Home რუბრიკები საზოგადოება «ენა უდრის ერს» – ამბობს ოტია შალვას ძე, შალვა ფარნაოზის ძე, ფარნაოზ...

«ენა უდრის ერს» – ამბობს ოტია შალვას ძე, შალვა ფარნაოზის ძე, ფარნაოზ ბიჭიას ძე იოსელიანი

1226

GEWORLD.NET:
ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის მშობლიური ენის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა როგორც ჩვენში, ასევე – უცხოეთში, მაგრამ გამოსაკვლევი და მისაგნები კვლავაც ბევრია. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობისა და სხვა ცნობილ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების გახსენება რად ღირს! მშობლიური ენის, როგორც ფენომენის, ამა თუ იმ კუთხით დახასიათებისას ჩვენი წინაპრები მას მოიხსენიებენ როგორც: «ღმერთების ენას», «ღვთაებრივ საუნჯეს», «ერის მეობის ნიშანს», «ეროვნების ბურჯს»… «ერის მეობას, პირველ ყოვლისა, ენა არკვევს და შემდეგ – ხალხური სიმღერა, ხალხის განცდათა მესაიდუმლეო,» – წერდა აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა დიდი ილიასადმი მიძღვნილ ერთ თავის წერილში (1978 წ.).

ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ სალიტერატურო ენის ფორმირებისა და დახვეწა-განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვაკაზმულ მწერლობას.
ჩვენი მშობლიური ენა ამ მხრივაც ქუდბედიანი გამოდგა: იაკობ ცურტაველიდან მოყოლებული, ვიდრე დღევანდელობამდე ქართული სალიტერატურო ენა გენიალურ მოღვაწეთა შემოქმედებით ქურაში გამოიწრთო და ქართველი ერის ისტორიის ხელთუქმნელ ძეგლად გამოქანდაკდა. რაოდენ დასანანია, რომ ამ უნიკალური ენის ბედი (მიუხედავად იმისა, რომ ქართულს ჩვენს სინამდვილეში «სახელმწიფო ენის» სტატუსი აქვს მინიჭებული) ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივად, ღვთის ანაბარაა მიტოვებული. ქართული ენა ასე დამცირებული და უფლებააყრილი მაშინაც კი არ ყოფილა, როცა ჩვენი სამშობლო უზარმაზარი საბჭოური იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და რუსული ენის ტოტალურ ზემოქმედებას განიცდიდა.
გასული საუკუნის მიწურულს (1997 წ.) საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია ისეთი სამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც თვალყურს მიადევნებდა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და დადგენილ სალიტერატურო ნორმათა დამკვიდრებას, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივი პრობლემების მოწესრიგებისთვის ხელის შეწყობას არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. ასე შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – «საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა», რომელმაც იარსება 2004 წლამდე, ვიდრე «ვარდების რევოლუციით» მოსულმა ხელისუფლებამ არ გააუქმა იგი, როგორც (მათი აზრით!) არასაჭირო, უსარგებლო, ზედმეტი სახელმწიფო რგოლი. ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენი მკითხველისთვის ასე თუ ისე ცნობილია, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს (ან კი საიდან ეცოდინება), რომ «პალატის» ჩამოყალიბებიდანვე, გარდა პროფესიონალი ლინგვისტებისა, მის საქმიანობაში სამსახურებრივად ჩაებნენ ცნობილი ქართველი მწერლები, რომელთა უმეტესობა ბოლომდე მხარში გვედგა და ხმალშემართული გვამხნევებდა ჩვენი ენის პატივისა და ღირსების დასაცავად მოწადინებულებს. ეს იყო (თუ გადაჭარბებულ პათეტიკად არ ჩამეთვლება) სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარ ენათმეცნიერთა და მწერალთა გაერთიანებული ლაშქარი (250-მდე მოხელე), რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო. სამწუხაროა, რომ ენის სახელმწიფო პალატის ყოფილ თანამშრომელ მწერალთაგან რამდენიმე ამქვეყნად უკვე აღარ არის და ამ დღეებში აღესრულა კიდევ ერთი – გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ღირსეული მამულიშვილი და ერისკაცი, ბატონი ოტია იოსელიანი. ჩვენ დიდ პატივად მიგვაჩნდა მისი თანადგომა და მხარდაჭერა იმ დიდად მნიშვნელოვანი საქვეყნო საქმის საკეთებლად, რისთვისაც შეიქმნა «ენის სახელმწიფო პალატა», რომლის ქ. წყალტუბოს სამმართველოსაც თავკაცობდა ბატონი ოტია.
