Home რუბრიკები საზოგადოება ლადო კახაძე: წესიერებამ არ უნდა გაგაკეთებინოს ის, რისი უფლებაც შეიძლება კანონმა მოგცეს

ლადო კახაძე: წესიერებამ არ უნდა გაგაკეთებინოს ის, რისი უფლებაც შეიძლება კანონმა მოგცეს

4909
ლადო კახაძე

ქართველებო, თქვენ მხოლოდ არჩევნებზე იარეთ მწყობრად და, რაც მთავარია, არჩევანში არ შეცდეთ!

ლადო კახაძე

ქართველები, მახათებით შეიარაღებულნი, დგანან ბანკების კარებთან და, გამოტანილი სესხის სანაცვლოდ, მიწას, ნებას, სინდისს, რჯულს, რწმენას, ლეჩაქსა და წარსულს ერთად აბარებენ”, _ წერს ლადო კახაძე თავის წიგნშისალამი იარაღო, ანუ ერთხელაც წამიკითხე”. ასე გულახდილად, მკაცრად და მოურიდებლად ლაპარაკი მხოლოდ ჭეშმარიტ მამულიშვილს შეუძლია და კიდევ პატრონს ისეთი მსუბუქი იუმორისა, როგორიც ამ პუბლიკაციის ეპიგრაფის წაკითხვისას უთუოდ იგრძენით.

ბატონი ლადო ექიმია _ მეან-გინეკოლოგი, რადიოლოგი-ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი, ცნობილი მკურნალი და სახელმწიფო მოღვაწე _ 1998-2002 წლებში თავმჯდომარეობდა თბილისის საკრებულოს, იყო საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი; ხელმძღვანელობდა, კონსულტაციას უწევდა შვიდ სამედიცინო დაწესებულებას, საზოგადოებას; ამჟამადაც თბილისის რამდენიმე სამედიცინო კლინიკაში მუშაობს.

მოთხოვნა დიდია.

ყველგან ასწრებს. ინტერვიუსთვისაც გამონახა დრო.

ვსაუბრობთ.

მისაღებში პაციენტები იცდიან. გაუხანგრძლივდათ ლოდინი: შეთანხმებული 20 წუთი საათ-ნახევარს გაგრძელდა და ისე შემოგვადნა ხელში, ვერც კი შევამჩნიეთ…

არ ვიცი, უშველა თუ არა ბოდიშის მოხდამ…

_ თქვენთან მოსვლამდე თამაზ წივწივაძისლიტერატურულ საქართველოშიამოვიკითხე, რომ დიდმა გერმანელმა რეფორმატორმა მარტინ ლუთერმასაღათას ძილისგან გამოაღვიძა ყოფილი მოაზროვნე და იმხანად გაუნათლებლობისა და ფანატიზმის ჭაობისკენ მიმავალი გერმანელი საზოგადოება, მოუწოდა მას რწმენისკენ, რომელიც გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიიჩნია”.

რწმენა _ გადარჩენის საშუალება კალაპოტიდან ცოტა ამოვარდნილი საქართველოსთვის. ეთანხმებით ამ თეზას, ბატონო ლადო?

_ სამი კომპონენტია, რომლებიც დედამიწაზე დასახლებულ ადამიანებს, ისევე, როგორც თვით დედამიწას, წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.

წონასწორობის შემანარჩუნებელი კომპონენტებია: რწმენა, წესრიგი, განათლება.

რწმენა ხშირად რელიგიასთან არის ასოცირებული, რომელიც საფუძველთა საფუძველია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. მაგალითად, მე თუ არ მწამს, რომ ჩემი ლანცეტით ჭრილობას გავკვეთ, დაავადებამდე ჩავალ და ავადობას მოვაცილებ, იმ ლანცეტს ხელი არ უნდა მოვკიდო.

თუ არ მწამს, რომ ადამიანთან კომუნიკაციისას ჩემი ნათქვამი მოსაუბრის შინაგანი სამყაროს კარს ვერ შეაღებს, ლაპარაკი არ უნდა დავიწყო, მაგრამ დღეს საქართველოში პოპულარულია პოზიცია: ძალა გაქვს, ჭკუა რად გინდა!

რწმენა ტვინის საქმეა.

