Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პატრიოტებო, შეერთდით!

საქართველოს პატრიოტებო, შეერთდით!

“ქართული მარშის” მიერ დაწყებული მოძრაობა უნდა გაგრძელდეს

1420
აქცია

დიახ, ამ სტატიის სათაური მოწოდებაა, თანაც ძალიან ჰგავს ლოზუნგს, რომელმაც მე-20 საუკუნეში მსოფლიოს სოციალურად დაჩაგრულ მილიონობით ადამიანს იმედი ჩაუსახა, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური პროფილი.

დღეს ეს მოწოდება მიმართულია არა ძალადობისაკენ, არა რევოლუციისაკენ, არამედ იმ ძალების გაერთიანებისკენ, რომლებსაც სამშობლო უყვართ და მზად არიან, დაიცვან იდეალები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა, რომლებიც საფუძვლად დაედო დიდ ქართულ კულტურას, ქართველს ქართველობა არ დააკარგვინა ისტორიულ ქარტეხილებში და ღირსეული ადგილი შეუნარჩუნა მრავალსახოვან და მრავალფეროვან საკაცობრიო ოჯახში. დღეს ეს მოწოდება უაღრესად აქტუალურია იმიტომ, რომ ანტიეროვნული, ანტიჰუმანური, უზნეო ძალები გაერთიანებული არიან პარტიებსა და ბლოკებში, ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სწორედ ამ ერთიანობაშია მათი ძალა.

კაცობრიობის საუბედუროდ, სატანისტური ძალები დასაბამიდან დღემდე ყველაზე დემაგოგიური, ნარკოტიკივით გამაბრუებელი ლოზუნგით მოდიან. ეს არის პიროვნების სრული თავისუფლებისკენ მოწოდება, რაც ყველა რევოლუციის დროშაზე ეწერა ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში.

დიდმა მოაზროვნემ, ჩვენი მედასავლეთეებისგან განსხვავებით, ნამდვილმა ევროპელმა და ევროპული აზროვნების უბადლო მცოდნემ ჟან პოლ სარტმა ადამიანს “თავისუფლებით დაწყევლილი” უწოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც კი სრულ თავისუფლებას მოიპოვებს ადამიანი, უკვე აღარ არის სოციალური ფენომენი და მას, როგორც ბიოლოგიურ არსებას, მომავალი არ აქვს.

აი აქეთ ექაჩებიან ანტიადამიანური ძალები კაცობრიობას. კარამაზოვების უმცროსი ძმისა არ იყოს, “ღმერთი არ არის?! მაშასადამე, ყველაფერი დასაშვებია!” ღმერთი აქ ზნეობის სიმბოლოა. ჰოდა, თუ ყველაფერი დასაშვებია, მაშინ გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე სასიამოვნოა.

აი ამ იდეოლოგიით აბრუებენ ხალხს კაცობრიობის მტრები. ამიტომაა, ასეთი აღტკინებით რომ მოითხოვენ ნარკოტიკების მოხმარებისა და სქესობრივი აღვირახსნილობის დაკანონებას. მალე კანიბალიზმის დაკანონების მოთხოვნითაც გამოვლენ. რა, ცოტაა ასეთი შემთხვევა?! განა ამ მოთხოვნას მხარდამჭერები და დამცველები არ გამოუჩნდებიან არასამთავროებებისა თუ ე. წ. სახალხო დამცველების (ომბუდსმენების) სახით, რომელთა ნაკლებობას არც ჩვენში და არც სხვაგან არავინ უჩივის?!

საზოგადოების ერთი ნაწილის სრული გამოთაყვანება აშკარაა. ეს გამოთაყვანება პროგრესირებს, განსაკუთრებით _ საზოგადოების უმწიფარ ნაწილში, რომელიც ბრმად მისდევს ლიბერასტების მოწოდებებს, ამიტომ დროა, ვიკივლოთ: სამშობლო საფრთხეშია!

