Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ დერიუგინი: როგორც დეკრიმინალიზაციის, ისე ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ

ნიკოლოზ დერიუგინი: როგორც დეკრიმინალიზაციის, ისე ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ

7179
ნიკოლოზ დერიუგინი

ქართული კალათბურთის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი ნიკოლოზ დერიუგინის სახელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. იგი ქუთაისში დაიბადა, 6 წლის იყო, როცა მშობლებმა კალათბურთზე მიიყვანეს, მისი პირველი მწვრთნელი მამამისის მეგობარი ზაურ ჩარკვიანი გახლდათ.

ერთი წლის შემდეგ ცნობილმა მწვრთნელმა სულიკო თორთლაძემ, რომელსაც არაერთი სასახელო კალათბურთელი აღუზრდია, ნიკოლოზი თავისთან გადაიყვანა. მეცხრე კლასიდან დერიუგინი თბილისში გადმოვიდა და საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატში მონაწილე თბილისისდინამოშიჩაირიცხა. ამის შემდეგ დაიწყო ნიკოლოზ დერიუგინის წარმატებული კარიერა. რთული ტრავმის გამო მან ძალიან ახალგაზრდამ, 27 წლისამ, დატოვა აქტიური სპორტი, რომელსაც კვლავ დაუბრუნდა 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. აქტიური სპორტიდან საბოლოოდ წასვლის შემდეგ ნიკოლოზ დერიუგინი თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.

_ ბატონო ნიკოლოზ, როდის შედგა თქვენი დებიუტი?

_ 1977 წლის 14 იანვარს პირველად ვითამაშე საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ჩემპიონატში, სვერდლოვსკის “ურალმაშს” 81:63 მოვუგეთ. ამ შეხვედრაში დებიუტანტის პირობაზე ძალიან კარგად ვითამაშე _ 18 ქულა მოვიპოვე. ამავე წელს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ცსკ-სთან შეხვედრაში ჩემს კარიერაში ყველაზე მეტი ქულა დავაგროვე _ 59. ჩემი თამაში მოსკოველ მწვრთნელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, ცსკ-სა და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ თავის გუნდში გადასვლა შემომთავაზა. მპირდებოდნენ ბინას მოსკოვში და მანქანას. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო” იმ პერიოდში ჩემპიონობის კანდიდატად არ განიხილებოდა, მაინც საქართველოში დარჩენა და “დინამოში” თამაში ვამჯობინე.

_ გომელსკი მოსკოვში გადასვლის თაობაზე პირადად გესაუბრათ?

_ თავდაპირველად მე დამიკავშირდა, ვუთხარი, რომ მამაჩემისთვის ეთქვა ამის შესახებ. მამასთან საუბრისას გომელსკის უთქვამს: გადმოვიდეს მოსკოვში, რუსული გვარი აქვს და ახალ გუნდში თამაში არ გაუჭირდებაო. მამაჩემს უპასუხია: წადი ქუთაისში, საფიჩხიაზე, და ბაბუამისს დაეკითხეო. გომელსკი მართლაც ჩასულა ქუთაისში და უკითხავს ბაბუაჩემის მისამართი, ჩემს ყოფილ მეზობლებს უთქვამთ: ცხონებული რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა და საფიჩხიის სასაფლაოზე განისვენებსო.

_ ამით მამათქვენს რისი თქმა უნდოდა?

_ იმის თქმა, რომ მართალია, ქართული გვარი არ მაქვს, მაგრამ მეც და ჩემი წინაპრებიც ქართველები ვართ _ აქ დავიბადეთ და, როცა უფალი ინებებს, აქ უნდა დავასრულოთ ჩვენი სიცოცხლეო.

_ ხომ არ ნანობთ, გომელსკის შემოთავაზებას რომ არ დათანხმდით?

_ რა თქმა უნდა, არა. მართალია, “დინამომ”, როცა მე იქ ვთამაშობდი, სსრკ-ის ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, მაგრამ რა დამავიწყებს თბილისის სპორტის სასახლეს, გადაჭედილს გულშემატკივრებით, რომლებიც ხშირად სკანდირებდნენ ჩემს სახელს.

