Home რუბრიკები სამართალი სულიერად დაავადებულ პატიმარს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები მორგში ამწყვდევდნენ

სულიერად დაავადებულ პატიმარს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები მორგში ამწყვდევდნენ

825

“მოგახსენებთ, რომ 2009 წლის 3 ივლისს “რეზბალნიცაზე” 1 თვის მანძილზე არაადამიანურად მაწამებდნენ, ხშირად მცემდნენ. ვარ ფსიქიურად დაავადებული, ისეთი შიშები დამემართა, რომ ეპილეფსიაც ჩამომიყალიბდა ამდენი ცემისგან. მტოვებდნენ მორგში, პირველ სართულზე. მჭირდება მკურნალობა, მაგრამ შიშით ვერ მივდივარ, როდემდე უნდა მირტყან მაგათმა? უკვე აღარ მაქვს წამლების ყიდვის საშუალება. 15 წელია, ფსიქიურად დაავადებული ვარ. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, მე დაგისახელებთ მათ სახელებსა და გვარებს, ესენი არიან: გოგა ბუთლიაშვილი, ნიკო ხატიაშვილი, ავთო პაპაშვილი. გთხოვთ, მოხვიდეთ, მნახოთ. პატივისცემით ირაკლი მარაქველიძე”.
ეს წერილი “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ანდრიაშვილმა ფსიქიურად დაავადებული პატიმრის, ირაკლი მარაქველიძისგან მიიღო, რომელიც სასჯელს #17 დაწესებულებაში იხდის. მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამო მარაქველიძემ არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, ახლახან პატიმარმა ორივე მკლავზე ვენები გადაიჭრა, ასევე გადაისერა კისერიც.
ამასთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიოს” “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი ესაუბრა, რომელიც ირაკლი მარაქველიძის ინტერესებს იცავს.
_ დღეს ირაკლი მარაქველიძე რუსთავის #17 დაწესებულებაში იმყოფება  იმ მსჯავრდებულებთან ერთად, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემა არ აქვთ. აღნიშნული მსჯავრდებული კი წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვედრილა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ფსიქიკური პრობლემების გამო, სასჯელს არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იხდიდა.
მაგრამ ბოლო დანაშაულის შემთხვევაში (როგორც მახსოვს, საუბარია მკვლელობაზე, რომელშიც მან თავი არ ცნო დამნაშავედ), მის მიმართ გამოტანილი იქნა განაჩენი _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ იქნა არაერთი ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცნობები ფსიქიატრიული დაწესებულებიდან, არც დაწესებულების ადმინისტრაციამ და არც დეპარტამენტმა ისინი მხედველობაში არ მიიღო და მარაქველიძე ციხის სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც არაერთხელ მოეპყრნენ არაადამიანურად და აწამეს. კერძოდ, მისი განცხადებით (რასაც ადასტურებს, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის გაგზავნილი სახალხო დამცველის წერილი, ასევე თავად პატიმრის დედისა და ადვოკატის საჩივრები), მარაქველიძის მიმართ ხორციელდებოდა წამება _ ჩაჰყავდათ მორგში და მიცვალებულებთან კეტავდნენ საათობით, ასევე ათავსებდნენ კარცერში თითქმის შიშველს, საცვლების ამარა, რამაც უფრო გაამძაფრა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
დღეს, იმ შემთხვევაში, თუ მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რათა მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლონ, პატიმარი შიშობს, რომ მის მიმართ კვლავ ზეწოლას განახორციელებენ. ამიტომ იძულებული ვარ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირდაპირ მოვითხოვო მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და არა ფსიქიატრიულ განყოფილებაში (რომელიც ექვემდებარება სასჯელაღსრულების დაწესებულებას) გადაყვანა.
_ რატომ ხორციელდება მასზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, ხომ არ უკავშირდება ეს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს?
_ არ ვიცი, რამდენადაც ამ საქმეში თავიდანვე არ ვიყავი ჩართული. მაგრამ აღნიშნული ქმედებები არამარტო მარაქველიძის მიმართ, არამედ ყველა იმ მსჯავრდებულთა მიმართ ხორციელდება, რომელთაც მე დღეს წარმოვადგენ და რომელთა საქმეებიც გაგზავნილია სტრასბურგში. აქამდე ირაკლი მარაქველიძის ინტერესებს წარმოადგენდა კერძო ადვოკატი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გააგზავნა, მაგრამ, ვფიქრობ, იგი დახვეწას საჭიროებს. ჩემი ორგანიზაცია თავიდან შეიტანს საჩივარს, დროულად რომ მოხდეს რეაგირება და ევროსასამართლომ სახელმწიფოს მარაქველიძის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა დაავალოს.
_ მარაქველიძემ ახლახან თვითმკვლელობა სცადა, რით არის ეს გამოწვეული?
_ მარაქველიძის თვითდაზიანებები და თვითმკვლელობის მცდელობასაც კი გამოწვეულია მის მიმართ განხორციელებული არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლით. ამბობს, რომ ციხეში მისთვის გაუსაძლისი პირობებია _ მთელი ღამის განმავლობაში არ აძინებს ხმები. ეს დამახასიათებელია მსგავსი ავადმყოფებისთვის; ციხის პირობებში კი მას მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვს. მას სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა და ექიმის (და არა ციხის ადმინისტრაციის) მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. პატიმარს ამჟამად ორივე ზედა კიდურზე გადასერილი აქვს ვენები. როგორც ვიცი, ერთი დღის განმავლობაში მისთვის სისხლის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ, რადგან თითქმის ძვლამდე იყო დასული ჭრილობები. ასევე აქვს ჭრილობა ყელის არეში, ორივე მხრიდან.
_ თუ დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რამ მიიყვანა პატიმარი თვითმკვლელობამდე და საიდან მოხვდა ბასრი იარაღი მის ხელში?
_ იმის თაობაზე, რომ პატიმარს არაერთხელ ჰქონდა ბასრი იარაღი, მისმა ადვოკატმა საჩივარი შეიტანა, რაზეც აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე თვითდაზიანების მოტივით. მაგრამ აქცენტი არ გაკეთებული იმაზე, თუ რატომ მიიყენა ამ ადამიანმა ასეთი ჭრილობები, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მომჩივანი მხარე ყოველთვის მიუთითებდა, რომ სწორედ მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შედეგად მოხდა მარაქველიძის მიერ თვითდაზიანებების მიყენება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ საჩივრით მივმართავთ სხვადასხვა უწყებას, ასევე სახალხო დამცველს და მოვითხოვთ კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას.
ესაუბრა სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here