Home რუბრიკები ისტორია ვორონცოვის დროის თბილისი კულტურა, ხელოვნება, განათლება

ვორონცოვის დროის თბილისი კულტურა, ხელოვნება, განათლება

4926

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზრისა და საერთოდ, ეროვნული ენერგიის აღდგენისა და განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად არის მიჩნეული. იმჟამინდელმა ქართველობამ, გარეშე მტერთაგან თავდახსნილმა და ფეხზე წამომდგარმა, “თავისი დაკარგული ვინაობის აღდგენაზე” ფიქრი დაიწყო და ძიებებით აღსავსე გზას დაადგა.
“ქართველ საზოგადოებას XIX საუკუნის პირველ ნახევარში, _ როგორც ამას არჩილ ჯორჯაძე შენიშნავდა, _ ეროვნულად გარკვეული ფიზიონომია აღარ ჰქონდა. ძველ დროში თუ იყო რაიმე კულტურის ნასახი, თითქოს წაშლილიყო. პოლიტიკურად დასნეულებული ეროვნული სხეული დასნეულდა ზნეობრივად და გონებრივადაც. ორმოციან წლებში უკვე დასრულებული იყო დეზორგანიზაცია ეროვნულ ცხოვრებისა”.
ამის შემდეგ კი, ე.ი. XIX საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან, “მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამთლიანებისა და განკურნების იმედმა შეიპყრო… ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართული კულტურის აღორძინების ხანად”.
ასე გაჩნდა ქართულ სინამდვილეში გამოთქმა “ვორონცოვის ხანა”…
კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი (1782-1856) უაღრესად საინტერესო ფიგურად წარმოგვიდგება.
შევეცდებით ვრცლად მოგითხროთ ვორონცოვის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების, ქალაქმშენებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ, რის გამოც ქართულმა საზოგადოებამ მას თბილისში ძეგლიც კი დაუდგა.
მიხეილ ვორონცოვი მთელი ძალისხმევით მუშაობდა გზების კეთილმოწყობაზე. “ნაჯახის საშუალებით” მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კავკასიის დაპყრობა. აშენდა ხიდები მდინარეებზე: მტკვარზე, თერგზე, სუნქზე, ლაბეზე; საფუძველი ჩაეყარა სანაოსნო მიმოსვლას შავ და კასპიის ზღვებზე, მდინარე მტკვარზე; განხორციელდა ამიერკავკასიის მიწების დანაწევრება, 1850 წელს აშენდა ოლაგირის ქარხანა.
მეფისნაცვალი ზრუნავდა მხარეში მევენახეობის, მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის, ცხენოსნობისა და სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებათა განვითარებაზე.
თავადის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფერო იყო განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარება.
ასე რომ, თბილისში 1848 წელს გამოსვლას იწყებს გაზეთი “კავკაზი”, ყალიბდება “ზაკავკაზსკი ვესტნიკი”, რომელმაც შეცვალა “გუბერნსკიე ვედომოსტი”. ამ გაზეთებმა ნოვოროსიისა და კავკასიის შორეული ტერიტორიები დაუახლოვა რუსეთს. ნოვოროსიის კალენდრის წარმატებამ უკარნახა ვორონცოვს, მსგავსი გამოცემა 1847 წელს თბილისშიც გაეკეთებინა. კალენდარი შეიცავდა მდიდარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, ტოპოგრაფიულ და სხვა სახის მასალებს, შეგროვილს მცოდნე და შრომისმოყვარე ადამიანების მიერ.
გახსნა რა ოდესაში საჯარო ბიბლიოთეკა, მიხეილ სიმონის ძემ მას პირადი ბიბლიოთეკიდან 400 ტომი ძვირფასი და იშვიათი გამოცემა უსახსოვრა, ხოლო 1846 წელს მეფისნაცვლის კანცელარიასთან შექმნა ბიბლიოთეკა იმ წიგნებისგან, რომლებიც მან და კერძო პირებმა (სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან) შემოსწირეს ბიბლიოთეკას. შესაფერისი შენობის შერჩევის შემდეგ, 1859 წელს თბილისში გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, რაც მრავალეროვანი და მრავალენოვანი მხარისთვის მოვლენა იყო.
ფლობდა რა უძველეს ენებს (ლათინურს და ბერძნულს), ჯერ კიდევ ბავშვობაში ვორონცოვს გაცნობიერებული ჰქონდა კავკასიის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ცივილიზაციების შესწავლის აუცილებლობა.
