Home რუბრიკები პოლიტიკა კუჭავა ბრიუსელში, როგორც რუსები იტყვიან, “ნა კავიორ” გამოიძახეს

კუჭავა ბრიუსელში, როგორც რუსები იტყვიან, “ნა კავიორ” გამოიძახეს

192
კუჭავა ბრიუსელში, როგორც რუსები იტყვიან, “ნა კავიორ” გამოიძახეს

გიხაროდენ! ნიკა მელია თავისუფალია! უფრო მეტად გიხაროდენ! გიორგი რურუაც თავისუფალია! ეს უკანასკნელი (ჰო, უკანასკნელი) პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს საპატიმროდან და, რაც მთავარია, გირაო მას ევროკავშირმა გადაუხადა. ცალკე საკითხია ის, რომ მელიას პატიმრობას ოპოზიციურმა ტელევიზიებმა რურუას პატიმრობაც მიაბეს და პრეზიდენტი აიძულეს, შეწყალების აქტი გამოეცა. რაც ყველაზე საინტერესოა, რურუას მარტივად შეუძლია, იყვიროს, _ პოლიტპატიმარი ვიყავიო, და ვერავინ გაუპროტესტებს, რადგან მისი გამოშვება იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, რომელიც დასავლეთმა კარგად დაგეგმა და საქართველოს ხელისუფლებას შეასრულებინა. ეს იმ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რურუას გამოშვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება მელიას, მას გირაო გადაუხადეს და, მართალია, ეს საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის ხელით გაკეთდა, მაგრამ, როგორც თქვეს, თანხა ევროკავშირის იყო.

ამ ყველაფრით სამი რამ დამტკიცდა: ევროკავშირი ჯიუტად ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს “ნაციონალური მოძრაობა”; არ აინტერესებს, რას ფიქრობს მოსახლეობა კონკრეტულ პიროვნებაზე; თუ ოპოზიციას სჭირდება, მზად არის, ციხიდან ნებისმიერი რანგის დამნაშავეც კი გამოაშვებინოს ხელისუფლებას და მთავარი _ საქართველოში მოქმედი არასამთავრობოებიდან უმრავლესობა სწორედ დასავლეთის სატელიტი და მითითებების შემსრულებელია. არაერთხელ დაგვიწერია, რომ არასამთავრობოთა უმრავლესობა მომართულია, რაც შეიძლება მეტად “გააპრავონ” დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული წესები. დიახ, თავსმოხვეული, თორემ ძალიან გვეეჭვება, მოსახლეობის უმრავლესობას ერთი სული ჰქონოდა ან ნარკოტიკების ლეგალიზაციის, ან ლგბტ თემის მიერ ზეიმისა თუ გამოსვლების მოწყობის. წესით, ყველას გვაქვს უფლება, რაღაც მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ხშირად პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ის რაღაც, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აუცილებლად უნდა მოგვწონდეს და სწორედ ასეთების გამართლებას ცდილობენ არასამთავრობოები.

ისე, გირაოს გადახდის მიუხედავად, ნიკანორ მელია გმირად ნამდვილად ვერ იქცა. თავისი ქმედებით მმართველი გუნდის სასაცილო მდგომარეობაში ჩაყენებას კი ცდილობდა, მაგრამ “ოცნება” გაჯიუტდა. სამწუხაროდ, ბოლომდე გაჯიუტება არ გამოვიდა ჟორიკა რურუას მიმართ და სწორედ მისი გათავისუფლებაა “ოცნებისთვის” შავი ლაქა, რომლის ჩამორეცხვას კარგა ხანს ვერ მოახერხებენ. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს ევროპელებისკენ იშვერენ, მაგრამ ეს გამართლებად აშკარად არ გამოდგება. შეგიძლიათ დაასახელოთ პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც ევროპა ასე მოექცა _ რომელიმე პატიმრის გირაო გადაიხადა ევროკავშირმა ან რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი აიძულა, შეეწყალებინა პირი, რომელსაც კონკრეტული ადამიანი ოჯახის ამოწყვეტას ედავება და ხელს ადებს? არა, არ არსებობს ასეთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლა მოგვედავებიან, პოსტსაბჭოთა სივრცე რატომ მოგყავთ მაგალითადო?