მე მქონდა შესაძლებლობა, არაერთგზის დამემოწმებინა ბატონი ოტიას ფრთიანი გამონათქვამი, რითაც იგი თითქოს ეპაექრებოდა ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილ გამონათქვამთა ავტორებს და ამბობდა: «ენა უდრის ერს და მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვასო». თუ კარგად დავაკვირდებით, უთუოდ ვირწმუნებთ, რომ ბატონი ოტიას ეს გამონათქვამი ზედმიწევნით ზუსტად და ხატოვნად ასახავს რეალურ ვითარებას. დიახ! მან, დიდმა ქართველმა მწერალმა, სიტყვის დიდოსტატმა და მრავალჭირვარამგადანახადმა ბრძენკაცმა მის მშობელ ერსა და მშობლიურ ენას შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
ამიერიდან ბატონი ოტიასეული ეს ფორმულა («ენა უდრის ერს») სამარადჟამოდ აღიბეჭდება (და უნდა აღიბეჭდოს!) დღევანდელ თუ მომავალ ქართველთა ცნობიერებაში.
ბატონი ოტიას ყოველი ჩამობრძანება დედაქალაქში ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთელი შვიდი წლის განმავლობაში და მისი შემობრძანება «პალატის» ცენტრალურ ოფისში (რუსთაველის 28-ში) ყოველთვის გამამხნევებელი, იმედის გამღვივებელი და სიხარულით აღმავსებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ჩვენი სამსახურიც, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა, უკიდურეს ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა შემდგომში უკვე ფრთიან გამონათქვამად ქცეული შესიტყვება – «გაყინული ხელფასები» – 2-3 წლის განმავლობაში გაუცემელი გასამრჯელოს აღსანიშნავად, მაგრამ, ამის მიუხედავად, პალატის არც ერთ თანამშრომელს სხვა სამსახურის ძებნა არ დაუწყია და იქნებ იმიტომაც, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ცნობილი ქართველი მწერლები: ოტია იოსელიანი, ვალერიან საღლიანი, ალექსანდრე დიდებაშვილი, ვლადიმერ ასლამაზიშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, ნოდარ ადეიშვილი და ბევრი მათი შედარებით ახალგაზრდა კოლეგა.