1846 წელს თბილისში მეფისნაცვლის კანცელარიასთან საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივ ნუმიზმატურ კოლექციას. თავადის მიერ მოწვეული ცნობილი მეცნიერების (რომელთა შორის იყვნენ ბროსე, იოსელიანი, ბართლომეი, ხანიკოვი და სხვ.) შრომებმაც შეუფასებელი როლი შეასრულა კავკასიის მხარის შესწავლაში.
1850 წელს თბილისში შეიქმნა სოფლის მეურნეობის ამიერკავკასიის საზოგადოება, რომელიც ვორონცოვის მიერ 1828 წელს ოდესაში გახსნილი საზოგადოების მსგავსი იყო. 1850 წელს კავკასიაში საძირკველი ჩაეყარა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებას: მაგნიტურ და მეტეოროლოგიურ ობსერვატორიას, შედგა არარატზე ასვლის გეგმა.
თბილისში ჩამოსვლისთანავე ვორონცოვმა გახსნა ალიევის სექტის მუსლიმანური სასწავლებელი, 1849 წელს დააფუძნა კავკასიის ცალკე არსებული სასწავლო ოლქი, ბევრ ქალაქში შექმნა და გახსნა სამაზრო სასწავლებლები.
ვორონცოვის მეუღლის _ ელისაბედ ვორონცოვის მონაწილეობით ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების ქალიშვილებისთვის თბილისში, ქუთაისში, შირაქში გაიხსნა წმ. ნინოს დაწესებულებები; წმ. ალექსანდრესი _ სტავროპოლში, წმ. რიფსიმესი _ ერევანში.
პატრიარქმა ნერსესმა წმ. რიფსიმეს ქალთა სასწავლებელს მნიშვნელოვანი ფულადი დახმარება გაუწია და მოუწოდა როგორც სომხებს, ასევე მუსლიმან ბეგებს, ამ სასწავლებელში შეეყვანათ თავიანთი ქალიშვილები. 1850 წლის 2 იანვარს სასწავლებელი გაიხსნა და მისი ზედამხედველობა ერევნის გუბერნატორის მეუღლეს _ ელისაბედ იგორის ასულ ნაზიროვას დაეკისრა.
სასწავლებლის მოსწავლეთა პირველი ნამუშევრები _ ნაქარგობა _ პატრიარქ ნერსესს უსახსოვრეს. პასუხად სასწავლებელმა პატრიარქისგან შექება და ჯილდოდ 300 მანეთი დაიმსახურა (მისი პირადი სახსრებიდან). ამის თაობაზე ვორონცოვის მეუღლე ნერსესს სწერდა, რომ მადლიერებას გამოხატავს პატრიარქისადმი გამოჩენილი გულუხვობისთვის და საჭიროდ თვლის, საქმის კურსში ჩააყენოს პატრიარქი, თუ რაში გამოიყენებენ მის მიერ ნაჩუქარ თანხას.
1851 წლის ზაფხულში ნერსესმა სასწავლებელს დარაჩიჩაგში საეკლესიო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი უსახსოვრა საზაფხულო შენობისთვის. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე პატრიარქი ნერსესი სომხეთში ქალთა განათლებისთვის ზრუნავდა.
ვორონცოვის სიკვდილის შემდეგ მისმა მეუღლემ 200 ათასი მანეთი ვერცხლის სახით გაიღო მის მიერ დაარსებული ქალთა ხუთი საქველმოქმედო დაწესებულებისთვის, მასში შედიოდა თითოეულ კურსდამთავრებულზე 200 მანეთის ოდენობით დახმარების გაცემაც.
კავკასიის ნაკლებად შესწავლილი ადგილების გამოსაკვლევად ვორონცოვი გზავნიდა სპეციალისტებს. ამ მიზნით აკადემიკოსმა გ.ვ. აბიხმა შემოიარა კავკასია და არარატი; აკადემიკოსმა მ.ი. ბროსემ _ საქართველო. მეცნიერები, სამხედროები, ჩინოვნიკები, მხატვრები, ლიტერატორები, რომლებიც მაშინ კავკასიაში ჩამოდიოდნენ, ხშირ შემთხვევაში თბილისში, მეფისნაცვლის რეზიდენციაში ჩერდებოდნენ.
