Home რუბრიკები ისტორია რატომ დამარცხდნენ ამერიკელები სომალიში?

რატომ დამარცხდნენ ამერიკელები სომალიში?

866

ალბათ, ძნელია, იპოვო სამხედრო საქმით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც ფილმმა “Black Hawk Down”-მა გულგრილი დატოვა. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა კინემატოგრაფის ისტორიაში, როდესაც ფილმი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. მას, ვინაც ფილმის ნახვის შემდეგ იმ ბრძოლის დეტალებს ჩაუღრმავდება, რომელიც 1993 წლის 3-4 ოქტომბერს სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრში მოხდა, შეუძლია გაეცნოს მწერალ მარკ ბოუდენის ამავე სახელწოდების წიგნს, პილოტ მაიკ დიურანტის (მაშინ ტყვედ ჩავარდა) მოგონებებს “In the Company of Heroes”, ბრძოლის კიდევ ერთი მონაწილის, სერჟანტ მეტ ევერსმანის წიგნს “The Battle of Mogadishi”, უამრავ წერილს და კვლევას, რომელიც ამ ბრძოლას მიეძღვნა. კომპიუტერული თამაშიც კი არსებობს: “Delta Force: Black Hawk Down”
თუმცა ბრძოლის ტაქტიკურმა დეტალებმა, ცხადია, არ უნდა გადაფაროს მთავარი, ზოგადი მიზეზები, რომლებმაც ამერიკული მხარე სტრატეგიულ მარცხამდე მიიყვანა.

პირველი და, ალბათ, მთავარი მიზეზი მოწინააღმდეგის არასათანადო შეფასება, მის მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა. არადა, სომალელთა სარდალ მოჰამედ ფარახ აიდიდს არცთუ ურიგო სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული: ჯერ იტალიაში სწავლობდა, შემდეგ – მოსკოვში; 1977-78 წლებში აი დიდი სომალი-ეთიოპიის ომში მონაწილეობდა. მის რაზმებში იბრძოდნენ უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, ძირითადად, ავღანეთის ომის ვეტერანები, ხოლო მისი სომალელი მებრძოლების უმრავლესობამ სამოქალაქო ომის საკმაო გამოცდილება დააგროვა.

საინტერესოა, რომ ბრძოლაში მონაწილე ამერიკელების უმრავლესობა ახალბედა გახლდათ. მათი საშუალო ასაკი 19 წელი იყო. ვინაიდან მეთაურები თვლიდნენ, რომ ოპერაცია ხანმოკლე იქნებოდა, ჯარისკაცების უმრავლესობამ აღჭურვილობის ნაწილი (ღამის ხედვის ხელსაწყოები, დამატებითი ფირფიტები ჯავშანჟილეტებისთვის, წყლის მარაგი და ა.შ.) ბაზაზე დატოვა.

წარუმატებლობის მეორე მიზეზი: სააზროვნო შაბლონები, რომლებიც დაცდილ ტაქტიკურ სქემებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას ნაკლებად იძლეოდა. 3 ოქტომბრამდე, მსგავსი ტიპის ოპერაციები 6-ჯერ ჩატარდა, რამაც აიდიდს შესაძლებლობა მისცა, კარგად შეესწავლა, თუ როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე. ამასთან, მან შექმნა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციას ამერიკელთა გადაადგილებების შესახებ, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ იღებდა. მოგებული დრო შესაძლებლობას აძლევდა, საჭირო მიმართულებით ძალების კონცენტრაცია მოეხდინა. 3-4 ოქტომბრის ბრძოლის შემდეგ ამერიკელები აღნიშნავდნენ, რომ სომალელთა ჭარბი ძალები მათ სიახლოვეს “უფრო მალე აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვეულებრივად ხდებოდა”.