ერთი კაცის, ანუ ცალ-ცალკე კივილს გაბრუებული საზოგადოება ვერ გაიგონებს, ხმამაღალი შეძახილია საჭირო. ხოლო ერთხმად შეძახება რომ შევძლოთ, პატრიოტული ძალების გაერთიანებაა საჭირო.

გულგატეხილია ხალხი, ხვალინდელი დღისა და ეროვნული შეგნების გამოღვიძებისა აღარ სჯერა. ხშირად მომისმენია გულისტკივილით ამონაკვნესი: აღარაფერი გვეშველება, საქართველო გაყიდულია, ხვალ-ზეგ მკვიდრი მოსახლეობა უცირესობა იქნება სამშობლოში, მკბენარებივით მომრავლებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების – ასო-ების გამო.

ასეთი განწყობილება გასაკვირი არ არის. ჩვენს ტელეეკრანებზე დღენიადაგ ყელყელაობენ უცხოელი ბიძების ძღვენნაჭამი პარტიების ლიდერები და მათი აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საეჭვო ზნეობისა და ინტელექტის მქონე “ექსპერტები” და “პოლიტოლოგები”. დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომელი ქვეყნის ძღვენის ჭამით აქვთ გასიებული კისრები და გაბიჟვინებული ლოყები; თანაც, რა დიდ გულზე არიან?!

იქნებიან, რატომაც არა?! კოაბიტაციის ხუთწლიანმა სათბურმა სამარისთვის გამზადებული ნაცები და მათი ღვიძლი ძმები ფერზე მოიყვანა და… არა სჩანს ხელის შამქცევი, მტრის ამამყრელი ჯავრისა”, _ როგორც ჩივის ვაჟას პოემის ერთი გულდათუთქული პერსონაჟი.

ისეთი შთაბეჭდილება ექმნება ხალხს, უბედურ ტელემაყურებელს, რომ ამ ქვეყნის დაქცევა-გადაშენების მოსურნენი ბევრნი არიან. არადა, ერთი და იგივე პერსონები ჩანან ტელეეკრანზე, მაგრად დაქოქილები და უცხოეთში “ტრენინგგავლილები”, ამიტომ ე. წ. ტელედებატებში ხელისუფლების პოზიციის დამცველებს დიდი ანგარიშით უგებენ ხოლმე ეს ნაძირალა ოპოზიციონერები. ხელისუფლება მამალი ნაცების წინააღმდეგ დებატებში მძინარა და დილეტანტ დეპუტატებს გზავნის და არა მათ, ვისაც ძალა შესწევს, თავზე გადაახიონ უნამუსო ოპოზიციას მათივე შეთითხნილი არგუმენტები.

ამას წინათ “რუსთავი 2”-ის ეთერში ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ყველასთვის კარგად ცნობილი ტელეწამყვანი, “ნაცმოძრაობის” აქტიური ადვოკატი ეკა კვესიტაძე (რომელსაც მოქალაქეობრივ პოზიციას ვერ მოვუწონებ, თორემ განათლება არ აკლია) და პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, როგორც ამბობენ, რეჟისორი ნუკრი ქანთარია. წინა მოწვევის პარლამენტში ის ჩემი უბნის დეპუტატი იყო და აქტიურად ვუჭერდი მხარს, ახლა სხვა უბანში აურჩევიათ (ჩვენს უბანს ხომ დიდად “დაამახსოვრა” თავი?!). ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, რეჟისორი ისეთ დღეში ჩააგდო ეკა კვესიტაძემ, რომ 2012-ში მისთვის გამოცხადებული მხარდაჭერისთვის სირცხვილით დავიწვი. რა ჰკითხა კვესიტაძემ ამ ჩვენს ვაჟბატონს? რა და, კონსტიტუციის პროექტში რომ ჩაწერეთ, ეროვნული ღირებულებები სახელმწიფომ უნდა დაიცვასო, ერთი მაინც დამისახელეთ, რომლის დაცვასაც სახელმწიფო იკისრებსო. დეპუტატმა პასუხად ისეთი რაღაცები იბჟუტურა, ეკა კვესიტაძე სიცილისგან ჩაბჟირდა. მიხვდა, რომ ჩვენს ვაჟბატონს ეროვნულ ღირებულებებზე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა…