იყო რა საქართველოს გუბერნიის (1846 წლიდან თბილისის) ადმინისტრაციული ცენტრი, თბილისი კავკასიაში წარმოადგენდა ცენტრალურ პუნქტს ნედლეულის შესყიდვისა და პროდუქტების რეალიზაციის მხრივ. თბილისის მეშვეობით რუსეთი ამყარებდა დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან. საფრანგეთის კონსული გამბა, რომელიც ქალაქში XIX საუკუნის 20-იან წლებში იმყოფებოდა, წერდა:
“ტიფლისში ერთსა და იმავე დღეს ჩამოდიან ნეგოციანტები (ბითუმად მოვაჭრეები) საფრანგეთიდან, კურიერები _ პეტერბურგიდან, ვაჭრები _ კონსტანტინოპოლიდან, ინგლისელები _ კალკუტიდან და მადრასიდან, სომხები _ სმირნიდან, იეზიდები და უზბეკები _ ბუხარიდან; ასე რომ, ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს ევროპისა და აზიის მთავარ საკვანძო ადგილად”.
თბილისში ევროპული ჩვევები ადგილობრივი ტრადიციების პრიზმაში იყო გატარებული. აქ ერთდროულად არსებობდა ფრაკი და ჩოხა, ჩეფჩიკი და ჩადრი, ქარავანი და ფაიტონი, იტალიური არია და მკაცრი ქართული პოლიფონიური სიმღერა, პოლონეზი და ლეკური, ევროპული მაღაზიები და აღმოსავლური ბაზარი.
რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველო გახდა რა კავკასიის არმიის მთავარსარდალთა რეზიდენცია, თბილისმა ბევრი რამ ნახა და გადაიტანა. სხვადასხვა დროს ქალაქი ხდებოდა გენერლების _ კნორინგ მეორის, თავად ციციანოვის, გრაფ გუდოვიჩის, რტიშჩევის, ერმოლოვის, ნეინდგარდისა და სხვათა რეზიდენცია.
თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, თბილისში ვორონცოვის ჩამოსვლამ ქალაქის ცხოვრება მთლიანად შეცვალა და სულ სხვა ხასიათი შესძინა.
ვორონცოვს შეეძლო, დაახლოებოდა უნარიან, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს. “…ყველანი აღფრთოვანებული იყვნენ ვორონცოვის ადამიანებისადმი დამოკიდებულებით”. 1845 წელს თბილისში ვორონცოვთან ერთად და შემდგომში ჩამოსულ ხალხს ქალაქის ცხოვრებაში სიახლეები შეჰქონდათ. ევროპულმა კულტურამ დაიწყო აღმოსავლური პატრიარქალური სიტუაციის შეცვლა.
ოდესისა და პარიზის მოდელები გემოვნებას ევროპული ტუალეტის შესაბამისად ცვლიდნენ; კუაფერ ვლოტემ, ჩამოვიდა რა პარიზიდან, თბილისში უზარმაზარი მაღაზია და მოდური ატელიე გახსნა.
“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წარმოიქმნა ახალი ევროპული კვარტლები ყველა პირობებით, განსაკუთრებით ვორონცოვის ახალი ხიდით, ძველის სანაცვლოდ. თავადი და ქალბატონი თავიანთი პირადი საქციელით იძლეოდნენ უბრალოებისა და განსაკუთრებული გულისხმიერების მაგალითს. მთავარმართებლის სახლში იგივე სახელმწიფო ავეჯი იდგა, რაც ადრე; საჭმელი, თუმცა ყოველთვის გემრიელი იყო, განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა; ღვინოს კახურს ან ყირიმულს სვამდნენ; ლაშქრობაშიც და გზაშიც თავადი სხვებისგან არ გამოირჩეოდა, თუ მის სტუმართმოყვარეობის მასშტაბებსა და ყველასადმი კეთილ დამოკიდებულებას არ ჩავთვლით. მის ამ ბუნებრივ უბრალოებას ყველა ამჩნევდა და უნებლიეთ აცნობიერებდა, რომ ის სხვა მაღალ წრეს ეკუთვნოდა როგორც შეხედულებებით, ისე წარმომავლობითა და შეფასებებით”.
წლებთან ერთად თავადის სიკეთე ზოგიერთი პიროვნების მიმართ უკიდურესობამდე მივიდა. მას არ შეეძლო უარის თქმა ძალზე მომთხოვნი მთხოვნელებისთვის, რითაც ისარგებლეს ზოგიერთებმა, როცა გაიგეს მისი თბილისში დანიშვნის ამბავი. საერთოდ კი, იმდროინდელი თბილისის საზოგადოება შედგებოდა ნათელი, კეთილსინდისიერი ადამიანებისგან, რომელთა დიდი ნაწილის სახელი სამართლიანად შევიდა რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში.