«ენის პალატის» ლიკვიდაცია ბატონი ოტიასთვის (ისევე, როგორც «პალატის» სხვა თანამშრომელთათვის) იმითაც იყო გულდასაწყვეტი და მთავრობის მხრიდან გადადგმული ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომ ამით თვალნათლივ გამოჩნდა ახალმოსული ხელისუფლების დამოკიდებულება ეროვნული ფასეულობებისადმი, რის შესახებაც ბატონი ოტია დაუფარავად და მისთვის ჩვეული პირდაპირობით აღნიშნავდა საჯარო გამოსვლებში, ინტერვიუებში, ბეჭდურ პრესასა თუ ელექტრონულ მედიაში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, შემსმენელი არავინ იყო და დიდი მწერლის  «მკვახე შეძახილი» დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა; თუმცა «ნაცმოძრაობის» წიაღიდან გამოსულ ხელისუფალთა მხრიდან რაღა უნდა გაგვიკვირდეს მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა ტიპობრივმა სახემ, მაშინ განათლების მინისტრმა და აწ უკვე საქართველოს ელჩმა გაეროში – ალ. ლომაიამ ილიასეული  «მამული, ენა და სარწმუნოება» ჩემთან საუბრისას მოიხსენია როგორც ფაშისტური ლოზუნგი. იმ წუთიდან ჩემთვის ნათელი იყო, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე და ბატონი ოტიაც დიდად დამწუხრდა, როცა ამის შესახებ წვრილად მოვუყევი. მინისტრმა ლომაიამ, რომლის თაოსნობითაც განხორციელდა «ენის პალატის» ბარბაროსული ლიკვიდაცია, არათუ არაფერი იღონა ლიკვიდირებული სამსახურის ყოფილ თანამშრომელთა შემდგომი შრომითი მოწყობისთვის, რაც მას კანონით ევალებოდა კიდეც, არამედ, ყოვლად დაუსაბუთებელი მოტივით, უარი თქვა იმ ორთვიან კომპენსაციაზეც, რომელიც კანონით ეკუთვნის სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომელს. მე, როგორც ენის სახელმწიფო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, მინისტრის ამგვარი თვითნებობით გამოწვეული უსამართლობისთვის ბოდიშს ვუხდი პალატის ყოფილ თანამშრომლებს და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბატონ ოტიას.
ბატონო ოტია! მე ბოდიშს გიხდით, აგრეთვე, იმ უდიერებისთვისაც, რაც საქართველოს პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გამოიჩინა თქვენ მიმართ ამ რამდენიმე წლის წინათ ჩემს მშობლიურ რაიონში – ქ. ხობში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე, როცა თქვენ და მე იძულების წესით დაგვატოვებინეს სტადიონზე სახელდახელოდ მოწყობილ პარტერში დაკავებული ადგილები, სადაც წინა დღესაც ერთად, გვერდიგვერდ ვისხედით და რითაც დიდად ამაყი და გახარებული გახლდით. მე, როგორც მასპინძელი, აღვშფოთდი  «წესრიგის დამცველთა» სირეგვნით, როცა მითხრეს, რომ ეს ადგილები «პატრიოტებისთვისაა» გამოყოფილიო. ვითომ რა უჭირდა, იმ ახალგაზრდა «პატრიოტებთან» ჩვენც ვმსხდარიყავით, იქნებ ზოგიერთ მათგანს მთელი ცხოვრება საკვეხნად ჰქონოდა: ოტია იოსელიანის გვერდით ვიჯექიო, ამიტომაც შევეცადე,  «დაცვის ბიჭისთვის» ამეხსნა თქვენი ვინაობა, მან კი ცივად მიპასუხა, ვინც არ უნდა იყოთ, აქ ვერ დასხდებით, ასეთია ბრძანებაო. როცა ჩემმა გახელებამ ლამის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის შეუფერებელი ფორმა მიიღო, თქვენ აქეთ დამამშვიდეთ და ამის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით სტადიონის იარუსზე, ლამის ბოლო რიგში. მახსოვს, როგორ იხუმრეთ: ჩვენ, რაკი ცნობილი ადამიანები ვართ, იქ უნდა ვიყოთ, სადაც ხალხიაო.
