Home სხვადასხვა დაიჯესტი რატომ არ ჩამოაგდეს ამერიკელებმა ატომური ბომბი ტოკიოში

რატომ არ ჩამოაგდეს ამერიკელებმა ატომური ბომბი ტოკიოში

3339
ტოკიო

ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვამდე ოთხი თვით ადრე ამერიკელებმა ნაპალმის ბომბებით ცოცხლად დაწვეს დაახლოებით 3 მილიონი იაპონელი

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს ჰიროსიმაში, 9 აგვისტოს _ ნაგასაკიში და სიცოცხლე მოუსწრაფეს 700 ათასზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს. რატომ არ გაიზიარა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბედი იაპონიის დედაქალაქმა, რატომ არ ჩამოაგდეს ატომური ბომბი ამერიკელებმა ტოკიოშიც?

1945 წლის 9-დან 10 მარტის ღამეს მარიანის კუნძულებიდან 334 ბომბდამშენი B-29 აფრინდა და კურსი ტოკიოსკენ აიღო. თვითმფრინავებს მიჰქონდათ ცეცხლგამჩენი ბომბები, თითოეულს დაახლოებით 1000 ერთეული. ეს მომცრო ბომბები მოთავსებული იყო კასეტებში, თითოეულ ბომბში იყო 7 ლიტრი ნაპალმი ამერიკელი მეცნიერების მიერ ახლახან გამოგონებული სწრაფი აალების თვისების მქონე ნივთიერება, დამზადებული, ძირითადად, ბენზინისგან, რომელსაც დამატებული ჰქონდა მინარევები აალებისა და წვის მომენტში ტემპერატურის მოსამატებლად.

B-29-ებმა სულ 1,5-2 კმ იფრინეს და უკვე ქალაქის თავზე იყვნენ. ღამე იყო მთვარიანი, ხედვა _ შესანიშნავი. მდინარე სუმიდა, რომელიც ქალაქის შუაში გადის, ვერცხლისფრად ჩანდა მთვარის შუქზე და შესანიშნავი ორიენტირი იყო მფრინავებისთვის.

იმ წლების ტოკიოში ქვისა და ცემენტის შენობების წილი 5%-ზე ნაკლები იყო, დანარჩენი ერთსართულიანი სახლები აგებული იყო მუყაოსა და ბამბუკისგან. ამ სახლებს ერთმანეთისგან ჰყოფდა ვიწრო ქუჩები. მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იდეალური მიზანი იყო ცეცხლგამჩენი ბომბებისთვის. ტოკიოს მცხოვრებთ, რომლებიც არ ელოდნენ ღამით თავდასხმას, მშვიდად ეძინათ.

გენერალი კერტის ლემეი
გენერალი კერტის ლემეი

300 ათასზე მეტი ბომბისგან გაჩენილი ხანძარი დიდ ფართობს მოედო. ქალაქი სწრაფად აალდა, როგორც გიგანტური კოცონი. ტოკიოს თავზე რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ცეცხლი აგიზგიზდა. ასიათასობით ხის ნაგებობის ერთდროულად აალებამ ცეცხლის შტორმი წარმოქმნა. გავარვარებული ნაკადები ჰაერისა, რომლის ტემპერატურა ცეცხლმოკიდებული ქალაქის თავზე 1000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, სწრაფად მიიწევდა მაღლა და გარეუბნებიდან ისე სწრაფად შთანთქავდა სუფთა ჰაერის ნაკადებს, რომ მათი სიჩქარე ქარიშხლის სიჩქარეს უტოლდებოდა. ქარის სიჩქარე ისეთი იყო, რომ ადამიანები ფეხზე ვეღარ დგებოდნენ და მათ გავარვარებული ჰაერის ნაკადები აგიზგიზებულ ცეცხლში მიაქანებდა.

ტოკიო

ხანძარი უზარმაზარ ფართობზე ბობოქრობდა, ამიტომ ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა შეძლეს მხოლოდ მათ, ვინც ხანძრის ეპიცენტრიდან მოშორებით იმყოფებოდა ან სწრაფად ხვდებოდა, საით უნდა გაქცეულიყო თავის საშველად.

ბევრი დაიღუპა არა ცეცხლისგან, არამედ სიცხისა და უჰაერობისგან _ რადგან გავარვარებულ ჰაერში ჟანგბადი აღარ იყო, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ თავშესაფრები, რომლებსაც მოქალაქეები ბომბების აფეთქებისგან უნდა დაეცვა, სასაფლაოდ იქცა მათთვის, ვინც ხსნას იქ ეძებდა.

