Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო მუდმივად დარჩება სტაბილური სტაგნაციის რეჟიმში

სოსო ცინცაძე: ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო მუდმივად დარჩება სტაბილური სტაგნაციის რეჟიმში

699
სოსო ცინცაძე

2 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნატოსაქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ორივე მხარისთვის მისასალმებელია. მისი თქმით, იმ ვითარებაში, როცა რუსეთი განაგრძობს, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს ყირიმსა და შავი ზღვის რეგიონში, ალიანსის მოქმედება აუცილებელია. მისივე განმარტებით, ალიანსი აძლიერებს პრაქტიკულ მხარდაჭერას ორივე ქვეყნისადმი, რაც რიგი მიმართულებებით აქტიურ ხელშეწყობასა და თანადგომას, მათ შორის რეფორმების პროგრამების მხარდაჭერასაც გულისხმობს.

ცნობისთვის: სტოლტენბერგის განცხადებას მალე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს აქტიურობა ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას, რაზეც რუსეთი იძულებულია, შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს: “იზრდება ნატოს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ხომალდების შემოსვლების რაოდენობა შავი ზღვის მოკავშირეთა და პარტნიორთა პორტებში, სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენები, რუსეთის საზღვრის გასწვრივ უპილოტო საფრენი აპარატები. მოდერნიზაციას განიცდის ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურა და მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება. სწავლებისას მუშავდება სცენარები, რომლებიც ითვალისწინებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომლებსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა. ჩვენ იძულებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ალიანსისა და მისი წევრი ქვეყნების სამხედრო საქმიანობა და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ…”

რას ნიშნავს საქართველოსთვის, ერთი მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე და, მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია შესაბამის რეაგირებაზე, რომელსაც მოსკოვი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ახორციელებს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებული მზარდი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპანსიის საპასუხოდ ზრდის წარმომადგენლობას რეგიონში, როგორც ხმელეთზე, ისე საზღვაო და საჰაერო სივრცეებში. საქართველოში ამას ერთგვარი პოლიტიკური ოვაციები და ჟრიამული მოჰყვა, თუმცა 3 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ განაცხადა, რომ ალიანსის აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში ძირს უთხრის სტაბილურობას, რომლის გამოც ოფიციალური მოსკოვი იძულებულია, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ყველაფერი, რა გამოწვევების წინაშე დადგება მომავალში საქართველო, თუ ნატო მართლა შეეცდება აქ გარკვეული წარმომადგენლობის გაზრდას რუსეთის საწინააღმდეგოდ?

_ აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ: ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად არის რაღაც ჟრიამული და ოვაციები, რომლებიც, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია, თუმცა ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსებისა და მათ შორის ნატოს ხელმღვანელობის მხრიდან მსგავსი განცხადებები ხშირად კონკრეტიკას არის მოკლებული. ყოველთვის გვესმის ხოლმე ზოგადი ფრაზები, რომ აი, დემოკრატიას რაღაც ემუქრება, აი, პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტი ხელყოფილია და საჭიროა ზომები, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: კონკრეტიკის გარეშე ძნელია ამა თუ იმ პოლიტიკური გზავნილის მარგი ქმედების კოეფიციენტის შეფასება, ვინაიდან პოლიტიკა შედეგებია. ჯერჯერობით ეს შედეგები მაინცდამაინც თვალსაჩინო არ არის. რაც შეეხება რუსეთის საპასუხო რეაქციას, კონკრეტულად ზახაროვა, ჩვენი ირაკლი კობახიძის არ იყოს, ხანდახან პოლიტიკურ დაუკრეფავში გადადის ხოლმე, რაც დიპლომატიის ჩარჩოებში ვერ ჯდება, თუმცა ვფიქრობ, კრემლი ჯერჯერობით გამაფრთხილებელი განცხადებით შემოიფარგლება და დაელოდება რეალურ შედეგებს…

_ რა შეიძლება, იყოს ეს რეალური შედეგი?

_ რეალური შედეგი, რომელსაც მოსკოვის მხრიდან კონკრეტული რეაქცია მოჰყვება, შეიძლება იყოს ის, რომ, მაგალითად, შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საქართველოს აკვატორიაში, ნატოს სამხედრო წვრთნები გახშირდეს. ეს უკვე იქნება, როგორც დიპლომატები იტყვიან, დროშის დემონსტრაცია, თუმცა კონკრეტული ობიექტური გარემოება, რომელმაც შეიძლება, ერთი მხრივ, რუსეთის აგრესია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვიოს, აი ავშენდითო, ასეც არ არის; რას ვგულისხმობ? ვთქვათ, მართლა გახშირდა ეს სტუმრობა, შემოვიდნენ ალიანსის სამხედრო გემები, ჩატარდა წვრთნები და წავიდნენ, მერე რა? ეს ერთი, მეორე _ დღეს ჩვენ საკითხს ასე ვუდგებით _ ან ყველაფერი, ან არაფერი! ე.ი., ნატოს წევრობის გარდა, სხვა ყველაფერი არაფერია. არადა, ფაქტია: დღეს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სამხედრო მოკავშირე არ ჰყავს პოლიტიკურ დონეზე და, საერთოდ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად უქომაგო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცის რუსეთმაც, იციან რეგიონის სხვა ქვეყნებმაც. რაც შეეხება ისევ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ სურთ, დაიცვან უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიები, თუ დააკვირდებით, მსგავსი განცხადებების შემდეგ აქტიურდება ხოლმე ბორდერიზაციის პროცესი. ამით, ფაქტობრივად, რუსეთი გამოხატავს თავის პოზიციას _ აბა, მოვიდესნატოდა, თუ ასეთი მაგარია, ამოთხაროს ეს ბოძები. შედეგად, საქართველო დღითიდღე კარგავს ტერიტორიებს და ჯერჯერობით არანაირი პოლიტიკური ნიშანწყალი ამ მდგომარეობიდან თუნდაც ნაწილობრივ გამოსვლის არ ჩანს.

