Home რუბრიკები პოლიტიკა გამწარებული ამომრჩეველი და დაბრმავებული “ოცნება”

გამწარებული ამომრჩეველი და დაბრმავებული “ოცნება”

2336
ბიძინა ივანიშვილი

ქართული პოლიტიკა იანვრის დასაწყისი, როგორც წესი, საკმაოდ მშვიდია. საზოგადოება ისვენებს და დიდად არც პოლიტიკოსები აქტიურობენ, მაგრამ ამჯერად საინფორმაციო სივრცე ორმა სკანდალმა შეაზანზარა. მმართველ პარტიაში მოსამართლეთა სიის გამო დაპირისპირება მოხდა, ხოლო პროკურატურას თიბისი ბანკის ხელმძღვანელ მამუკა ხაზარაძესთან 10 წლის წინანდელ საქმეზე კითხვები გაუჩნდა. მიზანშეწონილია, ორივე საკითხი .. “პრობლემა-2020”-ის კონტექსტში განვიხილოთ.

“ქართული ოცნების” წევრები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ იმაზე, სად აღმოჩნდებიან მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული სიის ფორმირება მოხდება და განაწილდება მაჟორიტარული ოლქები, პარალელურად აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში დაწინაურება-ჩამოქვეითების ტრადიციული პერიოდი დაიწყება. ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის ცნობილ, თითქმის სასოწარკვეთილ მიმართვაში პირობა დადო, რომ საკადრო პოლიტიკას გადახედავს და, პრინციპული ცვლილებები რომც არ განახორციელოს, შესაბამისი შთაბეჭდილების შექმნა მაინც მოუწევს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ასობით ადამიანი ცდილობს, გამოთვალოს ტრაექტორია, რომელიც ცვლილებების შემდეგ, 2020-ში, თბილ სავარძელთან მიიყვანს. მათი კონკურენცია დღეს ჩარჩოდან გადის და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება უახლოეს მომავალში. სწორედ ამიტომ “პრობლემა-2020”-მა მმართველი პარტიის არსებობას რაღაც მომენტში შეიძლება სასიკვდილო საფრთხე შეუქმნას.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია პარტიის საერთო ინტერესების უგულებელყოფა და წინა პლანზე ამა თუ იმ პირის, დაჯგუფებისა თუ “სასტავის” ინტერესების წამოწევა _ ეს ვლინდება “ახალი” და “ძველი გვარდიის” დაპირისპირებაშიც, რომელმაც მოსამართლეთა სიის გამო (ის, ალბათ, უფრო საბაბია, ვიდრე მიზეზი) ახალი ძალით იფეთქა.

რას ხედავს ამ დროს “ქართული ოცნების” რიგითი მხარდამჭერი? 2018 წლის აპრილში მან იხილა პარტიის დეპუტატებს შორის პირველი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, რომელიც მოჰყვა ნინია კაკაბაძის არჩევას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და ამის გამო გედევან ფოფხაძის პროტესტს. ივნისში მან ნახა, როგორ გადააყენა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილი, შემდგომ კი შეიტყო (ივლისში, ივანიშვილის ინტერვიუდან), რომ დაპირისპირება მათ შორის ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს დაწყებულა. ამან შესაძლებლობა მისცა, ნაწილობრივ მაინც გაეშიფრა იმ კრიზისული პროცესების არსი, რომელთა დაწყება 2018 წლის პირველ კვარტალში მთელმა ქვეყანამ იგრძნო.

შემდგომ “რიგითმა მხარდამჭერმა” გაიგო, რომ “ქართულ ოცნებაში” უთანხმოებაა საპრეზიდენტო კანდიდატზე _ პარტიის ლიდერებს ეს ღიად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ, ახლახან მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე (კვირიკაშვილის ეპიზოდი), “საფუძვლიანი ეჭვი” საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა.

ბოლოს, მას შემდეგ, რაც სწორედ “რიგითმა მხარდამჭერებმა” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადაარჩინეს “ქართული ოცნება” და ჩათვალეს, რომ ივანიშვილის დაპირებების შემდეგ რაღაც ოდნავ მაინც შეიცვლება, მმართველმა პარტიამ მას ახალი სკანდალი შესთავაზა, “ახლა უკვე მოსამართლეების არომატით”.

