Home რუბრიკები საზოგადოება გამოქვეყნებას არ ექვემდებარება

გამოქვეყნებას არ ექვემდებარება

327

ჩანაწერები, რომლებსაც დღეს ჩვენს მკითხველებს ვთავაზობ, გამოსაქვეყნებლად გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ, ახლახან რომ გადავიკითხე, შეიძლება საინტერესოც კი აღმოჩნდეს ფართო საზოგადოებრიობისთვის ჩვენი დროის თვალსაჩინო და უნიკალური შემოქმედის, ხელოვანის _ რეზო გაბრიაძის, როგორც პიროვნების, ადამიანური თვისებების დასახასიათებლად.

ამიტომ ვბედავ ამ სახელდახელო მასალის საჯაროდ გამოტანას. ეს ერთი, და მეორეც იმიტომ, რომ 15 ივლისს ორმოცი დღე სრულდება რეზოს გარდაცვალებიდან.

2021 წლის 21 იანვარს რეზო გაბრიაძემ ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა:

გილოცავ 21- საუკუნის 21- წლის 21 იანვრის 21- საათს!

ასე მომილოცეს მე და ასე გილოცავ შენც.

რეზო”.

ეს წელიწადი ამ მოლოცვით დაიწყო და მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ფედერიკო გარსია ლორკას მოულოდნელი მეტაფორა:

წყვდიადის გრდემლზე

მთვარე

ზარის რეკვად გაიფანტა”.

(“პირველი სიმღერები”)

განწყობილების ზიგზაგები

თებერვალმა მშვიდად ჩაიარა, როგორც ლოცვებით დაღლილი ეკლესიის უდრტვინველობამ. სადღაც ამოვიკითხე რაღაც ამის მსგავსი, მაგრამ უფრო დალაგებული, რა თქმა უნდა.

მარტში ამინდივით აირია: უკიდურესობათა ამპლიტუდის შეზღუდულ სივრცეში სამკუთხედის ხან ერთ გვერდს შეასკდა, ხან მეორეს.

ქანქარის პრინციპით.

ახალმთვარეობისას იცის, როცა, ვლადიმერ მაიაკოვსკის თუ დავუჯერებთ, მთვარე ისე ახალგაზრდაა, შინიდან მარტო არ გაიშვება თანამგზავრების გარეშე.

5 მარტს რეზო მირეკავს: შენ ჩემთვის უკან, წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯივით ხარ, სამოციან წლებში დაბრუნებასავით. როცა შეგვიძლია, მაშინდელ ამბებზე ვილაპარაკოთ, როგორც თანამედროვეებმა: როგორ ვსვამდით დილით ლუდს გაურეცხავი კათხებით რომელიმე ლუდხანაში და მივირმევდით ველიამინოვზე გაქონლი თეფშებით მორთმეულ ხინკალს, რომლის მარშრუტს _ დახლიდან ჩვენს მაგიდამდე _ შურიან თვალს აყოლებდნენ რიგში მდგარი მუდმივი იქაური მომხმარებლები.

_ და არ გვადარდებდა არავითარი ეპიდემია და პანდემია არავითარი ვირუსის.

_ კიდევ კარგი, იმხანად პოლიტიკამ არ გამიტაცა და რაღაც სისულელეების კეთება დავიწყე _ ვხატავდი, ვწერდი…

_ ლინოგრავიურებს აკეთებდი.

_ ესეც იყო, და ვწერდი წვრილ-წვრილ ინფორმაციებს.

_ შედევრების წინამორბედს, ჩემო რეზო…

რა თქმა უნდა, კოვიდაფეთქებაზეც ვილაპარაკეთ. გაუხარდა, რომ საქართველოში მშვიდდება ვითარება. აშშ-სა და, განსაკუთრებით, ევროპაში რომ გართულდა საქმე, ამან ძალიან შეაშფოთა.

_ რა გვეშველება, ბოშო?

8 მარტი. დავურეკე რეზოს და ვთხოვე, მიელოცა ქალთა დღესასწაული მეუღლისთვის, ქალბატონ კროშკასთვის.

გმადლობთო. შემდეგ მითხრა, რომ წვება კლინიკაში _ ჩემს ექიმს ჩემი გულის მდგომარეობა აინტერესებსო. მეც ვაპირებდი გამოსაკვლევად გულიკო ჩაფიძის კლინიკაში მისვლას:

_ მობილური ჩართული ხომ გექნება?