მესამე მიზეზი: სომალიში გაეროს კონტინგენტის მიერ დაგროვილი  გამოცდილების არგათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ აიდიდის მებრძოლებმა რამდენიმე წარმატებული ჩასაფრება მოუწყვეს პაკისტანელ მშვიდობისმყოფელებს (5 ივნისს 24 პაკისტანელი მოკლეს; მათ შორის 2 – ტყვედ აყვანის შემდეგ), და, ამასთანავე, სომალელებს ამ მომენტისათვის უკვე ჩამოგდებული ჰქონდათ გაეროს ვერტმფრენი “РПГ-7”-ის მეშვეობით, დამატებითი ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით საჭიროდ არავინ ჩათვალა. ამერიკელმა სარდალმა, გენერალ-მაიორმა უილიამ ჰარისონმა 3 ოქტომბრის ოპერაციისთვის ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებაზე ნებართვა ვერ მიიღო.

გაეროს სამშვიდობო კონტინგენტში შემავალი ამერიკელი სამხედროების 3 ოქტომბრის ოპერაცია, რომელმაც ესოდენ საბედისწერო განვითარება ჰპოვა, შემდეგნაირად უნდა განვითარებულიყო: უნდა მომხდარიყო სპეცრაზმ ..დელტას” 40 მებრძოლის დესანტირება სასტუმრო “ოლიმპიკის” სიახლოვეს და იმ შენობის აღება, რომელშიც (დაზვერვის ინფორმაციის თანახმად) აიდიდის მაღალჩინოსანი თანამებრძოლები იმყოფებოდნენ და მისი ტყვედ აყვანა. “დელტას” მებრძოლებს ამოცანის შესრულებაში უნდა დახმარებოდნენ სნაიპერები, რომლებიც ვერტმფრენების ბორტზე რჩებოდნენ.

ამავე დროს, უნდა მომხდარიყო 4 რაზმის (75 რეინჯერი) გადმოსხმა იმ უბნის პერიმეტრზე, სადაც სასტუმრო მდებარეობდა; მათ ოპერაციის ჩატარების ადგილის იზოლაცია უნდა მოეხდინათ. ოპერაციის დასრულებისთვის ისინი სასტუმროსკენ გადაადგილდებოდნენ, საიდანაც უნდა მომხდარიყო მათი – “დელტას” მებრძოლებისა და ტყვეების ევაკუაცია. ამ დროისთვის, 9 “Humwee”-სა და 3 სატვირთო მანქანისაგან შემდგარ კოლონას, რომელიც ბაზიდან ოპერაციის დაწყებისთანავე გადიოდა, “ოლიმპიკამდე” უნდა ჩაეღწია და ევაკუაცია უზრუნველეყო. ვერტმფრენები: 2 “UH-60 (Black Hawk)”-ს უნდა გადმოესხა “დელტას” მებრძოლები სასტუმროსთან,  შემდეგ სნაიპერთა ჯგუფებისა და ტყვიამფრქვევების მეშვეობით მათი მხარდაჭერა მოეხდინა. კიდევ 4 “UH-60”-ს უნდა გადმოესხა რეინჯერები გარე პერიმეტრზე და ოპერატიულ რეზერვში დარჩენილიყო. მოიერიშე ჯგუფში 4 უმართავი რაკეტითა და ტყვიამფრქვევით შეირაღებული “AH-6” შედიოდა. ერთი “UH-60” სამაშველო ჯგუფისთვის გამოყვეს, ერთიც გამოიყენებოდა როგორც საშტაბო ვერტმფრენი, “დელტასა” და რეინჯერების მეთაურები მასში იმყოფებოდნენ. ავიადაზვერვას უზრუნველყოფდა 3 “OH-58” და თვითმფრინავი “P-3 Oრიონ”-ი. ქაღალდზე ყველაფერი ეს, ალბათ, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

აქ აუცილებლად წარუმატებლობის კიდევ ორი მიზეზი უნდა აღვნიშნოთ: ოპერაციაში ერთი სამაშველო ჯგუფის გამოყენება აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა. როდესაც ის ერთ-ერთი “UH-60”-ის ჩამოვარდნის ადგილას გადმოსხდა, მისგან მოშორებით კიდევ ერთი ჩამოაგდეს, თუმცა მისი მგზავრების დასახმარებლად რეზერვი უკვე აღარ არსებობდა.

