Home რუბრიკები საზოგადოება გალაკტიონი _ ახალი გალაქტიკა, რომელიც ინგლისელებმა აღმოაჩინეს

გალაკტიონი _ ახალი გალაქტიკა, რომელიც ინგლისელებმა აღმოაჩინეს

5454
გალაკტიონ ტაბიძე

დღევანდელი ჩვენი საზოგადოების ინტერესს, სამწუხაროდ, სამომხმარებლო იდეოლოგია განსაზღვრავს, მომხვეჭელობის პრინციპები. და _ კრიმინალურსკანდალური ქრონიკა, რომლითაც დილასაღამოს გვკვებავს ელექტრონული მედია. აქაიქ დაბეჭდილი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი სტატიებიტუნდრაში აქლემების გოდებასჰგავს. მასალა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ამ მეჩხერიანობის ერთგვარად შევსებას ისახავს მიზნად.

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ასოციაცია “კულტურათა დიალოგის” პრეზიდენტმა ვალერი ასათიანმა “საქართველო და მსოფლიოს” მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში (“საქართველო და მსოფლიო” #25) ინესა მერაბიშვილის მიერ გალაკტიონის შედევრების ინგლისურად თარგმნა, რაც ლონდონელმა გრანდებმა ახალი გალაქტიკის აღმოჩენას შეადარეს, ქართული კულტურის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

ამ თემაზე გვექნება საუბარი ქალბატონ ინესასთან.

მანამდე კი _ მოკლედ თავად ამ მეცნიერის, პოეტისა და ბრწყინვალე მთარგმნელის შესახებ. თუმცა მას და მის შემოქმედებას ისედაც შესანიშნავად იცნობს ჩვენი განსწავლული საზოგადოება და ფართო მკითხველი. ხელდამშვენებულ მოღვაწედ და საკუთარ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ პიროვნებად მოიხსენიებს მას ლონდონში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი “ლიტერატურულ საქართველოში” წლეულს, 13 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში “ინესა მერაბიშვილი _ ქართული კულტურის მსოფლიო ელჩი”.

ჯერ ამ ელჩობის შესახებ.

სტივენ ნეში, დიდი ბრიტანეთის პირველი ელჩი საქართველოში: “ინესა მერაბიშვილის, როგორც საქართველოს კულტურის ელჩის სამსახური ნამდვილი ლოცვა-კურთხევაა მსოფლიოს პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის.

ინესა მერაბიშვილი არის ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების დიდი მოამაგე, რომელიც მეგობრებსა და დამფასებლებს უმრავლებს საქართველოს. ამ მხრივ მის ღვაწლს მხოლოდ მარჯორი უორდროპის მიერ გაწეულ სამსახურს შევადარებდი”.

წლევანდელი რამდენიმე თვის განმავლობაში ლონდონსა და სტრასბურგში (ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში) ინესა მერაბიშვილის ლექცია-საუბრებმა ბაირონსა და გალაკტიონზე ასობით ადამიანი, მათ შორის, სახელმწიფოთა ელჩები დაარწმუნა, “რატომ არის საქართველო ათ უძველეს მსოფლიო ცივილიზაციაში მესამე ადგილზე მყოფი ქვეყანა”, _ ნათქვამია ერთ-ერთ პუბლიკაციაში. განხილვაში მონაწილე მაღალი რანგის დეპუტატთა შორის ზოგმა თქვა, რომ “გალაკტიონის სახით მონათესავე სულის პოეტი იპოვა”, სხვამ _ “ჩვენ ერთდროულად ორი პოეტი ვიპოვეთ _ გალაკტიონი და მთარგმნელი”. საერთო შეფასებით კი _ “ლექციამ გალაკტიონი წარმოაჩინა მსოფლიოს უდიდეს პოეტად”.

