Home რუბრიკები პოლიტიკა სანახაობები უნდა დასრულდეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ეროვნულმა ძალამ უნდა აიღოს

სანახაობები უნდა დასრულდეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ეროვნულმა ძალამ უნდა აიღოს

2712
სანახაობები უნდა დასრულდეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ეროვნულმა ძალამ უნდა აიღოს

დავაბოქლომოთ საქართველო!” _ გაერთიანებული ოპოზიციის ეს მოწოდება ძალიან მოსწონთ თვით ოპოზიციის წევრებს, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ისინი იმავეს გაკეთებას აპირებენ, რასაც წლების წინათ აკეთებდნენ. ნაციონალების ზეობის პერიოდში ბოქლომი ედო საქართველოს, ყველას და ყველაფერს, რადგან, თუ რამ სიკეთე არსებობდა, მხოლოდ მათთვის იყო, ვინც ხელისუფლებას უკმევდა გუნდრუკს. საკმარისი იყო, მათ წინააღმდეგ წასულიყავი, საუკეთესო შემთხვევაში დაგიჭერდნენ, უარეს შემთხვევაში კი სპეცოპერაციას დაარქმევდნენ და ქუჩაში ისე დაგხვრეტდნენ, ლამის ოჯახის წევრებსაც დააჯერებდნენ, რომ დამნაშავე იყავი.

საქართველოს დაბოქლომებას ხელისუფლება უშლის ხელს და ხალხის სახელით საუბრობს, _ აქაოდა, მოსახლეობას განვითარება და წინსვლა სურს, დაბოქლომებას არ დავუშვებთ და არც არავის ვაპატიებთო. მოსახლეობას წინსვლა და განვითარება რომ სურს, გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებას ვეკითხებით: სად არის ეს წინსვლა და განვითარება? რას ეძახით თქვენ, საერთოდ, წინსვლას? იმას, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში პროდუქტი ლამის ორჯერ გაძვირდა და ორჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა? თუ იმას, საქართველოდან წასულების რაოდენობამა რეკორდულ მაჩვენებლებს რომაარტყაბოლო ორ წელიწადში, თუ იმას, ნახევარი საქართველო რომ შიმშილობს და არ იმჩნევთ?

თუ არ გინახავთ, ინტერნეტში მოიძებნება მეძავების ჩხუბი, რომლებიც დასადგომ ტერიტორიას ან კაცს ვერ იყოფენ. ჰოდა, რაც დრო გადის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კინკლაობა სულ უფრო ემსგავსება ჩხუბს ორი მეძავისა, რომლებიც დასადგომ ადგილზე დავობენ, პარლამენტის ტრიბუნასთან დასადგომ ადგილზე. თანაც ერთმანეთს იმას ახსენებენ, ვინ უფრო მეტ დაპირებაზეა გადამხტარი და ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ცალკე ხელისუფლება ამუნათებს ოპოზიციას: ხალხი ვერ გამოგყავთო, და ცალკე კიდევ ოპოზიცია გაჰკივის ბოლო ხმაზე: სად არიან თქვენი მხარდამჭერები, სრულიად საქართველო ჩვენ გვერდით დგასო.