ისევე, როგორც ნოვოროსიაში, საქართველოშიც, ვორონცოვის გარემოცვაში, საკმარისად იყვნენ ბრწყინვალე მეცნიერ-მკვლევარები, რომლებმაც თავიანთი შრომებით ფასდაუდებელი ამაგი დასდეს მხარეს. მათ შორისაა ცნობილი ნუმიზმატი ივანე ალექსანდრეს ძე ბართლომეი, რომელიც არც საშუალებას, არც დროს არ იშურებდა მონეტების მოძიებისა და შესყიდვისთვის, იყო “ჩეჩნეთის ანბანის” ავტორი. ივანე ალექსანდრეს ძე, ასევე, აგროვებდა მწერების კოლექციას. თავადი ა.ა. დონდუკოვ-კორსაკოვი იგონებს, 1851 წელს ყუბანს იქეთ ლაშქრობაში ყოფნისას, მდინარე ბელოიზე, თუ როგორ შეაგროვა ბართლომეიმ მწერები და შეინახა თუნუქის სპირტიან კოლოფებში. კოლექციას დიდხანს არ უარსებია. ერთ-ერთი ვიზიტის დროს სტუმრები ცუდმა სუნმა შეაწუხა, რაც ამ კოლოფებიდან ამოდიოდა. აღმოჩნდა, რომ კაზაკებს ის სპირტი დაულევიათ, რომელშიც მეცნიერი მწერებს (ფარულ ექსპონატებს) ინახავდა. გაცოფებული მეცნიერი კარგა ხანს ვერ დაწყნარდა, სტუმრები კი სიცილს ვერ იკავებდნენ.
კავკასიაში მცხოვრებ მეცნიერთა შორის იყო ასევე აკადემიკოსი გ.ვ. აბიხი, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც 1845 წელს მოაწყო არარატზე ასვლა და რომელიც 1853 წელს კავკასიის მხარის აღწერისთვის აკადემიკოსი გახდა. გენერალ-ლეიტენანტ ხოდზკოსგან კავკასია დავალებულია ტოპოგრაფიული სამუშაოების ორგანიზაციით.
ცარსკოსელსკის ლიცეუმის აღზრდილი ნ.ვ. ხანიკოვი თბილისში 40-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა; დამოუკიდებლად შეისწავლა რა აღმოსავლური ენები, კარგად გაეცნო აღმოსავლურ ლიტერატურას, გეოგრაფიას. მისი ჩანაწერები ენების შესწავლისა და კავკასიური კილოების შესახებ პარიზში, გეოგრაფიული საზოგადოების დიდ ოქროს მედალზე იქნა წარდგენილი.
იმ დროს თბილისში ცნობილი იყო ორბელიანის, ჭავჭავაძის, გ.ვ. აბიხას, ნ.ვ. ხანიკოვის, ი.ი. ხოდზკოს სახლები, რომელთა პატრონები ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ მრავალტანჯულ მიწას და თავიანთი სიყვარულის საზომად მის მიმართ შესრულებული კეთილი საქმეები მიაჩნდათ.
თბილისი 40-50-იან წლებში გასაოცარი კოლორიტული ცხოვრებით ცხოვრობდა. იმ დროის სახელოვან პიროვნებათა შორის იყვნენ: ბარონი ა.კ. მაინდორფი, ასაკოვანი ადამიანი, არაჩვეულებრივად არისტოკრატული და ყურადღებიანი პიროვნება, რომელიც სისტემატურად ქმნიდა განუხორციელებელ პროექტებს ვაჭრობაში, ფინანსებსა და მრეწველობაში. სურდა რა განეხორციელებინა თავისი პროექტები, მან შემოიარა მთელი კავკასია; გადაწყვიტა, გაეწმინდა მტკვრის კალაპოტი ნაოსნობის მოსაწყობად; მან, ასაკისა და ავადმყოფობის მიუხედავად, აქტიურად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს.
თბილისში ცნობილი პიროვნება გახდა ინგლისელი სეიმური. ის, სპარსეთში მიმავალი, თბილისში ხუთი დღით უნდა შეჩერებულიყო, სინამდვილეში კი სამი წლით დარჩა და ამის შესახებ არავისთვის უცნობებია. ნათესავებმა ის თავად ვორონცოვის დახმარებით იპოვეს. სეიმური ერევანში წავიდა, იპოვა რა იქ გამყოლები, არარატზე ავიდა, რომლის მწვერვალზეც ინგლისში გასაგზავნი თავისი პირველი წერილი დაწერა.