ლონდონში გამოცემული ინგლისურად თარგმნილი გალაკტიონის ლექსთა კრებული
ლონდონში გამოცემული ინგლისურად თარგმნილი გალაკტიონის ლექსთა კრებული

პერსონიფიცირებული შთაბეჭდილებები ასეთია (მხოლოდ რამდენიმე მრავალთაგან):

დომენიკ ბრაუნი, ინგლისელი პოეტი: “თქვენთან შეხვედრამ და თქვენმა ლექციამ ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილებამ მოახდინა. ეს იყო უნიკალური გამოკვლევა და უაღრესად საინტერესო თემა”.

ჯულია მარკუსი, ამერიკელი მწერალი, პროფესორი: “ახლახან გადმომცეს თქვენი ახალი წიგნი გალაკტიონისა, ვრცელი და უაღრესად საინტერესო შესავლით, აღარაფერი რომ არ ვთქვა ამ სულისშემძვრელ თარგმანზე. ისიც ვიცი, რომ ლონდონში ამ წიგნის პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვა! გალაკტიონის ამ კრებულს თვალის ჩინივით გავუფრთხილდები”.

ლორდ მერვუსი, ინგლისელი დრამატურგი: “გალაკტიონის სახით ვიპოვე უმაღლესი რანგის პოეტი, რომელიც არის სულის ნამდვილი არისტოკრატი და სიტყვიერი სასწაულის შემქმნელი… მისი სახეები და მეტაფორები ამიერიდან მსოფლიო საკუთრება ხდება. დიდ მადლობას ვუხდი ინესა მერაბიშვილს ბრწყინვალე თარგმანისთვის, რომელიც გენიალურ ნაშრომად მიმაჩნია”.

რობერტ . გიბსონი, ამერიკელი იურისტი და დიპლომატი: “რომ არ მცოდნოდა, ჩემ წინაშე თარგმანია, ვიფიქრებდი, ინგლისურ ენაზე შექმნილი დედანია… ეს ხომ ძალზე იშვიათი მიღწევაა ნებისმიერ თარგმნილ ლიტერატურაში და, განსაკუთრებით, პოეზიაში. აშკარაა, რომ ინესა მერაბიშვილის მიერ ინგლისური ენის სიღრმისა და სინატიფის წვდომა აღემატება იმას, ამ ენაზე ბუნებრივად მოსაუბრე ყველაზე განათლებულ ადამიანს რომ ხელეწიფება”.

და მივადექით თარგმანის ხელოვნებას.

_ ქალბატონო ინესა, მიჩნეულია, რომ ერთი ენობრივი ჯგუფის ენიდან სხვა ენობრივი ჯგუფის ენაზე თარგმნა (მაგალითად, ქართულიდან ინგლისურად და პირიქით), განსაკუთრებით, მხატვრული ნაწარმოების, უზარმაზარი პრობლემაა, ხოლო გალაკტიონის ღვთიური პოეზიის ინგლისურად აჟღერება, ენის ცოდნის გარდა, მრავალმხრივ განათლებას, უნიკალურ პოეტურ ნიჭსა და გამბედაობას მოითხოვს.

ასეა?

_ ასეა, რასაკვირველია. რამ გადამაწყვეტინა, შევჭიდებოდი ამ სირთულეს და მეთარგმნა გალაკტიონი? უწინარესად, იმ სულიერმა შთაგონებამ, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, როგორც ლექსისადმი ტრფიალი. შემდეგ უკვე იყო ინგლისური ლექსის დაუფლება.

თუ შინაგანად არ ხარ პოეტი და ხელიც არ გაქვს ნაცადი იმ ენაზე, რომელზეც თარგმნი, ამ საქმესთან შეჭიდებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

თავად გალაკტიონისთვის რითმათა უნიკალობა ჩვეულებრივი სამუშაოა, ეს ის აგურებია, რომლებითაც მან შენობა უნდა ააგოს, უაღრესად ნატიფი და დახვეწილი. მათი განლაგება კი გალაკტიონთან ნოვატორულია.

