Home რუბრიკები პოლიტიკა 149 პარლამენტარიდან ერთი მაინც დაგვისახელეთ, რომელმაც დაპირებები შეასრულა

149 პარლამენტარიდან ერთი მაინც დაგვისახელეთ, რომელმაც დაპირებები შეასრულა

2652
149 პარლამენტარიდან ერთი მაინც დაგვისახელეთ, რომელმაც დაპირებები შეასრულა

გვეშველა! ტურისტული ნაკადის მომატებამ თავისი გაიტანა და თავისუფალ ცურვაში მყოფი ეროვნული ვალუტა ისევ კალაპოტში მოაქცია. ოფიციალური მონაცემებით, ტურისტული ნაკადი წინა თვის პირველ დეკადასთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, რამაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება გამოიწვია და დოლარისა თუ ევროს დეფიციტი ნაწილობრივ შეივსო. ამით ორი რამ გაირკვა: პირველი ის, რომ დედოლარიზაცია ამ ფორმით სახელმწიფოს მხრიდან შეცდომა იყო (მაგრამ არ აღიარებენ დღემდე) და მეორე _ ქვეყანა სეზონურად ცხოვრობს. რას ჰქვია სეზონური ცხოვრება? ზაფხულსა და ზამთარში ველოდებით ტურისტებს, შემოდგომაზე _ მოსავალს, რათა მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლით იარსებოს გლეხმა, გაზაფხულზე კიდევაი, გაზაფხულზე გვაქვს რამე მოსაფიქრებელი, რადგან, როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს გვიჭირს.

წესისამებრ, გაზაფხულზე იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ინვესტორებიც ამ დროს შემოდიან, მაგრამ ეს სხვა ქვეყნებში. ჩვენთან არც ინვესტორები ჩანან, არც გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები და დაბალბიუჯეტიან პროექტებს კი ის ფირმები იგებენ, წინასაარჩევნოდ პარტია რომ შეუყვარდებათ ხოლმე და მათ ყულაბაში ათასებს რიცხავენ.

წეღან სახელმწიფოს შეცდომა ვახსენეთ და შეუძლებელია, არ ვისაუბროთ მინისტრების შეცდომებზეც. უფრო ზუსტად კი, ის, რასაც მინისტრები აკეთებენ, უბრალოდ, არასწორია, არამართებულია, რეალობას არის აცდენილი. ლარის გაუფასურების შემდეგ, როგორც ფინანსთა, ისე ეკონომიკის მინისტრები გვარწმუნებდნენ, საგანგაშო არაფერი ხდება და პროდუქტების გაძვირება გამორიცხულიაო, გვეგონა, ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ გათვლილდათვლილი ჰქონდათ, გაზაფხულზე ხილბოსტნეული შემოდის და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იაფი იქნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

მაშინ, როცა ყველაზე იაფი უნდა ყოფილიყო პროდუქცია, გაირკვა, რომ კარტოფილის ფასმა 66,61%-ით მოიმატა, ხახვი 63,76%-ით გაძვირდა, კომბოსტოს ფასზე ნამატი 59,78%-ია, კიტრს 57,04%-ით უფრო ძვირად იყიდით, პომიდორი კეთილშობილურად მოიქცა და მხოლოდ 28%-ით გაძვირდა. და ეს ხდება მაშინ, როცა ამ პროდუქციის სეზონია, როცა გლეხების უმრავლესობა ბაზარშია და საკუთარ მოსავალს ყიდის, მაგრამ…

არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება თითქმის განულებულია და იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. სოფლის მეურნეობის პროდუქტებითაც კი, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ადგილობრივ ბაზარს სულ რაღაც 12%-ით ვაკმაყოფილებთ, დანარჩენი შემოტანილია. შესაბამისად, როგორც კი ლარი გაუფასურდა და დოლარმა მოიმატა, გაძვირდა შემოტანილი პროდუქტი. გლეხი მიხვდა, რომ მისი ნატურალური პროდუქტი ბაზარზე იმპორტირებულ და ძირითადად შხამ-ქიმიკატებით გაჯერებულ ნაწარმზე იაფი ღირდა და, რაღა თქმა უნდა, მანაც გააძვირა. შედეგად, დაზარალდა მომხმარებელი და დაზარალდა გლეხი. მომხმარებელი იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, ძვირი უნდა გადაიხადოს და გლეხი კი იმიტომ, რომ გაძვირებული ხოლ-ბოსტნეული ძნელად საღდება. ხალხს ფული, უბრალოდ, აღარ აქვს და, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ “გამოსავალი” მონახა _ 2020 წლიდან პენსია 20 ლარით მოიმატებს. იცით, როგორ არის? აი, ევროპა-ამერიკისკენ რომ ვაკეთებთ სწორებას და ჩვენი “მიღწევებით ვაოცებთ”, ბარემ ისიც ვუთხრათ, რომ პენსიის მატების მხრივ გარღვევა გვაქვს და მომავალი წლიდან პენსია 7 დოლარით გაიზრდება (უცხოურ ვალუტას უკეთესად გაიგებენ). ვამცნოთ მსოფლიოს, რომ პენსიას ერთი კოლოფი სიგარეტის ფასის შესაბამისად ვზრდით. ჰო, ერთი კოლოფი სიგარეტი ევროპა-ამერიკაში სწორედ 7 დოლარამდე ღირს და, ჩვენთან თუ ამ ტემპით გაგრძელდა მატება თამბაქოზე, მალე აქაც იგივე იქნება. წეღან აქცენტი პროდუქტებზე გავაკეთეთ, თორემ ბოლო თვეში ადგილობრივი წარმოების უფილტრო (!) სიგარეტის ფასმა 104,14%-ით მოიმატა.

ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ამ მოვლენებს შორის კავშირს ვერ იპოვის, თუმცა, ჩვენი აზრით, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ წვრილმანმა დანაშაულმა იმატა, სოციოლოგიურ ფონთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ადამიანები იპარავენ საკვებს, ქურდავენ მაღაზიებს და მიაქვთ პროდუქტი, სოფლებში იკარგება გოჭი, ქათამი, თხა, ცხვარი, ანუ ის, რაც ადვილი მოსაპარი და დასამალია. და როგორ გგონიათ, კაცი რომ ერთ ქათამს მოიპარავს, გათვლა იმაზე აქვს, რომ ნაქურდალით გამდიდრდეს თუ უბრალოდ, ის ერთი დღე მშიერი არ იყოს?! მარნეულში გლეხს ეზოდან დაახლოებით 20 კვადრატულ ბოსტანში კიტრი და პომიდორი რომ მოჰპარეს, ბაზარში წაიღეს გასაყიდად თუ სახლში მიიტანეს და შეჭამეს? სრული სერიოზულობით ვამბობთ: ხელისუფლება დაყრუვდა თუ თავს იყრუებს (რბილად ვამბობთ) და ვერ ხედავს, რომ ქვეყანაში დაახლოებით ის მდგომარეობაა, უკრაინაში “გოლოდომორის” პერიოდში რომ იყო? სახლში გასაყიდი არაფერი დარჩათ ადამიანებს. აგერ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა მოქალაქეების მიერ გადაუხდელი კრედიტების გამო, საერთო ჯამში, 170 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვითომ არაფერი ხდება, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ ეს ყველაფერი.

ყველაზე პარადოქსული, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გაძვირებულ პროდუქტზე ფასის შენარჩუნებაა მაშინაც კი, როცა ლარი გაუფასურების შემდეგ გამყარებას იწყებს, ეს არანაირად არ აისახება ფასებზე. არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც შემომტან ფირმებს ეტყვის, რომ გაძვირებული პროდუქცია ძველ ნიშნულზე დააბრუნონ. არა, ბატონებო, საკმარისია, ერთხელ წაუცდეთ ხელი, ერთხელ მოუმატონ ფასს და მერე, ლარის კურსი დოლარისას რომ გაუთანაბრდეს, ფასს ცოცხალი თავით აღარ აკლებენ. მაგალითსაც გეტყვით _ გასული წლის მიწურულს გაძვირებული პური ნაახალწლევს უნდა გაიაფებულიყო, ამის პირობა თვითონ პრემიერმა მოგვცა, მაგრამ არც პური გაიაფებულა და მოცემული პირობაც მიივიწყა ყველამ.