რა, გაწყდა განათლებული ადამიანი საქართველოში? პოლიტოლოგიის ექსპერტობის ეტალონი მართლა სოსო ცისკარიშვილია? განათლების _ ზღაპართმმუსვრელი ალექსანდრე ჯეჯელავა? ეკონომიკის _ კაკოია გოგიჩაიშვილი? სამხედრო საქმის _ ვინმე სესიაშვილი? კულტურისა და ლიტერატურისლაშა ბაქრაძე და ლაშა ბუღაძე? მართლა ისე გაგვიჭირდა, რომ ქვეყანაში კატებს ვაყეფებთ?

არა და არა!

იმ ჩვენი “კეთილისმყოფელი” უცხოელების ძღვენით ავსებული ქართული ტელევიზიები სათოფეზე არ იკარებენ ბრწყინვალე ექსპერტ-სპეციალისტებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია ნებისმიერ დარგში _ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და ხელოვნებაში, ლიტერატურასა და ისტორიაში, განათლებასა და სამხედრო საქმეში.

ვინმეს უნახავს ქართულ ტელესივრცეში ალექსანდრე ჭაჭია, იაკობ ლეჟავა ან ლუკა ნემსაძე? სირცხვილი არ არის, ლიტერატურული პროცესების შეფასებას ლაშა ბუღაძეს სთხოვდე, ისტორიულის – ლაშა ბაქრაძეს და ამ დროს ჯანმრთელები იყვნენ თამაზ წივწივაძე და როინ მეტრეველი?

სირცხვილია!

გამიზნულად და უნამუსოდ ატყუებენ ხალხს, განსაკუთრებით უმწიფარ ახალგაზრდებს, თითქოს ქართველი ხალხის აზრსა და განწყობას თათია დოლიძისნაირი “მაგრად წარმატებული” ე.წ პოლიტიკოსები გამოხატავენ. ქართველი ერის აზრსა და განწყობას, უცხოური ძღვენიჭამია მანქურთები კი არა, ის ქართველი პუბლიცისტები გამოხატავენ, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან მოუსყიდველ ჟურნალ-გაზეთებში. გული მწყდება, რომ შესანიშნავი პუბლიცისტების _ დავით მხეიძის, გია გაბრიჭიძის, ბაკურ სვანიძის, ალეკო ასლანიშვილის, იზა თამაზაშვილის, გურამ წიკლაურის, ნანა დევდარიანის, გრიშა ონიანისა და სხვათა პატრიოტული წერილები მკითხველთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი, ხოლო უცხოური გრანტების (ძღვენის) ჭამით გამაძღარი იდიოტები მილიონებს ელაპარაკებიან ტელეეკრანიდან. ის კი არა, ეჭვი მაქვს, თვით ჩვენი ბრწყინვალე პუბლიცისტების უმრავლესობა ერთმანეთის ნაღვაწსაც არ იცნობს. ცალ-ცალკე არიან და იმიტომ. მათ საერთო სტრატეგია და ტაქტიკა არ აერთიანებთ. ამიტომაა, რომ მათი ხმამაღალი შეძახილი არავის ესმის. “ძალა ერთობაშია!”’ _ ამ ქართული ანდაზის სიბრძნე ქართველებმა ვერ გავითავისეთ, წესიერმა ქართველებმა, თორემ უწესოები და ბოროტმოქმედები აუცილებლად ერთიანდებიან და ათკაციანი ბანდები შიშის ზარს სცემენ ასი ათასებს. ტყუილად გვგონია, რომ სიკეთე და ჭეშმარიტება სხვათა მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებს. “Один на поле не воин!” _ ზუსტად აქვთ ნათქვამი რუსებს, ამიტომ მოიგეს მათ ყველა ომი. იქნებ ჩვენც ვირწმუნოთ ეს. ამ სიბრძნის დადასტურება იყო რამდენიმე დღის წინათ გამოვლენილი ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი _ “ქართული მარში”.