ინესა მერაბიშვილი
ინესა მერაბიშვილი

უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მთარგმნელს დიდ და ძნელად გადასალახ სირთულედ წარმოუდგება, თავად პოეტის სწორად გაგების პრობლემაა.

თქვენს ყურადღებას მივაქცევ ორ მომენტს:

პირველი. როგორ განიცდიდა გალაკტიონი თანამედროვეთა საუბარს მისი ლექსის უთარგმნელობაზე: დააფრთხესო მთარგმნელები, არ ითარგმნებაო, და ითხოვს, რომ თარგმნონ მისი პოეტური ქმნილებები.

უთარგმნელობის ეს “პრობლემა” დღემდე მოგვყვება და ამას მე ვუკავშირებ ერთ უმთავრეს მომენტს: მისი ლექსი სწორად არ არის გაგებული, რის გამოც ძალიან ბევრი რამ მის პოეზიაში ამოუცნობი რჩება.

ჩემს სტატიებსა და ორ სქელტანიან მონოგრაფიაში განვიხილე ეს საკითხები, მათ შორის, ნაშრომში სახელდებით “გალაკტიონის ენიგმები” (ენიგმა _ გამოცანა, ქარაგმა).

შესანიშნავი მეცნიერი და ლიტერატორი მიხეილ კვესელავა თავის 600-გვერდიან, დიდებულ მონოგრაფიაში “პოეტური ინტეგრალები” (გამოიცა 1977 წელს) გალაკტიონის პოეზიის თავისებურებებსა და სირთულეებზე გვესაუბრება. მიიჩნევს, რომ ის, რაც გალაკტიონთან გამოცანად, გაუგებრად ჟღერს, მაგალითად, “სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს, ოცნება ნახაზი საგანთა უარით”, “გადაუგდო ნიავს ყელი” და სხვა, ამის ახსნა შეუძლებელია. ოიდიპოსიც რომ იყოო, ამ პოეტური სფინქსის საიდუმლოს ვერ ჩასწვდებიო.

შემდეგ მთარგმნელებსაც შეეხება და იტყვის: მთელი მსოფლიოს მთარგმნელები რომ მიესიონ ამ ორადორ სტრიქონს “სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს”, “ოცნება ნახაზი საგანთა უარით”, თარგმანს კი არა, პწკარედსაც ვერ გააკეთებენო.

_ .. გადაწყვიტა, რომ არ ითარგმნება?

_ სწორედ ასეა _ არ ითარგმნებაო, რჩება გაუგებარი. მაგრამ, მოგეხსენებათ, არც ერთ პოეტს არ სურს დარჩეს გაუგებარი. ნიკიტა მიხალკოვმა, ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ძალიან კარგად თქვა: “Я не хочу быть понятным, хочу быть понятым” (“არ მსურს ვიყო გასაგები, მინდა გაგებული ვიყო”).

ამასთან დაკავშირებით, ბატონ მიშას დასკვნის მიუხედავად (“ახსნა შეუძლებელია”), მე ჯერ ამოვხსენი, გავაანალიზე ეს ენიგმები და შემდეგ ვთარგმნე. ამასთანავე, პასუხი გავეცი კიდევ ერთ დიდ ენიგმას _ ვინ იყო გალაკტიონის მერი. ამ საკითხს ცალკე მონოგრაფია მივუძღვენი.

ზემოთ თქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თაგმანის პირველი პირობა არის ლექსის სწორი ინტერპრეტაცია.

თარგმანებს დედნებს რომ ვადარებ, ხშირად ვხედავ, რომ ნათარგმნი შეიძლება პოეტურად კარგად ჟღერდეს, მაგრამ სწორ თარგმანზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამის ნათელი მაგალითია უნიჭიერესი კაცის, ბრწყინვალე მორუსულე ივანე ქვაჩახიას მიერ ოთხმოციან წლებში რუსულად თარგმნილი გალაკტიონის პოეტური ნიმუშები. პოეტურად ეს ტექსტი ისეთ სიმაღლეზეა, რუსმა მთარგმნელებმაც რომ ვერ აწიეს, მაგრამ გაგებაზე რა გითხრათ: ეს უფრო ქვაჩახიაა და არა გალაკტიონი.

