Home რუბრიკები საზოგადოება “არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი”

“არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი”

571

საქართველო და მსოფლიოსმკითხველმა უსათუოდ იცის, რომ წინამდებარე წერილის სათაურად გამოტანილი ფრაზა კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის. ეს ფრაზა კლასიკოსმა მწერალმა სიკვდილის წინ ათქმევინა მეფე გიორგი I-დიდოსტატის მარჯვენაში”. იცოდა დიდმა მწერალმა, რომ სხვის ომში სხვისთვის ბრძოლა ყოველგვარ მადლს მოკლებულია _ ღვთიურსაც და ადამიანურსაც. არც იმსხვისიმეხსიერება ინახავს მის ომში მებრძოლი უცხოტომელის ხსოვნას და არც სამშობლო ლოცულობს მათი სულებისათვის.

არავის უფიქრია ბოროდინოს ისტორიული ბრძოლის ველზე ძეგლი დაედგათ უებარი მამაცობითა და ნიჭიერებით გამორჩეული გენერლის, პეტრე ბაგრატიონისათვის, რომელმაც თვით ნაპოლეონ ბონაპარტეს ათქმევინა, _ ჩემს ყველა მარშალს ერთ პეტრე ბაგრატიონში გავცვლიდიო. იმის მიუხედავად, რომ პეტრე ბაგრატიონი თავს რუსული არმიისა და რუსეთის სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევდა და რუსეთისადმი უსაზღვრო ერთგულება სიცოცხლის გაწირვით დაადასტურა, მისი ქართული სამეფო გვარი და პრინცის ტიტული ფართოდ იყო ცნობილი და ამიტომაც იგი მაინც უცხოტომელად მიიჩნიეს. არც ნაპოლეონთან ომის მონაწილე მეორე გენერალი, ბარკლაი დე ტოლი, იყო რუსი, მაგრამ მას რუსეთის გარდა სხვა სამშობლო არასოდეს უხსენებია. ამიტომ არის, რომ პეტერბურგში, მთავარანგელოზის ცნობილი ტაძრის წინ, ნევის პროსპექტის მიმდებარე მოედანზე, კუტუზოვის ძეგლის გვერდით ბარკლაი დე ტოლის ძეგლიც დგას.

არა მგონია, ან სამხრეთაფრიკელ ბურებში ახსოვდეს ვინმეს ქართველ მეფეთა გვარის წარმომადგენელი ნიკო ბური(ბაგრატიონი), რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ბურების მისაშველებლად გაიპარა რუსეთის სამეფო კადეტთა კორპუსიდან და მამაცურად იბრძოდა მათ გვერდით ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ (ვითომ თვითონ ბურები არ იყვნენ ყოფილი კოლონიზატორები) და რომ არა ახალგაზრდა ინგლისელი ოფიცრის, უინსტონ ჩერჩილის, გულმოწყალება, ნიკო ბაგრატიონი ინგლისელებს ტყვედჩავარდნილ ბურებთან ერთად დასახვრეტად ჰყავდათ კედელთან მიყენებული. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩერჩილის მახვილმა თვალმა ქერათმიან ჰოლანდიელ ბურებში, ალბათ, გამოარჩია შავგვრემანი ქართველი ბაგრატიონებისათვის დამახასიათებელი კეხიანი ცხვირით და უთხრა: რა გებურება, შე უბედურო, ბრძოლა თუ შეგიძლია, წადი და შენი ქვეყნისთვის იბრძოლე. ჩემი თანამემამულე ლორდი ჯორჯ ბაირონიც შენსავით გაიპარა და ბერძნების გვერდით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ, მაგრამ მისი სამშობლო რომელიმე სხვა ქვეყნის გუბერნიად კი არ იყო გადაქცეული, არამედ თვითონ იყო მსოფლიოს დიდი ნაწილის დამპყრობელი და ამიტომ აუჩუყდა გული დიდი იმპერიის შვილს უბედური ბერძნების საცოდაობითო. მერე, ალბათ, ადიუტანტს უბრძანა, _ წაიყვანე ეს კაცი აქედან და ცოტა ხანს ციხეში ამყოფე, რაც უნდა იყოს, სამეფო გვარის კაციაო.