ხალხური ტრადიციების შენახვა _ ეს ხალხის სულის მონაპოვარია, რამდენადაც უცნაურად უნდა მოეჩვენოს ეს ევროპაში განათლებამიღებულ ადამიანებს, რომელთათვისაც მსგავსი რამ უცხოა.
თბილისში უძველესი დროიდან ეწყობოდა ე.წ. თამაშები, მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. საქართველოს რუსეთთან შეერთების პირველ წლებში თბილისში მსგავსი თამაშები აკრძალული იყო, მაგრამ თავად ციციანოვის ჩამოსვლის შემდეგ და ადგილობრივთა თხოვნით თამაშები აღდგა.
აურზაურის თავიდან აცილების მიზნით, ვორონცოვი თამაშების ქალაქგარეთ გამართვას სთავაზობდა, სადაც მეტი სივრცე იყო და საზოგადოებრივი შენობები ხელს არ შეუშლიდათ. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმპერატორმა ნიკოლოზ პავლეს ძემ: “ქალაქგარეთ ნებას ვრთავ იმ პირობით, რომ ჩხუბში მხოლოდ შიშველი ხელებით თუ მიიღებენ მონაწილეობას და ყოველთვის _ პოლიციის ზედამხედველობით”.
სახალხო დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად უყვარდათ თბილისში საყოველთაო ხმაურიანი კარნავალი. ის ეწყობოდა ყველიერის მომდევნო ორშაბათს. XIX საუკუნეში ეს დღესასწაული დაკავშირებული იყო ქართველთა ჯარის სპარსელებზე გამარჯვებასთან, რომლებმაც ჯერ ქალაქი დაიკავეს, მაგრამ შემდგომ დამარცხდნენ. ამასთან, ტყვედ ჩავარდა სპარსეთის შაჰი. მას გადააცვეს მასხარას ტანსაცმელი და ნახშირით მოთხუპნული სახით დაატარებდნენ ქალაქის ქუჩებში. თბილისელებმა დღესასწაულების გამართვა სისტემატურად დაიწყეს, წარმოადგენდნენ რა სპარსელებთან ბრძოლის ეპიზოდებს, ვორონცოვი სასახლიდან სიამოვნებით ადევნებდა თვალს პროცესიას და ბრბოს ვერცხლის მონეტებს ესროდა.
იმ დროის თბილისი სავსე იყო ახალგაზრდა მეომრებით, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო უნდოდათ ვორონცოვთან სამსახური. მოგვიანებით ბევრი მათგანი საერთოდ აღარ დაბრუნებულა რუსეთში, ზოგმა კი მაღალი თანამდებობები დაიკავა. ვორონცოვს უყვარდა ახალგაზრდები და გაგებით ეკიდებოდა მათ ინტერესებსა და სურვილებს.
ერთხელ, თეატრიდან დაბრუნებისას, გაზაფხულის ერთ თბილისურ საღამოს დონდუკოვ-კორსაკოვი სავახშმოდ კლუბში შევიდა, რომელიც მთავარმართებლის სახლის წინ მდებარეობდა. კლუბის შენობას ბაღი ეკვროდა, სადაც ის ღია ცისქვეშ სამ ნაცნობთან ერთად ვახშმად მყოფ თავად ვასილჩიკოვს შეხვდა. გადაწყვიტეს, მუსიკოსები მოეწვიათ. მალე ბაღში რამდენიმე რუსი ოფიცრისთვის 60 მუსიკოსი უკრავდა. შემდეგ პროცესია ქალაქში სასეირნოდ გაემართა, ისინი სერენადებს უმღეროდნენ თავიანთ ამხანაგებს.
გაეღვიძა რა ღამის პირველ საათზე ხმაურისგან შეწუხებულ ვორონცოვს, კამერდინერს უბრძანა, გაერკვია, რა ხდებოდა; შეიტყო თუ არა, რაც იყო საქმე, უთქვამს: “მადლობა ღმერთს, ჩემი ახალგაზრდები კმაყოფილი არიან და მხიარულობენო”. შესაძლოა, ამ დროს თავადს თავისი ახალგაზრდული ცელქობები ახსენდებოდა, როცა თბილისში 1803 წელს თავად ციციანოვთან მსახურობდა.