მეტიც, მაშველების “UH-60”-ს სომალელებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. ის სერიოზულად დაზიანდა და იძულებული გახდა, ბაზაზე დაბრუნებულიყო. მიწაზე დარჩენილი სამაშველო ჯგუფის 15 წევრი (ძირითადად მედიკოსები) ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება: ინფორმაციათა გაცვლა ბრძოლაში ჩართულ რაზმებს შორის სირთულეებს აწყდებოდა, რადგან ოპერაციის მართვის სტრუქტურა მეტისმეტად გადატვირთული აღმოჩნდა; ინფორმაციის გაცვლა დანაყოფებს შორის მინიმუმ ორი დამატებითი რგოლის ჩართვას მოითხოვდა. იყო ორმაგი დაქვემდებარების პრობლემაც: რაზმები ექვემდებარებოდნენ როგორც უშუალო მეთაურებს, ისე დაჯგუფების გაერთიანებულ შტაბს, რაც ერთობ ქაოტურ ვითარებას ქმნიდა.

მივყვეთ მოვლენათა განვითარებას: 3 ოქტომბერი, 15.30: დაზვერვის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალ-მაიორი ჰარისონი ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს.

15.33: კოლონა, რომელმაც ოპერაციის მონაწილეთა ევაკუირება უნდა მოახდინოს, ბაზას ტოვებს.

15.40: იწყება “დელტას” დესანტირება და შენობის შტურმი, რომელიც მალევე წარმატებით სრულდება; აიდიდის ორივე “მინისტრი” ამერიკელებს ტყვედ აჰყავთ. დაახლოებით იმავე დროს ხდება რეინჯერების ჯგუფის გადმოსხმა გარე პერიმეტრზე და პირველი პრობლემები სწორედ აქ იწყება. მათ მოულოდნელად ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს (უბანი, სადაც ოპერაცია ტარდებოდა, აიდიდის მებრძოლების ერთ-ერთ მთავარ “ბუდედ” ითვლებოდა); რეინჯერების ჯგუფებმა მობილურობა დაკარგეს. თანაც მოწინააღმდეგეები ბრბოში ირეოდნენ და ბრბო ყოველ წუთს იზრდებოდა, ბევრი მათგანი იარაღს მალავდა და ცეცხლს მხოლოდ ახლო მანძილიდან ხსნიდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა რეინჯერმა ტოდ ბლეკბერნმა წონასწორობა დაკარგა, თოკს ხელი გაუშვა და ვერტმფრენიდან გადმოვარდა; საჭირო გახდა მისი საწრაფო ევაკუირება.

კოლონა სასტუმროსთან დანიშნულ დროს მივიდა. ბლეკბერნის ევაკუაციისთვის მოხდა სამი “Humwee”-ს გამოყოფა; ამ საევაკუაციო კოლონის წევრებმა ბაზაზე დაბრუნების დროს შეამჩნიეს, რომ ქუჩებში ბარიკადები გაჩნდა, რომლებიც მარშრუტის შეცვლას აიძულებდნენ, რადგან “Humwee”-ს, ჯავშანტექნიკისგან განსხვავებით, ტარანზე წასვლა და ბარიკადის გარღვევა არ შეუძლია. სხვათაშორის, ამ ბრძოლამ ნათლად აჩვენა, რომ “Humwee”-ს ჯავშანი ავტომატის ჯერსაც ვერ აკავებს, ხოლო მეტყვიამფრქვევე, პრაქტიკულად, დაუცველია (“ბლეკბერნის კოლონამ” ერთი მეტყვიამფქვევე დაკარგა).