ასე იქნებოდა, ეს ამბავი.

არა, იმას კი არ ვფიქრობ და ვამბობ, გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს, თუნდაც გადამთიელს, არ უნდა მიეშველომეთქი, მაგრამ სხვისი კარნახით რომ მიდიხარ საომრად იქ, სადაც არც არავის იცნობ და არც შენ გიცნობს ვინმე, არც არავის სიძულვილი გაქვს გულში და არც სიყვარული, რატომ მიდიხარ მაშინ საომრად, მაცოდინა ნეტავი. მაღალ ანაზღაურებას დაგპირდნენ და იმიტომ? თუ ასეა, მაშინ რა მართალი უთქვამს დათა თუთაშხიას ფულზე დახარბებული ვიღაც ჯონჯოლიასთვის: იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავი, რომ მე მესროლე, ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, იმიტომ!” .

ეს არის ლეგიონერი “რაინდების” მამაცური ბრძოლის მთელი ფილოსოფია, ბევრმა ლეგიონერმა “ბოევიკმა” არც კი იცის, რომელ ქვეყანაში ვის წინააღმდეგ და ვის დასაცავად იბრძვის ან ის ქვეყანა რომელ კონტინენტზეა და ვის მეზობლად მდებარეობს. “სამშვიდობო ძალებში” არაერთი ნაომარი ჯარისკაცი მინახავს და მისაუბრია კიდეც მასთან, ვისაც ერაყი გერმანიის მოსაზღვრე ქვეყანა ეგონა, სომალი კი _ ვიეტნამის მეზობელი. ასეთი უმადური და უაზრო საქმეა სხვის ომში ბრძოლა, მამაცური ბრძოლა, მით უფრო. აგერ, ახლახან, უპრეცედენტო ამბავი მოხდა, რომლის მსგავსი უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება: ავღანელებმა ოცწლიანი დაუმორჩილებლობის შემდეგ კინწისკვრით (პანღურით) გამოყარეს ოკუპანტი იანკები (აშშ) და მათი მხარდამჭერები ქვეყნიდან, ისე, რომ იარაღისა და ტექნიკის წამოღება კი არა, პირადი ნივთების აღებაც ვერ მოასწრეს. მერე და, ვინ არიან ასე დამფრთხალი ოკუპანტი სახელმწიფოების ჯარისკაცები, რატომ მოხდა ეს? რა, ამერიკელები მართლა ქვეშაფსიები არიან ან ავღანელები ისე გალომდნენ, რომ სუპერსახელმწიფოს ჯარი მათთვის თხების არვედ იქცა? არა, ბატონებო! ამერიკის ჯარი თხების არვე არ არის, მაგრამ გვიან შეიგნეს, რომ ავღანეთში ომი მათი ომი არ იყო. იგი გაუმაძღარი, მსოფლიოზე გაბატონების ბოდვითი იდეებით შეპყრობილი პოლიტიკოსებისა და კაპიტალისტების ომი იყო და სხვები კი არა, თვით ამერიკელთა ჯარიც სხვის ომში იბრძოდა და სიცოცხლეს სწირავდა მათი უძირო ჯიბეების ამოსავსებად და უსაზღვრო მადის დასაოკებლად.

მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს, რომ დასავლეთის ე.წ. ლიდერი სახელმწიფოების მესვეურები დღენიადაგ იმაზე ფიქრობენ, რომ დემოკრატია და თავისუფალი პოლიტიკური სისტემები დამყარდეს სადმე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას ავღანეთსა და ერაყში, ლიბიასა თუ სომალიში. მათი ომის მიზანი მათივე ქვეყნის კეთილდღეობაც არ არის, მათი მიზანია სასტიკი ღმერთის _ მამონას მსახურება, რომლის ხატი ოქროს ზოდები და მწვანე დოლარებია. ამიტომ არის, რომ ამერიკელების მიერ გაჩაღებული ომი თვით ამერიკელი ხალხისთვისაც კი სხვის ომად იქცა, სწორედ სხვისი ომიდან შეიძლება ასე თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს დამპყრობელი ქვეყნიდან მოყვანილი ჯარი.

ამერიკისა და მისი სატელიტი ქვეყნების ჯარების ავღანეთიდან გამოქცევასა და დიდძალი იარაღისა და ტექნიკის თალიბებისათვის დატოვებას შეიძლება რაღაც მზაკვრული მიზანიც ჰქონდეს. ეს ამერიკელი იმპერიალისტებისთვის უცხო არ არის, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული და მაძღარი ჯარის თავქუდმოგლეჯილ გაქცევას ნამდვილად “სხვის ომში” ბრძოლის უაზრობის გაცნობიერება უდევს საფუძვლად. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რომელსაც აშშ-ის მზაკვრული იმპერიალისტური პოლიტიკის ბნელი მიზნები ვერ გადაფარავს.

სხვის ომსა და ბრძოლაში თავგამოდებული აქტივისტები არნაირ პატივისცემას არ იმსახურებენ, მეტიც, ხშირად დაცინვისა და გაბითურების ობიექტებად (თუ სუბიექტებად) იქცევიან ხოლმე. ასე იყო წინათ და ასეა ახლაც. ამნაირ მოვლენაზე არაერთი ანდაზა და იუმორისტული სიუჟეტია ცნობილი ქართულ ფოლკლორში (იქნება სხვაგანაც)… ამას წინათ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების გასაგონად თქვა: “ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი”. სანამ ჩვენი “მარჯვე” ხელისუფლება ამ წინადადებაზე პასუხს მოიფიქრებდა, ამერიკის მართლა მარჯვე ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: სანამ რუსეთი არ შეასრულებს ამა და ამ მოთხოვნებს, მანამდე მასთან საქართველოს დიალოგს აზრი არ აქვსო. აშშ-ის ელჩის პასუხის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მისი გამოხდომის შინაარსი ზუსტად ისეთი იყო, როგორც გადმოვეცი. სერგეი ლავროვი, რა თქმა უნდა, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას არც მოუსმენდა და არც წაიკითხავდა, რადგან მის დონესთან ვიღაც ელჩის დიპლომატიური დონე ნამეტნავად უმნიშვნელოა, მაგრამ მე ერთი ქართული ხალხური იგავად თქმული ამბავი გამახსენდა: “სამი კაცი დუქანს არი, პეტრე, პავლე, ლუარსაბი. პეტრემ პავლეს ქალი სთხოვა, ლუარსაბი უარს არი”. რა ბაბასილი უნდა ლუარსაბს, ჰა? ორში ერთი _ ან პეტრესა და პავლეს არავინ არაფერს ჰკითხავს, გახდებიან თუ არა ისინი ერთმანეთის მოყვრები (სიძე-სიმამრი), ან ლუარსაბია მეტიჩარა მეცამეტე გოჭი, თავის ადგილას რომ ვერ დაეტია. ორივე შემთხვევაში ღირსეულად ვერც ერთი ვერ გამოიყურება.

