Home რუბრიკები საზოგადოება უახლოეს ათწლეულში საქართველოს გაერთიანების პრობლემა ვერ გადაწყდება

უახლოეს ათწლეულში საქართველოს გაერთიანების პრობლემა ვერ გადაწყდება

მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

3442
ალექსეი ვიშნევსკი

დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითამც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
ვაჟა-ფშაველა 

2018 წლის 5 სექტემბერს ფანოღები უკრავდნენ “ივერია პალასის” საპარადო შესასვლელთან, სადაც პოლიტოლოგიური ცენტრი “სევერ-იუგი” სამხრეთკავკასიის საერთაშორისო ფორუმს მართავდა. წელავდა გარმონს ერთი, აკივლებდა კლარნეტს მეორე და ბანად დოლის რიტმიანი ბრაგუნი მიჰყვებოდა.

სახელდახელო “ქართულ სუფრაზე” ქეიფობდა პოლიტიკურად გააქტიურებული რამდენიმე ახალგაზრდა და ერქვა ამას “ანტიოკუპაციური პერფორმანსი”, ანუ წარმოდგენა, რომელიც იქ შეკრებილი სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტების კონფერენციის საპროტესტოდ იყო მიმართული.

ზაფხულის ინფორმაციული სიმწირით დამშეული ელექტრონული პრესა ბაღდადიდან მოსული ბუზივით დააცხრა ამ ფორუმს და ისე აიტაცა, ვითარცა “ოკუპაციის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის” ახალი ფორმა და მეთოდი. არადა, იყო საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი პრიმიტივიზმის გამეორება, როცა სცენის მოყვარულებმა ქართული ქეიფი _ თეატრალური დადგმის სუროგატი _ თბილისელ მაყურებელს წარუდგინეს თამადით და გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, ნატურალური ღვინითა და კერძებით, ლამის “ღუბერნატორითა და არქიელითა”.

და აკაკი წერეთლის მწარე კრიტიკა დაიმსახურა მაშინდელ ქართულ პრესაში.

ამ ჩვენმა პოლიტპლაგიატორებმაც იქეიფეს და “ვიღაცამ” ბაშის გადასახდელად ჯიბეზე ხელი გაიკრა _ მწვანე კუპიურებით დააფინანსა.

ან _ ლარებით.

მუსიკალური გაფორმებისთვის დაქირავებულ დასტას პოლიტშემართების არაფერი ეტყობოდა.

***

სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი, რა თქმა უნდა, გაიმართა. მონაწილებოდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის ჟურნალისტები. მანპინძლებად ქართველები ვითვლებოდით.

ამ უპირატესობით ვისარგებლე და ინტერვიუ ჩამოვართვი რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს _ ალექსეი ვიშნევსკის. თემა: ჟურნალისტის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში.

_ ჩვენ, ჟურნალსიტები შუამავლები ვართ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რათა ამ უკანასკნელს ვაუწყოთ მასის სურვილი და პრობლემები. ხშირად, რაც სამწუხაროა, ხელისუფლებას ამის მოსმენა არ სურს. მოსწონს, როცა აქებენ.

მაგრამ ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ესაა გადამწყვეტი, მიუხედავად იმისა, ჩვენს მონდომებას შედეგი მოაქვს თუ არა.

რაც შეეხება ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას, უკეთესის იმედი ვიქონიოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ასე მგონია.

_ ოპტიმისტურს ვერ ვუწოდებ თქვენს პასუხს.

_ ოპტიმისტურია-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან ვერ ვხედავ შეხების გლობალურ წერტილებს, თუმცა გაუმჯობესების ცალკეული შედეგები სახეზეა: აღდგა ავიარესიები, გამოცოცხლდა სავაჭრო ურთიერთობა, საზღვარზე არავის მოუთხოვია ვიზა, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო.

_ ოკუპაციის საკითხი, როგორც ხედავთ, კვლავ მწვავედ დგას. თქვენი აზრით, რა უნდა მოვიმოქმედოთ ჟურნალისტებმა ამ პრობლემის დასაძლევად?

_ ყველაფერი თავდაყირა დგას. რომელ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, როცა შავი და თეთრი ერთმანეთშია არეული?! ტერმინებით ჟორგლიორობაა. ფაქტობრივად კი, გრძელდება საბჭოთა იმპერიის დაშლა.

_ მე მხედველობაში მაქვს საქართველოს სეპარატისტულ ანკლავებში დღეს არსებული მდგომარეობა.

_ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისი, გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავს პრობლემას. როგორც ჩანს, იმაში, რაც მოხდა, მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არის. როგორც ამ, ასევე მსოფლიოში მომხდარ მსგავს შემთხვევებში მინიმუმ ორი მხარეა დამნაშავე. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არსებული პრობლემის კონსენსუსის გზით გადაწყვეტას. ასეთი საკითხები გორდიას კვანძის გაკვეთის მეთოდით ვერ გადაწყდება. პრობლემაში ჩათრეულებმა ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ, კრიტიკულად შეაფასონ თავისი როლი, შემდეგ ერთად დასხდნენ და შეთანხმდნენ. მოლაპარაკებაა საჭირო. ტალეირანის დიდებული ფრაზა გავიხსენოთ: “უმჯობესია, ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ, ვიდრე ვიომოთ და ვიომოთ”.

ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, საამისოდ იდეალური, ნეიტრალური ასპარეზია ჟურნალისტთა კავშირი, იმიტომ, რომ იგი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. სწორედ ასეთ ასპარეზზე, სადაც არავის სჭირდება ტრაფიკის გაზრდა, ტირაჟის გასაღება, ტელეპროგრამის რეიტინგის ამაღლება, რეკლამა, წილი და ა.შ., უნდა შევხედოთ ერთმანეთს და აზრები და პოზიციები შევაჯეროთ.

