Home რუბრიკები ისტორია დიდგორის ბრძოლა, ანუ ძლევაი საკვირველი

დიდგორის ბრძოლა, ანუ ძლევაი საკვირველი

19559
დიდგორის ბრძოლა

წლეულს, 23 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს, “დიდი გამარჯვების დღედგამოცხადებას და უქმედ დაწესებას, მაგრამ შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა, მიზეზად კი თურქეთის საელჩოსმეგობრული თხოვნადასახელდა: თურქეთი საქართველოს მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობის დაძაბვა ხელს არ გვაძლევსო(?!).

თუ თურქეთის დღევანდელ ხელისუფალთ 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქსელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლის, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინება ესირცხვილებათ, ეს მათი პრობლემაა; მაგრამ, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი რომ გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს! დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, როგორც არასდროს, ქართველ ახალგაზრდებში აუცილებელია ეროვნული მუხტის გაღვივება, იმის პროპაგანდა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. სწორედ ამისთვის გვჭირდება ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების აღნიშვნა, მათ შორის, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის, 12 აგვისტოს, უქმე დღედ გამოცხადება.

XII საუკუნის გარიჟრაჟზე საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ცხადი იყო, რომ ეს დაპირისპირება, დღეს თუ ხვალ, იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო.

არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნისა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ 4-5 თვის განმავლობაში გატარებული ღონისძიებები. ამიტომაც იყო მზად დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი საბრძოლველად.

მემატიანე წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა _ “სიმრავლითა, ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაი”. მაჰმადიანთა “დიდი ლაშქრის თავმოყრის” შესახებ წერს, აგრეთვე, არაბი ისტორიკოსი ალფარიკიც, თუმცა არც ის მიუთითებს მის რაოდენობაზე. თუ სომეხ ისტორიკოს მათე ურჰაელს დავუჯერებთ, მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრის მეომართა რაოდენობას 560 000-ისთვის მიუღწევია, ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს მონაცემებით კი _ 600 000-ისთვის.

უდავოა, რომ მათე ურჰაელისა და გოტიეს ცნობები კოალიციური ლაშქრის რაოდენობაზე გაზვიადებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნახევარმილიონიანი თუ ექვსასათასიანი ლაშქარი თრიალეთ-მანგლის-დიდგორის სანახებში არათუ ვერ გაიშლებოდა საბრძოლველად, ვერც კი დაეტეოდა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარი გაცილებით აღემატებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამ ბრძოლაში გამოყვანილ ლაშქარს. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან შედგებოდა.

მათე ურჰაელის ცნობის მიხედვით, ქართველთა ლაშქარში 56 000 მებრძოლიც არ ყოფილა.

ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შემადგენლობა: მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაღთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო: როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ ქართველებს თვლიდა, განსაკუთრებით _ ასეთ გადამწყვეტ ბრძოლაში.

საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს _ “როქის სპას”, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტიკის ნაწილი იყო და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

გარკვეული მიზნით იყვნენ შეყვანილნი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, “ფრანგებიც”. მათე ურჰაელი ამ ომში ასი “ფრანგის” მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას “ფრანგს” ასახელებს (ქართველები ასე ეძახდნენ ევროპელებს). ეს ფრანგები იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქ-სელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა.

1121 წლის 10 აგვისტოს თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი მისადგომი ჰქონდათ დაკავებული. კოალიციური ლაშქრის ნაწილმა მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა; მეორემ კი, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიკავა. მტრის ჯარით გაივსო როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი.

საქართველოს სამეფოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისისაკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსა და გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებისა და აქ გამართული ბრძოლის შესახებ მოგვითხრობენ.

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში:

ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და, რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”.

ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისაკენ, ისტორიკოსებისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორაგებით შეუკრავთ. ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. როგორც ჩანს, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდა ისეთები, რომელთათვისაც მხოლოდ “ღვთის სიყვარული” საკმარისი არ აღმოჩნდებოდა თავდადებისთვის. სწორედ ამიტომ დასჭირდა დავით აღმაშენებელს თავისი მებრძოლებისთვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ბარიერები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხის ხორაგებისა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.