სხვის ომში მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცი და სხვისი იმედით მეომარი ქვეყანა ერთნაირად გაბითურებული რჩება ბოლოს. საფრანგეთის ისტორიაში არის ამ მოსაზრებების დასაბუთების კლასიკური არგუმენტი… თითქმის საუკუნენახევარის განმავლობაში საფრანგეთის მეფეები დაქირავებული შვეიცარიელი ჯარისკაცების იმედით აპირებდნენ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. შვეიცარიელები მამაცი მეომრები იყვნენ, მაგრამ ვერც ფეოდალური კინკლაობით დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანება შეძლეს საფრანგეთის სამეფო ტახტზე დაბრძანებულმა სხვადასხვა დინასტიის წარმომადგენლებმა და ვერც მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგობას გასცეს სათანადო პასუხი. მხოლოდ ლუი XIV- ეროვნულ ძალებზე აგებული არმიით შექმნა ღირსეული და ანგარიშგასაწევი ქვეყანა, რომელიც შემდგომში მსოფლიო მნიშვნელობის ეროვნულ სახელმწიფოდ იქცა.

სხვის ომებში მამაცურად მებრძოლი შვეიცარიელების შემდგომი ისტორიული ბედი როგორღა წარიმართა? თავიანთ ქვეყანას გამოადგა მათი საბრძოლო გამოცდილება და ოსტატობა? არა! სიტყვა “შვეიცარიელმა” დროთა განამავლობაში “კარისკაცის” მნიშვნელობა შეიძინა, აი, იმ კარისკაცისა, რესტორნებისა და სასტუმრობის შესასვლელებში რომ დგანან და გულმოწყალე სტუმრები “ჩაის ფულს” რომ ჩაუყრიან ხოლმე მუჭში. თანამედროვეებში “შვეიცარი” არნაიარად არ აღძრავს მებრძოლისა და მეომრის ასოციაციას. აი, ასეთია სხვის ომში მამაცურად მებრძოლის ისტორიული მეტამორფოზი. ამგვარი ბედი არ ასცდებათ არც დღევანდელ ლეგიონერებს, რომლებიც სხვათა ომების საბრძოლო ბატალიებში ღვრიან სისხლს.

კიდევ ვიმეორებ: ისე არავინ გაიგოს, თითქოს მოძმე თუ სულაც უცხო ერების წარმომადგენელთა გვერდით შრომა ან მათ სამართლიან ომებში სისხლის დაღვრა სამარცხვინო საქციელია, არა, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში დაუმუშავებელი მამული რომ მიგიტოვებია და სხვის ქვეყანაში წაკუზული რომ თხრი კარტოფილსა და ჭარხალს, ხახვსა თუ ნიორს, შენს სამშობლოში საკუთარი ვენახი ვერ გაგისხლავს და უცხო ქვეყანაში გულმოდგინედ სხლავ თხილსა თუ ზეთისხილს, ეს არის სიგლახე და უგერგილობა, თორემ, თუ შენი საქმე მოთავებული გაქვს, მოსავალი _ დაბინავებული, ბეღლები და ქვევრები _ სავსე, მაშინ, ვისაც გინდა, წაუკარი საქმეზე ხელი. ქვეყანა, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან თავისი საზღვარი ვერ გაურკვევია და ისიც არ იცის, საკუთარი ისტორიული თუ რელიგიური ძეგლი მის ტერიტორიაზეა თუ სხვისაზე და ამ დროს უცხო სუპერსახელმწიფოს ომში გარბის, კიდევ უფრო უცხო ქვეყანაში “მშვიდობისა და დემოკრატიის დასამყარებლად”, ვერც ერთის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებს. ეს რომ ასეა, ბევრჯერ დაადასტურა ისტორიულმა გამოცდილებამ, მაგრამ რა? ცნობილ ისტორიკოს კლუჩევსკის, ალბათ, ჩვენზე აქვს ნათქვამი: “ისტორია იმიტომ იწერება, რომ მისგან ვერავინ ვერაფერი ისწავლოს”.