_ აუცილებლად, ბოშო!

_ დაგირეკავ.

10 მარტს შეთანხმებისამებრ დამირეკა. ვერ ვიცანი, ისეთი იმედგადაწურული კაცის ხმა ჰქონდა. სრული დეკადანსი.

_ მე რომ მოვკვდები, რამდენ ვინმეს გაუხარდება!

დავამშვიდე, როგორც შემეძლო.

_ შენ რომ არ მყავდე, სიცოცხლის ხალისი აბსოლუტურად დამეკარგებოდა, _ ასეთი იყო მისი საპასუხო რეაქცია.

27 მარტს _ ახალი უკიდურესობა:

_ ტელევიზიებში ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ინტელიგენტური გარეგნობის, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის. თანამედროვედ გამოწყობილები. ცდილობენ, რაც შეიძლება გამართული ქართულით გველაპარაკონ. გაგიხარდება კაცს.

ტელევიზია საინტერესო გახდა. ასეთია ჩვენი, უკანასკნელი მოჰიკანების, შეფასებაო.

შესანიშნავ ხასიათზე იყო.

არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ, ორივენი, ისეთი ავტომანქანები ვართ, რომლებიც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაგვქოქეს და დღემდე ვერ ვჩერდებით.

მიაჩნდა, რომ კორონავირუსი რაღაც არნახული კატასტროფის შესავალია. უვერტიურა.

დარწმუნებული იყო, რომ კაცთან საუბრისას არ უნდა იჩქარო მისი საბოლოოდ დარწმუნება: დააცადე, დაფიქრდეს, თვითონ მივიდეს საბოლოო დასკვნამდე. დაუტოვე საფიქრალი: მანქანიდან რომ გადმოხვალ, ერთი სიტყვა დაუგდე _ “მარა”. იფიქროს, რა დგას ამ “მარას” შემდეგ.

ჰოდა, მეც რეზოს რჩევას გავიზიარებ: ამდენი რამ ხომ მოგიყევით დიდებული შემოქმედისა და კრისტალური ადამიანის შესახებ, მარა…

პანდემიის ბარიერებს მიღმა

კოვიდ 19-ის პანდემიისას ვიზიტები გაბრიაძიანთ “ოქროყანის მამულში” შეწყდა. რადგან ეს ოხერი ვირუსი მაინცდამაინც ადამიანის ფილტვებს ემტერებოდა, შლიდა, ანადგურებდა. რეზოს კი ფილტვები აწუხებდა, რომელთა ვენტილაციისთვის სპეციალურ აპარატურას დაათრევდა, ხოლო საწოლთან საამისოდ დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. გარედან მისულს, ქვეყანას მოდებულს ინფექცია რომ არ მიმეტანა. ტელეფონით საუბრები არ შეგვიწყვეტია.

_ ხომ რამხელაა თბილისი, მაგრამ მე მაინცდამაინც შენთან საუბარი მირჩევნია, _ მითხრა ერთხელ და ასეთი კომპლიმენტით ცხოვრებაში არავის “დავუჯილდოვებივარ”.

მოულოდნელ თემებს წამოსწევდა ყოველთვის:

_ ხომ ხარ, ბოშო, შენ იმერელი? _ კუთხური კილოთი მოუქცია ერთხელ.

_ ალბათ, ვარ, მაგრამ ჩემი გვარის ხალხი ცხოვრობს ქართლშიც (სოფელი სანებელი კასპის რაიონში), ქუთაისშიც, რაჭის სოფელ ხონჭიორში, რომელიც ფოფხაძეებსა და სანებლიძეებს აქვთ ოკუპირებული. მკვლევარები კი ამტკიცებენ, რომ ჭანები ვართ. ვერ გეტყვით, რომ ჩემი პასუხით ვასიამოვნე.

ერთხელაც, როცა ჩვენმა მეგობარმა ბიძინა სონღულაშვილმა ნაღდი თაფლით მოიკითხა (ფილტვების საუკეთესო წამალია), ისე გაიხარა, რომ განსაკუთრებული მადლობის გადახდა მოისურვა:

_ მადლობა როგორ და რა უნდა ვუთხრაო, მირჩიე.