კვება არ არის კუჭის საქმე. ტვინშია კვების ცენტრი. მუსიკა ყურის არ არის, ყური გამტარია. ტვინი უსმენს.

და ასე შემდეგ.

დღეს კაცობრიობას დიდი პრობლემა აქვს: ძალიან აჩქარდა დედამიწა და ტვინი ჩამორჩა, მიუხედავად იმ დიდი პოტენციალისა, რომელიც მას აქვს.

ტვინი უკანა პლანზე გადაწიეს. ეს ვის აძლევს ხელს? _იმ ადამიანებს, რომლებიც ჭკვიანები არიან და სხვაზე გამარჯვების წყაროდ და საშუალებად სხვათა ტვინის არასრული რეალიზაცია წარმოუდგენიათ.

შენ თუ დაკარგე იმის რწმენა, ამ ყველაფრის ნიჭიერად მოპოვების გზაზე შენი ცხოვრება ხელოვნებად აქციო და კუჭის მოთხოვნათა დონეზე არ დახვიდე, მაშინ ადვილი სამართავი ხარ.

_ რატომ მოხდა, რომ ჩვენკუჭის დონეზედავედით? _ შეკითხვა ნაადრევი გამოდგა, რადგან სწორედ ამაზე აპირებდა საუბრის გაგრძელებას ბატონი ლადო.

_ ახლა წესრიგზე უნდა ვილაპარაკო, რომელიც ბევრს გაგებული აქვს, როგორც ადმინისტრაციული წესრიგის დამყარება, კანონმორჩილება და სხვა ასეთი. წესრიგი უფლის მიერაა დაწესებული. სამი სართული არსებობს _ ტვინი-გონიერება, გული და კუჭი.

დღეს სამყარო ყირაზე დადგა: კუჭი მოექცა ზემოთ, შემდეგ _ გრძნობა-ემოცია (ტელევიზია, პრესა, კომპიუტერი. ცხოვრება კლიპს დაემსგავსა. სამეცნიერო შრომა რეფერატის დონეზე იწერება), ბოლოს _ ტვინი.

_ ესე იგი, ჩვენი საზოგადოება სამომხმარებლო საზოგადოებად გადაიქცა?

_ დიახ. და აი, მივედით მესამე კომპონენტთან: განათლებასთან, რომელიც მუდმივი პროცესია და ტვინს ვერასდროს გააძღებს, კუჭისგან განსხვავებით. ტვინს არც ერთი სალაფავი არ ჰყოფნის, იმავე წუთში დახრავს და დაუყოვნებლივ სხვა შეკითხვა, სხვა მოთხოვნა გაუჩნდება. ამიტომაა, რომ ჭეშმარიტების გასაღები ტვინში დევს _ განათლებულობის მეოხებით.

განმანათლებლები კი დღევანდელ რეალობაში ჩაჩოჩებულები არიან და მთელი ავანსცენა პოლიტიკოსებმა დაიკავეს.

_ არცთუ დიდად განათლებულებმა.

_ სამწუხაროდ. მხოლოდ საქართველოზე არ ვლაპარაკობ. მსოფლიოს ვგულისხმობ. დღეს რწმენააყრილ, ღირსებაშელახულ და გაუნათლებელ მსოფლიოში ტვინის ჰიპოქსიის (ჟანგბადის უკმარისობის) მოწმენი ვხდებით.

_ ამბობთ, რომ დღევანდელი პრობლემები ამ გლობალური პრობლემიდან გამომდინარეობს?

_ ყველა პრობლემას აქვს ორი სათავე: ენდოფაქტორი და ეგზოფაქტორი. მათგან პირველი ყოველთვის შენშია, მეორე გარედან მოქმედებს. ეს ისეა, როგორც ტუბერკულოზის ჩხირი, რომლის კონდუქტორი, მატარებელი არის ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ტუბერკულოზით ყველა არ ავადდება. თუ დასუსტდები, მაშინ ე.წ. პარაზიტი დაგიმონებს და შეგჭამს. ადამიანი ტუბერკულოზს რომ დაემონოს, ჟანგაბდი არ უნდა მიაწოდო, მზის შუქი არ უნდა მოახვედრო, საკვები არ მისცე, ჩაკეტო საკანში და _ ტუბერკულოზი გარანტირებულია.

