Home რუბრიკები პოლიტიკა ილუზორული დამოუკიდებლობის დღე და შიმშილის შიშით გასაცოდავებულები

ილუზორული დამოუკიდებლობის დღე და შიმშილის შიშით გასაცოდავებულები

ბატონებო, საქართველოს ჰიმნი, იცით, რომელი სიტყვებით სრულდება? “დიდება თავისუფლებას... თავისუფლებას დიდება!” აბა, თავისუფლება?!

231
ილუზორული დამოუკიდებლობის დღე და შიმშილის შიშით გასაცოდავებულები

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღლუმს გავმართავთ, ჯარის ნაწილებს, საბრძოლო ტექნიკას გამოვიყვანთ. არ არის გამორიცხული, ამერიკელებისგან ნაყიდჯაველინებსაცვანახვოთ დღის სინათლე. აღლუმს ხელისუფლების უმაღლესი პირები ჩაიბარებენ და სიამაყითაც იტყვიან, რომ ქართული ჯარი ჩაცმულდახურულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დავიწყებთ, რომ სხვადასხვა მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს. ეს ყველაფერი ორიოდე მილიონი მაინც დაჯდება, მაგრამ რა სათვალავში ჩასაგდებია ორიოდე მილიონი, როცა დამოუკიდებლობის დღე გაქვს საზეიმო

გასულ კვირას, ერთი-მეორის მიყოლებით, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის მთავარი მიზეზი ჯამაგირი იყო, ხელფასი, რომელიც მათ, უბრალოდ, აღარ ჰყოფნით. ამ ადამიანებმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების ფონზე, დანაზოგი დახარჯეს და ახლა შიმშილის ზღვარზე არიან. ეს იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულები ჰქვიათ და დილიდან საღამომდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვირებივით მუშაობენ. კომპანიებმა პირდაპირ თქვეს, რომ პანდემიის პირობებში ხელფასების მომატება გამორიცხულია. ისინი რადიკალურ ზომებსაც არ მოერიდებიან და თანამშრომელს, რომელსაც აღნიშნული პირობებით მუშაობა არ სურთ, შეელევიან და ახლებს მიიღებენ. ერთი მხრივ, გასაგებია კომპანიების პოზიცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ დღეს საქართველოში დასაქმებული ადამიანებიც კი ვერ იღებენ იმ შემოსავალს, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ. გვერწმუნეთ, აქ საუბარი მხოლოდ საკვებზეა და არა ფუფუნების საგნებზე, ადამიანებს საკვების ყიდვა უჭირთ. გაეროს დასკვნის მიხედვით, 50 ათასი ბავშვი საქართველოში ოფიციალურად შიმშილობს და თითქოს ამას გადააყოლეს კიდეც კვირიკაშვილის პრემიერობა, მაგრამ სურათი უარესობისკენ შეიცვალა და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შიმშილობენ, გვარიანად არის მომატებული. სხვათა შორის, ხმამაღლა შეიძლება არც ერთმა ექიმმა არ თქვას, მაგრამ პირად საუბრებში ყველა აღიარებს, რომ არც ისე იშვიათად ბავშვების დაავადების მიზეზი საჭირო ოდენობის საკვებისა და ვიტამინების მიუღებლობაა _ მშობლები ბავშვებს საჭირო საკვებს ვერ აძლევენ.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

ამ დროს კი კომპანია “ნატახტარმა”, რომლის მფლობელიც თურქული EFES-ია, დისტრიბუციის ავტომობილებს ქართულენოვანი წარწერა აადღლიზა და ზედ EFES-ი მიაწერა. 23-ში, ასევე თურქულ კომპანია “ენკას” წინააღმდეგ დედაქალაქში მრავალათასიანი აქცია გაიმართა და მთავრობა ყურს არ იბერტყავს. აბა, გაებედა რომელიმე ქართულ კომპანიას და თურქეთში მხოლოდ ქართული წარწერებით ევლო მისი დისტრიბუციის მანქანებს. იცით, რა მოხდებოდა? მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოვიდოდა და იმ კომპანიის მუშაობაც იქ დასრულდებოდა. უფრო მეტიც, თურქი თანამშრომლები გააპროტესტებდნენ, მაგრამ აქ ასე ვერ და არ მოიქცევიან, რადგან ასეთ შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებენ და უმუშევრად დარჩენა კი… შიმშლის შიშით დაჩმორებულ-დაბეჩავებულებად ვიქეცით, უმუშევრად დარჩენის შიშით ბევრი იტანს იმას, რაც არ და ვერ უნდა აიტანოს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან 2-3 წლის ბავშვს ვერ აუხსნი, რატომ ვერ ჭამს დილით ფაფას და სიცხეში რატომ ვერ ყიდულობს მშობელი ნაყინს.

 