გალაკტიონის ენიგმები დიდი და მძლავრი ხატებით არის მოწოდებული და მეც ეს ხატები “სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს” და “ოცნება ნახაზი საგანთა უარით” პირდაპირ გადმომაქვს, ცინცხალი შთაბეჭდილება და გალაკტიონის ხელწერა რომ შევინარჩუნო. ამას ძალიან კარგად იგებს ინგლისელი მკითხველი, ისეთსავე ინტელექტუალურ მუშაობას მოითხოვს, როგორიც ქართველ მკითხველს სჭირდება.

ჩემი ჯერ კიდევ საკანდიდატო დისერტაცია მიეძღვნა ამ ენიგმების გახსნას ლინგვისტურად, სტილისტურად, მაგრამ არა ქართული პოეზიის მაგალითებზე, არამედ XX საუკუნის ინგლისური და ამერიკული ლექსის საფუძველზე. მოგვიანებით ეს გამოცდილება გალაკტიონის მიმართ გამოვიყენე.

რა ხდება ამ ანალიზის დროს, შევეცდები მკითხველისთვის გასაგებად ეთქვა.

XIX საუკუნის ბოლოს ფრანგმა მეცნიერმა მიშელ ბრეალმა გამოსცა წიგნი “სემანტიკური ესეები” და თქვა, რომ სიტყვა სულაც არ არის ერთი მნიშვნელობის, იგი შედგება პატარ-პატარა ნაწილაკებისგანო, და მათ უწოდა სემები _ მნიშვნელობის ნაწილაკები. როცა სიტყვა ტექსტში მუშაობს, ეს ნაწილაკები გადაადგილდებიან და ხვედრით წონას იცვლიანო.

ახლა დავუბრუნდეთ გალაკტიონისეულ სტრიქონებს.

“ცისფერი ღვინოები”. ღვინო არის ყურძნის ნაჟური. რა ფერის? ან შავი ყურძნის შავი (წითელი) ღვინო, ან ყურძნის ფერი _ მომწვანო-მოოქროსფერო. გალაკტიონი კი გვეუბნება “ცისფერ ღვინოებსო”. რატომ? უპირველესად, ვუპასუხოთ კითხვას: რა არის ღვინო? იგი ისეთი სუბსტანციაა, რომელიც იწვევს ამაღლებულ, გულწრფელ, არამიწიერ განწყობას. ბლოკი ამბობდა “Истина в вине”. მაშინ ხარ გულწრფელი, მაშინ ჩნდება გზნება და სურვილი, რომ მოწყდე მიწიერს და ამაღლდე ზეცისკენ _ პოეტურად ხომ ასე უნდა გავიგოთ. ე.ი. როცა ღვინოზეა ლაპარაკი, მაშინ “ღვინოში” წინ წამოიწევს სემა ზეაწეულობის, არამიწიერების, გულწრფელობის, ამაღლების, და განა ეს სემები სიტყვა “ცისფერში” არ მოგვეპოვება?!

_ არის, რა თქმა უნდა.

_ ცისფერი ხომ ცისაა, არამიწიერია, ზეადამიანურია. ამიტომ ამ ორი სიტყვის (“ცისფერ ღვინოებს”) უეცარი დაკავშირებით, ცისფერმა ხაზი გაუსვა “ღვინოში” მაინცდამაინც ამ შინაარსს. ამას ემატება “ს” ბგერის ალიტერაცია: “სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს”, რომელიც ოთხ პწკარში ოთხჯერ მეორდება. სული, ცისიერება და სულიერება. ჩემი სული სტირისო ამაღლებული ცრემლებით, _ ამბობს გალაკტიონი.