_ ე.ი. დიალოგი.

_ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ადრე თუ გვიან ასეც მოხდება.

_ მაინც როდის?

_ არა ამ ხელისეფლების დროს. არა იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაა ცუდი. არამედ იმის გამო, რომ ასეთი პრობლემის მოგვარებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. წინ დიდი სამუშაო გვიდევს, რომლის დაწყება არ უნდა დავაყოვნოთ. ბოლოს და ბოლოს ადამიანები რომელიმე ვარიანტზე შეთანხმდებიან, რადგან ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

_ როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ჟურნალისტს როგორი სტატუსი უნდა ჰქონდეს?

_ ხელშეუხებლობის სტატუსი. უეჭველად! განათლებული უნდა იყოს. ათჯერ იმაზე მეტი უნდა იცოდეს, რისი მოყოლაც ან დაწერაც შეუძლია. სიმტკიცის მარაგს ვგულიხმობ. ბავშვობიდან, ოჯახიდანვე უნდა ჰქონდეს თანდაყოლილი მყარი წარმოდგენა არა მხოლოდ პროფესიულ ეთიკაზე, არამედ საერთო-საკაცობრიო ეთიკაზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეურაცხყოს ადამიანები.

და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი ვერ გახდები შესაბამისი ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის მიღებისთანავე. წლების მუშაობაა საჭირო და, თუ ბედმა გაგიღიმა, კარგი მოძღვრის ხელმძღვანელობით.

ჟურნალისტობა კონვეიერის პრინციპით აწყობილი პროფესია არ არის, ხელნაკეთია. ცალობითი.

***

ჟურნალისტის პროფესიის შესახებ თბილისის საერთაშორისო ფორუმზე საკმაოდ საინტერესო საუბარი გაიმართა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სერიოზულად შეიცვალა საინფორმაციო ნაკადი, რომლის უდიდესი ნაწილი ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება და ჟურნალისტიკას მხოლოდ მცირეღა რჩება, სოციალური ქსელების ღვარცოფმა ვერ შეცვალა თვით ჟურნალისტიკა.

ყოფით დონეზე უკვე გაჩნდა ტექნიკური საშუალებით (სმარტფონებით თუნდაც) სიუჟეტების გადაღებისა და ინტერნეტით გავრცელების შესაძლებლობა.

ყველასთვის, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ხელმისაწვდომია.

მედიატექნიკის მაღაზიებშიც ხელმისაწვდომია სკალპელები, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს აზრად არ მოუვა, იყიდოს ეს “სამედიცინო ინვენტარი” და ქუჩაში დაედევნოს ადამიანებს _ აპენდიციტი უნდა ამოგკვეთოთო.

მაღალკვალიფიციურ ქირურგებს ვეძებთ, როცა დაგვჭირდება.

ჟურნალისტობა ელიტური პროფესიაა, ღვთით ბოძებული ნიჭიერება და თავდაუზოგავი შრომით დახვეწილი ხელობა, რომელიც გამყარებული და გამდიდრებულია მრავალმხრივი განათლებით.

ასეთი ჟურნალისტები სჭირდება დღევანდელ საზოგადოებას, რომელიც მრავალი პრობლემით არის დათრგუნული.

ქუჩაში კი დარბიან მიკროფონმომარჯვებული გოგონები და ასეთი “სკალპელების” მეშვეობით ცდილობენ საზოგადოების სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთას.

და არაფერი გამოსდით.

ერთ-ერთი ასეთი ყვითელნისკარტა ორჯერ მომადგა კონფერენციის მსვლელობის დროს. კომენტარი სჭირდებოდა, აშკარად ეტყობოდა ფერწასულ სახეზე, არ იცოდა, რა უნდა ეთქვა და ეძებდა გამოსავალს.

_ ექსპერტი ხართ?

_ არა.

_ აბა, ვინ ხართ?

_ თქვენი კოლეგა.

_ სიაში წერიხართ?

_ ჩამოწერილთა და “ჩარეცხილთა სიაში”, ალბათ, ვწერივარ.

მიხვდა, რომ არ გამოვადგებოდი და მომცილდა.

ცოტა ხნის შემდეგ:

_ თქვენ ექსპერტი ხართ?

და იგივე განმეორდა.

უცვლელად.

ეს მიკროპასაჟი მოვიხმე იმიტომ, რომ “საქართველო და მსოფლიოს” პატივცემულ მკითხველს ვუთხრა: ჩემი ეს პუბლიკაცია მიიღეთ, როგორც ჟურნალისტის სახელდახელო ჩანაწერები, და არავითარი პრეტენზია ექსპერტობაზე.

ღმერთმა დამიფაროს!

არმაზ სანებლიძე

P.S. “ვერე პალასთან” ყოველი შემთხვევისთვის მობილიზებულმა პოლიციამ იმ ორ დღეში ისე ელეგანტურად იმუშავა, რომ რაიმე ინციდენტის მცდელობასაც კი ადგილი არ ჰქონდა.
ა.ს.

1 COMMENT

  1. gamixarda da mivesalmebi rom ertad sheikribnen kartveli, rusi , azerbaijaneli..
    am mokle interviudanac natlad gamoCnda rusi jurnalistis propesiuli done, da ara is, rogorc man icoda”kvitelniskarta” karveli gogonebi romlebsac araperi gaegebat jurnalistobisa. isini xom specialurad matvis dawerilikitxvebit cdiloben moipovon udidesi staturi” jurnalisti” ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here