მთავარი ისტორია ქართულად დამტკიცებული ბერძნული სიმართლე

ქართულად დამტკიცებული ბერძნული სიმართლე

1050
გააზიარეთ

37 საუკუნის წინანდელი ენიგმატური ფესტოსის დისკო, რომელიც 1908 წელს აღმოაჩინეს კუნძულ კრეტაზე, დღემდე მეცნიერთა თავსატეხად იქცა. ქართველმა მკვლევარმა გია კვაშილავამ მათემატიკური განათლებით, მდიდარი წარმოსახვითა და ლოგიკური აზროვნებით შეძლო ალგორითმის შექმნა, რასაც 17 წლის უწყვეტი შრომა მიუძღვნა. მან ამ დროში, როგორც პროფესორი მარიკა ჯიქია აღნიშნავს, აითვისა არეალით მოტივირებული ყველა დამწერლობითი სისტემა და შტუდირების წესით გაეცნო დიდძალ სპეციალურ ლიტერატურას.
«საქართველო და მსოფლიო» უკვე იუწყებოდა გია კვაშილავას მიგნებისა და იმის შესახებ, რომ მან შეძლო ცალ-ცალკე ნახატ-ნიშნების მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვა, შეაჯამა დისკოს ორივე მხარის შინაარსი და ლონდონის კონფერენციას წარუდგინა მოხსენება «ფესტოსის დისკოს – კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუშის – გაშიფვრა» (ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ მის შესახებ, ჟურნალ «მინერვას» გარდა, ასევე იუწყებოდნენ ამერიკის ფილოლოგიური ასოციაცია, ბრიტანეთის ეპიგრაფიკის საზოგადოება, აღმოსავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის ლინგვისტური საიტი და გაზეთი «ნიუ-იორკ თაიმსი»). აღვნიშნეთ ისიც, რომ ქართველი მკვლევარის ამ აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა მთელი 100 წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ნაღვაწი.

ბატონმა გია კვაშილავამ მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის – ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნების ფონეტიკური გაშიფვრის დროს ისინი შეადარა სხვა დამწერლობების ნიშნებს (მაგალითად, ეგვიპტურ და ხეთურ-ლუვიურ იეროგლიფებს, პროტო-სინაიტურ კონსონანტურ გრაფემებს, B-ხაზოვანი/მიკენური-ბერძნული და მონათესავე ჩ-ხაზოვანი/კვიპროსული დამწერლობების სილაბოგრამებს) და მათ ფონეტიკურ მახასიათებლებს.

კვლევის მეთოდები, რომლითაც მკვლევარმა მიაღწია ფესტოსის დისკოზე ამოტვიფრულ ნახატ-ნიშანთა ამეტყველებას კოლხურ ენაზე, მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება, – ერთსულოვნად აცხადებენ ავტორიტეტული მეცნიერები და დასძენენ, რომ გია კვაშილავამ ფესტოსის დისკოს წარწერის წაკითხვით მიაგნო ოთხი ათასი წლის წინანდელ ძველკოლხების ენას, რომლის დღევანდელ გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს საქართველოსა და თურქეთის რეგიონებში – სამეგრელოსა და ლაზეთში შემონახული მეგრული და ლაზური.

ბუნებრივია, გია კვაშილავას ამ აღმოჩენამ შეაშფოთა საკუთარ წარსულზე განსაკუთრებული მზრუნველობით გამორჩეული ბერძენი მეცნიერები, თორემ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს არის უბრალოდ თიხის დისკო 16-სანტიმეტრიანი დიამეტრით, რომელიც ამჟამად ირაკლიონის მუზეუმში ინახება. 2,5 სანტიმეტრის სისქის გამომწვარ თიხაზე დაწერილია ერთ მხარეს 122, ხოლო მეორეზე – 119 სიმბოლოს შემცველი საიდუმლოებით მოცული ეპიგრაფი. ფესტოსის დისკო პირველი «დაბეჭდილი» ნაწერია, რადგან მსოფლიოში პირველი ნიმუშია, რომელიც ტოპოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. პროფესორი ტასოს კაფანდარისი მას პირველ კომპაქტდისკს ადარებს, ფესტოსის დისკოც ხომ სწორედ ინფორმაციის შენახვის მიზნით შეიქმნა და დღემდე არაჩვეულებრივად ასრულებს ამ მისიას – უკვე 3700 წელია, მასზე დატანილ ინფორმაციას ინახავს.