ახალგაზრდა ოფიცერთათვის თავისებურ ცენტრს წარმოადგენდა თავადების _ ვასილჩიკოვის, დონდუკოვ-კორსაკოვისა და კოჩუბეის ბინები. “ჩვენი ბინა, _ წერდა დონდუკოვ-კორსაკოვი, _ ერთგვარ შემკრებ პუნქტს წარმოადგენდა მთელი ჩვენი წრისთვის: ჩვენთან ეწყობოდა ლაშქრობაში მიმავალი ამხანაგების გაცილება, სადილები და შეხვედრები ექსპედიციიდან მშვიდობით დაბრუნებულთათვის, ჩვენთან დგებოდა ყველა პიკნიკის გეგმა, რასაც ვორონცოვის მამობრივი მზრუნველობა ყოველთვის ეტყობოდა”.
მიხეილ სიმონის ძე ყოველთვის მონაწილეობდა მისი ახლობლების საქმეებში, პირადშიც კი, არასოდეს ამბობდა უარს დახმარებაზე; ამასთან, ამას დიდი ტაქტით აკეთებდა.
საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა ოფიცრებს შორის ტიმერგოევის სიმაგრის მარჯვენა ფლანგის კომენდანტი გენიგი. ამ ადამიანს დიდი გავლენა ჰქონდა მეზობელ ჩერქეზთა ტომზე. “მისი სამართლიანობა; საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო ენერგია, რაც მთავარია, მოსახლეობის ხასიათის ცოდნა და მისი დიდი სტუმართმოყვარეობა ცნობილი იყო მთელი მარჯვენა ფლანგის ჩერქეზებისთვის. იგი არასდროს არ ტეხდა მიცემულ სიტყვას, ამიტომ მოჩხუბარი თავადები ხშირად მიდიოდნენ მასთან სიმართლის დასადგენად, მოსარიგებლად ან რჩევის მისაღებად”.
აღმოსავლეთის წეს-ჩვეულებების თანახმად, პოლკოვნიკი გენიგი სტუმრებს ძვირფასი საჩუქრებით უშვებდა, რის გამოც მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა. ვორონცოვი კარგად იცნობდა და აფასებდა გენიგს. გაიგო რა მისი ფინანსური პრობლემების თაობაზე, ბრძანა, პოლკოვნიკისთვის 4000 მანეთი გაეგზავნათ მისი პირადი შემოსავლებიდან.
აქვე უნდა გავიხსენოთ ვორონცოვის კიდევ ერთი ცნობილი კეთილშობილური საქციელი. დატოვა რა საფრანგეთი 1818 წელს, რუსული საოკუპაციო კორპუსის მომავალმა მეთაურმა, დაფარა არამარტო ოფიცერთა ყველა ვალი, არამედ დაბალჩინოსნებისაც და დაახლოებთ ერთი მილიონი ფრანკი საკუთარი ფული გადაიხადა. ცხადია, ამის შემდეგ ფრანგებს არავითარი პრეტენზია აღარ ჰქონიათ.
რუსეთის იმპერიის ცენტრალური გუბერნიიდან კავკასიის სიშორე ხელს უწყობდა იქ განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას მათივე შეხედულებებით, ინტერესებით, თავისებურებებით. კავშირი დედაქალაქიდან იშვიათად იყო, ფოსტა თვეში ორჯერ მოდიოდა, ზოგჯერ ზვავების გამო კავშირი რუსეთთან მთლიანად წყდებოდა. “მშვენიერია, _ აღნიშნავდა დონდუკოვ-კორსაკოვი, _ რომ თბილისის საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს მდებარეობდა პეტერბურგიდან, აქ არ იყო იმ ხასიათის პროვინციული ცხოვრება, როგორიც არსებობდა და დღესაც არსებობს ჩვენი დიდი სამეფოს ყველა მსგავს პროვინციულ ქალაქში. აქ არ იყო ის წვრილმანი ინტრიგები, ისეთი ჭორაობა, რაც აუტანელს ხდის ცხოვრებას პროვინციაში”.
კავკასიის მხარე და, ნაწილობრივ, თბილისი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომელზეც გარკვეულწილად მოქმედებდა საგანგაშო საომარი მდგომარეობა. ადგილობრივი ადმინისტრაციული პრობლემები ამ პირობებში სახელმწიფო მნიშვნელობას იძენდა. ამასთან, არ შეიძლებოდა ამიერკავკასიის საზღვრისპირა მდებარეობის, თურქეთთან და სპარსეთთან მისი მეზობლობის დავიწყება. ყველაფერი ეს აიძულებდა ხალხს, რომელიც ომსა და მშვიდობას შორის ცხოვრობდა, გაფრთხილებოდა ყოველ დღეს და დრო არ დაეკარგა წვრილმანებზე.