ერთიანობა დაინახა და ერთხმად შეძახილი გაიგონა ხელისუფლებამ, მტერმაც და მოყვარემაც, შესაბამისი რეაქციაც გამოავლინეს: მოყვრებმა _ მხარდაჭერა, მტრებმა და მტრის “შნირებმა” _ პანიკა.

მეშინია, რომ 14 ივლისის პატრიოტული განწყობა არ გაანელოს და მიანავლოს პერმანენტულმა შემოტევამ ძღვენიჭამია ტელევიზიებისა, რომლებმაც “ქართული მარში” “მჟავე ნაციონალიზმად” მონათლეს.

ამიტომ აუცილებელია 14 ივლისს გამოვლენილი ქართველთა ერთიანობა ორგანიზაციულად გაფორმდეს. ამ აქციის ორგანიზატორებს, ალბათ, გააზრებული აქვთ საფრთხე, რომელიც მყისიერ აღტკინებას მოსდევს ხოლმე ჩვენში. მოსდევს კი ის, რომ უცხო ძალების მიერ გულუხვად დაფინანსებული ერის მოღალატეთა ორგანიზებული ბანდები ყოველთვის გვიტევდნენ იქ და მაშინ, სადაც და როცა გვიჭირდა.

ასე იყო ამჯერადაც. აქციის მეორე დღეს “რუსთავი 2”-მა სცადა 14 ივლისის აქციის დისკრედიტაცია, მაგრამ კოვზი ნაგავში (უკაცრავად, ნაცარში) ჩაუვარდა: “რუსთავი 2”-ის ეთერში მიწვეულმა ერთმა კაცმა, ირაკლი კაკაბაძემ, ჯაგარაშლილ გუნდს ენა ჩააგდებინა მუცელში. ირაკლი კაკაბაძემ, რომელსაც არც განათლება დაეწუნება, არც აშშ-ში ცხოვრების გამოცდილება და თანაც თავგადაკლული ნეოლიბერალი ნინია კაკაბაძის ალალი ძმაა, რუსთავიორელებს გულდასმით მოფიქრებული ანტიქართული სცენარი თავზე გადაახია. “ქართულმა მარშმა” ელეთმელეთი დაჰმართა ჩვენს ლიბერასტებს, რომლებიც, ვიმეორებ, მტკიცე ფიცით არიან გაერთიანებულნი ძღვენიჭამია ორგანიზაციებში _ პარტიებსა და ასო-ებში. ეს კარგად გამოჩნდა მათ გაწიწმატებულ-განწირულ ღნავილსა და სასაცილო არგუმენტებში: საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელებისა და ნაცების მიერ დატოვებული მოღალატური საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა რუსეთის მიერ ინსპირირებული აქცია იყოო. არადა, აშშ-ისა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში რომ იმართება ასეთი მარშები (ჩვენსავით მშვიდობიანი კი არა, ჰამბურგში რომ გაიმართა ისეთი!), თვით აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, უნგრეთის პრემიერი ორბანი და სხვები რადიკალური განცხადებებით რომ გამოდიან მიგრანტების მოძალების წინააღმდეგ, ესეც რუსეთის მიერ არის დაგეგმილ-განხორციელებული?

რა ყოფილა ეს რუსეთი, ვეჟო?!

“ქართული მარშის” მიერ დაწყებული მოძრაობა უნდა გაგრძელდეს. მისი ორგანიზატორები მამაცი და გულანთებული პატრიოტები არიან და სწორედ მათნაირების მხარდასაჭერად, პატრიოტებო საქართველოსი, შეერთდით!

ზურაბ ცუცქირიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here