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

რატომღაც გვგონია, რომ ამ დღეს კელი დეგნანიცა და შარლ მიშელიც ხმამაღლა გაიცინებენ, რადგან რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა, იმავე მიშელის დოკუმენტის ერთ სიტყვას გადაბრუნებულად რომ იტყვის რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, მაშინვე კრიტიკის ნიაღვარი მოდის დასავლეთიდან, დოკუმენტს არ გადაუხვიოთო. დასავლეთმა ქართველ პოლიტიკოსებს სამუშაო დოკუმენტი კი არ მიაწოდა, არამედ დაუდო მუხლობრივად გაწერილი გეგმა, რომელსაც ზედმიწევნით უნდა მიჰყვნენ ქართველი პოლიტიკოსები და თავიანთი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. დაახლოებით ისეა, სკოლაში ბავშვებს საზეპიროებს რომ მისცემენ და საკუთარი მოსაზრების თქმის უფლება რომ არ აქვთ. სამაგიეროდ, ქართველი პოლიტიკოსებიდან ერთსაც არ გასჩენია კითხვა _ თუ ასეთი ჭკვიანები არიან ამერიკა-ევროპაში, ამდენი ხნის განმვლობაში, რატომ ვერ მოახერხეს და ვერ დაწერეს გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მოსახელება, რიგითი ადამიანები იგრძნობდნენ შვებას? ეკონომიკურად დავეწეოდით ისეთ ქვეყნებს მაინც, როგორებიც არიან პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი. ჩვენ ვსვამთ ამ კითხვას და პასუხიც გვაქვს _ ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობას სხვა რამეზე ფიქრის დრო გაუჩნდება და მიხვდება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის შესაცვლელი, სხვაგვარ თარგზე მოსაჭრელი და სწორედ ეს გამოფხიზლება არ აძლევთ ხელს. აქამდე გვაძლევდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც არსებობისთვის იყო საჭირო, ახლა კი არსებობაც გაჭირდა, მაგრამ ყურს მაინც არავინ იბერტყავს პრინციპით _ ამასაც აიტანენ.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

პრეზიდიუმში, დაბანილ-დავარცხნილი პოლიტიკოსების ნახვა ხალხს უფრო გააბრაზებს. იმ დეპუტატების დანახვა, რომლებიც კულუარებში უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ხელფასი არ ჰყოფნით და დღევანდელი კურსით, მათი ჯამაგირი ათას დოლარზე ოდნავ მეტია. ჰო, ხალხის რჩეულებსთვეში 3600 ლარი არ ჰყოფნით და ეს მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ამ თანხის მეათედიც არ აქვს, ხოლო პენსიონერებსპენსიონერები როგორ არსებობენ, ცალკე საუბრის თემაა. ის დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ არ ჰყოფნის ათასზე ოდნავ მეტი დოლარი, არ ფიქრობს იმაზე, როგორ ჰყოფნის პენსიონერს… 70 დოლარზე ნაკლები. ამაზე არც ევროპელი მეგობრები ფიქრობენ და არც ამერიკელი. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პენსია საქართველოში ევროპის მასშტაბით ყველაზე მცირეა. მათივე დაანგარიშებით, თუ ადამიანს დღეში 3 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ღატაკად ითვლება და შიმშილისთვის არის განწირული. მათ იციან, ოფიციალურად იციან, რომ 600 ათასზე მეტი პენსიონერი შიმშილისთვის არის განწირული და არაფერს აკეთებენ. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველდღიურად რომ იმატებს, ცალკე პრობლემაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო მათთვისაც ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი დახმარების მიწოდებას და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ორ მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში არათუ შიმშილობს, სასწაულია, რომ ცოცხალია.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლები კვლავ გამოვლენ ქუჩაში, რადგან საქსტატის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი ათას ლარზე მეტია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მონაცემი მაღალჩინოსნების ხარჯზეა გაზრდილი: თუ, მაგალითად, დისტრიბუტორი 600 ლარს იღებს და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია 25 ათასს, საშუალო არითმეტიკულით გამოდის, რომ თითოეული 12 800 ლარს იღებს, რეალურად კი ერთის ჯამაგირია 600 ლარი, მეორის _ 25 ათასი. სამაგიეროდ, დასავლელი პარტნიორები ხედავენ ამ ციფრებს და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, სწორედ ამ ციფრებით ხელმძღვანელობენ. ისე არ გაიგოთ, თითქოს მათ სიმართლე არ იციან, პირიქით, ყველაფერი იმაზე უკეთ იციან, ვიდრე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რადგან მათ დღის წესრიგს სწორედ ევროპა და ამერიკა უდგენს, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი ხელს არ აძლევთ, არ არის მომგებიანი. ევროპელი ელჩები კარგად ხედავენ ნაგვის ურნებში გადაყუდებულ მოქალაქეებს, მაგრამ ეს არ აღელვებთ, თუნდაც მთელი ქვეყანა გადაეყუდოს. მათთვის მთავარია, მმართველი რგოლი არ გაექცეთ ხელიდან და, როცა ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს სცადეს, მაშინვე უმკაცრესად ჩაერივნენ, ყური აუწიეს, დასავლურ ბანკებში ანგარიშების გაყინვით დაემუქრნენ და შედეგიც მიიღეს.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

როგორც გვითხრეს, აღლუმზე ერთ-ერთი მთავარი აქტი სხვადასხვა მისიებიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცების გამოჩენა იქნება. სტრატეგიული პარტნიორების ხათრით, ჩვენს ბიჭებს სხვის ომში ვუშვებთ და მერე რა, რომ ავღანეთი თუ ცენტრალური აფრიკა ჩვენი პრობლემა არ არის. ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ახალგაზრდებს, ჩვენ _ არა, თანაც სიცოცხლის ფასად ჩვენი ბიჭები სოლიდურ ჯამაგირსაც იღებენ. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯარისკაცთა უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებს, ცენტრალურ აფრიკაში რა მოხდება ან როდის დასრულდება ავღანეთში უსაშველოდ გაწელილი ომი. არ არის ეს ჩვენი ომი, არ არის ეს ჩვენი ბრძოლა, მაგრამ იხდიან და იმის გამო, რომ ოჯახში ჯარისკაცებს მოხუცი მშობლები, ცოლ-შვილი და დედმამიშვილები ელიან, რომელთაც სხვა შემოსავალი არ აქვთ, თავს არ ზოგავენ.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ

ბატონებო, საქართველოს ჰიმნი, იცით, რომელი სიტყვებით სრულდება? “დიდება თავისუფლებას… თავისუფლებას დიდება!”

აბა, თავისუფლება?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here