ჰოდა, გახსნილია ენიგმა. ხომ მართალია?

_ მართალია.

_ ეს ინგლისურად როგორ უნდა ვთარგმნო? უნდა ვთარგმნო ზუსტად ისე, როგორც თქვა გალაკტიონმა. რა მიშლის ხელს? სიტყვა არ მომყვება, თუ ინგლისურ ენას არ აქვს “ღვინო” თუ “ცისფერი”?! რითმაში მოქცევა კი, ალბათ, ჩვეულებრივი საქმეა.

_ “ოცნება, ნახაზი საგანთა უარით”, _ ახლა ესეც აგვიხსენით, ქალბატონო ინესა.

_ ოცნება არის რაღაც დიდი, გლობალური, შორეული, ამაღლებული. საგანი რა არის? საგანი ყოფაა, ყოფითი რამე. ყოფა უარს გეუბნება საგნებზე _ გალაკტიონს არ აქვს პალტო, ფეხსაცმელი, არ აქვს ნორმალური სადგომი. გალაკტიონს ვამბობ, თორემ ცხოვრებაში რამდენი რამ არ გაგვაჩნია, და ამ დროს ოცნება მიგვაქანებს, ის დიდია, უმეტესია. საგანთა არქონა კი ოცნებას გადახაზავს, კვალს ამჩნევს, ხაზავს, კაწრავს. აი, როგორც გურამ თიკანაძის გარდაცვალებაზე, გახსოვთ, მურმან ლებანიძემ რომ დაწერა: “მან გახაზა საქართველოს ღამე” _ კვალი დაამჩნია. ეგ არის. ინგლისურ პოეზიაშიც არის მაგალითები: მომღერალი დადის ღამე და ღამეს ხაზავს თავისი სიმღერით, კვალს ამჩნევს. ეს არის “ოცნება ნახაზი საგანთა უარით”. არ მეთანხმებით, რომ ასეა?

_ გეთანხმებით სავსებით.

_ მაშინ იმაზეც დამეთანხმებით, რომ ეს პოეტური სტრიქონი ქართულიდან ინგლისურად უნდა ითარგმნოს იმავე ხატების შენარჩუნებით.

მე დამუშავებული მაქვს ლინგვისტური თეორია, რომელიც აღიარებულია დასავლეთში და რომლის მიხედვით, სიტყვის მნიშვნელობა არ შეიძლება განიხილო იმ ხატის გარეშე, რომელიც მასშია ჩაკირული. სწორედ ამ ხატის პარალელურად სიტყვაში თანაარსებობენ სემები, რომლებიც მოძრაობენ, იცვლიან ხვედრით წონას. ხატი კი არ მოძრაობს, უცვლელია და მას პოეტი, როგორც ჯინს, ამოუშვებს ხოლმე და ამოსწევს ზემოთ. სწორედ ეს ხატი ქმნის სიტყვის ხატოვანებას.

ამით და ამიტომაა გალაკტიონი ძალიან დიდი. გალაკტიონამდე ასეთი ენიგმები ქართულ პოეზიაში ისეთი ხშირი არ იყო. ეს სტილი განსაკუთრებით დამახასიათებელი აღმოჩნდა XX საუკუნის პოეზიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მის ენიგმებს თანამედროვენი ვერ ხსნიდნენ, გალაკტიონი პოეტების მეფედ იყო აღიარებული.

ქართველი მკითხველი გაუცნობიერებლად გრძნობდა გალაკტიონის სიდიადეს.

იყვნენ ერთეულები და დღესაც გვხვდებიან, რომლებიც თვითნებურად ცვლიან გალაკტიონის ტექსტს, როცა ვერ ხვდებიან მის სიღრმეს.