ე.ი. ეგზოფაქტორი მაშინ ხდება მავნე, თუ შენ (შიგა ფაქტორი) შეუწყობ ხელს.

_ ორივე ამ სათავის მავნე ურთიერთობის (როგორც თქვენ თქვით) გააქტიურებით შეიძლება აიხსნას ჩვენი საზოგადოებრიობის ინტერესის დაქვეითება იმ პრობლემის მიმართ, როგორიც არის საქართველოს გამთლიანების მუდმივი ტკივილი? ხელისუფლების, პარტიების, არასამთავრო ორგანიზაციების გატაცება იმპერფომანსებით”, რომლებსაც ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწყობენ და რომლებსაც არავითარი შედეგი არ მოჰყვება?

და კიდევ: მუდმივად სხვის იმედად ყოფნა _ მსოფლიო თანამეგობრობა მხარს დაგვიჭერს.

პრაქტიკულ რა გზას ხედავთ?

_ ჭრილობა რომ შეხორცდეს, ანუ გამრთელდეს პოსტოპერაციული ჭრილობა, ყველაზე უფრო ორ სუბიექტს სურს: პაციენტსა და ექიმს, რომელმაც ეს ჭრილობა გაკერა. ერთისთვის ჯანმრთელობის დაბრუნებაა, მეორისთვის _ ღირსების საქმე. ვის არ სურს? _ იმ ბაქტერიებს, რომლებიც ამ ჭრილობაში ჩირქის დაგროვებას ელოდებიან.

თუ, მაგალითად, აფხაზეთის “გაყინულ კონფლიქტს” ავიღებთ… (პაუზა) სოხუმში სახლი მაქვს, ლიძავაში ჩემი მეჯვარის სახლია, გაგრაში ნათესავები მყავს, დეიდაჩემი დღესაც გალში ცხოვრობს და ქართულ სკოლაში ასწავლის. ნათესავები მყავს იქ. ბევრი დაიღუპა. უამრავ აფხაზთან ვმეგობრობ. ერთ-ერთმა შემომითვალა: შენი სახლი გამოვისყიდე და, რომ ჩამოხვალ, ისევ შენი იქნებაო (აქ _ ისევ პაუზა. ბატონი ლადო თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს. თანდათან მოერევა ემოციას და განაგრძობს საუბარს). კლიპები ვახსენე წეღან. კლიპის ავტორმა კარგად იცის, რომ მისი დამზადებული პროდუქცია ასოციაციურ კავშირებზე მოქმედებს.

ტვინის ქერქს აქვს მეხსიერების სამი დონე: არქაული, ძველი და ახალი.

არქაული მთელ კაცობრიობას ერთი აქვს _ აგრესია და გაქცევა.

მეორე დონეა _ გენეტიკური მეხსიერება და გრძნობა _ სენსორიკა და რემემბა, რომელთა შეცვლა შეიძლება. მაგალითად, ჩემს თაობას მეხსიერებიდან ამოუგდეს გასული საუკუნის ოცდაათიანი წლები. ჩემი წინაპრების (ბებიაჩემის ბიძების) სიცოცხლე შეეწირა 1924 წლის ეროვნულ გამოსვლებს, მაგრამ მე (სამედიცინო ინსტიტუტის ლენინურმა სტიპენდიანტმა, რომელმაც უარი თქვა ლენინური კომკავშირის პრემიაზე) კატეგორიულად არ მივიღე ჩემი მეგობრის, ავთანდილ იოსელიანის, თხოვნა, ჩავრთულიყავი ლუსტრაციის კანონის მომზადებაში.

უარი ვთქვი იმიტომ, რომ იმ ფორმით, რომლითაც მისი მიღება სურდათ, აღმოჩნდებოდა, რომ შვილიშვილს ჰყავდა ბაბუები, რომლებმაც ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს… სრულიად მსოფლიოში ცდილობენ მეხსიერების შეცვლას. რამდენი ხელისუფალიც მოვიდა საქართველოში, პირველი, რაც მოიმოქმედა, არქივები გააქრო, ისტორიიდან რაღაცის ამოგდება მოისურვა.

აფხაზეთთან დამოკიდებულებაში ის კლიპი კი არ უნდა მოქმედებდეს, რომელიც ვახსენე, არამედ _ როგორი აფხაზეთი განიხილებოდა ფარნავაზის დროიდან.