_ გარდა იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იმაგრებს პოზიციებს, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი ნატოს გააქტიურებაზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში? სხვათა შორის, ზახაროვამ თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ალიანსის წვრთნებს ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც სწავლებებისას მუშავდება რუსეთზე დარტყმის სცენარები

_ რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ყურადღებით აკვირდება და ეს არც უნდა გვიკვირდეს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, არ მგონია, მოსკოვი ნატოს ხელმძღვანელობის განცხადებების საპასუხოდ ხვალ-ზეგ რაღაც ფართომასშტაბიან მოქმედებებს წამოიწყებს, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ის, რომ გარკვეული მზადყოფნაა სხვადასხვა შემთხვევებისთვის, უკვე აშკარაა. სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ საახალწლოდ გაგრძელდა ქართული პროდუქციის გატანა რუსეთში. ამით, ცხადია, ქართული ეკონომიკა იგებს…

_ როგორ ფიქრობთ, შეიძლება ალიანსის წარმომადგენლობის გაზრდა საქართველოში ამის შემაფერხებელი და, შესაბამისად, გარკვეული ეკონომიკური სირთულეების შემქმნელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის?

_ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. რატომაც არა, ჩაკეტავს და მორჩა. სხვათა შორის, რთველმა, მოგეხსენებათ, ჩაიარა და ახლა ღვინის სეზონი მოდის. ეს ღვინო საექსპორტოდ მზადდება და გასატანია. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით შეიძლება შეიქმნას პრობლემები, ეს სავსებით რეალურია, მაგრამ ცხადია, ეს პრობლემები ისევ და ისევ რიგითი მოქალაქეების კისერზე გადაივლის. საერთოდ, რუსეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს საქართველოზე ზემოქმედებისთვის, ამიტომ, კიდევ გავიმეორებ: ის პოლიტიკური ჟრიამული, რომ ნატო დაგვეხმარება და რაღა გვიჭირს, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. რაც შეეხება შავ ზღვაში ალიანსის გააქტიურებას და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენს მოლოდინს, ყველაფერთან ერთად ჩვენ ერთი რამეც უნდა გვახსოვდეს: შავი ზღვის რეგიონი არ არის მხოლოდ საქართველო, აქ ჩვენზე გაცილებით მნიშვნელოვანია უკრაინის სანაპიროები, იმავე რუმინეთისა და ბულგარეთის. გამგები, ალბათ, გამიგებს, ამიტომ ამ ჟივილხივილსა და ოვაციებს დასავლელი ლიდერების განცხადებებზე ჯობია, რაღაცრაღაცეები ავწონდავწონოთ; ყველაფერი გავაანალიზოთ და რეალობასთან მიახლოებული ობიექტური დასკვნები გამოვიტანოთ.

_ საქართველომ რა პოლიტიკა უნდა გაატაროს იმისათვის, რომ ის რეგიონში, ერთი მხრივ, ალანსის გააქტიურებისა და, მეორე მხრივ, რუსეთის საპასუხო მოქმედებების ფონზე დიდ სახელმწიფოთა დაპირისპირების ეპიცენტრად არ იქცეს, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის დადებითი შედეგების მომტანი ვერ იქნება?

_ ადრეც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და ამას ყოველთვის გავიმეორებ: დღეს ჩვენ კვალიფიციური, პრაგმატული დიპლომატიური სამსახური, სამწუხაროდ, არ გვყავს; და ამის უპირველესი მიზეზია ის, რომ არ არსებობს ანალიტიკური ცენტრები, არ მიმდინარეობს საუნივერსიტეტო განხილვები და .. ანუ, პოლიტიკა, ფაქტობრივად, გადაქცეულია დილეტანტების თავშესაფრად. რაც შეეხება შეკითხვას, რა პოლიტიკა შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ დაპირისპირების ეპიცენტრად არ ვიქცეთ, თეორიულად ყველაფერი ძალიან მარტივია _ სახელმწიფო პოლიტიკისა და დიპლომატიის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული, ჩვენი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. ეს ისეთი წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა, რომ, რა თქმა უნდა, ყველა თანხმდება. მაგრამ დღეს ამის ნიშანწყალი არ ჩანს, არ ჩანს არც ერთ პოლიტიკურ დონეზე _ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციური სპეტრისგან. ღმერთმა ქნას, გამოჩნდეს… აი, ეს არის მარტივად, მოკლედ რომ ვთქვათ, მიზეზი იმისა, რომ მუდმივად ვიმყოფებით რაღაც ილუზიებში, აი, ნატო გვიშველის, აი, ევროკავშირი და ა.შ. რეალურად კი შედეგი არის უცვლელი _ საქართველო ვერც ერთ ასპარეზზე _ ვერც პოლიტიკურ, ვერც დიპლომატიურ, ვერც ეკონომიკურ და ა.შ. ვერანაირ ხელშესახებ წარმატებას ვერ აღწევს. სამწუხაროდ, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ამ პოლიტიკითა და პრინციპებით უკეთესს არაფერს უნდა ველოდოთ, ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო მუდმივად დარჩება სტაბილური სტაგნაციის რეჟიმში, რომლის შედეგებიც მერე და მერე, რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმე აღმოსაფხვრელი იქნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here