Home რუბრიკები პოლიტიკა როდის შეცდა ბიძინა ივანიშვილი?

როდის შეცდა ბიძინა ივანიშვილი?

20 ნოემბერს იმედი გაგვიჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალობა დაინახა.

3514
ბიძინა ივანიშვილი

ბოლო დღეებში მედიასა და სოცქსელებში გამოქვეყნდა უამრავი წერილი, რომლებშიც ჩამოთვლილია ბიძინა ივანიშვილისა დაქართული ოცნებისშეცდომები, რომელთა გამო მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოსალოდნელზე 15-20%-ით ნაკლები ხმა მიიღო. თითქმის ყველა ეძებს ერთ დიდ, მთავარ შეცდომას, მაგრამ, შესაძლოა, ის არც არსებობს და გაცილებით მნიშვნელოვანია საუბარი წინაპირობებზე, რომლებმაც მმართველი პარტიის პოლიტიკა სისტემური ხარვეზებით დატვირთა და შეცდომების მუდმივი გენერაცია უზრუნველყო.

ხშირად წერენ, რომ ივანიშვილი მაშინ შეცდა, როდესაც პოლიტიკური და საიმიჯო თვალსაზრისით ესოდენ სუსტი კანდიდატი შეარჩიაო. ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორები მიანიშნებენ, რომ ის ამ ვარიანტს იმიტომ მიემხრო, რომ გავლენიან ჯგუფებს მმართველ პარტიაში პრეზიდენტის პოსტზე თავიანთი კანდიდატების გაყვანა სურდათ, რამაც სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. სახელდება სხვა მიზეზებიც, მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა “დემოკრატიული ფასადის” შესალამაზებლად, ერთგვარი რევერანსი ფრანგი პარტნიორების წინაშე და ა.შ., თუმცა, ალბათ, აჯობებს სწორედ შიდაპარტიულ დაპირისპირებას შევეხოთ, რომელმაც თითქოს ხელი შეუწყო ზურაბიშვილის შერჩევას.

ის, რომ სიტუაცია “ქართულ ოცნებაში” პათოლოგიურია, ნათლად დადასტურდა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა (და პირიქით), შემდეგ კი _ ივნისში, კვირიკაშვილის გადადგომის პერიოდში, როდესაც საუბარმა პარტიულ კრიზისზე, გავლენის სფეროების განაწილებაზე, “ბანკირების შეთქმულებაზე” და ა.შ. საყოველთაო ხასიათი მიიღო. როგორც ჩანს, პოლიტიკური გაერთიანების ნაცვლად, ივანიშვილმა ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფებების ფორმალური კონფედერაცია შექმნა.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან “წავიდა”, პარტიაზე ზრუნვა პრემიერმინისტრს (ჯერ ღარიბაშვილს, შემდეგ კვირიკაშვილს) გადააბარა, როგორც დამატებითი საქმე, ერთგვარი “საზოგადოებრივი დატვირთვა”, რომელმაც მთავრობისა და ქვეყნის მართვასთან შედარებით მეორეხარისხოვანი, დაქვემდებარებული მნიშვნელობა შეიძინა. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო, რადგან პარტიული აღმშენებლობა განსხვავდება აღმასრულებელი ვერტიკალის მართვისგან, ის სხვა მეთოდებისა და უნარების გამოყენებას მოითხოვს.

ორივე პრემიერის მოქმედებას პარტიული ხაზით “ოცნების” “პოლიტბიუროს” სხვა წევრები უყურებდნენ, როგორც გავლენის სფეროს გაფართოებას და მას, წინააღმდეგობით თუ არა, ჩუმი საბოტაჟით პასუხობდნენ. მნიშვნელოვანი როლი ბანალურმა არაკვალიფიციურობამაც შეასრულა. ხშირად გვგონია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა აპრიორი იციან, როგორც უნდა შექმნან პოლიტიკური პარტია, შეიმუშაონ მრავალსვლიანი კომბინაციები და ა.შ. რეალურად, მათი დიდი ნაწილი იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპაროს, თანაც ამისთვის არ დაისაჯოს და მხოლოდ შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს.

კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ივანიშვილმა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელის როლები ერთმანეთისგან გამიჯნა. მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებას” სათავეში პირადად ჩაუდგა, ზოგიერთი რომანტიკოსი “ბიძინისტი” მისგან “დიდი წმენდის” ჩატარებას ელოდა, მაგრამ ყველაფერი შემოიფარგლა კვირიკაშვილთან დაახლოებული ზოგიერთი პირის გაშვებით, უპირველესად, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებიდან. ამას მოჰყვა ზურაბიშვილის შერჩევა პრეზიდენტობის კანდიდატად _ გადაწყვეტილება, რომელსაც თითქოს უნდა დაემშვიდებინა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები. გამორიცხული არაა, რომ პრობლემა მხოლოდ კალაძის ჯგუფის (თუ გნებავთ, კალაძე-კობახიძის ტანდემის) პოზიციამ შექმნა, რადგან კვირიკაშვილის დაცემის შემდეგ მისი გავლენა არაპროპორციულად გაიზარდა. თუ ის “საკუთარ პრეზიდენტსაც” მიიღებდა, ბალანსი მმართველი პარტიის შიგნით, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაირღვეოდა, რაც ივანიშვილს, ფაქტობრივად, ამ ჯგუფის პოლიტიკურ მძევლად გადააქცევდა.

ამგვარად, ივანიშვილმა რატომღაც ჩათვალა, რომ შეიძლება გადააბაროს მმართველი პარტიის განვითარება არაკომპეტენტურ, ამასთანავე, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებულ პირებს; შესაძლოა, ის ვერ აცნობიერებდა პროცესის მნიშვნელობას. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, ივანიშვილთან საუბრის შემდეგ, ერთმა ცნობილმა პოლიტოლოგმა თქვა: მართვა ნამდვილად ეხერხება, მაგრამ პოლიტიკის არაფერი ესმის”.

დღეს ბევრს წერენ რვაწლიან ციკლზე, რომლის განმავლობაში მმართველი პარტიები ჯიუტად მიიწევენ წინ, შემდეგ კი დეგრადაციის ჭაობში იძირებიან. “ქართული ოცნებისთვის” “მწვერვალი”, ალბათ, 2016 წლის არჩევნები იყო, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პარტიებს “დეგრადაციის ეტაპზე” ერთი და იგივე პრობლემა შეექმნათ _ ობიექტური ინფორმაცია პირველ პირთან თითქმის არ ხვდებოდა. სახელისუფლო დაჯგუფებები იყენებდნენ მას, როგორც გავლენის გაფართოებისა და მანიპულაციის ინსტრუმენტს, და ეუბნებოდნენ მმართველს იმას, რის მოსმენაც სურდა. გამორიცხული არ არის, ივანიშვილს მართლა ეგონა, რომ ზურაბიშვილი პირველ ტურში დაახლოებით 55%-ს აიღებდა და შესაბამისი მონაცემების გადამოწმების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც არ ჰქონდა.

როგორც ჩანს, არავინ შესულა ივანიშვილის კაბინეტში სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით და ანალიტიკური მოხსენებით, მაგალითად, იმაზე, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრემარიხუანის კანონპროექტისგამომზეურებაკონსერვატიული უმრავლესობისგადამტერების ტოლფასია; არ აუხსნა, როგორ შეიძლება იმუშაოს მის წინააღმდეგფარცხალაძის ფაქტორმადა .. არ არსებობდა დამცავი მექანიზმი, რომელსაც ამ და სხვა მსგავსი საფრთხეების მოახლოებაზე რეაგირება უნდა მოეხდინა ან, თუ არსებობდა, გაფუჭდა, გადაიწვა.

ასეთ დროს ლიდერები, როგორც წესი, ცდილობენ, მიკრომენეჯმენტი საკუთარ თავზე აიღონ, ტაქტიკური წინასაარჩევნო საკითხები ყოველდღიურ თათბირებზე გადაწყვიტონ (ასე იქცეოდა “მოქკავშირი” _ 2003-ში და “ნაცმოძრაობა” _ 2012-ში), მაგრამ სიტუაციის გაუმჯობესებას ვერა და ვერ ახერხებენ. “ქართული ოცნების” მოქმედებამ პირველი ტურის ჩატარებიდან დღემდე ნათლად აჩვენა, რომ მის ლიდერებს, შესაძლოა, სურთ სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ აშკარად ვერ გრძნობენ, რა აღელვებს ზურაბიშვილის პოტენციურ მხარდამჭერებს და რა ენაზე უნდა ესაუბრონ მათ. ეს გასაკვირი არაა, მაშინ, როდესაც პარტია, როგორც ორგანიზმი, ავადმყოფობს, დაყრუვდა და თითქმის დაბრმავდა, ხოლო სამთავრობო სტრუქტურებს შესაბამისი ფუნქციების დუბლირება, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ.

