Home რუბრიკები საზოგადოება მაცხოვრის ფერისცვალება _ თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი

მაცხოვრის ფერისცვალება _ თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი

196

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები: მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

განცდა თვისთა ცოდვათაქრისტიანის ცხოვრების მთავარი საზრუნავია. სინანული, ბერძნულად _ მეტანია, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება _ გონების ცვლილება. სწორედ ცნობიერების შეცვლაა დასაბამი პიროვნების გადარჩენისა. გონების, ცნობიერების ცვლილება, მოვლენათა გადაფასება, ცოდვისა და მადლის ახლებური გაგება, ახალი მიზნის გაჩენა ნელნელა გულის ცვლილებასაც იწვევს და ასე ხდება ადამიანის გამოცვლა, ძველი, დაცემული პიროვნებიდან ნამდვილი ქრისტიანის დაბადება, ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტეში _ სულიერი ფერისცვალება.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.

მოგვცეს უფალმა ძალა, რომ ჩვენც გვეცვალოს ფერი, რომძველისა კაცისა გამძარცველთა, ახალი შევიმოსოთდა დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მარადის ბრწყინავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: “და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი” (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომელიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: “მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: “აღდეგით და ნუ გეშინინ” (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვრთაებრივი დიდება _ ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ სიცოცხლის ის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა “დროული მარადისობა” უწოდა.

XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი _ კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღვრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა, როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა.

ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომლებიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს “ტომოსი”, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღვრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა.

თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს რა უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს. მაგრამ განსხვავებული იყო მოსეს ბრწყინვალება, “რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არ აქუნდა ბრწყინვალებაი, ხოლო ქრისტესი ბრწყინვალებაი ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა _ გარეშე, ეგრეცა _ შინაგან. მის გამო იყო ბრწყინვალებაი იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხუისგან მოიღო”. მაცხოვრის ბრწყინვალება “შინაგანი”, მისთვის მოუცილებელი რეალობაა, რომელიც მას მარადიულად თან ახლავს. თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს და მათაც იხილეს მისი დიდება იმდენად რამდენადაც ამ დიდების დატევნის შემძლებელნი იყვნენ, ანუ როგორც თეოდორე ხარენელი ამბობს: “არამედ რაიზომ შემძლებელნი იყვნეს, ეგრეით ეჩუენა”.

იმავეს ვკითხულობთ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა”. ეს ყოველივე ეხმიანება წმიდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ: ღვთაებრივი ყველას ეცხადება მათი დატევნის უნარის მიხედვით, ღვთაებრივის გაგების უნარის მიხედვით”. გაგებადატევნის უნარი კი შეესაბამება ცალკეული ადამიანის სულიერ განვითარებასა და რელიგიურ გამოცდილებას. სწორედ ამით აიხსნება ეს ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე, ამიტომაც უფლის დიდების მხილველნი პეტრე, იაკობი და იოანე არიან, რომელთაც შემდგომ თავის მხრივ უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს.

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი _ მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა. პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა”.

პეტრეს სიტყვები: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაიგამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს, უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან სასუფევლის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს.

საინტერესოა ისიც, რატომ მოისურვა ქრისტემ მოციქულთათვის თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინა. ის ხომ ყოველთვის გაურბოდა კაცთა შორის დიდებას… რა იყო ფერისცვალების არსი და მიზანი? რისთვის აღსრულდა ის?

ეს, უწინარეს ყოვლისა, უფლის ჭეშმარიტების დასადასტურებლად იყო საჭირო, მერე კი _ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. ადამიანი სამოთხეში დაცემის შემდეგ ეჭვიანი გახდა, ამიტომაც გახლდათ აუცილებელი მისი დარწმუნება, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი უფალი. ფერისცვალებით მაცხოვარმა მოციქულებს აჩვენა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნელი იყო, ის, ვისაც ამდენხანს ელოდა კაცობრიობა, ელოდნენ იუდევლები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმის დროს უფალი იოანე ღვთისმეტყველის გარდა ყველა მოციქულმა მიატოვა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს მოციქულთა სარწმუნოება ჯერ კიდევ არ იყო მყარი. ამიტომაც აჩვენა ქრისტემ მათ თავისი დიდება, რათა, ჯვარზე გაკრულს რომ დაინახავდნენ, მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ, არ ეფიქრათ, რომ ის დამარცხდა, რომ მათი რწმენა ფუჭი და ამაო იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here