უნივერსიტეტის შრომებში ამასწინათ გამოვაქვეყნე სტატია “ავტოგრაფიდან პუბლიკაციამდე”, რომელიც გალაკტიონის ცალკეული სიტყვების დამახინჯების საკითხს მიეძღვნა, საკუთრივ იმას, როცა ავტოგრაფში ერთი წერია, ხოლო გამოქვეყნებულ ლექსში სხვა სიტყვას ვაწყდებით. ასეთი დამახინჯებები ძირითადად გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ გვხვდება.

ერთ მაგალითს დაგისახელებთ გალაკტიონის უსათაურო ლექსიდან, რომელიც ასე იწყება:

ქარი დასცხრა სიბობოქრის,

შორი ზღვიდან სიო მოჰქრის,

მე გიცქერი როგორც ქარვას

ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

შემდეგ იტყვის:

, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,

, ქცეულნო მტვრად და ნაცრად.

აქ სიტყვა “მსვენო” ნიშნავს _ დასვენებულნო, დავანებულნო ტაძრად: დაასვენებ ფიქრს, ტაძრად რომ დადგამ. არსუკიძის ფიქრი დავანდა სვეტიცხოვლის ტაძარში, გაცხადდა. ასე შეიძლება ითქვას ტაოკლარჯეთის ტაძრებზეც _ დავანებული, დასვენებული ფიქრია.

_ მატერიად რეალიზებული.

_ დიახ. მაგრამ ადგნენ და შეუცვალეს გალაკტიონს ასე: ო, ფიქრებო, მსვლელნო ტაძრად.

მოსიარულენოო. ეს შეცდომაა და ძალიან უხეშიც. ეს შეცდომა 25 ტომეული რომ გამოსცეს, იქ ჩემი დაჟინებული თხოვნით გაასწორეს, მაგრამ ამავე ლექსში სხვა სიტყვა შეუცვალეს. გალაკტიონი წერს: “მე გიცქერი, როგორც ნარვალს”. ვერ გაიგეს სიტყვა ნარვალის მნიშვნელობა. შეცვალეს წარვალით. მაგრამ წარვალი არ ნიშნავს წარმავალს. ასეთ ნეოლოგიზმებს არ ქმნის განათლებული გალაკტიონი, ენას ასე არ ამახინჯებს. სიტყვა “ნარვალი” შეტანილი არ არის ქართულ ლექსიკონში, არც ჩიქობავასთან არის შეტანილი. საბედნიეროდ, ვიპოვე დონალდ რეიფილდის რედაქციით გამოცემულ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში. აღმოჩნდა, რომ ნიშნავს იმას, რასაც თავად სიტყვა გვეუბნება _ ნავალ, გაკვალულ გზას, ბილიკს. ჩუმათელეთთან ყოფილა პატარა სოფელი, რომელსაც ერთადერთი ბილიკით მიუდგები და სოფელს ჰქვია ნარვალი.

ამას გარდა, “წ” რომ ჩაუწერეს გალაკტიონს _ წარვალად რომ შეუცვალეს ნარვალი _ “წ”, რომელიც წივის, გალაკტიონის დიდ ჰარმონიაში არ ჯდება, მის სტრიქონებში არსად არ შემოიჭრება. და თუ ერთ ან ორგან მაინც გვხვდება, ავტორს ზარი სჭირდება და იმიტომ.

_ მაშ, როგორ უნდა გავიგოთ გალაკტიონის სტრიქონიმე გიცქერი, როგორც ნარვალს”?

_ ჩამავალ მზეს ეუბნება, რომელიც თავის კვალს ტოვებს ცაზე.

ლექსში ყველაფერი ნაკვლევი თუ არ მაქვს, იმ ლექსს ხელს არ ვახლებ, მოკვლევას კი აუცილებლად ავტოგრაფის შესწავლით ვიწყებ. თარგმანის პოეტური ხორცშესხმა შემდეგ ხდება.