“ქართული ოცნების” ყველაზე ერთგული ამომრჩეველიც კი აშკარად დაიბნა, როდესაც იხილა 2018 წლის პირველი ნახევრის კრიზისი და ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ასე მიმართა: “დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი”. საშუალოსტატისტიკურ ამომრჩეველს, როგორც წესი, კარგად ესმის ლიდერის, რომელიც მისი მოტივაციის ამაღლებას ცდილობს და ბრძოლისკენ, გამარჯვების მიღწევისკენ მოუწოდებს. მან (გაჭირვებით, მაგრამ მაინც) შეიძლება გაუგოს ლიდერს, რომელიც ეტყვის, რომ ამ ეტაპზე საჭიროა უკანდახევა და ძალთა გადაჯგუფება, მაგრამ ის ვერასოდეს გაიგებს ბიძინა ივანიშვილის ზემოთ ციტირებულ განცხადებას _ უბრალოდ, დაიბნევა და, ალბათ, იკითხავს: რა უნდა ამ კაცს ჩემგან?

ასეთ პარტიას არ შეეძლო შეექმნა კარგი საარჩევნო შტაბი, რომელიც, მაღალტექნოლოგიურად და კრეატიულად თუ არა, საღ გონებაზე დაყრდნობით მაინც იმოქმედებდა. ივანიშვილის მხარდამჭერები გრძნობენ კამპანიის არაადეკვატურობას (ეს კარგად ჩანს სოცქსელებში) და ბევრ მათგანს მხოლოდ “ჯოკერის”, ანუ მომაკვდინებელი კომპრომატის გამოყენების იმედი აქვს, რაც სასოწარკვეთის დადასტურებაა.

კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ დღესაც კი, კრიტიკულ ვითარებაში, პარტიის შიგნით ერთიანობის მიღწევა ვერ ხერხდება:

“ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა წარედგინა, _ განუცხადა “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ, _ როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა”. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩანდეს და საზოგადოების წინაშე თავად წარადგენდეს, რის გაკეთებას აპირებს იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. ყოველივე თქმული შეიძლება სრული ჭეშმარიტება იყოს, მაგრამ “ოცნების” ამომრჩეველს შეიძლება გაუჩნდეს მარტივი კითხვა: ახლა ამის დროა?

შესაძლოა, მეორე ტურში სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მასა ზურაბიშვილის გამარჯვებას უზრუნველყოფს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის ეს რაუნდი ამით არ დასრულდება. მთელი რიგი ფაქტორების თანხვედრის გამო, ნაციონალები წარმატებასთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე ოდესმე ბოლო 6 წლის განმავლობაში და შეიძლება ჩათვალონ, რომ მეორედ ასეთ მობილიზაციას ვეღარ უზრუნველყოფენ, მათ შორის, ივანიშვილისა და “ოცნების” სხვა ლიდერების “გამოფხიზლების” გამო. ამიტომ, როგორც ვაშაძის გამარჯვების, ისე მისი მარცხის შემთხვევაში, სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ვა-ბანკზე წავა, მით უმეტეს, რომ 2013 წლის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, როდესაც ნაციონალები ამაზე პირველად დაფიქრდნენ, დღეს მისი პირადი უსაფრთხოება სრულად დაცულია. “ქართული ოცნება” ამ გამოწევას დაახლოებით იმ მდგომარეობაში ხვდება, როგორშიც იანუკოვიჩის “რეგიონების პარტია” 2014 წლის კიევის “მაიდანს”.

ივანიშვილის შეცდომები, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს, შექმნილი პრობლემების მთავარი მიზეზი არ არის. გაცილებით მეტი დააშავა მან, ვინც ჩათვალა, რომბატონმა ბიძინამ უკეთ იცის”, მას ღვთაებრივი გამჭრიახობა მიაწერა და საკუთარი პასიურობა ასე გაამართლა: “მოდი ვაცადოთ”. შესაძლოა, მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ქვეყანა სააკაშვილის სადისტური რეჟიმის რესტავრაციის საფრთხის წინაშე დგას, სწორედ ეს სამოქალაქო იმპოტენციაა.

P.S. 20 ნოემბერს იმედი გაგვიჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალობა დაინახა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ” …რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, ივანიშვილთან საუბრის შემდეგ, ერთმა ცნობილმა პოლიტოლოგმა თქვა: “მართვა ნამდვილად ეხერხება, მაგრამ პოლიტიკის არაფერი ესმის”. vinaa es cnobili politologi?! )))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here