ისე, თუ გახსოვთ, ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა იმ დაპირებიდან, ივანიშვილმა რომ გასცა: ერთი წელიწადი მაცადეთ, ყველაფერს დავალაგებო. დაალაგა? ვერ დაალაგა და არ დაალაგა. პირიქით, უფრო მეტად აირია მონასტერი (ჰო, მონასტერიც) და სანახაობა სანახაობაზე გვემატება. ერთი ეგაა, პური ვერ მიაბეს ვერაფრით ამ სანახაობას, თორემ პურიც რომ იყოს, ხმის ამომღები ვინ არის?! ისე, საინტერესო იქნება, რუსთაველის გამზირი რომ გაწმინდოს ორივე მხარემ და თქვან: აბა, ის ხალხი გამოდით ქუჩაში, რომელიც არც ოპოზიციას უჭერს მხარს და არც ხელისუფლებასო, რა მოხდება? ეჭვი გვაქვს, მთელი საქართველო იქ დადგება, მაგრამ ეს ხელს არ აძლევთ, რადგან მერე ხალხთან საუბრის მორალური უფლება არც ერთს არ ექნება და მათ გარეშე კი საქართველოს ხომ ვერ “ეშველება”?! ასე სჯერათ, ასე სწამთ და მერე რა, რომ ერთნი 9 წელი მართავდნენ და ვერ უშველეს ქვეყანას; მეორენი, აგერ მეშვიდე წელია, სათავეში არიან და ვერაფერს აკეთებენ. ამის მიუხედავად, ორივე მხარე ამტკიცებს: არა მე ვჯობივარ, არა _ მეო და საარჩევნო ბარიერის გადახტომაზეც აქტიურად მუშაობენ.

რეალურად რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ორივე მხარე ყელში აქვს ამოსული და არც ერთის ხილვა არ სურს ხელისუფლებაში, გაცილებით მეტია. ეგ კი არა, ასეთი ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, ხმა ვინმეს რომ მისცენ, უმრავლესობა გარანტირებული ექნება. ის ვინმე კი ეროვნული ძალაა, ძალა, რომელიც, სამწუხაროდ, არსად ჩანს. პოლიტიკური ნიჰილიზმი გვაქვს შეყრილი და ამიტომ არის თამამად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მათ ზუსტად იციან, რომ სწორედ ეს ნიჰილიზმშეყრილი ხალხი, ძალიან დიდი ალბათობით, არ მივა არჩევნებზე, მათი აქტივი კი უკლებლად გამოცხადდება. შესაბამისად, ისინი თავიანთი ამომრჩევლის გარანტირებულ ხმებს მიიღებენ და საკანონმდებლო ორგანოში ისევ მშვიდად მოხვდებიან, ისევ მშვიდად განაგრძობენ საქმიანობას და მერე რა, რომ ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მივა, ოპოზიციისა თუ ხელისუფლების ამომრჩეველზე მეტი იქნება?!

სანახაობები უნდა დასრულდეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ეროვნულმა ძალამ უნდა აიღოს

რაც შეეხება მესამე ძალას, მცდელობა არაერთ პარტიას ჰქონდა, არაერთს შეხედა ხალხმა იმედის თვალით, მაგრამ, როცა რომელიმემ ძალა მოიკრიბა და ხალხის მხარდაჭერა იგრძნო, მაშინვე ამერიკა-ევროპისკენ გაიხედა, მაშინვე გაიქცა, მუხლებში ჩაუვარდა, ერთგულების ფიცი დაუდო და მერე ეს ყველაფერი ამაყად მოახსენა ხალხს. ალბათ, დღემდე ვერ ხვდებიან იმ პარტიის ლიდერები, რატომ უარყო ისინი ამომრჩეველმა, რატომ აღარ ამოუდგა მხარში და რატომ მოიძულა. ხალხი ეროვნულ ძალას არის დანატრებული, ძალას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული არც ევროპაზე და არც ამერიკაზე, ქართველი ხალხის მსახური იქნება და მხოლოდ საქართველოს ინტერესებზე იფიქრებს. მართალია, ასეთი ძალის გამოჩენა და შემდეგ წარმოჩენა ამ ეტაპზე ერთი შეხედვით არარეალური ჩანს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში არარეალური რეალურად ქცეულა, ხალხი ამოსდგომია მხარში და ლელოც გაუტანიათ.

ახლაც სწორედ ის დროა, რომ ვიღაც გამოჩნდეს, ის ვიღაც, ვინც საქართველოზე იფიქრებს და საქართველოზე იზრუნებს. ქართველის ბედია _ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებს და კარგის არჩევის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონია, თორემ, ავის და კარგის გარჩევა რომ შეგვიძლია, არაერთხელ გვინახავს და დაგვიმტკიცებია.

