Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გავაშენოთ ლურჯი მოცვის პლანტაცია

როგორ გავაშენოთ ლურჯი მოცვის პლანტაცია

9577
ლურჯი მოცვი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

საქართველოში კენკროვანი კულტურებიდან, ძირითადად, გავრცელებულია მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი. მსოფლიოში ბოლო 20 წელიწადში პოპულარობა მოიპოვა ახალმა კენკროვანმა კულტურამ _ ლურჯმა მოცვმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი. ლურჯი მოცვი მეტად საინტერესო კულტურაა, რომელიც თავისი კვებითი და დიეტური თვისებების გამო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდი ყურადღება მიიპყრო.

ლურჯი მოცვი მიეკუთვნება Vaccinium-ის გვარს, რომელშიც ასევე აერთიანებენ შტოშს, საქართველოში გავრცელებულ შავ მოცვს და ა.შ. ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოშობილი ეს კენკრა კარგად ეგუება განსხვავებულ კლიმატურ პირობებს _ აწარმოებენ როგორც ჩრდილოეთის ცივ, ასევე სამხრეთის ცხელ რეგიონებში. განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას: ჩრდილო მაღალბუჩქოვანი (Vaccinium corymbosum L.), სამხრეთ მაღალბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი, “კურდღლისთვალა” და სხვ.

ლურჯი მოცვი ბუჩქოვანი მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა დამახასიათებელი ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. კენკრას ახასიათებს ორიგინალური მომჟავომოტკბო გემო. ნაყოფის ზომა ჯიშების მიხედვით მერყეობს 0,8-2,0 სმ დიამეტრის ფარგლებში.

ლურჯი მოცვის ნაყოფი შეიცავს 85-87% წყალს, ხსნად მშრალ ნივთიერებებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ასევე _ C ვიტამინს 80-90 მგ/100 გ, BB1, PP ვიტამინებსა და სხვ. ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ფართოდ გამოიყენება დიეტურ კვებაში.

აღნიშნული კულტურის კენკრა იკრიფება მაისის დასასრულიდან აგვისტომდე. სხვა ნებისმიერ კენკროვან კულტურასთან შედარებით, იგი ხასიათდება მკვრივი და ადვილად გადასატანი ნაყოფით. გრილი სარდაფის პირობებში კარგად ინახება 1-2 კვირის განმავლობაში, ხოლო სამაცივრე საწყობებში _ სამი ან მეტი კვირის განმავლობაში. კენკრა ივითარებს სანაყოფე მტევნებს, რომლებზეც ნაყოფი არათანაბარი სიმწიფით ხასიათდება. ამის გამო საჭიროებს მრავალჯერად მოკრეფას, რომელიც დაახლოებით ორი-ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება. ლურჯი მოცვი, ძირითადად, ნედლად მოიხმარება, თუმცა, აგრეთვე, იყენებენ გაყინულსაც, სხვადასხვა სახის ფუნთუშეულისა თუ ნამცხვრის ინგრედიენტად. მისგან ამზადებენ გემრიელ ჯემებს, ხილფაფებსა თუ წვენებს.

ეს კულტურა მიეკუთვნება ძვირად ღირებული კენკრების რიგს და ერთერთ მოწინავე ადგილზეა თავისი რენტაბელურობითაც. მოცვის საშუალო საბითუმო მსოფლიო ფასი _ 1 კგზე 3,2-3,5 აშშ დოლარია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 8-10 ტონას შეადგენს. კარგად მოვლილ პლანტაციებში მოსავლიანობა 12-15 ტონას აღწევს.

ლურჯი მოცვის წარმოება მსოფლიოში, 2011 FAO

სულ ფართობი: 83 000 ჰა

სულ წარმოება: 368 000 ტონა;

* აშშ – 201 000

* კანადა – 112 000

* პოლონეთი – 8 500

მოთხოვნები წარმოების ეკოლოგიური პირობების მიმართ

ლურჯი მოცვი მოითხოვს კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქ, ტენიან, მაგრამ შესაბამისი დრენაჟის სპეციფიკურ ნიადაგს _ იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე. ნაკვეთში დამდგარი წყალი არასასურველ გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე, ამიტომ ასეთი ადგილები ნაკლებად მისაღებია. ამ კენკრისთვის ნიადაგის ოპტიმალური pH მაჩვენებელი უნდა იყოს 4.0-დან _ 5.5-მდე. 4,0-4,5 საუკეთესოა მოსაყვანად. თუ ნიადაგის რეაქცია _ pH 5.8-ს აღემატება, მცენარეს ემართება ქლოროზი, რომელსაც, ძირითადად, რკინის დეფიციტი განაპირობებს. ქლოროზი გამოიხატება ფოთლების ნაწილობრივი გაყვითლებით, ადრეული შეწითლებითა და მცენარის მნიშვნელოვანი დასუსტებით. თუ ნიადაგი არასაკმარისად მჟავეა, აუცილებელია მისი “დამჟავება”, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას მჟავე ტორფის ან გოგირდის შეტანა.

საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მსგავსი მჟავე სახის ნიადაგებზე გაშენებულია ჩაი (რომელიც ასევე მჟავე ნიადაგებს მოითხოვს). გამომდინარე აქედან, ასეთი ტიპის ნიადაგებზე შესაძლებელია განხილული იქნეს ლურჯი მოცვის მოყვანის შესაძლებლობაც.

პლანტაციის გაშენება

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება ხდება შემდეგი კვების არით: 3,0-3,2 მეტრი X 0,9-1,2 მეტრზე. საშუალოდ ერთი ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 2800-3300 ნერგი. მოცვის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულის პერიოდში. თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიები ლურჯი მოცვის გასაშენებლად ითვალისწინებს მცენარეების დარგვას შემაღლებულ ბაზო-კვლებზე.

შემაღლებული ბაზო-კვლების უპირატესობებია: ფესვების გაუმჯობესებული უზრუნველყოფა ჰაერით; ტენის უკეთესი რეგულაცია; ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება; ჭარბი ტენის მოცილება ფესვებიდან. რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების შემაღლებული ბაზო-კვლის მოწყობა: სიგანე 60-90 სმ, სიმაღლე 18-25 სმ.

დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება ხდება ნიადაგის ზედა ფენაში ნახერხის, კომპოსტის ან ტორფის შერევით.

მოცვის დასარგავდ აკეთებენ 20-30 სმ სიღრმის და დიამეტრის ორმოებს. დარგვისას უნდა მოხდეს ნერგის ფესვების კარგად გაშლა, განსაკუთრებით კონტეინერში მოყვანილი ნერგების, რათა ფესვთა სისტემა კარგად განვითარდეს.

ნერგი უნდა დაირგოს ისე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ქვემოთ მოექცეს _ წესით, ნერგი იმ სიღრმეზე უნდა ჩაირგოს, რა სიღრმეზეც იზრდებოდა სანერგეში ან ქოთნებში. მოცვს აქვს ფესვთა მეტად ფაქიზი სისტემა, ამიტომ მისმა, როგორც ძალიან ღრმა, ასევე ზედაპირულმა დარგვამ შეიძლება ფესვთა დაზიანება გამოიწვიოს, რაც განაპირობებს ნერგის სუსტ განვითარებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.

ლურჯი მოცვი, ისევე, როგორც მისი მონათესავე კულტურები ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს სრულ მსხმოიარობამდე. პირველ მოსავალს იგი დარგვიდან მესამე წელს იძლევა, მაგრამ სრულ მსხმოიარობას მე-7-მე-8 წელს იწყებს. ლურჯი მოცვის ბაღს ექსპლუატაციის შედარებით დიდი ხანგრძლივობა აქვს _ ბაღის კომერციული გამოყენების პერიოდი 35-40 წელიწადია.

ახალდარგული მცენარე აუცილებლად უნდა დაიმულჩოს ორგანული ან სხვა სახის მულჩის 25-40 სმ სიგანის 10-15 სმ სისქის ფენით. ორგანული მულჩის შეტანა ხდება რიგებში მცენარის გარშემო 30-60 სმ სიგანის ზოლებად. მულჩირების სისტემა საგრძნობლად აძლიერებს მცენარის ზრდას, მცენარის ფესვებს იცავს სარეველებისა და ტემპერატურული გადახურებისგან, ინარჩუნებს ტენიანობას და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით.

მულჩად, ასევე, იყენებენ პოლიეთილენის ე.წ. ნაქსოვ მულჩს, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული თანამედროვე ტიპის პლანტაციებში.

დარგვამდე ერთი წლით ადრე რეკომენდებულია მრავალწლოვანი სარეველების _ ძურწა, ჭანგა, ღიჭა და სხვა _ მოსპობა, რაც შესაძლებელია მიწის დამუშავებით, ნიადაგის განმეორებითი გაფხვიერებით ან ტოტალური მოქმედების უნარჩენო ჰერბიციდებით (გლიფოსატის რიგის _ რაუნდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი, ვალსაგლიფი და ა.შ). ბაღის გაშენების შემდეგ თითქმის შეუძლებელია სარეველების კონტროლი, ასე რომ მნიშვნელოვანია, მის დარგვამდე განხორციელდეს მრავალწლოვანი სარეველების მოცილება.