ვინ არიან აფხაზები?

ზოგი აფსუას უწოდებს, ზოგი _ რას.

აფხაზები ქართველები არიან. ჩვენ აფხაზები ვართ. ეთნოკულტურა ერთი გვაქვს. და არ დაგვავიწყდეს, ყველანი პროტოქართველების ჩამომავლები რომ ვართ _ ეტრუსკებისა და პელაზგების. ამ ისტორიას საერთოდ გვიმალავდნენ ქართველებს.

ერთ ამბავს გავიხსენებ.

ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე (იმხანად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდით) ერთი კარგი ქვეყნის ახალგაზრდა მედიატორმა თავი მოგვიყარა, რათა ესწავლებინა, როგორ უნდა მოვაგვაროთ აფხაზეთის კონფლიქტი. მოხსენება ითარგმნება (ყურსასმენებით ვისმენთ). ჰოდა, ეს ახალგაზრდა იწყებს: ერთი ისარი ადვილად ტყდებაო, მეორე და… ამას მე მასწავლის. ვერ მოვითმინე, მოვიხსენი ყურსასმენი, დემონსტრაციულად გადავჭერი მთელი დარბაზი და გავედი. ლაპარაკი რომ დაამთავრა, შემდეგ შემოვედი.

ის უცხოელი, რომელიც ჩემს ბავშვობაში ნასწავლი იგავის გამეორებაში 40 ათას ევროს იღებს, ვერ მოგვიგვარებს აფხაზეთის კონფლიქტს. ვერასოდეს!

_ თქვენ ახლა იმაზე მიმანიშნებთ, რომ ის ძალა, რომელსაც ყურს უგდებს ჩვენი ხელისუფლება, და ვის მითითებებსაც ასრულებს, არ არის დაინტერესებული, ეს პრობლემა მოაგვაროს?!

_ ძალიან მიყვარს ალეგორიებითა და მინიშნებით ლაპარაკი, მაგრამ ახლა პირდაპირ გიპასუხებთ: აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენსავით იცინიან და ჩვენსავით ტირიან, დედა ჩვენნაირად უყვართ, ჩოხას ჩვენნაირად იცვამენ, ცერზე ისე დგებიან, მუხლებზე ისე ტრიალებენ, როგორც ჩვენ, ჩვენსავით ემოციურად ლაპარაკობენ, ლაპარაკის დროს ტირიან, სული ეხუთებათ, როცა ცუდ კაცზე რაღაც უნდა თქვან უმისოდ, რადგან არც მათ, არც ჩვენ არ გვახასიათებს ზურგს უკან ლაპარაკი. მაშ, ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად რად გვჭირდება მესამე პირი?! პირისპირ დავსხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს, რაც გვაწუხებს. ერთმანეთის სატკივარს ჩვენვე უნდა ვუწამლოთ.

ჩვენი საერთო ჭრილობის ნაპირები უნდა შევახორცოთ, თორემ იქ გამრავლდება “ბაქტერიები”, რომლებიც ისედაც ბევრია.

სხვა გზაც არსებობს, როცა შეუხორცებელ ჭრილობას გაჭრიან და დაელოდებიან ჭრილობის შემახორცებელი ახალი გენერაციის ამოსვლას.

დადგა დრო, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც გააფუჭეს საქმე, და მათი მემკვიდრეები, ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს და ახალმა გენერაციამ მოგვიშუშოს აქამდე მოურჩენელი ჭრილობა. ეს შესაძლებელია. ამის რწმენა მაქვს, მაგრამ ამას ხელს უშლიან გაუკუღმართებული პოლიტიკოსები.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ყურს დაუქვეითდა სმენა, რომელსაც ევალება, ტვინთან მიიტანოს სწორი ინფორმაცია.

_ ესპანური ანდაზა ამბობს: “გონების ჩაძინებამ შვა ურჩხული”. თქვენი კონცეფცია, ვგონებ, ამას ადასტურებს.

_ ტვინის ქერქქვეშ არის ქერქქვეშა კვანძები, რომლებიც ელოდება ქერქის გათიშვას და მაშინ ადამიანი ცხოველური ინსტიქტების ანაბრად დარჩება. გონება, რწმენა და განათლება არის ის, რაც ამ ცხოველურ ინსტიქტებს აკავებს. აფხაზეთის თემა ახლა მიძინებულია. ესაა საშიში.