აგერ, რამდენიმე დღის წინათ, პარლამენტარის მანდატისთვის დახოცეს ერთმანეთი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. ორივე მხარე ამტკიცებდა, ეს ერთი კაცი პარლამენტში თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს, თქვენს ყოფას შეცვლისო. დაგვისახელეთ 149 პარლამენტარიდან ერთი მაინც, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა ყოფა და დაპირებები შეასრულა, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ხალხი შიმშილობს, რომ ქვეყანაში უკიდურესი სიდუხჭირეა. რატომ უნდა დაგიჯეროთ, ბატონებო, ერთი მიზეზი გვითხარით, რატომ?! ან პრემიერს რატომ უნდა დავუჯეროთ, რომელიც დაპირებების მოსაცემად ბრიფინგებს მართავს, შემდეგ კი თვეები გადის და ამ დაპირებებს არც არავინ ახსენებს და არც სრულდება. ვინმემ აგვიხსნას, რატომ არის, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა და ჩვენთან საწვავი ძვირდება? ამ გაძვირებების გამო ხალხი ქუჩაში გამოდის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამის შნოც აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ ქუჩაში ერთი დღე უქმად დგომა და “წადი, წადის” ძახილი იმ დღეს ოჯახის მშიერი დატოვებას ნიშნავს, შინ მოსულ მშობელს კი შვილისგან ყველაზე მეტად ერთი სიტყვის გაგონების ეშინია _ მშია!”

გულზე ხელი დაიდეთ, ბატონო პარლამენტარებო, მინისტრებო, მაღალჩინოსნებო და გვითხარით: როცა თქვენი შვილი ამბობსმშიაო”, რამდენი ვარიანტი აქვს იმის, რომ ჭამოს და, რაც მთავარია, რამდენად ფართოა კვების ასორტიმენტი? და იცით, რომმშიასძახილზე ხალხის უმრავლესობა ბავშვებს პურის ყუას უტეხავს და მაგიდაზე დაყრილ ნამცეცებს ხელით ხვეტავს და პირში იყრის, კუჭი რომ მოატყუოს? იცით, რომ ამ სიცხეში ათასობით ბავშვს ნაყინი არ უჭამია იმიტომ, რომ ნაყინსა და პურს ერთნაირი ფასი აქვს და მშობელს ურჩევნია, პური იყიდოს?

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ასე და როდის აივსება მოთმინების ფიალა. საქართველოში არსებობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, წელზე შემორტყმული ქამარიც აღარ ეჭირება, რადგან მაქსიმალურად არის შემოჭერილი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ერთი შეხედვით საშველი არსაიდან ჩანს და მხოლოდ მაღალი ტრიბუნებიდან იმის ძახილი, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ წინ მივდივართ, რომ თურმე ბიზნესის კეთების კუთხით საუკეთესო ექვსეულში ვართ, დიდი ვერაფერი შვებაა. ბიზნესის კეთების კუთხით საუკეთესოები ვიქნებით, რადგან ფული არავის აქვს, ბიზნესი რომ დაიწყოს და ამიტომ მისი დაწყების სირთულის საზომიც არ არსებობს. ეს არის მწარე რეალობა, ბატონებო და, მაგალითად, პრემიერის დაუგეგმავი ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც 100 ათასი დაგვიჯდა, გულზე ლახვრად ესობა მშიერ ხალხს. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ამ ზაფხულს დასასვენებლად მსოფლიოს საუკეთესო კურორტებს აირჩევთ და სოციალურ ქსელებში თქვენი შვილები ეგზოტიკური ფოტოების გამოქვეყნებში გაეჯიბრებიან ერთმანეთს. მოსახლეობის უმრავლესობის შვილებს კი სოციალური ქსელიც არ აქვთ, იმიტომ, რომ ინტერნეტის გადასახადით პურის ყიდვა შეიძლება…

P.S. “პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს!”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here