ალბათ, ამ დღემდე აუხსნელობამ დააეჭვა ძველი კულტურის შემსწავლელთა ჟურნალ «მინერვას» გამომცემელი და ძველი ხელოვნების ნიმუშების ტრფიალი დოქტორი ჯერომ აიზენბერგი, რომელიც ლონდონის 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრის კონფერენციის ორგანიზატორი იყო. იგი ბერძნულ არქეოლოგიურ წრეებში დიდ გაღიზიანებას იწვევს. ამის მიზეზი კი, პროფესორ კაფანდარისის აზრით, ის არის, რომ აიზენბერგმა 1990 წელს კორინთოს მუზეუმიდან მოპარული სამი ამფორის ფოტო ჟურნალ «მინერვაში» გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომავლობის შესახებ კარგად უწყოდა (სხვათა შორის, FBI-მ 250 მოპარული ექსპონატი ფლორიდის ერთ-ერთ სარდაფში იპოვა. თუმცა დღემდე გაურკვეველია მარმარილოს სამი ბიუსტის ბედი: ეროსის, სერაპიდოსის და იულიუს კეისრის).

პროფესორი კაფანდარისი ანტაგონისტურად არის განწყობილი დოქტორ აიზენბერგის ეჭვის მიმართ ფესტოსის დისკოს ნამდვილობასთან დაკავშირებით. ბერძენი მეცნიერი შეურაცხყოფად აღიქვამს «მინერვას» რედაქტორ-გამომცემლის მოსაზრებას. იგი ლონდონის კონფერენციის მასალების გაცნობის შემდეგ დაასკვნის, რომ აიზენბერგის გაყალბების სცენარმა ფართო გამოხმაურება ვერ ჰპოვა. თუმცა, პროფესორის აზრით, საბერძნეთის მიმართულებით გამოწვევა მაინც ითხოვს დასაბუთებულ პასუხს. მას არგუმენტად მოჰყავს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების კვლევის შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია დისკოს ნამდვილ შინაარსსა და არსთან.

ბერძენი პროფესორი სპეციალურად ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში წერს:

«მესამე დამკვირვებლებს, ანუ თქვენ და მე, გამოცდილ მკვლევარებთან შედარებით ერთი უპირატესობა გვაქვს: შეგვიძლია ჩვენს ფიქრებში გადავხარშოთ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ელემენტები. ოღონდ ისე, რომ სამეცნიერო ჩარჩოებს ძალიან არ დავშორდეთ…

ზოგიერთი ფესტოს დისკოს მინოსამდე პერიოდში ეგეოსზე გაბატონებული ხალხის დამწერლობად მიიჩნევს. ყურადღება მივაქციე იმ ენებს შორის იდენტურობას, რომლებიც დროდადრო დისკოს დამწერლობას იჩემებდნენ და გამახსენდა ზღვაზე მინოსების ბატონობის მასშტაბები. ვითომ, ნაკლებად სავარაუდოა, ამ ძველ ენას არსობრივი ზეგავლენა მოეხდინა იმ რეგიონის ენების ჩამოყალიბებაზე?

ჩემი ჰიპოთეზა გააძლიერა აიზენბერგის კონფერენციაზე ქართველი გია კვაშილავას მოხსენების წაკითხვამ. ათწლეულების წინ ავსტრიელი პროფესორის ჰერბერტ ძებიშის მოსაზრებებზე დაყრდნობით «პელაზგური ენებისა» და მათი კავშირის შესახებ თანამედროვე ქართულთან, მან თავისი კომპიუტერი გამოიყენა A-ხაზოვანი დამწერლობისა და ძველი კოლხურის შედარებითი ანალიზისთვის. კვაშილავამ დაასკვნა, რომ არა მხოლოდ ტექსტია კოლხური, არამედ ის კრეტაზე ჩაიტანეს მათმა ქურუმებმა – კორიბანტებმა, რომლებიც ლიმნოსისა და სამოთრაკის კაბირებს უკავშირდებიან. ამ ენაზე მეტყველებდა მინოსის მეუღლე პასიფაე, რომელიც კოლხეთიდან იყო, ისევე, როგორც კოლხეთის მეფე აიეტი, მისი ქალიშვილი მედეა და მისი და – ჯადოქარი კირკე».