_ უთხარი, რომ იმერელივით კარგი კახელია. ეს იყო და ეს: არც მანამდე, არც შემდეგ, არასოდეს გვარტომობრივ საკითხს არ შეხებია, კუთხურ დაყოფა-დანაწილებას. ძალიან არ მოსწონდა, როცა მაინცდამაინც ქუთაისელობას შეახსენებდნენ.

ეს მისი პირადული, საკრალური სივრცე იყო, საჯაროდ არგამოსატანი.

მსოფლიო ადამიანი გახლდათ, ქართული ფესვებით და მენტალიტეტით. ქართული სულისკვეთებით და რუსეთში თავიანთ კლასიკოსად მიაჩნდათ.

მიიჩნევენ.

ასეთია რეზო გაბრიაძის პარადოქსი.

პირად ცხოვრებაში მცირედით კმაყოფილი, მსოფლიო კატაკლიზმებით იყო შეწუხებული.

_ კოსმოსური ძვრები ხდება დედამიწაზე და ჩვენ აზრზე არ ვართ. ძალიან გასერიოზულდა ყველაფერი. თითქოს ძალიან თავისუფლები ვართ _ ინტერნეტიც არსებობს, კინოც გვაქვს, ტელევიზიაც, თანამედროვე მუსიკაც, თანამეროვე არქიტექტურაც. ღვინოც გვაქვს სახლში, “ზაკუსკაც”, მაგრამ ერთმანეთს რომ ვერ ვნახულობთ, გამოვპრუტუნდით. სულ შინ ვსხედვართ. ფანჯრიდან ვუყურებთ ცხოვრებას! ფანჯარაში რა ხდება?

_ “ფანჯარაში მტრედია”.

_ მტრედი კარგია, როცა ქალაქური სიმღერიდან არის. მაგრამ მე თბილისის ქუჩებზე ვლაპარაკობ, ფანჯრიდან რომ ვხედავ და 60-70 წლის წინანდელ ქუჩებს რომ ვადარებ. თუ გინდა, გაიგო, რა ხდება დღეს მსოფლიოში, უწინდელ ქუჩებს უნდა შეადარო, ძველ ფოტოებს. მაშინ ადამიანი ქუჩაში გადიოდა იმიტომ, რომ საქმე მოითხოვდა. საქმე უნდა გაეკეთებინა. ახლაც დადის. სად მიდის? რისთვის მიდის? დაბნეულია. დაბორიალობს უმიზნოდ. თუმცა შეიძლება დარბაისლურადაც ლაპარაკობს არაფრის შესახებ, აღმატებულ ხარისხში.

წაიშალა ყველაფერი. მეგონა, რაღაცას წარმოვადგენდი. მაგრამ მილიონია ჩემნაირი რეზო. ორმოცდაათი მილიონი. Страшно житъ…

_ მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენ კი არ შევშინდეთ, ის შეშინდეს, ცხოვრება.

_ არა, ასე არ მინდა. ნურც ჩვენ შევშინდებით, ნურც ცხოვრება შეშინდება.

_ ამასობაში დრომ გამოაშტერა ადამიანი.

_ ჩვენ რაღაც დროში მაინც ვიცხოვრეთ.

_ ახლა დრო აღარ არსებობს!

_ უდროობაში დაიბადა დღევანდელი ადამიანი.

ღმერთმა ააწყო ყველაფერი ამქვეყნად. ამ ტყემლის ხეს, აქ რომ ხედავ, გვერდით აუცილებლად ლეღვის ხე უნდა ედგას. იქვე ქვა უნდა ეგდოს, თუნდაც პატარა. ეს ყველაფერი კი ღმერთის მიერ დაწესებული ჰარმონიაა. ღმერთის წესრიგია.

ის დაალაგებს ყველაფერს და ჩვენც გვეშველება.

ამ საქმეში დილეტანტი ვარ, მაგრამ მეც კი ვგრძნობ, რომ მის საქმეში არ უნდა ჩაერიო.

_ აბა, შენ ხელი გაანძრიე და გიშველიო?!

_ ეგ ჩვენზე არ უთქვამს. რადგან ჩვენ უკვე ბებრებიც არ ვართ. ჩვენ სუპერბებრები ვართ. და თუ რამე გვიშველის, ისევ ლოცვა გვიშველის. გადაიწერე პირჯვარი და _ კარგად იყავი!