სამწუხაროა ძალიან, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ჩვენშიც და უცხოეთშიც, ისეთი ცნებების შინაარსი, როგორიც არის პატრიოტიზმი, მამული, სამშობლო, მშობლიური, გაუფასურებულია ან სულაც წარსულის გადმონაშთად არის მიჩნეული. ამიტომ არის, რომ მათთვის “სხვისი ომი” და “ჩვენი ომი” არ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაიმე სარგებლობას თუ ელი ომისგან, იგი, თუნდაც ცხრა მთასა და ორი ოკეანის გადაღმა მიმდინარეობდეს, შენი ომია. ასე ეგონათ და ჰგონიათ, ალბათ, ჩვენს ხელისუფლებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ქართველი მეომრები ავღანეთსა და ერაყში ანდა სომალიში საქართველოს იცავენ, რით ვეღარ დავინახეთ, რომ ეს ასე არ არის?

“სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა, ორნივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა”. ამ გაგების ქართველებმა მოიტანეს სამიათასწლიანი ქართველობა დღემდე. ამიერიდან როგორ იქნება ჩვენი საქმე, ნეტავი? ეს ფიქრი აწუხებს დღეს ჭეშმარიტ ქართველს, რადგან დედის ძუძუ ჩვენი ბავშვების ნახევარს პირში არ ჩაუდვია და მის სიტკბოებაზე წარმოდგენაც არ აქვს, ხოლო ტერმინი “სამშობლო”, ფაქტობრივად, ამოღებულია მსოფლიო პოლიტიკური ლექსიკიდან, ჩვენ, როგორც პოლიტიკურეკონომიკურ და ეროვნულზნეობრივი გლობალიზაციის ჭაობში თავშერგულ ქვეყანას, არავინ არ მოგვცემს იმის ნებას, რომ ცნებასამშობლოგავაცნობიერებინოთ, ვასწავლოთ ბავშვებს საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში. თანამედროვე ბავშვი ქართველად, სომეხად, ფრანგად, გერმანელად, რუსად და .. კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ მსოფლიო მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ამგვარად აღზრდილი ადამიანისთვისსხვისი ომიარ იარსებებს.

საკითხავი ის არის, მართლა მთელი მსოფლიოა ამ აზრზე თუ ჩვენ და ჩვენნაირებს გვაბითურებენ. ამის დადგენა ძნელი სულაც არ არის და, ალბათ, ბევრისთვის იგი კარგა ხნის დადგენილიცაა. აი, როცა ჩვენც მივხვდებით ამას, ვშიშობ, ძალიან გვიან არ იყოს, როგორც ეს უკვე მოხდა რამდენიმე ათეული წლის წინათ…

ამიერკავკასიის გასაბჭოების შემდეგ, როდესაც სამი რესპუბლიკის ერთიანობა-სეიმი დაიშალა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკები შეიქმნა, საქართველოს ისტორიული, ქართველებით დასახლებული ოლქი საინგილო აზერბაიჯანს, ხოლო ლორე სომხეთს გადაეცა, როდესაც ქართველ მამულიშვილთა გამოჩენილი წარმომადგენლები იმდროინდელი საქართველოს “ხაზეინს”, სერგო ორჯონიკიძეს, ეახლენ და სთხოვეს, ნუ იზამთ ქართული რეგიონების მეზობლებისთვის ჩუქებასო, კომუნისტური გლობალიზაციის იდეის ჭეშმარიტად ერთგულმა სერგომ უპასუხა: ჩვენ ყველანი კომუნიზმში მივდივართ, სადაც ყველაფერი საერთო იქნება, და რა მნიშვნელობა აქვს, მარქსიზმს ქართულად ისწავლიან ინგილოები თუ აზერბაიჯანულადო.

იმ ამბიდან 70 წლის შემდეგ გაირკვა, რომ არც არავინ შესულა კომუნიზმში და არც მარქსიზმი უსწავლია ვინმეს, საინგილო კი აზერბაიჯანს დარჩა, ლორე _ სომხეთს, საქართველოს? _ ხვიშტი. იქნებ, ახლა მაინც ვისწავლოთ რამე ისტორიისგან!

ზურაბ ცუცქირიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here