_ სამაგიეროდ ტელე და რადიოეთერში მოსაბეზრებლად ატრიალებენ .. პოლიტიკურ რეკლამებს, რომელთა ეფექტი ნულის ტოლია, ნახავ _ დაგავიწყდება.

თქვენი ნებართვით, სხვა პრობლემაზე გადავინაცვლოთ. ესესაა გაუკუღმართებული პოლიტიკოსები ახსენეთ. ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეორე გაუკუღმართებაც შემოიჭრა სექსუალური ორიენტაციის აღრევის სახით.

_ ესეც ტვინთან არის პირდაპირ დაკავშირებული. მკაცრად ვიტყვი: ლიბიდო, სიყვარული და ორგაზმი არ არის გარეგანი სექსუალური ორგანოების მოთხოვნილება.

ტვინზე, განსაკუთრებით, მოუმწიფებელ ტვინზე თუ იმოქმედებ, მისი ორიენტაციის შეცვლა შეიძლება. ამას ვამბობ საბოლოო ვერდიქტთან მიახლოებული დასკვნის სახით.

ყოველ ადამიანში ჰორმონული წონასწორობა არსებობს. მამაკაცში სათესლე ჯირკვლები და თირკმლის ზედა ჯირკვალი ერთმანეთის ოპონენტია, რასაც, საბოლოო ჯამში, აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა.

ქალის შემთხვევაში _ საკვერცხეს, რაშიც ქალია დომინანტი, არეგულირებს თირკმლისზედა ჯირკვალი.

არის მომენტები, როცა ქალის დაავადებას სჭირდება კაცის ჰორმონებით გაძლიერება. ეს რესურსი ორგანიზმს აქვს.

წამლის საჭიროების გაჩენისთანავე აფთიაქებს მივმართავთ (არასწორ ფარმაციას, თორემ ჭეშმარიტი ფარმაცია გენიალური რამ არის) და წამალზე მიგაბავენ.

თავი გეტკინა? წამლებს ჩამოგითვლიან! არ სჭირდება ორგანიზმს ეს, რადგან მას იმდენი ენდორფინი აქვს, უფლის მიერ მიცემული, რომ მორფზე ძლიერია, პენტალგინზე ძლიერი და ..

თუ გაქვს რწმენა, რომ შენში არსებული ეს რესურსი გამოიყენო ტკივილის დასაამებლად, წახვალ აფთიაქში წამლის საყიდლად?

არ წახვალ!

ამიტომ გირჩევენ, რომ, თუ რამე გიშველის, მხოლოდ ესა და ეს წამლებიო. იძულებული ხდები, იყიდო, დახარჯო ფული.

_ ესე იგი, აქაც ბიზნესის პრინციპებია გადამწყვეტი?

_ ასე გამოდის. უნდა იცოდეთ, რომ არსებობს უამრავი წერტილი (ჩინური მედიცინა), რომელთა გარეგანი გაღიზიანების მეოხებით, შეგიძლიათ მოიხსნათ თავის ტკივილი, რომელიც გაწუხებთ; ტვინში არის ტკივილის ცენტრი _ ჰიპოთალამუსი, იმაზე იმოქმედეთ და ის გაგიყუჩებთ ტკივილს, გამოუშვებს იმდენ ენდორფინს, რომლითაც მოცემულ პირობებში შენი თავის ტკივილის დაამება შეიძლება.

სექსუალურ მიდრეკილებასაც ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს.

რასაც ახლა გეტყვით, იმის წაკითხვა დაზაფრავს ბევრს, ამიტომ ვერ მიტანენ. ნარკოლოგების ერთ წარმომადგენლობით შეკრებაზე, რომელზეც, როგორც იქნა, სიტყვის წარმოთქმის უფლება მომცეს, განვაცხადე, რომ გენური ინჟინერიის გამოყენებით ნარკოდამოკიდებულების დაძლევა შეიძლება ტვინში არსებული ცენტრის გათიშვის გზით. ეს კი, თუ საყოველთაოდ დაინერგება, წალეკავს და მოსპობს ნარკოტიკების წარმოების ინდუსტრიას დედამიწაზე!

მე, ამის მთქმელი, მოვეწონები ვინმეს? არ მოვეწონები.

