Home რუბრიკები პოლიტიკა სოროსის უნივერსიტეტის დახურვის მცდელობის გამო ევროკავშირი უნგრეთს სანქციებით დაემუქრა

სოროსის უნივერსიტეტის დახურვის მცდელობის გამო ევროკავშირი უნგრეთს სანქციებით დაემუქრა

უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ევროპარლამენტი ცდილობს, ქვეყანას უკარნახოს, რა უნდა გააკეთოს და რა _ არა

1174
ჯორჯ სოროსი

უნგრეთის ხელისუფლებამ ევროკავშირი ჯორჯ სოროსის ფონდის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა _ ეს არის რეაქცია ბრიუსელის მუქარაზე, რომ უნგრეთს სანქციებს დაუწესებს.

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკავშირის მუქარა აიხსნება იმით, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს დახურვა ამერიკელი მილიარდერის _ ჯორჯ სოროსის უნივერსიტეტისა, რომელიც მან 1991 წელს დააარსა “ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის ქვეყნებში დემოკრატიის გასავითარებლად”.

14 აპრილს ევროკომისიამ გამოაცხადა უცხოური უნივერსიტეტების მუშაობის შესახებ უნგრეთის ახალი კანონის განხილვის დაწყების თაობაზე. ახალი კანონის მოთხოვნების მიხედვით, უნგრეთში მოქმედი უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასეთივე მოღვაწეობას უნდა ეწეოდნენ საკუთარ ქვეყანაშიც. აქედან გამომდინარე სოროსის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ან უნდა დაიხუროს, ან ანალოგიურ საქმიანობას უნდა მიჰყოს ხელი აშშში.

17 მაისს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც, ფაქტობრივად, იწყებს პროცედურას უნგრეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ბრიუსელმა შეტევა დაიწყო უნგრეთზე და აიძულებს ქვეყანას, არ დახუროს სოროსის უნივერსიტეტი და დაეთანხმოს ევროკავშირის მოთხოვნას, მიიღოს ახლო აღმოსავლელი მიგრანტები.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ევროპარლამენტი ცდილობს, უკარნახოს ქვეყანას, რა უნდა გააკეთოს და რა _ არა.

2016 წელს უნგრეთმა უარი განაცხადა ლტოლვილების მიღებაზე იმ კვოტის მიხედვით, რომელიც ბრიუსელმა დაუწესა ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანას.

უნგრეთის ხელისუფლებამ კი ააშენა კედელი, რომლითაც გზა გადაუღობა მეზობელი ქვეყნებიდან უნგრეთში შესვლის მსურველ მიგრანტებს, უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი ასეთი კედლის აშენებას გეგმავს. უნგრეთის ხელისუფლების აზრით, სწორედ ამ დემარშმა გამოიწვია ევროკავშირის გაღიზიანება.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიუსელის უკმაყოფილება გამოწვეულია უნგრეთშიდემოკრატიის გაუარესებით”.

არსებობს ევროკავშირის ფასეულობების დარღვევის რისკი წევრისახელმწიფოების მხრიდან, ამიტომ კომისია იწყებს სანქციების დაწესებას”, _ წერია რეზოლუციის ტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული არ არის კავშირზე სოროსის უნივერსიტეტის დახურვასა და სანქციებს შორის, უნგრეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სწორედ სოროსის გავლენით დაიწყო ქვეყანაზე შეტევა.

“პორტუგალიის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოხსენების შედგენაზე, ბატონმა სიიარტომ აღნიშნა, რომ კენჭისყრისას ევროპარლამენტარები ეყრდნობოდნენ ჯორჯ სოროსის მოხსენებას, და დღეს ჩვენ ვხედავთ სოროსის ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლების ახალ თავდასხმებს”, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ სოროსს, რომელიც, სხვათა შორის, უნგრეთშია დაბადებული, უწოდა “სპეკულანტი, რომელიც უნგრეთს უტევს და, რომელმაც მილიონობით ევროპელი გააუბედურა ფინანსური სპეკულაციების შედეგად”. და დასძინა, რომ ჯორჯ სოროსი მოწადინებულია, ევროპა მიგრანტებით გაავსოს. ორბანს, მთავრობის ბევრ წევრთან ერთად, მხარს უჭერს გავლენიანი ყოველკვირეული გამოცემა Figyelo-ს მფლობელი მარია შმიდტი, რომელმაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს სოროსის ფორპოსტი უწოდა, თვითონ მილიარდერს კი _ ყველაფრის განსახიერება, რაც კი ზიზღს იწვევს”: “დღეს სოროსის სახელი ნიშნავს ყველაფერ ლიბერალურს, აგრეთვე, საზიზღრობას, ანტიპატრიოტულს, უცერემონიოსა და მიუღებელს”, _ დაწერა შმიდტმა.

უნგრეთის მედია სოროსის უნივერსიტეტს ყალბი დიპლომების გაცემასა და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. აგრეთვე, წერს იმ ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე, რომლებსაც სოროსის ფონდი “ღია საზოგადოება” აფინანსებს.

ასე ხდება თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც სოროსის ფონდი მოღვაწეობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს, ან რა უნდა გააკეთოს, როცა საკანონმდებლო თუ სამთავრობო სტრუქტურები სავსეა სოროსის ფონდის წიაღში გამოზრდილი და ამავე ფონდისგან გულუხვად დაფინანსებული პირებით?..

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. გასულ კვირაში ევროპარლამენტის სესიაზე ლაპარაკი იყო არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ პოლონეთის მიერ დაშვებულ საკანონმდებლო დარღვევებზე. ევროპარლამენტის წარმომადგენელმა მიგრაციის, საშინაო საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებზე _ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, თუ უნგრეთი და პოლონეთი ამა წლის ივნისის ბოლომდე არ შეასრულებენ ვალდებულებას ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტებით ლტოლვილების მიღების შესახებ, ამ შეცდომების გამოსასწორებლად ევროკავშირი დაიწყებს შესაბამის პროცედურებს. ამას კი შეიძლება სასამართლო პროცესები და ჯარიმები მოჰყვეს.

მიუხედავად ამისა, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ არასოდეს დათანხმდება ქვეყანაში მიგრანტების განსახლებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here