თბილისი, როგორც მხარის დედაქალაქი, ბევრისთვის იქცა მეორე სახლად, სადაც ლაშქრობებს შორის ყოფნის დროს ტკბილ მოგონებებს ეძლეოდნენ, იხსენებდნენ იმას, რაც ძვირფასი იყო მათთვის და რაც რუსეთში დარჩათ.
1850 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ხელმწიფის მემკვიდრე. მისი ჩამოსვლიდან მეორე დღეს ვორონცოვმა საზეიმო სადილი გამართა, საღამოს კი _ დიდი მეჯლისი. 27-ში მემკვიდრე ქართველ მემამულეთა მეჯლისს ესწრებოდა, რომელიც ქალაქგარეთ, ორთაჭალაში, ნ. თერშმავონოვის ბაღში გაიმართა, სადაც სტუმარს თავად ორბელიანი შეეგება, მასპინძელმა, ძველი აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, ტახტის მემკვიდრეს ფეხქვეშ ფიანდაზი დაუფინა.
მეჯლისი ევროპული ცეკვებით დაიწყო, რომელიც მალე ეროვნულმა შეცვალა. ცეკვები ბრწყინვალე ფეიერვერკმა შეაჩერა.
მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე ცეცხლოვანი დეკორაციები ერთმანეთს ცვლიდა. ერთდროულად ცა გაანათა მრავალმა ცეცხლოვანმა ვარსკვლავებად გაფანტულმა ნაპერწკლებმა. შემდეგ ცეკვები შუაღამემდე გაგრძელდა.
პარკის ერთ ხეივანში ე.წ. ევროპული მაგიდა იყო გაწყობილი. ტახტის მემკვიდრემ თავდაპირველად ყურადღება ამ ნადიმს მიაქცია. “ვაშას” ძახილით მისმა უდიდებულესობამ გაიარა ნადიმის მონაწილეთა შორის და შემდეგ სუფრასთან, დღესასწაულის საპატიო სტუმრების გვერდით დაიკავა ადგილი. შეისვა იმპერატორის სადღეგრძელო, შემდეგ _ მისი მემკვიდრის. ადგილობრივმა და პოლკის გუნდებმა შეასრულეს “ღმერთო, მეფე დაიფარე”. თავის მხრივ, ტახტის მემკვიდრემაც წარმოთქვა ქართველი მემამულეების სადღეგრძელო.
მეორე დღეს, საღამოს რვა საათზე, მემკვიდრისთვის მოეწყო საზეიმო მიღება, რომელიც თბილისის საზოგადოებამ მოაწყო.
ეს იყო სიონის გვერდით, ქარავან-სარაიში. მოქეიფე ხალხის ჯგუფებს შორის დალაგებული იყო სხვადასხვა სახის საქონელი; სხვადასხვა ადგილებზე იმართებოდა იმპროვიზებული კომედიები. მეფის მემკვიდრე აღფრთოვანებული და მოხიბლული იყო იმ სანახაობით, რაც მის საპატივცემულოდ მოაწყვეს.
გამოვიდა რა აივანზე, მის წინაშე ზღაპრული სანახაობა გადაიშალა: მთელი ავლაბრის მთა “დახაზული” იყო ცეცხლის ხაზებით. მტკვარს ოქროსფერი გადაჰკრავდა. გადაუხადა რა მადლობა თბილისის მოქალაქეებს, ტახტის მემკვიდრე ღამის 12 საათზე მთავარსარდლის სახლში წავიდა.
უმაღლესი სტუმრის წასვლის შემდეგ ქარავან-სარაი ყველა მსურველისთვის გაიხსნა და ღამის სამ საათამდე ასობით ცნობისმოყვარეს უმასპინძლა, ხოლო სომხურ ბაზარში ხალხი გამთენიამდე ღრეობდა.
29 სექტემბერს სტუმარი თბილისიდან გავიდა. 1 ოქტომბერს ვანის სომხურ ტაძარში ჩატარდა ლიტურგია. კურთხევის შემდეგ სასულიერო პირები მონასტრის ეზოსკენ გაეშურნენ, სადაც ღარიბი ხალხისთვის, რომელიც ტაძრის შესასვლელთან შეგროვილიყო, 1500 კაცზე გაშლილი სუფრა არქიეპისკოპოსმა მინასმა აკურთხა. მღვდელმა პატკანოვმა გააცნო მათ დღესასწაულის მიზეზი. ტახტის მემკვიდრის მისამართით მხიარული შეძახილები ხალხში დიდხანს გაისმოდა. საპატიო მოქალაქეები გაჭირვებულებს ურიგებდნენ ღვინოს, პურს, მწვანილს, ხორცს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სამხედრო გუბერნატორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
რუსეთის ტახტის მემკვიდრე ეწვია ეჩმიაძინის მონასტერსაც. ჩრდილოეთ ჭიშკრამდე არმისული, 200 საჟენის მოშორებით მას შეეგებნენ მონასტრის სასულიერო პირები. სტუმარი პატრიარქ ნერსესთან ერთად შევიდა მონასტერსა და ტაძარში.