_ ასობით მილიარდი დოლარი ტრიალებს ნარკობიზნესში.

_ დიახ. დავუბრუნდეთ სექსუალური ორიენტაციის აღრევის საკითხს. ნებისმიერი კაციდან შეიძლება მივიღოთ ქალი და, პირიქით, ქალიდან _კაცი ბიოლოგიურად აქტიური სუბსტანციის გამოვლის მეოხებით.

ევოლუციურად ადამიანი დედის ნაყოფია. მუცლად ყოფნის პერიოდში დედაზე, გენეტიკური ვალდებულების გათვალისწინებით, გარე ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება მოხდეს ორსული ქალის დისბალანსი და უკვე დაბადებულ ნაყოფს გამოჰყვეს სისუსტეები, ანუ დაიბადოს გარეგნულად ერთი სქესობრივი ნიშნების მქონე ბავშვი, რომელსაც ბიოლოგიურად საწინააღმდეგო სქესის სუბსტანცია ექნება, ანუ დაირღვევა ის პროპორციები, წონასწორობა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ. შემდეგ ამას ცოტა წაეხმარები ტელევიზიით, სკოლაში ასწავლი, ქალისა და ქალის, კაცისა და კაცის კოცნაობას აჩვენებ და იმ წამსვე წამოჰყოფს თავს ის სისუსტე, რომელიც ნაყოფს საშოდან გამოჰყვება.

_ ვის სჭირდება ეს?

_ ადამიანი არ არის სოკო, რომელიც მრავლდება სპორით; არ არის გვიმრა, რომელიც ვეგეტატიურად მრავლდება; ადამიანი მხოლოდ სქესობრივი გზით უნდა გამრავლდეს _ ქალისა და კაცის შეუღლებით. ამ წონასწორობის დარღვევა დედამიწაზე მცხოვრებთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ეს არის მალთუსის კაცთმოძულე თეორიის ბიოლოგიური გზით განხორციელების საშუალება.

_ ესე იგი, საყოველთაოდ ცნობილიოქროს მილიარდისრეალიზაციას ემსახურება?

_ რა თქმა უნდა. ვიმეორებ: მხოლოდ ბიოლოგიურ ახსნაზე ვაკეთებ აქცენტს. სოციალური ახსნისგან თავს ვიკავებ და არ გავბედავ პოლიტიკურ ახსნას, თუმცა ამაზე შემიძლია ვილაპარაკო დღე და ღამე.

_ მაშასადამე, პრობლემა, რომელზეც ვლაპარაკობთ, კაცობრიობის ყოფნაარყოფნას ეხება და არა ჰომოპჰობიას.

_ ასეა.

_ წესიერება რას ნიშნავს, ბატონო ლადო, რომელიც, ჩემი აზრით, დააკლდა ჩვენს საზოგადოებრიობას?

_ 2000 წლის წინათ სენეკა ამბობდა: “რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება”. დღეს ნებისმიერ ადამიანს _ გაეროს გენერალური მდივნით დაწყებული, მეექვსე კლასის მოსწავლით დამთავრებული, რომ სთხოვო, დაასრულოს წინადადებარასაც არ კრძალავს კანონი…”, გიპასუხებს _ “ნებადართულია”.

წესიერებამ არ უნდა გაგაკეთებინოს ის, რისი უფლებაც შეიძლება კანონმა მოგცეს. კანონში, ვთქვათ, წერია, რომ მიტინგების, დემონსტრაციების, აქციების დასაშლელად დასაშვებია არალეტალური იარაღის, ცრემლმდენი აირის და ხელკეტების გამოყენება, მაგრამ, თუ ამ ღონისძიებების მონაწილე დაგთანხმდა და გადის აღნიშნული ზონიდან, უნდა დაედევნო და დაარტყა ხელკეტი?! დამიზნებით შეიძლება ესროლო რეზინის ტყვია?! ესროლო და თვალში მოარტყა?!

_ რისი მოწმენიც არაერთხელ ვიყავითნაციონალური მოძრაობისზეობის პერიოდში!

_ ერთ ამბავს მოგიყვებით.