ეს სამახსოვრო ფოტოც სწორედ იმ წუთებში გადაუღია ცნობილ ფოტოხელოვანს – ბადრი ვადაჭკორიას, რომელმაც ამ დღეებში ჩემი თხოვნით მოიძია იგი მისი ფოტოსაგანძურის აურაცხელ ექსპონატთა შორის და დიდსულოვნად გადმომცა გამოსაქვეყნებლად, რისთვისაც ბატონ ბადრის უღრმეს მადლობას მოვახსენებ. სურათს როგორც კი დავხედე, უმალვე ვიგრძენი, რომ მასზე სწორედ ის წამები და განწყობაა ასახული, რომლის შესახებაც ახლა ვესაუბრებოდი მკითხველს. ფოტო გადაღებულია 2005 წლის 19 ივნისს; იმ დღეებში, უფრო ზუსტად კი 16 ივნისს თქვენ მე მობილური ტელეფონით შეგეხმიანეთ და დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო თარიღი მოგილოცეთ. თქვენგან არაერთგზის გულითადი მიწვევის მიუხედავად, აწ უკვე ჩემდა სამწუხაროდ, ერთხელაც ვერ მოვახერხე წყალტუბოში სტუმრობა და თქვენი ულამაზესი კარ-მიდამოს მონახულება. ამიტომაც უზომოდ გამიხარდა, როცა თქვენს საიუბილეო დღეებში სამეგრელოში სტუმრად ჩამოსულს შეგხვდით. ზოგი რამ ამ დღის შესახებ უკვე ვთქვი და დანარჩენსაც, ბარემ, აქვე ვიტყვი: დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა. ვისხედით თაკარა მზის ქვეშ და ველოდებოდით რაღაცას თუ ვიღაცას, როცა ახალგაზრდების ჩოჩქოლი და ჟივილ-ხივილი ატყდა. ყულევის ბანაკიდან ჩამოეყვანათ «პატრიოტები» და სულ მალე ნარინჯისფერ სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ყმაწვილებით («თანამედროვე» ქართულით «თინეიჯერებს» რომ ეძახიან) გაივსო პარტერი, საიდანაც ჩვენ გამოგვისტუმრეს. მთელი პარტერი დაუკრეფავი მანდარინის ბაღივით გადაყვითლდა, მაგრამ სწორედ იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისხედით, 7-8 სკამი ცარიელი იყო და მე მაშინვე მივხვდი, რატომაც! ის-ის იყო, თქვენთვის ამის თქმა დავაპირე, რომ პარტერში ატყდა მქუხარე ტაში და «პატრიოტთა» ხმაშეწყობილი, რიტმული შეძახილები: «მიშა! მიშა! მიშა!», რასაც მოჰყვა მისთვის ჩვეული ნაბიჯებითა და მისალმების ნიშნად ცისკენ აშვერილი ხელების ქნევით პრეზიდენტის შემოსვლა პარტერში. იგი და მისი თანმხლები პირები მათთვის შემონახულ ადგილებზე დასხდნენ და, ალბათ, წუთი-წუთზე კონცერტიც დაიწყება. თქვენ კოლოფიდან ერთი ღერი ფილტრიანი სიგარეტი ამოიღეთ, თითების მსუბუქი მოძრაობით მოარგეთ იგი თქვენს განუყრელ მუნდშტუკს, ცეცხლი მოუკიდეთ და გააბოლეთ. მე ხმას არ ვიღებ; სირცხვილისა და უხერხულობის გრძნობა დამეუფლა. ნუ მიაქცევ ყურადღებასო, მამშვიდებთ თქვენ და იარუსიდან გასასვლელისკენ აპირებთ ჩასვლას. აშკარად ჩანს, რომ ნაწყენი ხართ. კიდევ რაღაცები ვთქვით. მერე მანქანამდე მიგაცილეთ და თქვენ ხობი დატოვეთ.