ეკლესიიდან ტახტის მემკვიდრე პატრიარქის პალატებში გაეშურა, სადაც სპეციალური მისთვის გამზადებული იყო ოთახები.
საღამოს ცხრა საათისთვის შედგა ვახშამი. უფლისწულს მარჯვნივ ნერსესი უჯდა ორ არქიეპისკოპოსთან ერთად, მარცხნივ _ თავადი ვ.ო. ბებუთოვი და სხვები. ვახშმის შემდეგ ნერსესი და უფლისწული ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, ყავას მიირთმევდნენ და თერთმეტ საათამდე რუსულად საუბრობდნენ.
მეორე დღეს, 7 ოქტომბერს, ლიტურგიის შემდეგ მისმა უდიდებულესობამ ეჩმიაძინის ტაძრის ღირსშესანიშნაობანი დაათვალიერა; შევიდა სატრაპეზოში, ეჩმიაძინის სინოდის შენობაში და უძველეს სამონასტრო ბიბლიოთეკაში, შემდეგ პატრიარქთან მიირთვა ჩაი, გამომშვიდობებისას მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას და ერევანში გაემგზავრა.
1850 წლის 29 დეკემბერს თავადი ვორონცოვი პატრიარქ ნერსესს სწერდა: “მისი იმპერატორობის უდიდებულესობა აღფრთოვანებული საუბრობდა ეჩმიაძინზე და თქვენს მასპინძლობაზე; ჩვენც უნდა გვიხაროდეს, რომ დიდი თავადი გვესტუმრა და, უფლის წყალობით, ტახტის მემკვიდრეს საუკეთესო შთაბეჭდილებები შეექმნა ყველაფერზე, რაც მან კავკასიაში ნახა, კარგია ისიც, რომ კავკასიის მცხოვრებლებმა თავისი თვალით ნახეს მომავალი ხელმწიფე და გაიგეს, რამდენად ღირსია იგი მეფობისა”.
როგორც მ.პ. შჩერბინინი აღნიშნავდა, თბილისში მოწყობილი ყოველკვირეული საღამოების, მეჯლისებისა და კონცერტების მიზანი ამ მიწაზე მცხოვრებთა და რუსთა შორის მტრული დამოკიდებულების აღმოფხვრა, მათი შეკავშირება იყო.
არისტოკრატული ცერემონიების ხარჯები თავად ვორონცოვის პირადი სახსრებიდან ნაღდდებოდა.
1845 წელს ამიერკავკასიის მხარის შემოსავალი 1 მილიონ 649 ათას 151 მანეთს აღწევდა; 1849 წელს _ დაახლოებით 2 მილიონ მანეთს, ხოლო 1852 წელს _ 6 მილიონ 226 ათას 492 მანეთს.
ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვორონცოვმა მის კეთილმოწყობაზე დაიწყო ზრუნვა. ქალაქი იზრდებოდა: თუ 1835 წელს აქ 25 ათასი მცხოვრები იყო, 1847 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობამ 43 ათას 862 კაცს მიაღწია.
ვორონცოვი იყო ბევრი სასიკეთო საქმის ინიციატორი. თბილისი მშვენდებოდა. მისი ქუჩების დიდი ნაწილი ქვაფენილით დაიფარა. შემდგომ აქ ბრწყინვალე თავადს მ. ს. ვორონცოვს ძეგლს დაუდგამენ. თავად ხელმწიფემ ამისთვის სამი ათასი მანეთი გაიღო. 1876 წელს ძეგლი გაიხსნა, როგორც აღიარება იმ ადამიანის დამსახურებისა, რომელმაც 1854 წელს დატოვა კავკასია და რომელზეც, როგორც ჭეშმარიტ სახელმწიფო მოღვაწეზე, მსჯელობა შეიძლება იმ კეთილი საქმეებით, რომლებიც მან თავისი ძალაუფლების ქვეშ არსებულ მიწებზე გააკეთა.
“ჟამი ხსნისა”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here