Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე გამარჯვება ციფრებში: საინტერესო ფაქტები დიდი სამამულო ომის შესახებ

გამარჯვება ციფრებში: საინტერესო ფაქტები დიდი სამამულო ომის შესახებ

322
გამარჯვება ციფრებში: საინტერესო ფაქტები დიდი სამამულო ომის შესახებ

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტსა და ციფრს, რომლებიც ასახავს დიდი სამამულო ომის ტრაგიკულ ისტორიას.

დიდი სამამულო ომი 1418 დღეს მიმდინარეობდა

დიდი სამამულო ომი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო ფაშისტური გერმანიის თავდასხმით საბჭოთა კავშირზე. ეს ომი 3 წელს, 10 თვესა და 18 დღეს გაგრძელდა, ე.ი., 1418 დღეს.

დიდი სამამულო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა _ ლენინგრადისთვის _ 1126 დღეს მიმდინარეობდა. ქალაქი 871 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო.

ბრძოლა მოსკოვისთვის
ბრძოლა მოსკოვისთვის

მოსკოვის დაცვაში 7 მლნ ადამიანი მონაწილეობდა

საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვისთვის ბრძოლაში (1941 წლის 30 სექტემბერი _ 1942 წლის 20 აპრილი) 7 მლნ ადამიანი მონაწილეობდა;

ბერლინის შტურმში _ 4 მლნ.

დაიღუპა 26,6 მლნ
დაიღუპა 26,6 მლნ

დიდ სამამულო ომში 26,6 მლნ ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის ადამიანურმა დანაკარგებმა 26,6 მლნ კაცი შეადგინა, მათგან დაახლოებით 12 მლნ სამხედრო მოსამსახურე იყო.

ჯულბარსი
ჯულბარსი

არმიაში 60 ათასი ძაღლი მსახურობდა

დიდ სამამუო ომში ცხოველებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ომის პერიოდში სხვადასხვა ფრონტზე 60 ათასი ძაღლი იბრძოდა. მათ გაანადგურეს (ააფეთქეს) მტრის ეშელონები და 300-მდე დაჯავშნილი სამხედრო ტექნიკა. ამასთანავე, ძაღლები სანიტრებს ეხმარებოდნენ დაჭრილების ჰოსპიტლებამდე მიყვანაში. ძაღლი სახელად ჯულბარსი დაჯილდოებული იყო მედლით “საბრძოლო დამსახურებისთვის” (მან 7468 ნაღმი იპოვა). დაჭრილი ჯულბარსი მონაწილეობდა მოსკოვში 1945 წლის 24 ივნისს ჩატარებულ გამარჯვების აღლუმში. ის სტალინის შინელში გახვეული ხელში აყვანილი ჩაატარეს ტრიბუნასთან.

იური ლევიტანი
იური ლევიტანი

250 ათასი გერმანული მარკა ლევიტანის ლიკვიდაციისთვის

ცნობილი დიქტორი იური ლევიტანი დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. მისი ხმა ამაღლებდა საბჭოთა ხალხის სულისკვეთებას, ეს კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ნაცისტებს. ფაშისტური გერმანიის საიდუმლო სამსახურმა დიქტორის ლიკვიდაციისთვის 250 ათასი გერმანული მარკა დააწესა. საბჭოთა ხელისუფლება გულმოდგინედ იცავდა ლევიტანს და მის გარეგნობაზე დეზინფორმაციას ავრცელებდა მასმედიაში.

კოლობანოვის ეკიპაჟი
კოლობანოვის ეკიპაჟი

22 ტანკი 30 წუთში

დიდ სამამულო ომში უნიკალური რეკორდი დაამყარა 1-ელი სატანკო დივიზიის ტანკ KB-ის ეკიპაჟმა ზინობი კოლობანოვის მეთაურობით. ეკიპაჟმა ლენინგრადის მისადგომებთან 30 წუთში 22 ტანკი გაანადგურა (სულ ბრძოლაში გერმანელებმა 43 ტანკი დაკარგეს). კოლობანოვის ეკიპაჟის გმირობა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე შედეგიანი სატანკო ბრძოლა ომების ისტორიაში.

ქალი ოფიცრები
ქალი ოფიცრები

80 ათასი ქალი-ოფიცერი

დიდ სამამულო ომში ქალების როლი კოლოსალურია. ომის წლებში ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მილიონამდე ქალი იბრძოდა, მათგან 80 ათასი ოფიცერი გახლდათ. ქალი-მოხალისეებისგან შექმნილი იყო საავიაციო პოლკები, მსროლელთა და სადაზვერვო ბრიგადები, მეზღვაურთა ასეული.

87 ქალს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ზარალი
ზარალი

2,5 ტრილიონ რუბლზე მეტი მატერიალური ზარალი

ოფიციალური მონაცემებით, სსრკ-ის მატერიალურმა ზარალმა, საერთო ჯამში, 2,5 ტრილიონი რუბლი (ომამდელი კურსით) შეადგინა. ეს საბჭოთა კავშირის ეროვნული სიმდიდრის 30% იყო, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ რაიონებში კი ზარალმა 65%-ს მიაღწია.

დიდი სამამულო ომის პერიოდში ფაშისტებმა 1710 ქალაქი და 70 ათასამდე სოფელი მიწასთან გაასწორეს.

მედალი ბერლინის აღებისთვის
მედალი ბერლინის აღებისთვის

მილიონზე მეტი ადამიანი დაჯილდოვდა მედლით “ბერლინის აღებისთვის”

დაჯილდოებულთა შორის არიან საბჭოთა კავშირის მარშლები: გიორგი ჟუკოვი და ივანე კონევი. ჯილდოების დიდი ნაწილი ომის დასრულებიდან პირველ 3 წელიწადში გადაეცა ბერლინის შტურმში მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ 1951 წლამდე მედალი და მასთან ერთად მოწმობა სახელმწიფოს უბრუნდებოდა დაჯილდოებულთა გარდაცვალების შემდეგ. მოგვიანებით ნათესავებს უფლება მისცეს, დაეტოვებინათ მედალი “ბერლინის აღებისთვის”.

გერმანელი ტყვეები
გერმანელი ტყვეები

მოსკოვის ქუჩებში 57 600 ტყვე გერმანელი სამხედრო ჩაატარეს

1944 წლის 17 ივლისს მოსკოვის ქუჩებში 57 600 ტყვე გერმანელი ოფიცერი და ჯარისკაცი ჩაატარეს. ტყვე გერმანელების მარშს “დამარცხებულთა აღლუმი” უწოდეს. ტყვეები წოდების მიხედვით იყვნენ დაყოფილი: კოლონას წინ უძღოდა ვერმახტის 20-მდე გენერალი, მათ მიჰყვებოდნენ ოფიცრები _ პოლკოვნიკის ჩინიდან ქვემოთ, შემდეგ _ უნტერ-ოფიცრები და ბოლოს _ ჯარისკაცები.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here