პაციენტების მიღება მაქვს და მესმის, გარეთ მამა ქალიშვილს უშვერი სიტყვებით მიმართავს. გავიხედე და დავინახე, რომ დგას გოგო დედასთან ერთად, გარშემო _ ოცამდე კაცი, შავებში ჩაცმული. ლანძღავენ ამ ბავშვს _ როგორ შეარცხვინე ჩვენი გვარი, ოჯახიო და ა.შ. გავარკვიე, რომ ეჭვობენ ამ გაუთხოვარი გოგოს დაორსულებას, რომელსაც მართლაც ეტყობა საკმაო წამოზრდილი მუცელი. შემოვიყვანე დედასთან ერთად. ვატყობ, დედა კი ენდობა თავის შვილს, მაგრამ მაინც გაორებულია. გოგო _ ულამაზესი, შვლის თვალებით, გრძელი ნაწნავებით. 15 წლის. მეტის არა.

გავსინჯე. ერთი ბეწო საშვილოსნო აქვს, არავითარ ორსულობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. საკვერცხეზე კი ვეებერთელა კისტა განვითარებია, რომელიც, სასწრაფოდ თუ არ ამოიკვეთა, გოგო მოკვდება.

გამოვედი გარეთ, სადაც მამამისი და ბიძები დგანან და ვეუბნები:

_ დაიჩოქეთ, ამ გოგოს ხელზე აკოცეთ და ბოდიში მოუხადეთ!

გაგიჟდნენ. ავუხსენი, რაც სჭირდა ამ ბავშვს.

ამოვედი ჩემს გამზრდელთან, პროფესორ მიხეილ გიგინეიშვილთან, ვუთხარი, რაც ხდებოდა.

დაუყოვნებლივ გასცა განკარგულება საოპერაციოს სასწრაფოდ მომზადების შესახებ და ერთობლივად ოპერაციის გაკეთება შემომთავაზა.

_ მამამისი შემოიყვანეთ საოპერაციოშიო, _ ესეც დაუმატა.

იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ მამა დარწმუნებულიყო თავისი ქალიშვილის უბიწობაში.

_ ბატონო მიხეილ, იქ კიდევ ოცი კაცია-მეთქი, ვუთხარი.

_ ოცივე შემოვიდესო.

შემოვიყვანეთ, სტუდენტებისთვის განკუთვნილ მონაკვეთში დავაყენეთ მთელი ნათესაობა და მათ თვალწინ გავაკეთეთ ოპერაცია.

მიშა გიგინეიშვილი იყო უწესიერესი კაცი. ამ შემთხვევაშიც მან გააკეთა ისე, რომ მამასა და შვილს შორის საბოდიშოდ მისასვლელი გზა რწმენაზე გასულიყო.

შემდეგ დიდხანს ვიქეიფეთ.

წესიერება ესაა.

_ ტყუილის თქმა?

_ გააჩნია, სად, როდის და ვის ეტყვი. ჩემი ტყუილის თქმით ოცამდე ადამიანი დადის ამ ქვეყანაზე. მომავალი დედა მოვატყუე: შენი ნაყოფი 12 კვირის კი არა, 14 კვირისაა. აბორტი ვერ გაიკეთა ამ ტყუილის გამო. ის ბავშვი დაიბადა. ორი ასე დაბადებული ბავშვის ნათლია ვარ.

ჰიპოკრატეს ფიცს სიცოცხლის წინაშე ვდებთ ჩვენ, ექიმები.

სამხედროებიც დებენ ფიცს მეფის, გენერალიტეტის და ა.შ. წინაშე, მაგრამ არა სიცოცხლის წინაშე, ამიტომ არის ხელყოფილი სიცოცხლე მილიტარისტობით, ცეცხლითა და მახვილით.

ექიმების ფიცი ასე იწყება: “მამად მიმაჩნდეს, ვინც მასწავლა”; მეორე: “თუ მისმა შვილმა განათლება მთხოვა, ისევე უანგაროდ ვასწავლო, როგორც მამამისმა მასწავლა მე”. დეონტოლოგიით, ეთიკითა და წესიერებით იწყება ჩვენი ფიცი.

მესამეა: “არა ავნო რა”. თუ ვერ ეხმარები, არ ავნო. ვნების მიყენება კი შეგიძლია უყურადღებობით, არასწორი თქმით, სიტყვის ბანზე აგდებით, ცხვირის აბზეკით, თავდაჯერებულობით.