ზოგიერთი მონაცემით (გოტიე), შეტევაზე პირველი მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა; სხვა ისტორიკოსთა (მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ ალ-ასირი) ცნობით კი, შეტევა ქართველთა ლაშქარს დაუწყია და დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური ხერხისთვის მიუმართავს. იბნ ალასირის ცნობით, როდესაც მოწინააღმდეგენი საომრად განლაგდნენ, საქართველოს ჯარს 200 ყივჩაღი გამოეყო და მტრისაკენ გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაღებმა მეფეს უღალატეს და შეწყალების სათხოვნელად მოდიანო, ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში, მაგრამ ყივჩაღებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ამან, ცხადია, მტერი დააბნია.

ამასთანავე, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი, მეფის სარდლობით, ნიჩბისის ხევით, დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად განლაგებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია. როგორც კი გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდი ნაწილი ბრძოლის ველიდან გაიქცა.

სისხლისმღვრელი ბრძოლა დიდგორის ველზე მხოლოდ სამ საათს გაგრძელებულა. თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი განიცადა. მათე ურჰაელის ცნობით, “იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენმტრის გვამებითო. მაჰმადიანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ მიუთითებს ალფარიკიც.

მათე ურჰაელის ცნობით, მტრის ყოველი ათასი მოლაშქრიდან ასიც კი არ დარჩენილა ცოცხალი. ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ “მუსლიმანთა და არაბთა აურაცხელი რაოდენობა”.

რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ დაჭრილებისა თუ დახოცილების სახით ბევრი ქართველი, ყივჩაღი თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა, მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის დანაკლისთან შედარებით, ისეთი მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროდ არ მიუჩნევია.

საქართველოს ლაშქარმა, მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად, დიდძალი ალაფიც იგდო ხელთ. მათე ურჰაელი წერს, რომ მტრის უპატრონო “ცხენებისა და დაყრილ იარაღ-საჭურვლისაგან დაიფარა ყოველნი პირნი ველთანი”. ალ-ფარიკიც კი იძულებულია, აღნიშნოს: ამ ომში “მათ (ქართველებმა) დიდძალი სიმდიდრე წაართვეს მუსლიმანებს”-ო. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: “ალაფთა მრავალრიცხოვნობის შესახებ არაფერს ვამბობთ, რადგან გლეხებიც კი, ოქრო-ვერცხლის გარდა, სხვას არ აიღებდნენ ნადავლისაგან”-ო.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორის ველზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა ორგანიზატორებს და ამიტომ გადაწყვიტა დავით აღმაშენებელმა, კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ მიეცა.

დამარცხებული და უწესრიგოდ უკანდახეული მტრის დევნა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს მართლაც მოუხერხებია დევნილი მტრის სრული დამარცხება და განადგურება ისე, რომ თვით მთავარსარდალმა ილღაზმაც ვერ შესძლო მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალის შემოკრება და დამარცხებული, ბრძოლაში დაჭრილი, თავის სიძესთან ერთად, ალ-ფარიკის ცნობით, მხოლოდ ოციოდე მხედრით დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.

ამრიგად, თურქ-სელჩუკთა დადმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი მარცხი იგემა არა მხოლოდ დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

2 COMMENTS

  1. თუ თურქები ზეიმობს ართვინი და არდაჰანის განთავისუფლებას ნახეთ ყველა კალენდარში აღნიშნულია ჩვენი ქვეყნის ნაწილი ჩვენგან გაანთავისუფლა არ ერიდება მეზობლობას ქართველებს მისი ქვეყნის დასაცავად გაღებული მსხვერპლის ხსენების უფლებაც არაა ააქვს?დიდ ზაფერ რომ ზეიმობენ ჩანაკალეს ომს ინგლისელებს პრეტენზია არ გამოუთქვამს რაც ისტორია დაამახინჯეს საკმარისზე მეტია

  2. ეტყობა, ქართველებმა იმიტომ არ უნდა ვიზეიმოთ დიდგორი და, ზოგადად, მოვყვეთ ჩვენი ისტორიის საამაყო მომენტები, რომ თურქებმა საკუთარი ვარიანტი გაგვივრცელონ: https://www.youtube.com/watch?v=BjU32u74uqs „მეგობრული თხოვნა“ იქნება, თავისთვის შეინახონ ასეთი „თხოვნები“, თორემ ქართველების გენოციდისთვის პასუხიც შეიძლება დაეკისროთ. გიორგი კალანდიამ თქვა, მარტო სტამბოლის ბაზარზე 8 მლნ ნარჩევი ქართველი გაიყიდაო. რამდენი ქართველო დახოცეს თურქებმა, იმის დათვლასაც შევძლებთ. ქართველებო, გილოცავთ დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here