41 კვ. კმის ფართობზე ხანძრის ალში ჩაიფერფლა 330 ათასი სახლი, სულ კი ტოკიოს ნაგებობების 40%-ზე მეტი განადგურდა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1935 წელს ტოკიოს მოსახლეობა 6,4 მლნ კაცს ითვლიდა, 1940 წელს _ 7,4 მლნ-ს. მოსახლეობის მოსალოდნელი მომატების ნაცვლად, 1945 წელს, ამერიკელთა დაბომბვის შემდგომ, ტოკიოს მოსახლეობის რაოდენობამ 3,5 მლნ შეადგინა _ 3,9 მლნ-ით ნაკლები, ვიდრე 1940 წელს იყო. მაგრამ მხოლოდ ამ მონაცემებით არ შეიძლებოდა დაბომბვის შედეგების განსაზღვრა, რადგან სამხედრო სამსახურში გასაწვევი წლოვანების ბევრი მამაკაცი მოქმედი არმიის რიგებში იყო, მოსახლეობის ნაწილმა კი კატასტროფამდე დატოვა ქალაქი.

სპეციალისტთა გაანგარიშებით, 1945 წლის დასაწყისში ტოკიოში 5,8 მლნ ადამიანი რჩებოდა, ნაპალმმა, რომელიც კაცობრიობამ მასობრივი განადგურების იარაღად აღიარა, სიცოცხლეს გამოასალმა 5,8-3,5=2,3 მლნ კაცი. ამერიკელებმა ჯოჯოხეთურ ცეცხლში გამოწვეს მშვიდობიანი, უმწეო ადამიანები, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ნაპალმის ბომბების ჩამოყრამ ისეთი დანაკარგი გამოიწვია, რომ ქალაქის მოსახლეობამ 1940 წლის რაოდენობას მხოლოდ 1953 წელს მიაღწია _ დემოგრაფიული მაჩვენებლებით, აღდგენას 13 წელი დასჭირდა, ეს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ იმის შემდგომ წლებში მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით სწრაფად იმატებდა, ვიდრე ომამდე პერიოდში. 1925-დან 1940 წლამდე, 15 წლის განმავლობაში, ტოკიოს მოსახლეობამ 2,86 მლნით მოიმატა, 1950-დან 1965 წლამდე _ 4,59 მლნით.

ტოკიო 1945 წლის მარტი
ტოკიო 1945 წლის მარტი

დასავლური (ამერიკული) სტატისტიკური მონაცემებით, ტოკიოში ნაპალმის ბომბების ჩამოგდების შედეგად დაიღუპა გაცილებით ნაკლები _ 200 ათასი ადამიანი, მაგრამ ჩნდება კითხვა: მაშინ რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ 1945 წლის ტოკიოს მოსახლეობა თითქმის 3 მლნით შემცირდა და დემოგრაფიული მონაცემების აღდგენას ათეულ წელზე მეტი დასჭირდა? შეფასებები და გათვლები, რომლებიც ეყრდნობა რეალურ მონაცემებს ტოკიოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, აჩვენებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ მაინც არის შემცირებული.

ამერიკელმა გენერალმა კერტის ლემეიმ, რომლის ინიციატივითაც იქნა გამოყენებული ნაპალმის ბომბები ტოკიოსა და სხვა ქალაქების დასაბომბად, მოგვიანებით განაცხადა: “ვფიქრობ, ომში რომ დავმარცხებულიყავით, მე გამასამართლებდნენ, როგორც სამხედრო დამნაშავეს”. ამ გენერლის ზნეობრივი პორტრეტისთვის ერთი შტრიხის დამატება შეიძლება: ტოკიოს განადგურების ოპერაციას ლემეიმ “სამლოცველო სახლი” უწოდა. ეს სახელწოდება მრავლისმეტყველად მიუთითებს ამერიკელი გენერლის, საზოგადოდ, ამერიკელების ცინიზმზე. ტოკიოზე თავდასხმა იქცა კატასტროფად, თავისი შედეგებით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბურ და საშინელ აქციად ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვების შემდეგ. ტოკიოს განადგურება ნაპალმის ბომბებით _ ეს არის ერთ მომენტში ყველაზე მასობრივი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში. როდესაც წყდებოდა საკითხი ამერიკელების მიერ ატომური დაბომბვის მიზნებზე, ტოკიო არც განიხილებოდა, რადგან ქალაქი 1945 წლის მარტში ცეცხლში ჩაიფერფლა დემოკრატი ამერიკელების “ნაჩუქარი” ნაპალმის ბომბებით.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here