მოკლედ, დოქტორ აიზენბერგის ეჭვმა დისკოს ნამდვილობის შესახებ დიდი ხმაური გამოიწვია. მისი აზრით, დისკოს აღმომჩენმა ლუიჯი პერნიერმა თვითონ შექმნა დისკო, რათა კნოსოს გამთხრელის არტურ ევანსისადმი თავისი ბოღმა ჩაეხშო, ხოლო სპირალური ეპიგრაფის იდეა მისი მსგავსი ეტრუსკული დისკოდან გადაიღო. აიზენბერგმა თხოვნით მიმართა ირაკლიონის მუზეუმს, რომ გადაიხედოს და ხელახლა დადგინდეს დისკოს ასაკი თერმოლუმინესცენციის მეთოდით, რომელიც ერთი პატარა ნაწილის გახსნასა და მასზე შეხებას ითვალისწინებს. საპასუხოდ კი უარი მიიღო. მუზეუმის კურატორმა ნოტა დიმოპულუ-რეთემიოტიკისმა მისწერა, რომ «ფესტოსის დისკოსა და არკალოხორის ნაჯახის გამოკვლევა შეუძლებელია, რადგან ნაჯახი შეფუთულ მდგომარეობაშია, ხოლო ფესტოსის დისკო, თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, არ უნდა გაინძრეს და გადაადგილდეს».

დოქტორ აიზენბერგის მიერ თავისი წერილის და მიღებული პასუხის გამოქვეყნებამ დიდი ხმაური გამოიწვია არამარტო სამეცნიერო წრეებში. მალე ხმებიც გავრცელდა, თითქოსდა მუზეუმი მალავს კოლოსალურ ტყუილს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საეჭვოა ექსპონატების შესანახად განკუთვნილი დაფინანსების საკითხის მოგვარება, ხოლო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შარშან დაკეტილი ირაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი არც ამ ზაფხულს გაიხსნება.

პროფესორ ტასოს კაფანდარისის პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ და რედაქციაში სასაუბროდ მოვიწვიეთ ქართველი მათემატიკოსი გია კვაშილავა, რომელმაც «ფესტოლოგების» ყურადღება სენსაციური აღმოჩენით მიიპყრო.

– ბატონო გია, თქვენი აზრით, რატომ შეეპარა ეჭვი დოქტორ აიზენბერგს ფესტოსის დისკოს ნამდვილობაში? 

– ასეთი ეჭვი დოქტორმა აიზენბერგმა თავის სამეცნიერო ჟურნალ «მინერვაში» ჯერ კიდევ კონფერენციამდე გამოთქვა. მისი აზრით, დისკო ნაყალბევია, რადგან არ იშიფრება. ასევე არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ დისკოს ნახატ-ნიშნები სხვადასხვა კუთხით არის წარმოდგენილი. შემდეგ იგი ჩემს ნაშრომს გაეცნო და ლონდონის კონფერენციაზე მიმიწვია. ჩემს მოხსენებაში მითითებულია, რომ დისკოს ნახატ-ნიშნები მობრუნებულია სხვადასხვა კუთხით და ვუჩვენეთ სხვა დოკუმენტებიც. კერძოდ, ის, რომ არკალოროსის ცულის, მალიის ქვის ბლოკის და ფესტოსის ლარნაკის ნახატ-ნიშნებიც მობრუნებულია. ასევე, სხვადასხვა კუთხით წარმოვადგინე კრეტული იეროგლიფები, რამაც აიზენბერგის გაოცება გამოიწვია და მან დარბაზშივე განაცხადა, რომ ეს არის «განსაცვიფრებელი» მოხსენება.

აიზენბერგის ეჭვს საფუძვლად დაედო ცნობილი ბელგიელი მეცნიერის ივ დიუოს მიერ 1996 წელს ამერიკის არქეოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომ ფესტოსის დისკოს გაშიფვრა შეუძლებელია.

ლონდონის კონფერენციამ ნათლად დაადასტურა, რომ ფესტოსის დისკო ნამდვილია. ამის შემდეგ მთლიანად შეწყდა დისკოს ნაყალბევობაზე საუბარი. თუმცა, ბუნებრივია, აიზენბერგის ეჭვმა ძალიან შეურაცხყო საბერძნეთის სამეცნიერო წრეები. ჩემი აღმოჩენით კი ბერძენმა მეცნიერებმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიპოვეს, რომ ფესტოსის დისკო ნამდვილია.

ისიც უნდა ითქვას, ინგლისელმა მეცნიერმა ნიკოლას რიდმა მკაცრად დაასაბუთა, რომ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნების ტექსტი 16-ჯერ არის ჩასწორებული, რასაც გამყალბებელი ნამდვილად ვერ შეძლებდა.