დავიწყოთ იმით, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეეცადა დასავლეთი, დამოუკიდებელი რესპუბლიკებისთვის უღელი დაედგა და არაერთმა რესპუბლიკამ ხბოს აღტკინებით მიუშვირა კისერი ცალკე ამერიკას და ცალკე ევროპას, მაგრამ ყველა მალე მიხვდა, რომ იმაზე მძიმე უღელი დაედო, ვიდრე ჰქონდა, და ურჩობა დაიწყეს. ამჟამად დასავლეთი სრულად მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას აკონტროლებს. უკრაინის არაერთ ლიდერს ჰქონდა მცდელობა, დამოუკიდებელი ყოფილიყო, მაგრამ არ დაანებეს, რევოლუცია მოუწყვეს, ქუჩაში ომი გაუმართეს და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაში მასხარა მოიყვანეს. თუ ვინმე იტყვის, რომ ვლადიმერ ზელენსკი მასხარა არ არის, ახსნაც მოუწევს _ ის პურის ფულს სწორედ მასხარის როლის თამაშით შოულობდა და ამაში დასაძრახი არაფერია. დასაძრახი ის არის, პრეზიდენტის სავარძელში მასხარა რომ ზის. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა _ დასავლეთი, თუ მოისურვებს, ხელისუფლების სათავეში მოიყვანს ნებისმიერს, ფსიქიკური პრობლემების მქონესაც კი და, სამწუხაროდ, ეს ჩვენ, ქართველებმა, საკუთარ თავზე გამოვცადეთ. 15 საბჭოთა რესპუბლიკას შორის საქართველო ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლებოდა და ყველაზე მეტი არაოფიციალური მილიონერიც სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა. ჩვენ საბჭოეთის პერიოდში ყველაზე ჩამორჩენილი ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და მოლდოვაც კი გვისწრებენ, რომ არაფერი ვთქვათ მეზობლებზე _ სომხეთსა და აზერბაიჯანზე ან ყაზახეთზე, ბელარუსზე, იმავე უკრაინაზე. რაც მთავარია, უკეთესის მოლოდინი უკვე, ათეული წლებია, აღარ გვაქვს და აღარავის სჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. უფრო პირიქით, ყოველდღიურად უკან-უკან მივდივართ და მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლება არ ეძებს ამ სიტუაციიდან გამოსავალს, თითქოს მოსახლეობაც მიეჩვია, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირის გადახდა უწევს საკვებ პროდუქტებში, სულ უფრო მეტ თანხას ზოგავს ჯანმრთელობის ხარჯზე, უმუშევრობა ცხოვრების წესად იქცა. ახლაც საქართველოს პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს და იმ უზარმაზარი პაკეტიდან, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკამ დაუდეს მაგიდაზე და შარლ მიშელის დოკუმენტად შერაცხეს, ვერავინ დაასახელებს ერთ მუხლსაც კი, რომელიც მოსახლეობის ინტერესზე და ადამიანების ყოფის გაუმჯობებებაზეა მიმართული. არ არსებობს ასეთი მუხლი. საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დასავლეთმა უფრო მარტივად მოახერხოს ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლი, ნებისმიერ დროს ისე არიოს სიტუაცია, მათი ჩარევის გარეშე რომ ვერ დალაგდეს და, ხელისუფლებას მთლიანად საკუთარი სურვილით თუ ვერ დააკომპლექტებს, რამდენიმე კაცი მაინც ჰყავდეს შიგნით, რომლებიც ნებისმიერ დროს მოახერხებენ საბოტაჟის მოწყობას. ხომ ცხადია, რომ ეს ცვლილებები პირდაპირ არის მიმართული იქით, რომ უახლოეს მომავალში კოალიციური მთავრობა გვყავდეს, ისეთი, როგორმაც არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა. ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც იტალიაა, არცთუ დიდი ხნის წინათ სწორედ ამ კოალიციური მთავრობის შექმნის გამო ისეთი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, თავი ძლივს დააღწიეს.