ფიცში გვიწერია: შემთხვევითაც რომ გავიგო საიდუმლო პაციენტისგან, რომელიც თავისი ავადმყოფობის ისტორიას გიყვება და ყველა საიდუმლოს გიმხელს, რაც დაავადების წინააღმდეგ ექიმის ბრძოლის იარაღია; შემთხვევით, ბოდვის დროსაც რომ გაიგო, იმის გამჟღავნების უფლება არ გაქვს.

ახლა მითხარით, როგორ უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც ერთი სული აქვთ, მოგაყურადონ, გადაგიღონ ფარული კამერით, შენი პირადი საიდუმლო საჯაროდ გამოიტანონ, მოახდინონ მამების თაობის უარყოფა, გავნონ, “ჩაგრეცხონ”? ვინც ამ ბოროტებას სჩადის, არ ფიქრობს, როგორ მოარჩინოს ჭრილობა, მისთვის მთავარია დაჭრა.

ამიტომ არის, რომ პაციფისტებმა წავაგეთ მილიტარისტებთან. წესიერება დამარცხდა უწესობასთან დაპირისპირებაში.

ჯერჯერობით ასეა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ბერძენ ფილოსოფოსს, დიალექტიკის ერთერთ ფუძემდებელ სოკრატეს, რომელიც მომდევნო ეპოქებში ბრძენი ადამიანის იდეალად იყო წარმოდგენილი, მიაწერენ სენტენციას: “ილაპარაკე, რომ დაგინახო”.

ილაპარაკა, დავინახე, ჩავწერე, წარმოგიდგინეთ.

თქვენ წაიკითხეთ და, დარწმუნებული ვარ, დაინახეთ, ვინ არის ბატონი ლადო კახაძე.

თუმცა ჩემამდეც იცოდით.

9 COMMENTS

  1. ყურადღებით წავიკითხე- შთამბეჭდავია!.. გამიჩნდა სურვილი მეორედ წავიკითხო. ..დარწმუნებული ვარ, მესამედ წაკითხვის სურვილიც შეიძლება გაუჩნდეს კაცს, რამეთუ მრავალმხრივია და მძიმე წონისაა ჭეშმარიტება, რომელსაც ეს ღვთისნიერი ადამიანი – ბატონი ლადო ქადაგებს!!!

  2. დიდი მადლობა ბ-ნო ლადო! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! ეს არის ზუსტად რწმენა, ღირსება და განათლება!

    • სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოიყენო ბ-ნ ლადოს ყოველი განმარტება.
      დიდი მადლობა თქვენ.გული გამითბა

  3. დიდი მადლობა ბ-ნო ლადო! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! ეს არის ზუსტად რწმენა, ღირსება და განათლება!

  4. დიდი მადლობა ბატონო ლადო!

    დიდი მადლობა ბატონო არმაზ!

    გ ა ი ხ ა რ ე თ !!!

  5. ბატონმა ლადომ ნეტავი თუ იცის,რომ მთელ საქართველოს ძალიან,ძალიან უყვარს და აფასებს…….მისი თითოეული სიტყვა როგორი ჭკუის სასწავლებელია…..ჩვენს სამშობლოს რამოდენიმე მაინც რომ ჰყავდეს ბატონი ლადოსნაირი პიროვნება,აუცილებლად გადაცრჩებოდით…..

  6. ბ-ნ ლადოს 18 -ი წლის წინ შევხვდი თედეევის კლინიკაში ,სადაც მისმა სიმამრმა და ჩემმა მეუღლემ ერთად გაიკეთა ოპერაცია,იმთავითვე მომხიბლა მისმა შინაგანმა კულტურამ,მის მერე ვადევნებ თვალს ტელევიზიით და მიხარია, რომ გვყავს სულით ხორცამდე ქართველი და ქართველობაზე შეყვარებული ასეთი პიროვნება,არ მომბეზრდება მისი საუბრის მოსმენა,კაცი რომელიც კაცობის ყველა ღირსებას ატარებს,სიამოვნებით მოვიძიებ ბ-ნ ლადოს წიგნს და ასევე სიამოვნებით წავაკითხებ ჩემს ნაგრამს,ჯანი და ჯამრთელობა არ მოგაკლოთ უფალმა ბ-ნო ლადო.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლევან კენჭაძე ( უფროსი) Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here