ახლა არ დავიწყებთ მოთქმას ბაზალეთის ტბის ძირას ჩაგდებულ ოქროს აკვანსა და ყრმაზე, მაგრამ რეალურად არსებობენ ეროვნული ძალები, რომლებიც ასპარეზზე გამოსვლისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზი, პირველ რიგში, არის ის, რომ ჰგონიათ, საზოგადოება ბოლომდე მზად არ არის გვერდით დასადგომად და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე _ ფინანსური რესურსის არარსებობის გამო მასშტაბური, მძლავრი კამპანიის დაწყება ძნელია. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ სულიერ საზრდოს მატერიალურიც თუ არ მიახმარე მცირე დოზით მაინც, არაფერი გამოვა. მერე კი აგორებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს. აი, ეროვნულ ძალებში ფულის ჩადება დასავლეთს ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს. ვინც იმას ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აქციებისთვის ფული საკუთარი ჯიბიდან გაიღეს, ძალიან ცდება. სწორედ დასავლეთი აფინანსებს არასტაბილური გარემოს შექმნას საქართველოში, რადგან წრიდან, რომელზეც, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, დავდივართ, შემთხვევით არ გადავუხვიოთ. მინიმალური გაანგარიშებით, ოპოზიციის აქციების თითო დღე 50 ათასი ლარი ჯდებოდა და მომავალშიც არ დაჯდება ნაკლები. როგორ გგონიათ, ეს ფული ჯიბიდან ვაშაძემ ამოიღო, ნათელაშვილმა, სააკაშვილმა თუ უგულავაბოკერიას ტანდემმა? _ დასავლეთმა გაიმეტა, ბატონებო. ისიც ვთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია რამდენჯერმე შალვა ნათელაშვილის ოფისში შეიკრიბა, ამერიკიდან, სავარაუდოდ, ისე გამოჩნდა, რომ ბატონი შალვა გახდებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი დასასწრაფოდ ამერიკაში დაიბარეს ცალკე ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად და ცალკე კიდევ ერთგულების ფიცის დასადებად. პარალელურად, აქ დარჩენილ ოპოზიციას ძალიან, ძალიან შურს ლეიბორისტების ლიდერის და მზად არის, პირველივე დაძახილზე გაიქცეს ამერიკასა თუ ევროპაში.

ჩვენ კი მორიგი სანახაობის მოლოდინში ვართ, რომელსაც აუცილებლად დადგამენ და აუცილებლად გვაყურებინებენ, მართალია, ისევ მშიერ კუჭზე, მაგრამ ამაზე ნაკლებად დარდობს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. თუმცა ჩვენ მაინც იმ აზრზე ვართ, რომ სანახაობები უნდა დასრულდეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ეროვნულმა ძალამ უნდა აიღოს, რომლის დევიზი, რომელიმე ქვეყნისთვის ან ელჩისთვის კოჭის გაგორება კი არა, საქართველო იქნება. საქართველო, რომელშიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა და ასევე გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებიც, რომლებიც აქ მკვიდრდებიან, ბინადრობის უფლებას იღებენ და წასვლას არ აპირებენ. ასე, ნელ-ნელა ვკარგავთ სამშობლოს, რადგან ამ ქვეყანას პატრონი, უბრალოდ, არ ჰყავს. მოვა 2020 წელი და, თუ ეროვნული ძალები არ გამოვლენ ასპარეზზე, საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს. ისევ არ მივა პოლიტიკური ნიჰილიზმით შეპყრობილი ხალხი საარჩევნო ყუთებთან, ისევ მცირე პარტიული აქტივი მიიღებს გადაწყვეტილებას და ისევ იმავე წრეზე დავტრიალდებით, რომელზეც ვტრიალებთ.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ვაი, ვაი რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა! გვეშველება ოდესმე რამე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here