(აქ ქალბატონი ინესა დაწვრილებით და სიღრმისეული ანალიზით მიყვება იმ ნიუანსურ პრობლემებზე, რომლებიც ამ ხასიათის შემოქმედებით მუშაობას თან ახლავს. კერძოდ, უპირველესად, ეძებს მელოდიას, მაგალითად, ისეთ ინგლისურ მელოდიას, რომელიც გალაკტიონის ემოციას, მის ინტონაციას მოუხდება, მის დრამატიზმს გადმოსცემს და, წარმატების შემთხვევაში, ქართულიდან ისე გადადის ინგლისურ თარგმანში, რომ ერთ ენად იქცევა და ა.შ. და ა.შ.

ფრიად სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინესა მერაბიშვილი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სტუდენტს სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

შარშან, ნოემბერში, გალაკტიონს უკვე მეორე იუბილე რომ გადაუხადეს ინგლისში, ინესა მერაბიშვილმა ბაირონის შთამომავლები მიიწვია იმ საღამოზე. ყველა შეძრა ეკრანზე ჭყვიშის იმ პატარა ქოხის ხილვამ, რომელშიც გალაკტიონი დაიბადა. ერთ-ერთმა ლორდმა, საოცრად აღფრთოვანებულმა, თქვა: ეს დიდი პოეტი საქართველოს ერთი პატარა სოფლის პატარა ქოხში დაიბადა, მაგრამ მის იუბილეს ლონდონის დიდებულ სასახლეში ვზეიმობთო).

_ გალაკტიონი და ბაირონი, ეს ორი მონათესავე სული ერთნაირი სრულყოფით აისახა თქვენს შემოქმედებაში.

_ გალაკტიონმა ბაირონი და ევროპა, მთელი მსოფლიო ლიტერატურა რევოლუციამდელი რუსული გამოცემებით წაიკითხა. ბროკჰაუზი მას სოფელში ერთმა სამხედრომ აჩუქა. რუსული ენა იყო ის დიდი შუამავალი, რომელმაც თავის დროზე დიდი კულტურა შემოიტანა საქართველოში. ბრმა და ყრუ უნდა იყო, ეს რომ არ დაინახო ან ვერ გაიგო.

თავი დავანებოთ ამჟამად აკვიატებულ მოსაზრებას _ რუსული მტრის ენააო. დიდი ომის დროს, მის შემდეგაც სკოლებში ისწავლებოდა გერმანული. ხომ მტრის ენა იყო, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია მისი აკრძალვა.

აქვე ვიტყვი: გალაკტიონის მერი ბაირონის მერით არის შთაგონებული. სიყვარულის ამ სიმბოლომ ჯერ მთელი ევროპა მოიარა, შემდეგ რუსეთში პუშკინმა, ლერმონტოვმა, ბლოკმა ქედი მოუხარეს ამ ლიტერატურულ სახეს. გალაკტიონი ლექსებს მერიზე რომ ქმნის, თარიღები, გვერდები ემთხვევა, რომელი და როდის აქვს წაკითხული ბროკჰაუზით. დამიჯერებთ?

_ უფლება არ მაქვს, არ დაგიჯეროთსაიდან მოდის, ქალბატონო ინესა, თარგმნის მუზა?

_ უპირველესად, თავად გალაკტიონიდან მოდის. მოდის ქართული კულტურიდან _ ქართული ჰანგიდან, პოლიფონიიდან, როკვიდან, ყველაფრიდან, რაც, საუკუნეებია, შესისხლხორცებული გვაქვს.

მოდის იმ შთაბეჭდილებიდან, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება… ამიტომაც ვთქვი ერთხელ ასე ლექსად:

იყო მტკვარი და კავკასიონი,

გორიჯვრის მთიდან მომწვდნენ სიონი,

ციდან მობრძანდა ლორდ ბაირონი

და მათარგმნინა გალაკტიონი.