ამ დროს, სასტუმროსთან მყოფი ჯარისკაცები ბაზაზე დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ; ცეცხლი ძლიერდებოდა. სომალელებმა “РПГ-ს მეშვებით მწყობრიდან ერთი “Humwee” და ერთი სატვირთო მანქანა გაიყვანეს. შემდეგ ჩამოაგდეს “UH-60”, რომელშიც ორი პილოტი, ორი მეტყვიამფრქვევე და “დელტას” ორი სნაიპერი იმყოფებოდა. ამ მომენტიდან ოპერაციის პირვანდელი გეგმა წარსულს ჩაბარდა და დაიწყო იმპროვიზაცია. სასტუმროსთან მყოფი მებრძოლების ნაწილი ჩამოგდებულ ვერტმფრენთან გაგზავნეს. როგორც აღმოჩნდა, დროულად, რადგან იქ მყოფი მაშველები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრაქტიკულად, ალყაში მოექცნენ. ამ დროს ჩამოაგდეს მეორე “Black Hawk”-ი. მისი ეკიპაჟის დასახმარებლად სასტუმროსთან დარჩენილი მანქანები დაძრეს.

იმისთვის, რომ სომალელთა ცეცხლის ეფექტურობა შეემცირებინა, კოლონა ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლები გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობას მოკლებულნი იყვნენ და მარშრუტს მხოლოდ მეთაურის, პოდპოლკოვნიკ მაკნაიტის ბრძანებით ცვლიდნენ. ხოლო ვიდრე ის გაერკვეოდა ქუჩების აბლაბუდაში, რომელთა ნაწილი ბარიკადებით გადაღობეს, მაღალ სიჩქარეზე მიმავალი კოლონა უკვე სცდებოდა საჭირო შესახვევს, გაჩერება, მოტრიალება და უკან დაბრუნება კი, ძლიერი ცეცხლის გამო, წარმოუდგენელი იყო. ეს ყოველივე დასრულდა იმით, რომ მათ ვერტმფრენის დაცემის ადგილამდე ვერ მიაღწიეს და ისევ სასტუმროსთან დაბრუნდნენ. ამ სისხლიანი რალის დროს 4 ამერიკელი მოკლეს, მანქანებში მყოფთა ნახევარზე მეტი დაიჭრა; მიიღეს ბაზაზე დაბრუნების გადაწყვეტილება.

ამავე დროს, მეორე “დაკარგული” ვერტმფრენის სიახლოვეს ტრიალებდა “დელტას” ვერტმფრენი ორი სნაიპერით. მათ სამჯერ სთხოვეს სარდლობას გადმოსხმის უფლება და თანხმობა მხოლოდ მესამე ჯერზე მიიღეს. სნაიპერებმა აღმოაჩინეს ორი დაჭრილი პილოტი და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სომალელებს ვერტმფრენთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ცოცხალი ამ ოთხიდან მხოლოდ პილოტი მაიკ დიურანტი დარჩა, რომელიც სომალელებმა ტყვედ აიყვანეს. ვერტმფრენი, რომელმაც სნაიპერები გადმოსხა, აგრეთვე, “HGU”-ს მეშვეობით დააზიანეს. მან ძლივს გააღწია ბრძოლის ზონიდან და ავარიული დაშვება მოახდინა.

17.45: მეორე ვერტმფრენის დაცემის ადგილთან სარდლობამ გააგზავნა 22 “Humwee”-სგან შემდგარი, სასწრაფო წესით შეკოწიწებული კოლონა. სომალელებმა მისი ბლოკირება მოახერხეს და მან დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია.

18.21-ზე ჰარისონმა მას დაბრუნება უბრძანა, თუმცა ის იმდენად მძიმე ბრძოლაში აღმოჩნდა ჩაბმული, რომ ბრძანების შესრულება მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მოახერხა.

ამასობაში დაბნელდა, ქალაქის შუაგულში, ალყაში დარჩა 99 ამერიკელი, მათ შორის მძიმედ დაჭრილი კაპრალი ჯეიმ სმიტი. მისი ევაკუაციისთვის გაგზავნილმა ვერტმფრენმა დაზიანებები მიიღო და მისია ვერ შეასრულა. სმიტი მალევე გარდაიცვალა. ამერიკელები პირველი ვერტმფრენის დაცემის ადგილის სიახლოვეს გამაგრდნენ.