საზოგადოდ, აზრთა სხვაობაში ცუდი არაფერია, მაგრამ შექმნილ ვითარებას ორი გარემოება ამძიმებს. ჯერ ერთი, “რიგითი მხარდამჭერი” ხვდება, რომ მსგავსი დაპირისპირებების მიღმა არა პრინციპული პოზიციები ან იდეოლოგიური შეუთავსებლობა, არამედ, უპირველესად, მერკანტილური, ვიწრო-კლანური ინტერესები დგას. ამასთანავე, ლიდერების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ შიდაპარტიული დისკუსიის გარეთ გამოტანა არ შეიძლება, რაც 21-ე საუკუნეში ფორმალურად დემოკრატიულ ქვეყანაში ძალზე სასაცილოდ გამოიყურება, მით უმეტეს, რომ ინფორმაცია მაინც ჟონავს, თუმცა საზოგადოება მას ხშირად დამახინჯებული სახით იღებს, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობა მაინც იქცევა ისე, თითქოს “ქართული ოცნება” ბანდაა ან ტოტალიტარული სექტა და მისმა წევრებმა სადავო საქმე ჩუმად, შიგნით უნდა გაარჩიონ, ხოლო ღია დისკუსია არავითარ შემთხვევაში არ გამართონ. ამასობაში მოსამართლეების შერჩევის გამო აგორებული კრიზისი გრძელდება და ის “ქართულ ოცნებას” კიდევ არაერთ საიმიჯო ქულას დააკარგვინებს, ვინაიდან მანკიერია არა მხოლოდ სკანდალის ფორმა, არამედ თვითონ პოლიტიკა, რომელმაც ის გამოიწვია, ანუ ახალი ხელისუფლების ალიანსი მოსამართლეთა ძველ კორპორაციასთან, შესაბამისად _ უპრინციპობასთან.

საინტერესოა, ხედავს თუ არა ივანიშვილი სტრატეგიულ პერსპექტივას, როგორც ამ, ისე სხვა პრობლემურ თემებზე? ეს საკითხი აქტუალურია, რაც კარგად გამოვლინდა საზოგადოების რეაქციაში მეორე “საახალწლო სკანდალზე”. ივანიშვილის “პირველ ხუთწლედში” (2011-2016) მას მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში დიდი გროსმაისტერის იმიჯი ჰქონდა, რომელიც თითქოს რთულ, მრავალსვლიან კომბინაციებს ათამაშებს. შემდგომ, განსაკუთრებით 2018-ში, დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრი კომენტატორი ალაპარაკდა, რომ ივანიშვილი პრიმიტიულ, დიდიდიდი ორსვლიან გათვლებს ეყრდნობა. ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, როდესაც ელიტა გრძნობს, რომ მმართველს სტრატეგიული ხედვის უნარი ღალატობს, ის თავის დაზღვევის საშუალებებს ეძებს, რაც, ადრე თუ გვიან, მის ოპონენტებთან პაქტის გაფორმებით სრულდება.

თუ დავაკვირდებით ექსპერტებისა და საზოგადოების სხვა წევრების რეაქციას მამუკა ხაზარაძის ინციდენტზე მედიასა და სოცქსელებში, ვნახავთ, რომ ზოგი მას სტრატეგიულ გამჭრიახობას მიაწერს, ზოგი კი თვლის, რომ მისი მოტივები და ტაქტიკა უაღრესად ბანალურია. აღსანიშნავია, რომ მეორე ტიპის ვერსიები გაცილებით ფართოდ გავრცელდა, “პირველ ხუთწლედში” ასე ნამდვილად არ იქნებოდა.

წინა პლანზე გამოვიდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს ხაზარაძის ფინანსური პოტენციალი და კავშირები აფრთხობს, რომ მას სურს საკუთარი ინტერესების გატარება ანაკლიის პროექტში, რომ ის “სჯის” ხაზარაძეს ალიანსისთვის კვირიკაშვილთან, რომელსაც თითქოს არა მხოლოდ ბიზნეს-ინტერესების ლობირება, არამედ პარტიის შექმნა და, საბოლოოდ, ივანიშვილის “გვერდზე გაწევაც” უნდა მოჰყოლოდა.

