Home რუბრიკები ისტორია სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ

სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ

1321

თბილისში, ძნელაძის ქუჩაზე, ოპერის უკან, კალინინის სახელობის რაიონის მილიციის მე-17 განყოფილება იყო განთავსებული. 70-იანი წლებია. სწორედ ამ განყოფილების საკანში იჯდა ახალგაზრდა ულამაზესი ბიჭი, რომელიც მე პირველად 4-5 წლის ასაკში ვნახე. თეთრ ჩოხაში გამოწყობილი მამასთან ერთად ზემელზე ამაყად მოაბიჯებდა. დამეთანხმე­ბით, ადამიანი ბუნების შედევრია, მისი გვირგვინი და სიამაყე! თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ, როგორც წვეთი ჯერ კიდევ არ არის ზღვა, ისე ცალკეული პიროვნება საზოგადოების გარეშე, მარტო სახელითა და გვარით, არაფრისმთქმელია. კალმით ნახატი, ულამაზესი მშობლების შვილი სწორედ რომ საზოგადოებაში, იმდროინდელ ძალზე პრესტიჟულ რესტორან “არაგვში” ყოფნისას მოხვდა ცხოვრების გზაჯვარედინზე, რაც ციხეში ყოფნით უნდა დამთავრებულიყო. მაშინ ამაყმა ახალგაზრდამ თავი ვერ შეიკავა და მილიციის უფროსის მოადგილეს სილა გააწნა. ეს მძიმე დანაშაული იყო.
მეამაყება და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ამ ფაქტმა საშუალება მომცა, უფრო დავახლოვებულიყავი ისეთ ადამიანს, როგორიც გახლდათ ბატონი რეზო თაბუკაშვილი.

რა თქმა უნდა, ოჯახი აფორიაქდა, განთავისუფლების ყოველგვარი მცდელობა ჩაიშალა.

კალინინის რაიკომის პირველი მდივანი გახლდათ ფილიპე მახარაძე, ვისთანაც თხოვნით მივიდა ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. მილიციის უფროსი ნოდარ გვახარია იყო, ცნობილი სპორტსმენი, უძლიერესი წყალბურთელი, საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. რაიკომის პირველმა მდივანმა დაურეკა მილიციის უფროსს და უთხრა: “თქვენთან ქალბატონი მედეა მოვა, მოუსმინეთ და დაეხმარეთ”.

მილიციის უფროსმა, ბატონმა ნოდარმა მოუსმინა ქალბატონ მედეას და უთხრა: “თქვენმა შვილმა გამილახა მოადგილე, ხულიგანია და ციხეში უნდა წავიდეს”. მოგეხსენებათ, ბატონ რეზოს უამრავი ძმაკაცი და თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ნოდარ გვახარია შეუვალი აღმოჩნდა.

ამ დროს მე “ნიანგის” რედაქციაში ვმუშაობდი. სამი კოლორიტული პიროვნება – რეზო თაბუკაშვილი, დოდო აბაშიძე და ამირან დუმბაძე რედაქციაში მოვიდა. წინადადება მოკლე და კონკრეტული იყო: “როგორც გავიგეთ, ნოდარ გვახარია შენი მეგობარი ყოფილა, უნდა დაგვეხმარო”.

გაოცებული დავრჩი. ასეთმა პიროვნებებმა თუ ვერ შეძლეს საქმის გაკეთება, მე როგორღა უნდა შემძლებოდა?! მილიციის უფროსის მოსაცდელში აცრემლებული მედეა რომ დავინახე, ამ საქმის გაუკეთებლობაც ვერ წარმოვიდგინე.

ტრაბახი რომ არ გამომივიდეს, ბედმაც გამიღიმა.

ნოდარი ღიმილით შემხვდა, გამიყვანა კაბინეტის უკანა ოთახში და მითხრა: “ამ საქმეს შენღა აკლდიო”. მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით და, როგორც ჩანს, ძალზე დამაჯერებლად ვუთხარი: “ძმაო, ნოდარ! როგორ გგონია, ასეთი კარგი მომავლის მქონე ახალგაზრდა, მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის შვილი, შენ რომ ციხეში გაუშვა, სხვა აღარავინ გამოჩნდება, რომ გაათავისუფლოს?!”

შევატყვე, სიტყვები ათიანში გავარტყი: ეტყობა, ამ საკითხზე თვითონაც უფიქრია. მილიციის უფროსის მოადგილეც არ აღმოჩნდა ბოღმა კაცი.

საქმე ბოდიშის მოხდითა და შერიგებით დამთავრდა.

საინტერესო ისაა, რომ ქუჩა, სადაც ეს ამბავი მოხდა, დღეს რეზო თაბუკაშვილის სახელს ატარებს, მისი შვილი კი – ლაშა თაბუკაშვილი, ღირსეული ქართველი, მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწეა.