_ თქვენ ძალიან ადრე, 27 წლისამ, დაანებეთ კალათბურთის თამაშს თავი, 1986 წელს. არადა, ორი წლის შემდეგ, 1988 წელს, სსრკის ნაკრებმა სეულის ოლიმპიადა მოიგო. თქვენი თამაშიდან გამომდინარე, ამ გუნდში აუცილებლად მოხვდებოდით, მაგრამ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვით. რა იყო აქტიური სპორტიდან თქვენი წასვლის მიზეზი?

_ ერთ-ერთი შეხვედრისას მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე. ოპერაცია მოსკოვში ცნობილმა ქირურგმა ზოია მირონოვამ გამიკეთა და ხელოვნური იმპლანტი ჩამიდგა. გამაფრთხილეს, რომ ჩემი ორგანიზმის მიერ მისი მიღების შანსი 50% იყო. სამწუხაროდ, ჩემმა სხეულმა იგი არ მიიღო და ინფექცია განვითარდა. მდგომარეობა ისე გართულდა, რომ მეორე ოპერაციის ჩატარება შეიქნა საჭირო, კალათბურთის თამაში ვის ახსოვდა, განგრენას ძლივს გადავურჩი, ამიტომ დავტოვე აქტიური სპორტი.

_ 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქტიურ სპორტს კვლავ დაუბრუნდით. უკვე აღარ გაწუხებდათ ტრავმა?

_ ხომ გახსოვთ, როგორი დრო იყო _ უშუქობა, უფულობა… ტრავმა ისევ მაწუხებდა, მაგრამ, სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი, ისევ დამეწყო თამაში. ჩემი პირველი უცხოური გუნდი უნგრეთის “მაფცი” იყო, სადაც 300 დოლარს მიხდიდნენ.

_ კარიერა რომელ გუნდში დაასრულეთ?

_ აქტიური სპორტიდან ჩემი საბოლოოდ წასვლის მიზეზი ისევ ტრავმა იყო. სდასუ-ში თამაშისას ქუსლის მყესი გავიწყვიტე და მორიგი ურთულესი ოპერაციის შემდეგ აქტიურ სპორტს საბოლოოდ დავემშვიდობე.

_ ამჟამად რას საქმიანობთ?

_ 55-ე საჯარო სკოლაში იჯარით ავიღე პატარა დარბაზი, რომელშიც 6-დან 14 წლამდე ბავშვებს ვავარჯიშებ.

_ როგორი თაობა მოდის?

_ თუ ვინმე გამოჩნდა პერსპექტიული, სხვა მწვრთნელთან მიდის, რადგან ამ პატარა დარბაზში, რომელსაც ყოველდღიურად ორი საათით ვიკავებთ, არ არის პირობები, მომავალი კალათბურთელები სათანადოდ რომ მოემზადონ შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად.

_ ისეთი ტიტულოვანი სპორტსმენისთვის, როგორიც თქვენ ხართ, საქართველოში უკეთესი დარბაზი ვერ მოიძებნა?

_ თბილისის აწ უკვე ყოფილ მერს, დავით ნარმანიას, ვთხოვე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკალათბურთო დარბაზი ან ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლის სათადარიგო დარბაზი 10 წლით დაეთმო ჩემთვის. დამპირდა, მაგრამ დაპირება არ შეასრულა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მომღერალ გიო ხუციშვილის, რომელსაც სპორტის სასახლე რამდენიმე წლით აქვს აღებული, მაგრამ, თუ სახელმწიფოს მისი პატივისცემა უნდოდა, ფილარმონია ან სხვა საკონცერტო დარბაზი გადაეცათ _ სად სპორტი და სად სიმღერა?! არ ვითხოვ, სპორტის სასახლე დამითმონ, ერთი პატარა დარბაზი მოვითხოვე და, დაპირების მიუხედავად, ვერ მივიღე. ჩემი ბალტიისპირელი მეგობრები _ არვიდას საბონისი, შარუნას მარჩულიონისი, რომლებსაც საკალათბურთო სკოლები აქვთ, თავისთან მეპატიჟებიან და აქაც უნდათ ჩამოსვლა, მაგრამ, რომ ჩამოვიდნენ, რა უნდა დავახვედრო? ამიტომ მრცხვენია და სხვადასხვა მიზეზს ვიგონებ, რათა იქ არ წავიდე…

_ თბილისის ახალ მერთან, კახა კალაძესთან, თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

_ კალაძეს ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ ვაპირებ, შევხვდე. ყოფილი სპორტსმენია და იმედია, გამიგებს.