აგროტექნიკა

ლურჯი მოცვის დამტვერვა, ძირითადად, მწერების მეშვეობით ხდება. ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებიდან უმეტესობას არ სჭირდება სპეციალური ჯვარედინი დამტვერვა, თუმცა სხვადასხვა ჯიშის ჯვარედინი დამტვერვის შემთხვევაში ნაყოფის ხარისხი და სიდიდე მნიშვნელოვნად მატულობს. ამ პერიოდში ფუტკრის სკების პლანტაციებში შეტანა ერთ-ერთი საჭირო ღონისძიებაა, რომელიც შესამჩნევად ზრდის პლანტაციის პროდუქტიულობას.

ბაღის გაშენებიდან პირველი ორი წლის მანძილზე ცდილობენ, არ დაუშვან მცენარის მოსავლიანობა, რათა არ მოხდეს ახალგაზრდა მცენარის დასუსტება, ამისათვის აცილებენ ყვავილებს ან უკვე გამონასკვულ ნაყოფებს.

ლურჯი მოცვი მოითხოვს ყოველწლიურ გასხვლას _ გასხვლის ძირითადი პრინციპია ძველი, 6-წლიანი ამონაყრების მოშორება და ახალი ამონაყრების დანორმება 2-4 ცალამდე. მაღალი ხარისხის ნაყოფები მიიღება ორ, სამ, ოთხ და ხუთ წლიან ტოტებზე ახალი სანაყოფე კვირტებიდან. ლურჯი მოცვის გასხვლისას ტოტებს არ ამოკლებენ, მხოლოდ ამოხშირავენ. ყველა 6 წლიანი ტოტი იჭრება ძირში. კარგად ჩატარებული გასხვლა ხელს უწყობს მსხმოიარობის ადრე დაწყებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებას.

ლურჯი მოცვის პლანტაციის ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებენ აზოტოვან, ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქებს. ყველა ძირითადი გასანოყიერებელი ელემენტიდან, მოცვის ვეგეტატიურ ზრდას საუკეთესოდ უწყობს ხელს აზოტოვანი სასუქები. აზოტის შეტანის დოზები იზრდება მცენარის განვითარებასა და მოსავლის ზრდასთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ აზოტის შეტანა უნდა მოხდეს კარბამიდის (შარდოვანას) სახით, რადგან სხვა სახის აზოტოვანი სასუქები შესაძლებელია ტოქსიკური აღმოჩნდეს მცენარისთვის. ლურჯი მოცვის განოყიერების ზოგადი სქემაა _ N-100, P-90, K-120. თუმცა განოყიერება უნდა ჩატარდეს ნიადაგისა და ფოთლის ანალიზის დასკვნის საფუძველზე.

ლურჯი მოცვის ჯანმრთელ მცენარეს უნდა ჰქონდეს 10-15 სმ ღეროს სიგრძის ამონაყარი, თითოეულ ღეროზე 20 ფოთლით. სუსტი ზრდა ან ფოთლების გაუფერულება, სავარაუდოდ, მიანიშნებს საკვები ელემენტების ნაკლებობაზე, თუმცა იგივე სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს განსხვავებული მიზეზებით, როგორიცაა ნიადაგის სიმძიმე, ცუდი დრენაჟი, მავნებელდაავადებებით დაზიანება, გვალვა ან სასუქებით დაწვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა შეიძლება დაასუსტოს მცენარის ფესვთა სისტემა.

ლურჯი მოცვი მოითხოვს რეგულარულ ირიგაციას. ქვიშიანი ნიადაგების ხშირ და მცირე დოზებით მორწყვას. შეწითლებული ფოთლები, ფოთლის გაყავისფერებული ძარღვები, თხელი, სუსტი ამონაყარი თუ ფოთლების ადრეული ცვენა მიუთითებს მცენარეების წყლის დეფიციტზე, ამიტომ აუცილებელია ნიადაგში ოპტიმალური ტენის შენარჩუნება. მორწყვის პერიოდი უნდა გაგრძელდეს გვიან ზაფხულამდე და (ან) ადრეულ შემოდგომამდე.

ზვიად ბობოქაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here