სხვათა შორის, თავს არიდებენ საუბარს ვლადიკავკაზში აღმოჩენილ ფესტოსის დისკოს ზუსტი ასლის ნატეხზე. იგი 1992 წელს აღმოაჩინეს და მაშინვე განაცხადეს, რომ ნაყალბევია. ეს ნატეხიც შესწავლას საჭიროებს. ნამდვილად არ ვიცი, სად არის ამჟამად ვლადიკავკაზის დისკო. ამ ნატეხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია პროფესორ კაფანდარისის ბრალდებები დოქტორ აიზენბერგის მიმართ, თითქოს იგი უნიკალური არქეოლოგიური ნივთით ვაჭრობს?

– ეს უფრო სამეცნიერო წრეებს შორის კონფლიქტი მგონია. დოქტორი აიზენბერგი მინოსური კულტურის მაღალი დონის მკვლევარია და ამ დარგის სპეციალისტებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. პროფესორ კაფანდარისის გამოთქმებს მე უფრო ცხელ გულზე ემოციურ ნათქვამს ვუწოდებ, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბერძნებმა პირად შეურაცხყოფად მიიღეს აიზენბერგის ეჭვი ფესტოსის დისკოს ნამდვილობასთან დაკავშირებით.

– ქართულ სამეცნიერო წრეებში რა გამოხმაურება გამოიწვია თქვენმა სენსაციურმა აღმოჩენამ?

– ზოგს გაეხარდა, ზოგს ირონია გაუჩნდა, ზოგიც გაბრაზდა და ეს სიბრაზე დღემდე არ განელებია. თუმცა ჩემთვის გაუგებარია მათი ამგვარი დამოკიდებულება. თუ რამე აინტერესებთ, წაიკითხონ ჩემი მოხსენება და, იქნებ, უფრო საღად შეხედონ ამ აღმოჩენას. თუ რამე შენიშვნა აქვთ, მირჩიონ. სხვათა შორის, რამდენიმე მეცნიერი კონსულტაციასაც მიწევს და ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ პროფესორებს: ნანა შენგელაიას, ნანი ჭანიშვილს, ნელი მახარაძეს, ინგა შადურს და სხვებს.

– ხელისუფლებამ თუ მიაქცია ყურადღება თქვენს აღმოჩენას?

– მისი მხრიდან ვერანაირი დაინტერესება ვერ დავინახე. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ და წერილები მივწერე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს და სხვა უწყებებს. ყველა ჩემმა წერილმა ბოლოს თავი მოიყარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. იქიდან ჯერ არავინ შემხმიანებია, ალბათ, იმიტომ, რომ ამას 9 აპრილს დაწყებული აქციები დაერთო და ვეღარ მოიცალეს.

პროფესორი ტასოს კაფანდარისი თავის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით უამრავ ლიტერატურას გაეცნო და მისი წერილითაც ადვილად ვრწმუნდებით, რომ ეს დისკო მისთვის მხოლოდ უბრალო თიხის ფირფიტა არ არის. იგი თავის დაკვირვებას იმ რწმენით გვთავაზობს, რომ, «როცა არ შეგიძლია გაუნათო შენს წინ მყოფთ, კარგია, უკან მყოფთ მაინც მიუნათო». მისთვის ქართველი მკვლევარის აღმოჩენა სწორედ ის ლამპარია, რომელიც ამ საიდუმლოებით მოცული დისკოს გაშიფვრაზე წლობით დამაშვრალ მეცნიერებს უნათებს. გია კვაშილავას ალგორითმმა ბერძნებს (და არა მარტო მათ!) იმ საიდუმლოში ჩაწვდომის საშუალება მისცა, რამაც საყოველთაო გაოცება და შეშფოთება გამოიწვია. გასაკვირი არ არის, – ისევე, როგორც ყველა საკუთარი ისტორიის პატივისმცემელი ერი, ბერძნებიც სათუთად უფრთხილდებიან თავიანთ წარსულს.

ბატონმა გია კვაშილავამ ეს წარსული ქართულად გაანათა. ამიერიდან ფესტოსის დისკო მხოლოდ ბერძნების კი არა, ჩვენი – ძველი კოლხების შთამომავლების სიამაყის საგანიც არის. ამ სიამაყესთან მიახლოების საშუალება კი ქართველი მკვლევარის აღმოჩენამ მოგვცა.

 

ბონდო მძინარაშვილი

 

P.S. ფესტოსის დისკოს საიდუმლოებით დაინტერესებულ საზოგადოებას ამ უნიკალური თიხის ფირფიტის შესახებ მასალების გაცნობა შეუძლია აშშ საკანონმდებლო ვებსაიტზე: www.USLAW.COM და ჟურნალ «მინერვას» ვებსაიტზე: www.MINERVAMAGAZINE.com

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here