_ თქვენ, როგორც ნამდვილ ქუთაისელს შეჰფერის, იუმორის დიდი ნიჭი გაქვთ. ამბობენ, “საწყალვლადიმერ ტკაჩენკოსსისხლს უშრობდა”, ისე აწვალებდაო

_ (ეცინება) მახსოვს, ცსკ-სთან თბილისში თამაშისას შესანიშნავ ფორმაში მყოფ ტკაჩენკოს ვერაფერი მოვუხერხე. ქულას ქულაზე აგროვებდა და მდევრის როლში აღმოვჩნდით. წუთშესვენებაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა მითხრა, შენი ქულები არ მინდა, ოღონდ როგორმე ტკაჩენკო გააჩერეო. თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. არ ვიცი, როგორ გამიჩნდა ეს აზრი, მაგრამ, როცა მე და ტკაჩენკო მსაჯის თვალს მოვეფარეთ, საჯდომზე მთელი ძალით ვუჩქმიტე. გამწარებულმა ტკაჩენკომ ხელი მკრა, მეც ეს მინდოდა, წავიქეცი და პარკეტზე გავცურდი. მსაჯმა ორივე გაგვაძევა მოედნიდან. ასე შევასრულე მწვრთნელის დავალება _ ტკაჩენკო გავანეიტრალე. მიუხედავად იმისა, რომ ტკაჩენკოს ასე ვეხუმრებოდი, ახლო მეგობრები ვართ. თბილისში კიევის “სტროიტელის” სტუმრობისას, სადაც ტკაჩენკო ცსკ-ში გადასვლამდე თამაშობდა, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ოჯახში დავპატიჟე. ძალიან დათვრნენ. აეროპორტში გაცილებისას “მოსკვიჩი” გავაჩერე და ამხელა ხალხი პატარა “მოსკვიჩში”, შეიძლება ითქვას, ჩავტენე. 220 სმ სიმაღლის ტკაჩენკოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული უყვარდა. ბოლო, ვინც მანქანაში ჩავსვი, ტკაჩენკო აღმოჩნდა. მანქანის კარი არ დაიკეტა _ ტკაჩენკოს ფეხსაცმლის ქუსლი ხელს უშლიდა, როცა ვერც გავხადე, ფეხსაცმელს ქუსლი მოვტეხე და ისე გავუშვი აეროპორტში.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლას?

_ ილიას ზუროსი უფრო კარგი მწვრთნელია, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან რამდენიმე კალათბურთელი _ ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე _ ტრავმირებული იყო. მათ გიორგი ცინცაძეც შეემატა და ამიტომ გუნდმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს.

_ ბატონო ნიკოლოზ, ბევრი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, ამტკიცებს, რომ მარიხუანა ადამიანს არ ვნებს და მისი დეკრიმინალიზაცია ცუდს არაფერს მოასწავებს. თქვენ, როგორც საზოგადოებისთვის ერთერთი ცნობილი სახე, ამაზე რა აზრის ხართ?

_ მარიხუანა ვითომ მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ იგი ადამიანის, განსაკუთრებით კი მოზარდების, სისხლში მყარად ჯდება და მის მომხმარებელს უფრო ძლიერი ნარკოტიკების მიმართ უჩნდება მიდრეკილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის და ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის როგორც დეკრიმინალიზაციის, ისე ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემდეგ მშობლიურ ქუთაისში ვიყავი და ნახევარი ქალაქი დაბოლილი დადიოდა.

_ ფაქტია, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობა, დაინტერესებას იჩენს ნარკოტიკული საშუალებების მიმართ და ამიტომაც დადგა მისი დეკრიმინალიზაციის საკითხი. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალი თაობა ნარკოტიკული საშუალებებით არ დაინტერესდეს?

_ ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ მშობლებმა ბავშვები ჯანსაღ ცხოვრების წესს აზიარონ, ანუ სპორტის რომელიმე სახეობაში მიიყვანონ. მათგან ყველა ვერ გახდება პროფესიონალი სპორტსმენი, მაგრამ ქუჩას მოშორდება და ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრებს.

ესაუბრა

როლანდ ლაბუჩიძე

1 COMMENT

  1. ბატონი ნიკოლოზი საყვარელი სპორტსმენი იყო და ისდღესაც საყვარელი და მართალი ადამიანია. ტკაჩენკოს კი მართლა სისხლს უშრობდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here