პოდრუჩკითგასეირნება ვაკის პარკში

_ ისე გაუშინაურდა ზოგიერთი ჩვენგანი ამ ვირუსს, რომ ასე მგონია, “პოდრუჩკით” ვაკის პარკში გაასეირნებს და “სვოი ბიჭივით” ეტყვის:

_ თუ ძმა ხარ, მითხარი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, როგორ მოგიცილოთ თავიდან, და პატივისცემა ჩემზე იყოს.

გავუშინაურდით, ფეხებზე დავიკიდეთ, არაფრად მივიჩნიეთ, ამიტომ არც თავდაცვის რეკომენდაციებს ვასრულებთ. არ იკადრებს ჯიგიტი ჯაგლაგ ცხენზე დაჯდომას! ნიღბის პირზე ამკრავი თქვენკენ მოიკითხეთ! მოვიკითხეთ და არაერთი პუბლიცისტი აღმოვაჩინეთ, რომელიც, კარგა ხანია, წვალობს, იკვლევს და ვერ დაუდგენია ჰაქსლი ძაღლის ჯიშია, თუ ინგლისელი მწერლის, ნოველისტის და ფილოსოფოსის გვარი.

ჰოდა, ასეთი ყოვლისმცოდნე მკლავს მკვლავში გაუყრის კორონას, გაასეირნებს ვაკის პარკში და ძველბიჭურად ჩაეკითხება:

_ ჩემო ძმაო…

და როცა ყურადღებად ვიქეცი გაბრიაძის მორიგი სხარტულას მოსასმენად, მოკლედ მომიჭრა:

_ დანარჩენი შენ დაწერე. დაასრულე.

რეზოს ეს დავალება დღესაც ტვირთად მაწევს.

* * *

ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში მითხრა:

_ დრო გავა და კაცობრიობა ერთიან გზას მონახავს.

_ რომელ გზას?

_ მაგალითად, ბანოჯიდან რომელიმე მსოფლიო ცენტრამდე, სადაც თანამედროვე კულტურა და ციფრული ტექნოლოგიები იქნება განვითარებული. ეს გზა ერთიანი მსოფლიო მიმართულება უნდა გახდეს _ პროვინციიდან ცენტრამდე. ამ გზას კაცობრიობა იპოვის.

მაგრამ მაშინაც გამოჩნდება ვინმე ოპოზიციონერი, გადმოდგება ტრიბუნაზე ან სადღეგრძელოში დაიწუნებს და იტყვის: ეს გზა არ ვარგა, ცუდი ხედი იშლება აქედან! წყალი როგორ უნდა მივაწოდოთ?

_ ასეთებს რა გამოლევს?!

დღეს ისეთი დროა, როცა გემი შეიძლება უდაბნოში იდგეს…

ჩვენ რაღაც დროში მაინც ვიცხოვრეთ.

* * *

ის ვარსკვლავები, რომელთა შორის შერეკილების ცათმფრენი გამოჩნდებოდა, ხვალ დაბლა დაეშვებიან და მეშვიდე ცამდე ფიანდაზად დაეგებიან რეზოს, რომელიც თაფლის სანთლით ხელში და თავისი განუმეორებელი, ჩუმჩუმელა ღიმილით მსუბუქად დაიწყებს აღმასვლას მთაწმინდის პანთეონიდან მარადისობაში მისთვის განკუთვნილი სამყოფელისკენ.

ამაღლდება.

ჩვენ კი დავრჩებითრევოლუციური კარვებისეპოქაში, როცა იდეოლოგიურ უპირატესობას არკვევენ ისე, როგორც რეზო გაბრიაძეშერეკილებშიაღწერს:

ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა! ატყდა ვაიუშველებელი! შერბენგამორბენა! აშლიმაშლი! მალმალ გინება! მათრახების ფსტვენა! ბაგაბუგი გოდოგნური! გაიღვიძა ქალაქმა! აკიაფდა ჭრაქები! ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა! იფეთქა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა, ვინ _ ვის რატომ ან რისთვის ურტყამდა! მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა! მოცელეს ღობეები! გათელეს ბაღები! ბოსტნები! ბორცვგორები! თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა! ჩიტმა ცა გამოიცვალა! გახურდა ჩხუბი! აღდგა იმერეთი! გაწიეს გვერდზე საქართველო! გაიღო კარი ლხინისა!”

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here