აქ ჩვენ ამ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბურუსით მოცულ ფურცელს ვუახლოვდებით. ამ მომენტში სომალელებმა არ გამოიყენეს ნაღმმტყორცნები რადგან, მათი თქმით, “იმ ადგილებში, სადაც ამერიკელები გამაგრდნენ,  მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა”. წარმოუდგენელია, რომელიმე სამოქალაქო პირი იმ ვითარებაში იმ ადგილიდან არ გაქცეულიყო. ნუთუ მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იმ დღეს არა მხოლოდ სომალელები იყენებდნენ? თუ აიდიდმა ჩათვალა, რომ ასიოდე ამერიკელის ამოხოცვა (ამისთვის, ერთი შეხედვით, საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდა), მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, მეტისმეტი იქნებოდა?

საერთოდ, მსხვერპლის რაოდენობის დადგენა სომალელთა შორის რთულია; ის ძალიან ზოგადი ციფრით “200-დან 2000-მდე მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლე” განისაზღვრება (ასევე, ბუნდოვანია აიდიდის მებრძოლთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებებში ის 2000-იდან 4000-მდე მერყეობს). აღსანიშნავია, რომ ღამის განმავლობაში ოთხმა “AH-6”-მა 24 საბრძოლო გაფრენა განახორციელა, რომელთა დროს 80 ათასამდე ტყვია და 100-მდე უმართავი რაკეტა დაიხარჯა. ასეთ ვითარებაში მჭიდროდ დასახლებულ უბანში მშვიდობიან მოსახლეობაში ჭარბი დანაკარგის თავიდან აცილება, ცხადია, შეუძლებელია.

21.00: ამერიკული სარდლობა იძულებული გახდა, დახმარება გაეროს მშვიდობისმყოფელებისთვის ეთხოვა.

23.10: ამერიკული მე-10 სამთო დივიზიის ქვეითები პაკისტანელთა ტანკების და მალაიზიელთა ჯავშანტრანსპორტიორების მხარდაჭერით ორი მიმართულებით დაიძრნენ. ერთი ჯგუფი გაემართა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილისკენ, რომლის მოძებნა მაკნაიტის კოლონამ ვერ მოახერხა. დაახლოებით ღამის ორ საათზე მათ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწიეს, ვერავინ იპოვეს და ბაზაზე დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ, გეგმის თანახმად, ისევ ძირითად ძალებს უნდა შეერთებოდნენ. მეორე ჯგუფმა ბრძოლით ჩააღწია იმ ადგილამდე, სადაც 100-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. ევაკუაცია დილის ექვსის ნახევარზე დაიწყო. მანქანებში ყველა ჯარისკაცისთვის საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა. მათი ნაწილი იძულებული გახდა, ფეხით გადაადგილებულიყო. თუმცა მძღოლებმა იმის ნაცვლად, რომ ნელა ემოძრავათ, სიჩქარე აკრიფეს და ეს ქვეითები, მარტონი, სრულიად დაუცველები დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი პრაქტიკულად ცოცხალ სამიზნეს წარმოადგენდა, სომალელებს მათი განაგურებისათვის თავი არ გამოუდვიათ. სულ 3-4 ოქტომბერს მოგადიშოში დაიღუპა 18 ამერიკელი და 1 მალაიზიელი ჯარისკაცი; დაიჭრა 84 ამერიკელი, 7 მალაიზიელი და ორი პაკისტანელი.

დაიწყო ბრძოლის დასკვნითი, საინფორმაციო ეტაპი; მალევე “CNN”-ზე აჩვენეს მოგადიშოში გადაღებული ფირი, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ დაათრევს ქუჩა-ქუჩა ბრბო “დელტას” ერთ-ერთი მებრძოლის დაგლეჯილ გვამს; ასეთი შოკისმომგვრელი კადრები ამერიკულ საზოგადოებას ვიეტნამის შემდეგ არ უნახავს. პრეზიდენტ კლინტონის ბრძანებით, ყველა სამხედრო ოპერაცია აიდიდის წინააღმდეგ (თავდაცვითის გარდა) შეწყდა. 1994 წლის მარტში სომალი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here