ისე ჩანს, ევროკავშირს არ მოსწონს, როგორც ვითარდება მოვლენები, ამიტომ პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე ბრიუსელში დაიბარეს და ისიც 4-დღიანი ვიზიტით მიემგზავრება. ეტყობა, კახა კუჭავამ დაიჯერა, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი თავმჯდომარეა, ქვეყანაში მეორე თუ არა, მესამე კაცი მაინც არის და რაღაცების დამოუკიდებლად კეთება გადაწყვიტა. ახლა კი აუხსნიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება საქართველოში, გადაწყვეტილებას დასავლეთი იღებს და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, უნდა დაემორჩილონ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბრიუსელიდან დაბრუნებული კუჭავა ვეღარ იქნება ისეთ “დუხზე”, როგორზეც ახლაა, და ოპოზიციასაც ენის მოჩლექით დაელაპარაკება, ბევრ რამეს დაუთმობს. სწორედ ასე მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე წავიდა ამერიკაში და ჩასვლიდან მეორე დღეს, მიშელის დოკუმენტს “ოცნებამ” ცალმხრივად მოაწერა ხელი.

მიმდინარე პროცესების პარალელურად, საარსებო მინიმუმი 179 ლარი გახდა, .., თვეში 179 ლარად უნდა იარსებოს რიგითმა მოქალაქემ, შრომისუნარიანმა მამაკაცმა კი 202 ლარად უნდა გაიტანოს თავი. დღევანდელი ფასების შემხედვარე, რეალურია თუ არა ამ თანხით თავის გატანა, თავად განსაჯეთ, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუსვამს კითხვა, საქართველოში მოქალაქე თვეში 43 ევროდ როგორ არსებობსო?! რატომ? იმიტომ, რომ არ აინტერესებთ რიგითი ადამიანების ყოფა, არც ის აინტერესებთ, რა იქნება მომავალში სწორედ რიგითი ადამიანებისთვის. მათ სურთ, სათავეს აკონტროლებდნენ, მასების კონტროლი კი უკვე ტექნიკის საქმეა. კიდევ ათეული წელი გავა დაპირებებში, რომ ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღებენ, ისევ დაგვიწესებენ დღის წესრიგს, ისევ ალოკავენ გადაფურთხებულს ქართველი პოლიტიკოსები და კვლავ არ დაინტერესდება არავინ მოსახლეობის ყოფით. თუ ატყობთ, მოსახლეობისთვის უკვე ყველაფერი სულერთია, საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება პარლამენტში ან, საზოგადოდ, რა კანონებს იღებენ ან არ იღებენ. იმაზეც კი ვერ აღვშფოთდით სათანადოდ, ტყის კენკრასა და სოკოს მოკრეფაზე გადასახადები რომ დაგვიწესეს. ხელი აქვს ყველას ყველაფერზე ჩაქნეული, ნიჰილიზმის პიკზე ვართ, აღარავის აღარაფრის აღარ გვჯერა, აღარ გვინდა არაფერი გარდა იმისა, რომ როგორმე შვილები გამოვკვებოთ. დემოგრაფიული პრობლემა მეასეხარისხოვანი გახდა, ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ გადარჩენას ცდილობს, ცდილობს, შიმშილით არ მოკვდეს, თორემ თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხალხის უდიდესი ნაწილის მთავარი ინტერესი საარჩევნო ხმის ფასია _ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ ხმა, რომელმაც, წესით, მათი ცხოვრება უნდა შეცვალოს, მაგრამ აგერ, მესამე ათეული წელია, არაფერი იცვლება…

კუჭავა ბრიუსელში, როგორც რუსები იტყვიან, “ნა კავიორგამოიძახეს. რატომ რუსები? აბა, ევროპელები ამ ყველაფერს დიპლომატიას და სტრატეგიულ პარტნიორობას ეძახიან

ბესო ბარბაქაძე

P.S. ბრიუსელში კუჭავას გამოძახების პარალელურად, დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად შერაცხილმა და ქართული მართლმსაჯულებისგან გაქცეულმა ნაპრეზიდენტალმა სააკაშვილმა კიევში თავისი გუნდის წევრები გამოიძახა _ მასნაცმოძრაობისთავმჯდომარე ნიკანორ მელია და პარტიის სხვა წევრები ესტუმრნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here