ეხ, ბატონო ოტია! მას შემდეგ ჩვენ ეს ამბავი არ გაგვიხსენებია. მე  ზოგი რამ კი დავწერე იმ ფესტივალის შესახებ, მაგრამ ეს ეპიზოდი არ მომიყოლია, შეგნებულად გამოვტოვე. თქვენ იცით, რომ მე წარმოშობით ხობელი ვარ (ახალი ხიბულიდან; ძველი ხიბულა კი ჩემი დედულეთია), ამიტომ ცოტათი კი მეხამუშებოდა, როცა 2001 წელს, სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად, «ხობის საპატიო მოქალაქის» ტიტული მომანიჭეს, მაგრამ ამ წოდებაზე მეტად ის მეამაყებოდა, რომ მაშინ ხობელებმა ეს პატივი მიაგეს ქართველი ერის გამორჩეულ შვილებს: საქართველოს სახალხო არტისტებს – გიორგი გეგეჭკორსა და ზინა კვერენჩხილაძეს, მხატვარ რევაზ ადამიას, დიდ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ოტია იოსელიანს. ვითომ რა ბედენაა ხობის საპატიო მოქალაქეობა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ხომ გააჩნია, ვის გვერდით, როგორ კონტექსტში მოგიხსენიებენ.
სამწუხაროდ,  «პრეზიდენტის დაცვის ბიჭმა» არ იცოდა, რომ იმ დღეს ხობის სტადიონის პარტერიდან ამავე ქალაქის ორი საპატიო მოქალაქე გაიყვანა.
ბატონო ოტია! გუშინ გელათის ტაძარში, საიდანაც მარადიულ სასუფეველში გაგაცილათ დამწუხრებულმა ქართველმა ერმა, თავი მოიყარა თქვენი ელვარე ტალანტისა და უზადო ლიტერატურული მემკვიდრეობის დამფასებელმა მადლიერმა მკითხველმა – სრულიად საქართველოს ერმა და ბერმა. გელათისკენ იყო მიპყრობილი მათი გულისყურიც, ვინც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა თქვენთან გამომშვიდობება. მე კი სანანებლად დამრჩა, რომ სიცოცხლეშივე ვერ მოგიბოდიშეთ ხობელთა სახელით, როგორც ამ პატარა ქალაქის, მართალია, გულნატკენ, მაგრამ იმავდროულად მისთვის დიდად საამაყო  –  საპატიო მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ზემოხსენებული გაუგებრობა (მე უფრო «უდიერობას» დავარქმევდი), ცხადია, მთლად ხობელთა ბრალი არ იყო.
მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, იმ დღეს საგანგებოდ მოვისვამდი გვერდით ოტია იოსელიანს და «პატრიოტ» ყმაწვილებს ამით ხაზგასმით ვაგრძნობინებდი, თუ რაოდენ პატივს მივაგებ ერის გამორჩეულ შვილებს. რომ წარმოვიდგინე, როგორ გაგიზიარეთ ჩემი ეს მოსაზრება, უცებ მომეჩვენა, რომ თვალები ეშმაკურად აგიციმციმდათ და თქვენეული ჩაღიმებით მითხარით: იმიტომაც არ ხარ პრეზიდენტი, მასე რომ ფიქრობო.
ჰო, მართლა! თქვენი წასვლის შემდეგ მე ისევ სტადიონზე შევბრუნდი და ნაცნობებთან ერთად კონცერტის მოსმენა დავაპირე; ის-ის იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტებმა – ჩვენმა ცნობილმა თანამემამულეებმა – მაყვალა ქასრაშვილმა და ზურაბ სოტკილავამ ერთობლივი გამოსვლა დაასრულეს და სცენაზე პოლიკარპე ხუბულავას ანსამბლი  «ოდოია» გამოჩნდა, რომ  «პატრიოტებმა» და ფესტივალზე მყოფმა სხვა ყმაწვილებმა ერთობლივი სკანდირება დაიწყეს: «ირაკლი! ირაკლი! ირაკლი!». ისინი მოსკოვიდან საგანგებოდ ამ ფესტივალზე ჩამოყვანილი ირაკლი ფირცხალავას გამოსვლას ითხოვდნენ, ამ დროს კი სცენაზე იდგა ათი თეთრჩოხიანი მამაკაცი ჩონგურებით ხელში და მღეროდა პოლიკარპესეულ «ჭიჭე ტურას». დიახ! ეს იყო მეგრული ფოლკლორის