“გავლა შეუძლებელი იყო, მინისტრთან მიღწევის მცდელობისას ყვიროდნენ, ხელს გკრავდნენ, გეჯახებოდნენ”
“ღირსებადაკარგული” ქართველი ჟურნალისტები ეძგერნენ რუსეთის დელეგაციას გაეროს ჟენევის განყოფილებაში კითხვით _ ჩავა თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისში?” _ დაწერა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
“გავლა შეუძლებელი იყო, მინისტრთან მიღწევის მცდელობისას ყვიროდნენ, ხელს გიბიძგებდნენ, გეჯახებოდნენ.
იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით, ღირსებადაკარგული ქალების განზე გაწევა მოგვიწია. და იცით, რისი გაგება სურდათ? ვერ დაიჯერებთ! ერთადერთ კითხვაზე პასუხის გაცემა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბინდვაა, როცა თავს ასეთ მდგომარეობაში იყენებ უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლაზე ან არჩასვლაზე. საცოდავი სანახაობა იყო”, _ დაწერა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მის კოლეგას ხელი შეუშალეს გადაადგილებისას. მინისტრი კი ჟურნალისტების შეტევისას არ დაზარალებულა.
ზახაროვამ თავის წერილს დაურთო ფოტო, რომელზეც ჩანს ნაკაწრები მის სხეულზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა განიარაღების კონფერენციაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სესიაზე ჟენევაში.
შეგახსენებთ: თბილისში 14-15 მაისს უნდა გამართულიყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თათბირი. ასეთ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციას ტრადიციულად ლავროვი ხელმძღვანელობს.
როგორც რამდენიმე დღის წინათ გაირკვა, აღნიშნული თათბირი თბილისში აღარ გაიმართება.
Vz.Ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