Home რუბრიკები საზოგადოება “საზღვარი ყველაფერს აქვს, ხელისუფლების წევრების სიხარბის გარდა”

“საზღვარი ყველაფერს აქვს, ხელისუფლების წევრების სიხარბის გარდა”

1590
ტარიელ სუხიაშვილი

რუბრიკის სტუმარი, თბილისელი ტარიელ სუხიაშვილი ჩვენი გაზეთის მკითხველია, პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული.

_ “ოცნებისხელისუფლების დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ, რაც მქონდა, ისიც გამიცრუვდასაზღვარი ყველაფერს აქვს, ხელისუფლების წევრების სიხარბის გარდა.

ამ ხელისუფლების იმედი იმიტომ არ მქონდა, რომ ნაციონალებიცა და “მეოცნეებიც” ერთი ძალის სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ. ნაციონალები სახელმწიფოში მოქმედებდნენ დაშინების უხეში მეთოდით და, როდესაც მათმა პატრონებმა ნახეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ამოწურა შესაძლებლობები, მოამზადეს მეორე გუნდი _ “მეოცნებეების”, რომელიც თითქოს უფრო აკადემიურად გამოიყურებოდა, და ჯალათები “ქართული ოცნებით” ჩაანაცვლეს. ამჟამინდელი ხელისუფლება მუშაობს უფრო მიზანმიმართულად, დახვეწილად, თანაც ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, რაც უფრო ეფექტიანი და შეუჩნეველია, ვიდრე დაშინების მეთოდი. შიშის, შანტაჟისა და ტერორის დროს პროტესტის ალბათობა დიდია, უფრო ზუსტად, გარდაუვალია, შიშს უპირისპირდება ძალა. სწორედ ამიტომ შეიქნა საჭირო მათი ჩანაცვლება ისეთი ძალით, რომელიც აქცენტს ეკონომიკაზე გადაიტანდა. ეკონომიკური ზემოქმედება ეფექტიანია და დამღუპველი. ერთი შეხედვით, არავინ გაშინებს, არ გემუქრება, მაგრამ გართმევენ ყველაფერს კანონის ფარგლებში და პროტესტსაც ვერ გამოთქვამ. თუკი ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდება, ეს ხელისუფლებისთვის საშიში არ არის.

_ ვინ არის ის უხილავი, რომელიც წყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში?

_ ამაზე უნდა ისაუბროს მედიამ, ინტელიგენციამ, აკადემიურმა წრეებმა. ყველა ლაპარაკობს, როგორ გართულდა ცხოვრება, რა მდგომარეობაშია ხალხი და ქვეყანა, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გვჭირს ეს ყველაფერი; როგორ მოხდა, რომ დიდების მწვერვალზე მყოფი ქვეყანა უცებ უფსკრულში აღმოჩნდა. ბევრს ვკითხულობ, თვალყურს ვადევნებ საინფორმაციო საშუალებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, საჯაროდ არავინ საუბრობს იმაზე, რა დაგვემართა.

_ რა არის მიზეზი, რატომ დაგვექცა ქვეყანა?

_ ყველა მიზეზზე რომ ვილაპარაკოთ, გაზეთის ფორმატი ვერ დაიტევს, მაგრამ ერთს ვიტყვი _ ურაპატრიოტიზმმა დაგვღუპა. კომუნისტების ბოლო პერიოდიდან მოყოლებული ამ პრობლემამ დაგვღუპა. კომუნისტების მმართველობის პერიოდში იყვნენ პატრიოტებიც და იყვნენ მედროვეებიც; ზვიად გამსახურდიას პერიოდში იყვნენ პატრიოტები ურაპატრიოტიზმის გადახრით და მედროვეები; შევარდნაძის მმართველობისას იყვნენ პატრიოტებიც, ურაპატრიოტებიც, ყაჩაღებიც, მაგრამ პატრიოტების რაოდენობა თანდათან შემცირდა და მომდევნო ხელისუფლებებში პატრიოტები საერთოდ აღარ არიან. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პიროვნებას, რომელზეც ვიტყვით, რომ ეროვნულია, მეტიც _ საღად მოაზროვნე.

ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ყველა ეპოქა სათანადოდ უნდა შეფასდეს.

_ ხშირად გვესმის: მონობაში ვიყავით და ახლა თავისუფლები ვართო

_ არ ვიცი, რას უწოდებენ მონობას. ვინც ასე საუბრობს, განათლების დეფიციტი აქვს. იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელსაც კავშირისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი პრინციპი ჰქონდა, ისევე, როგორც ევროკავშირს, საზღვრები იყო სიმბოლური; 15 რესპუბლიკაში ერთიანი ეკონომიკური სივრცე იყო და საერთო ვალუტა. ამ კავშირს ჰქონდა ერთიანი თავდაცვის სისტემა, რასაც ევროპამ ვერ მიაღწია. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ერთიანი თავდაცვის სისტემა, მაგრამ ამის საშუალებას ამერიკა არ აძლევს. რომ ამბობენ: საბჭოთა კავშირის პერიოდში მონები ვიყავითო, მაშინ ნებისმიერი ევროპელი მონა ყოფილა. საბჭოთა კავშირის მოქალაქე თავისუფალი იყო. თუკი რომელიმე რესპუბლიკას სურვილი ჰქონდა, თავის ქვეყანაში რამე გაეკეთებინა, წარადგენდა გეგმას საკავშირო დონეზე და აუცილებლად დადებით პასუხს მიიღებდა. გვეხმარებოდნენ ყველაფრით, მათ შორის, კვალიფიციური მუშახელით, ადგილებზე იხსნებოდა შესაბამისი სასწავლებლები კადრების გამოსაზრდელად. დღეს ამის გამკეთებელი არავინაა.

100 ქარხანას აგიშენებთო, _ გვეუბნებიან და ჩვენც გვჯერა. არავინ სვამს კითხვას: გვაქვს კი ჩვენი შექმნილი პროდუქციის გასაღების ბაზარი? ან გვჭირდება ის ქარხანა, რომელსაც ვითომ გვიშენებენ? გვაქვს ნედლეული, რომლითაც ქარხანა უნდა ვამუშაოთ?.. უამრავი შეკითხვაა და პასუხი არ არის. ამ ცნობიერების ხალხთან რა უნდა გააკეთო?!

ქვეყანა, ერი უკან მიექანება. არადა, ამბობენ, დემოკრატიააო. როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ძალა დომინირებს თავისი სატელიტებით. “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში წავიდა ვითომ საქმის გასაკეთებლად, სინამდვილეში, ეს ელექტორატის მისაზიდად გააკეთეს. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც რუსეთში საქართველო-ნატო-რუსეთის ალიანსზე ისაუბრეს, რაც მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ვერცხლისწყალი აირევა წყალში.

პოლიტტექნოლოგიები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელიწადში დამკვიდრდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეფექტიანად მუშაობს. ეს კვირიკაშვილის მოგონილი არ არის, ამაზე კვალიფიციური ხალხი მუშაობს, უბრალოდ, ჩვენები კარგი მოწაფეები აღმოჩნდნენ.

ჭკვიანურია ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება. მოქალაქეები ჩივიან, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა, მაგრამ გამოსავალს უცხო ქვეყანაში გადახვეწაში ეძებენ; უხარიათ, რომ შვილი უცხოეთში წავიდა და ამაყობენ კიდეც. არავინ ამბობს, რომ გაჭირვება ხელოვნურად არის შექმნილი, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია და ვიღაცის ნებაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი.

ქართველი გახარებულია, როდესაც ლუკმაპურის ფულს გამოიმუშავებს უცხოეთში, მაგრამ ეს ხომ ექსპლუატაციის, ღირსების შელახვისა და არაადეკვატური შემოსავლის ხარჯზე ხდება?! არადა, საზღვარგარეთ ხშირად უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მიდიან.

_ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ვართ

_ ხშირად მოისმენთ სიტყვებს: ქართული პოლიტიკა, ოღონდ ვერ ვხვდები, რას უწოდებენ მას _ სკამებს, რომლებზეც სხედან? დღეს სახელისუფლო სკამებზე სხედან ადამიანები, რომლებსაც სტატუსით ეკუთვნით, იყვნენ პოლიტიკოსები, თორემ კარგი გლეხი არც ერთ მათგანს მწყემსადაც არ გაუშვებდა. ვერავის ვხედავ, ვინც პრეზიდენტი უნდა იყოს. თუკი ვინმე ასეთი იყო, ყველა გააქციეს ქვეყნიდან.

ამას პოლიტიკოსებზე ვამბობ და ინტელიგენცია რა, გვყავს? თავმოყვარეობა დაკარგეს, ფულზე გაიყიდნენ. ამბობენ, ივანიშვილმა გადაარჩინა ინტელიგენცია და სტალინმა დაღუპაო. გაგიჟდება კაცი, სტალინმა ინტელიგენცია თუ დაღუპა, მაშ, ვინ შექმნა ამდენი ბრწყინვალე ნაწარმოები პოეზიაში, პროზაში, კინოსა და თეატრში, როგორ განვითარდა მეცნიერება, ხელოვნება? თუ დღეს ივანიშვილმა გადაარჩინა ინტელიგენცია, მაშინ მათ მიერ დაწერილი ერთი წიგნი მაინც წამაკითხონ, სპექტაკლი მაჩვენონ ან ფილმი. რეგრესია ყველაფერში.

ქვეყანაში დღეს არსებული ძალა არავის მისცემს საშუალებას, გამოჩნდეს მეორე ძალა, რომელიც სახელწიფოსთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

_ გამოდის, არაფერი გვეშველება და ხალხიც შეგუებულია ვითარებას

_ არ ვეგუები, მაგრამ ვერავის ვხედავ, ვისაც მხარში ამოვუდგები. პოლიტიკოსები, რომლებიც მედიასაშუალებებში ჩანან, ჯიბგირებივით არიან _ ცდილობენ, სანახაობით გაგვართონ, მერე ჯიბიდან რომ ამოგვაცალონ ყველაფერი; ცდილობენ, ყურადღება გადაგვატანინონ უმნიშვნელოზე, რათა თვითონ ბიზნესწილები გაინაწილონ.

მემარცხენე ძალები თითქოს არსებობენ, მაგრამ ისინიც ვერ თმობენ სკამებს, პირველკაცობას ვერ თმობენ და მათ ნაცვლად მრცხვენია. არაფერი გვეშველება, ხალხის პროტესტიც არ იქნება, რადგან იმედგაცრუება დიდია და თანაც მედროვეებით არის ქვეყანა სავსე. ვინც კარგად არის, არ ფიქრობს იმაზე, რომ მხოლოდ მისი კარგად ყოფნა საკმარისი არ არის. როცა ქვეყანა ცუდად არის, კარგად ვერავინ იქნება.

ვსვამთ შეკითხვას: გვინდა თუ არა ნატო? მაგრამ არავინ ამბობს, რა არის ნატო. საზოგადოების 95%-მა არ იცის, რა არის ნატო. არადა, ნატო არის აგრესიული სამხედროპოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ემსახურება იმპერიალისტთა ვიწრო წრეების ინტერესებს, ხალხი კი ნატოს მიმართ ოქროს კოშკებს აგებს. ყველა საკითხს, რომლებზეც ვსაუბრობთ, პროფესიონალების გაანალიზება სჭირდება, რასაც არავინ აკეთებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. “დიდების მწვერვალზე…” როდის ვიყავით? იქნებ მაშინ, როცა სოფლები დაიცალა მდედრობითი სქესის ადამიანებისაგან? თუ ქალაქებში ოჯახი არ არსებობდა, საიდანაც ლუკმაპურის საშოვნელად იყო გადახვეწილი ვინმე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here