ფესტივალი, რომლის უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა, ხალხური შემოქმედების პროპაგანდაა, მაგრამ ჩვენს თანამედროვე «პატრიოტებს» ეროვნულ ფასეულობათა მიმართ რამდენადმე განსხვავებულ დამოკიდებულებას უყალიბებენ. ცოტა ხანში ვიღაცამ დაიძახა: «სალუტები, სალუტებიო!», საქმეში ჩახედული კაცის ხმას ჰგავდა. «ჯერ ადრეაო», რომ მოაძახეს, ამან ანიშნა – «წასვლას აპირებსო». და ატყდა, მარა რა ატყდა: აი, ამას ჰქვია მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. არადა, ცა მართლაც მოწმენდილი იყო. გაგანია ზაფხულის ნაშუადღევს ცაზე თაკარა მზე გიზგიზებდა. გაკაშკაშებული ცის ფონზე, ცხადია, ფოიერვერკის მთელი ხიბლი გაფერმკრთალდა, მაგრამ, აბა, რა ექნათ! პრეზიდენტს ეჩქარებოდა და ხომ უნდა ენახვებინათ, რომ მისი თვალისა და გულის გასახარად, პიროტექნიკაც ჰქონდათ მომარაგებული. ყოველი ზალპის შემდეგ მაყურებელიც, სახეგაბრწყინებულ დიდ სტუმართან ერთად, ცისკენ იყურებოდა, მაგრამ იქ თითქმის არაფერი ჩანდა. წყალტუბოსკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი კი ამ დროს, ალბათ, აბაშამდე თუ იქნებოდა მისული…
ქართულ ენციკლოპედიაში წერია, რომ ეს სოფელი წყალტუბოდან სულ რაღაც 4 კმ-ითაა დაშორებული, ოდესღაც იქ ყოფილა ხილის წვენების ქარხანა, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, ბლოკების ქარხანა, საზეინკლო სახელოსნო, სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღი, კულტსახლი, ამბულატორია, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება… ეს ყველაფერი იყო 40 წლის წინ. ახლა, არ ვიცი, ამათგან რა დარჩა, მაგრამ ერთში კი დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ, ნებისმიერ გამოცემაში, იქნება ის ენციკლოპედია თუ სხვა ტიპის საცნობარო პუბლიკაცია, გვიშტიბის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერთა შორის გაჩნდება ასეთი ინფორმაციაც: ამ სოფელში 1930 წლის 16 ივნისს დაიბადა შემდგომში თვალსაჩინო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ოტია შალვას ძე იოსელიანი. ჩემი სურვილია, ბატონო ოტია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც თქვენ შესახებ ამიერიდან რამეს დაწერს, მოგიხსენიოთ როგორც ოტია შალვას ძე იოსელიანი – მიუხედავად იმისა, მამის სახელი იქნება დაფიქსირებული პიროვნების აღმნიშვნელ ჩანაწერში თუ – არა! იმიტომ, რომ თქვენ მეტად მტკივნეულად განიცდიდით ქართველთა ოფიციალური საბუთებიდან მამის სახელის ამოღებას და პროტესტის ნიშნად თქვენს ახლადგამოცემულ ათტომეულს დააწერეთ ოტია შალვას ძე, შალვა ფარნაოზის ძე, ფარნაოზ ბიჭიას ძე იოსელიანი.
ჩვენ კი, ბატონო ოტია! თქვენგანვე ნალოლიავები კარ-მიდამოდან, სადაც ჰპოვეთ საუკუნო განსასვენებელი, კიდევ ერთხელ შევუძახებთ ლამის წელში გაწყვეტილი საქართველოს საბედისწერო ხელისუფლებას, რომ «ენა უდრის ერს» და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, კარგად გაიაზროს, – ეს რასაც ნიშნავს, «სანამ ურემი გადაბრუნდება!»
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!
ლევან ღვინჯილია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here