიტუტის» მიერ მომზადებული სტუდენტთა უფლებებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ დებულებები შესთავაზეს, რამაც ჩინებულად უზრუნველყო ხელისუფლებისგან კონტროლირებადი ახალი კომკავშირის დაფუძნება.
2001 წელს «თავისუფლების ინსტიტუტის» მიერ შექმნილმა სტუდენტურმა მოძრაობამ გამოიძია უნივერსიტეტიდან თანხების არამიზნობრივი გატანისა და ხარჯვის ფაქტები. სამაგიეროდ, 2001 წლისგან განსხვავებით, დღეს თეას აღარ აინტერესებს, სად მიდის პირდაპირ ბიუჯეტიდან სტუდენტური თვითმმართველობისთვის გადაცემული თანხები და რამდენი დახარჯა ილიაუნის ადმინისტრაციამ ცხენების შეძენასა და სხვა გაუგებარ ღონისძიებებში. არადა, მას დაქვემდებარებული ინსტიტუტები ამ დროს საკუთარ კუთვნილ თანხებს თვეობით ვერ იღებდნენ. ახლა ეს ინსტიტუტები საერთოდ დახურეს. როგორც საბჭოთა პერიოდში იტყოდნენ, «არ არის კაცი, არ არის პრობლემაც».
თეა კი დღეს მართლმადიდებელ მრევლზე წუხს: «ისინი მართლმადიდებლები კი არა, ილია მეორის სექტის წევრები არიან»! გაგიხარია, სექტა ვიყოთ, მაშინ მაინც დაიცავდა თეა ჩვენს უფლებებს, მაგრამ მან ისიც არ იცის, რომ სიტყვა სექტა უფლებადამცველების მიერ არ არის მოწონებული, _ ესეც დისკრიმინაციად ითვლება იმ ადამიანებისა, ვისაც განსხვავებული, მაგრამ მაინც რწმენა აქვთ.
გაგვიგრძელდა ერთ უვიც გოგონაზე ლაპარაკი, რომელმაც ვერც ძირითადი სპეციალობა დაძლია და ვერც დამხმარე საგნები. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ გრანტი და დაფინანსება ცოდნას ვერ წარმოშობს. წესით, პირიქით უნდა იყოს: დაფინანსებას კვალიფიციური, მცოდნე ადამიანები უნდა იღებდნენ, მაგრამ ვინ დააფინანსებს ამ «დემოკრატიული» მარაზმის კრიტიკას, რომელსაც თეა ცოცხალი თავით არ იმჩნევს?
ახლა კი მთავარი: მართლმადიდებელი მრევლის მიერ საპროტესტო მსვლელობებმა ხელისუფლება დააფრთხო. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ მართლმადიდებლობის დაცვას შეუძლია ხალხის მობილიზება. სინოდის სხდომაზე ხმათა გაყოფამ გამოავლინა ის პროცესები, რომლებიც ფარულად მიმდინარეობდა. ნათელი გახდა ისიც, რომ ხელისუფლება ყველა ხერხსა და მეთოდს იყენებს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩასარევად. თეას და მის მეგობრებს ამ შემთხვევაში სულაც არ აწუხებთ სეკულარიზმის პრინციპის პირდაპირი დარღვევა (აი, ის, კონსტიტუციაში რომ გვიწერია – სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგანო!). ხალხის რისხვა მათ და მათმა პატრონებმა ხელისუფლებაში მოხერხებულად მიმართეს სინოდისკენ, თავად კი მშრალი გამოვიდნენ. ამას მეტი გონიერება და სიდინჯე სჭირდება, ხოლო ვისაც «ჯიპიანი მამაოების» თემა აწუხებს, კარგად გაიკითხოს, სწორედ ხელისუფლებისა და «თავისუფლების ინსტიტუტის» მეგობრები ხომ არ არიან ისინი?
 
P.S. ჭრაქი ვაზის დაავადებაა. იგი ფოთლებს წვავს და აჭკნობს, მერე კი ამ ვაზის ნაყოფი ერთიანად ფუჭდება. ჭრაქი მოეკიდა ქართულ დემოკრატიასაც და შეწამვლის მეტი მას არაფერი უშველის. არ ცდებოდა ის ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თეას «დემოკრატიის ჭრაქს» უწოდებდა, ოღონდ გასანათებელ ხელსაწყოს კი არა, ვაზის დაავადებას გულისხმობდა.
ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here