რაკი რეზო თაბუკაშვილზე ვსაუბრობთ, მინდა, მისივე მონაყოლი გავიხსენო. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება, ძვირფასო მკითხველო!

საქვეყნოდ ცნობილია ჰოლანდიის სანაპიროსთან მდებარე კუნძული ტექსელი. ამ კუნძულზე დასაფლავებულია 500 ქართველი მეომარი. სამამულო ომის დროს ისინი ტყვედ ჩავარდნენ, გერმანელებს აუჯანყდნენ და უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ.

რეზო თაბუკაშვილის შემოქმედება მარტო ქართველ ხალხს არ ეკუთვნის. იგი მსოფლიო მნიშვნელობისაა. სიყვარული მისი ძირეული ნიშანი იყო. მას ჰქონდა ერთიანობის საუკეთესო გრძნობა. მისთვის დახლეჩილ-დაქუცმაცებული საქართველოს შვილები არ არსებობდა. იგი არა მარტო ემიგრაციაში წასული ქართველებით იყო დაინტერესებული, არამედ საბჭოთა არმიის იმ ჯარისკაცებითაც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ. ამის ბრწყინვალე მაგალითია სწორედ ის, რის მოყოლაც ახლა განვიზრახე.

მინისტრთა საბჭოს შენობაში შევხვდით ერთმანეთს. ხელში ამავე შენობის გერბიანი ქაღალდი ეჭირა, კითხულობდა და იღიმოდა. მისი ღიმილი მეც გადმომედო და წერილი ბოლომდე ჩავიკითხეთ. წერილის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მთხოვნელს ობიექტური მიზეზების გამო რაღაცაზე უარს ეუბნებოდნენ.

– მთხოვნელი მე ვარ, – მეუბნება ბატონი რეზო, – მაგრამ, მიუხედავად უარისა, კმაყოფილიც ვარ.

– რაღაც ვერ გავიგე, – გავბედე და ღიმილით ვუთხარი.

– სწორედაც რომ “ნიანგის” საქმეა, აბა, ამათ როგორ გავუბედავთ გაკრიტიკებას?!

ორნაირი ხერხი ვიხმარე, რათა ტექსელის სასაფლაოსთვის ისეთი რამ გამეკეთებინა, ჩვენი დღევანდელობა და მომავალი ყოფილიყო გამოკვეთილი.

ამისთვის საჭირო იყო ლითონი. ლითონი “მეტალობაზაშია”, მაგრამ ლიმიტია საჭირო. ლიმიტს კი აქ ანაწილებენ. განცხადება დავწერე, ცეკაშიც ვიყავი, უარყოფითი პასუხიც მივიღე, თანაც, დაგვიანებით, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. სამაგიეროდ, მამაპაპურმა ხერხმა გაჭრა. ზემოდან დავარეკვინე “გლავსნაბში”. იქიდან დარეკეს “მეტალობაზაში” – რეზო თაბუკაშვილი მოვა და დაეხმარეთო.

მივედი. გაუკვირდათ – ამისთვის შეწუხდით?! მეტალი – რამდენიც გნებავთ, მხოლოდ ერთი თხოვნა უნდა შეგვისრულოთ: რესტორანში გავაგრძელოთ საუბარიო.

პირველი სადღეგრძელო სწორედ იმისი შეისვა, რისთვისაც მეტალი მინდოდა.

მეტალი მოქანდაკეებს მივუტანე. საქმეში მხატვრები, ძმები გოგი და ირაკლი ოჩიაურები ჩავრთე. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ გააკეთა ქანდაკება “სიცოცხლის ხე”, რომელიც ავტომანქანებით ჩაიტანეს ბათუმში. შემდეგ კი გემით – კუნძულ ტექსელზე.

ვიყავით ჰოლანდიაში. საზეიმო ვითარებაში დაიდგა ქანდაკება. ჩამოვედი და მივიღე აი, ეს წერილი… ჩვენი ღიმილი სიცილ-ხარხარში გადაიზარდა.

რეზო თაბუკაშვილი დაიბადა 1927 წლის 2 აგვისტოს. გარდაიცვალა 1990 წლის 3 აგვისტოს. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერა ლექსი (სხვათაშორის, ლექსი დაწერილია სხვადასხვა ფერის მელნით), რომელიც შვილიშვილებს მიუძღვნა.

უზომოდ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი, შენი ქვეყანა და ის ადამიანებიც, ვისაც ამ ლექსს უძღვნი. საქართველოს მოუკვდა კაცი, რომელიც დღეს მას ყველაზე მეტად სჭირდება. იგი სიყვარულის გზით მიილტვოდა ერთიანობისკენ. გარდა იმისა, რომ იყო მწერალი, დრამატურგი, კინორეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, ინგლისურიდან ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები. იგი გახლდათ პროფესიონალი დიპლომატი, დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.

აი, ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი.

ჟანი სიხარულიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here