* * *

თითქოს საიდან სადაო, მაგრამ ინგლისში გამოცემული თავისი წიგნის შესავალში ინესა მერაბიშვილმა ჩაწერა, რომ ეს უდიდესი პოეტი _ გალაკტიონი სტალინმა ფარული ხელით გადაარჩინა 1937 წელს. ეს ითქვა საქართველოში და არცთუ უსაფუძვლოდ.

ითქვა ისიც, რომ მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობაში გალაკტიონი არ შეიყვანეს. სტალინს სია რომ აჩვენეს, გადაუხედავს ამ სიისთვის ბელადს და უკითხავს: À გლე კრპროტ არჟირვ? გამოაძახებინა და ჩაიყვანაო.

ასეთი მოულოდნელი ენიგმებითაც მდიდარია ჩვენი ისტორია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ეს ინტერვიუ გაზეთის გვერდად იყო უკვე დაკაბადონებული, როცა განგების ნებით (რომელსაც შემთხვევითობას მივაწერთ ხოლმე), გალაკტიონთან დაკავშირებულ ერთ საკრალურ სტრიქონს წავაწყდი. “И Бог ночует между строк” (“და ღმერთი ღამეს სტრიქონებს შორის ათევს”).

აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთი ბწკარი ცნობილი რუსი მეცნიერის _ ლინგვისტის, ფილოსოფოსისა და მთარგმნელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსისა და პოეტის _ ვიაჩესლავ ივანოვის წიგნიდანСтихи разных лет  ” _ ხელოვნებათმცოდნისა და ფილოსოფოსის _ ოლეგ არონსონის მიერ თავის სტატიაში (“პოლიტიკური კრიპტოგრაფია”) მოხმობილი ლექსის.

სტრიქონიც და სრულად ლექსიც კრიპტოგრამაა, რომელშიც, ოლეგ არონსონის აზრით, დაშიფრულია გენიოსი ქართველი პოეტის _ გალაკტიონის უმაღლესი ზნეობრივი პოზიცია, ღირსებისა და სამართლიანობის უწმინდესი გრძნობა, რომელთა ხელყოფის მცდელობას (ოფიციოზის მხრიდან) მან თავი თვითმკვლელობით აარიდა, როცა მასთანპასტერნაკის წინააღმდეგ შედგენილ ქაღალდზე (მწერალთაკოლექტიურ მოთხოვნაზე”) ხელის მოსაწერად მივიდნენ. შეიძლება ეს აპოკრიფია (დამახინჯებული სინამდვილე), მაგრამ ასეც რომ იყოს, საყურადღებოა ფრიად”, _ შენიშნავს ავტორი და განაგრძობს: “ეს ის ენტროპიაა (ყველა სახეობის ენერგიის ერთ ენერგიად გარდაქმნა), აზრისა და გონიერების ის შენადნობია, რომელიც აქ უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე ყოველდღიურობის აბსურდულობაში”.

ლექსი 1980 წელს არის დაწერილი:

Галактион Табидзе мог

Решиться стать самоубийцей,

Но то Галактион Табидзе,

И Бог ночует между строк.

Галактион Табидзе знал,

Что надо вечным сном забыться.

Но то Галактион Табидзе,

и Бог ночует между скал.

И Бог ночует между гор

И видит городов пробелы,

Где Грузия окаменела

И башен слышен разговор.

Где жизнь идет едва-едва

Нездешним отстветом согрета

И только мертвого поэта

Нам изредка слышны слова.

ხოლო იქ, მთათა მწვერვალებსა და კლდეთა შორის, სადაც არამქვეყნიური ანარეკლით ნათდება სამყარო და გაქვავებული საქართველოს სიმბოლო _ კოშკები გალაკტიონის სტრიქონებით საუბრობენ, გაშლილია ის საკრალური სივრცე _ გალაკტიკა, სადაც ღმერთი მშვიდად ათევს ღამეს.

გალაკტიონის პოეზია _ ღმერთის სავანე.

ესეც კიდევ ერთი, გალაკტიონთან დაკავშირებული ენიგმა უნდა იყოს, მგონი.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here