ამის პარალელურად, საინფორმაციო სივრცეში ტივტივებდა კონსპიროლოგიური ვერსია, რომლის თანახმად ივანიშვილი განგებ უბიძგებს ხაზარაძეს პოლიტიკური გააქტიურებისკენ, ოპოზიციაში მისი გადასვლისლეგენდირებასახდენს, რათა მან ჰიპოთეზურიმესამე ძალისშეკავშირება და უზრუნველყოფა მოახდინოს.

ყველა სოციოლოგი და, შესაბამისად, პოლიტიკოსიც ხედავს, რომ მოთხოვნა “მესამე ძალაზე” საზოგადოებაში დიდია და არსებობს ამომრჩეველი (ნაციონალების ელექტორატის გამოკლებით _ ეს ცალკე თემაა), რომელიც “ქართულ ოცნებას” ხმას ცოცხალი თავით აღარ მისცემს. თუ ივანიშვილი მათ მოჩვენებით ალტერნატივას არ შესთავაზებს, ამას სხვები გააკეთებენ; მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სცენარის ფარგლებში ფარულ სატელიტთან არანაირი ხილული კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

ხაზარაძის მსგავსი ფიგურის გამოყენება, სავარაუდოდ, ხელსაყრელი იქნებოდა ივანიშვილისთვის ისეთი ოპოზიციური ძალის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ოლიგარქიულ სისტემას რეალურ საფრთხეს არ შეუქმნის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის ფორმირება მოუწევს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც “მთავარი ოპოზიციური” ძალა გახდება.

ეს ვერსია, ალბათ, ორი ფაქტორის გამო გავრცელდა. ჯერ ერთი, საზოგადოებაში არის მოთხოვნა “მესამე ძალის” ფორმირებაზე და ის ენთუზიაზმით ხვდება ნებისმიერ ვარაუდს, რომელიც მის მოლოდინს ემთხვევა, თუნდაც ის სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამასთანავე, მითი იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს სტრატეგიული ოპერაციების დაგეგმვა და რეალიზება შეუძლია, კვლავინდებურად ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ხშირად საპირისპიროზე მიუთითებს. ავიღოთ თუნდაც მარიხუანის წარმოების შესახებ ისტორია _ რა დაგეგმა და რა მიიღო?

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ივანიშვილის ლეგიტიმურობას (ფართო და არა ვიწრო იურიდიული გაგებით) მნიშვნელოვანწილად სწორედ ეს მითი უზრუნველყოფს. საქართველოს უახლესმა ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა: მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა საბოლოოდ რწმუნდება, რომ “მეფე შიშველია”, იწყება რეჟიმის რღვევა და მისი შეცვლის საკითხი მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს იძენს.

იმაში, რომ ღარიბ და უსამართლო სახელმწიფოში მმართველის პოლიტიკური კაპიტალი საკმაოდ სწრაფად იხარჯება, ახალი და უჩვეულო არაფერია. ივანიშვილი, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე და სააკაშვილი, გზაჯვარედინს მიუახლოვდა _ თუ ძალაუფლების შენარჩუნება სურს, პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეცვალოს. “ქართული ოცნების” ამომრჩევლებმა (ეს ძალიან კარგად ჩანს მათ კომენტარებში) ივანიშვილის ნოემბრის გამოსვლა აღიქვეს, როგორც ახალი შეთანხმების გაფორმება _ მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებას პოლიტიკა უნდა შეეცვალა და რეფორმები გაეტარებინა. პირველი, რაც მიიღო ელექტორატმა ამ არაფორმალური პაქტის გაფორმების შემდეგ, არის მწვავე დაპირისპირება მოსამართლეთა სიის გარშემო შიდაპარტიული კონფლიქტითა და ბიძინა ივანიშვილის ფრიად საეჭვო პოზიციით. ცნობილი ხუმრობის არ იყოს, “რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა”. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ივანიშვილი, გარემოცვასთან ერთად, ვერც რეფორმების აუცილებლობას აცნობიერებს და არც მათი გატარების თავი აქვს, ხოლო ნოემბრის დაპირებები ბანალურ წინასაარჩევნო ფინტს წარმოადგენდა. თუ ეს მართლაც ასეა, ხელისუფლების დღეები დათვლილია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here