Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელ ფერმერებს თვითმკვლელობის ტალღამ გადაუარა. უკეთესად არც ევროპელი ფერმერები არიან

ამერიკელ ფერმერებს თვითმკვლელობის ტალღამ გადაუარა. უკეთესად არც ევროპელი ფერმერები არიან

2488
ამერიკელ ფერმერებს თვითმკვლელობის ტალღამ გადაუარა. უკეთესად არც ევროპელი ფერმერები არიან

.. მესამე სამყაროსთვის დამახასიათებელი პრობლემა დღეს საშინელ ტენდენციად იქცა მდიდარი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამერიკელ ფერმერებს შორის გახშირდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ სუიციდი გლეხებს შორის უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე ნარკომანებში. რა დაემართათ ამერიკელ ფერმერებს?

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სენატორმა ჩაკ შუმერმა, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწემ, ტრაგიკული ციფრები გაასაჯაროა _ ბოლო წლებში ამერიკელ ფერმერთა შორის თვითმკვლელობის რაოდენობამ რამდენჯერმე მოიმატა. ამჟამად გლეხებს შორის სუიციდის შემთხვევების რაოდენობა 3,5-ჯერ მეტია საერთო ეროვნულზე. გამოდის, რომ ფერმერები, რომელთა პროფესია ტრადიციულად ასოცირდება მოსავლის მშვიდობიანად აღებასა და სუფთა ჰაერზე ჯანსაღ შრომასთან, თვითმკვლელობის მხრივ უსწრებენ ამერიკელი საზოგადოების იმ ფენების წარმომადგენლებსაც კი (ნარკომანებსა და გადამდგარ სამხედროებს), რომელთა შორისაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული სუიციდი.

ფერმერთა თვითმკვლელობის პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა, მაგრამ ის დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებთან. ინდოელი ფერმერებისთვის სუიციდი სამწუხარო ტრადიციად იქცა. ოფიციალური მონაცემებითაც კი (ამ მონაცემებში ბევრი შემთხვევა არ ხვდება), 1995 წლიდან დღემდე ქვეყანაში თავი მოიკლა 700 ათასზე მეტმა ფერმის მფლობელმა.

ეს სამწუხარო ტენდენცია 20 წლის წინათ გავრცელდა ევროპაში. საფრანგეთში ყოველ 2 დღეში ერთი ფერმერი იკლავს თავს, შვეიცარიაში ფერმერთა შორის სუიციდის შემთხვევები 37%-ით მეტია, ვიდრე სხვა მამაკაცებში. სხვა ევროპული ქვეყნები ასეთ მონაცემებს არ აქვეყნებენ. ევროპელ ფერმერებს მიაჩნიათ, რომ ეს მონაცემები ძალიან შემცირებულია. გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობას ხშირად ასაღებენ უბედურ შემთხვევად _ ზოგჯერ სირცხვილის გამო მეზობლების წინაშე, უფრო ხშირად კი _ სადაზღვევო კომპანიებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ბოლო წლებში ფერმერთა თვითმკვლელობის ტენდენციამ აშშ-მდეც მიაღწია და დღეს ისეთი მასშტაბითაა გავრცელებული, რომ მისი დამალვა შეუძლებელია. ისევე, როგორც ევროპაში, ფერმერები, რომლებიც დაკავებულნი არიან რძის დამზადებით, უფრო მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც მცენარეებისგან იღებენ მოსავალს.

სოიოსა და მარცვლეულის დამამზადებლებზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა სავაჭრო ომმა ჩინეთთან. სანქციების მოლოდინში ჩინეთი კონტრაქტებს აღარ აფორმებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ამერიკელ მწარმოებლებთან და გადაერთო უფრო საიმედო მომწოდებლებზე, რომელთა შორის ლიდერია რუსეთი, შემდეგ პოზიციაზე არიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. ამ ქვეყნებმა, პრაქტიკულად, გარიყეს ამერიკელები ბაზრიდან.

შარშან ამერიკელი ფერმერები იძულებულნი იყვნენ, ან ძალიან იაფად გაეყიდათ თავიანთი მოსავალი, ან, უბრალოდ, გაენადგურებინათ. რძის დამამზადებელ ფერმერებს კი მტკივნეულად დაარტყა რძის ფასის დაცემამ _ ეს მოხდა 2015 წელს და მას შემდეგ ფასი არ მომატებულა. დამატებით პრობლემად იქცა “ეკომეომართა” აგრესიული პროპაგანდა ძროხის რძისა და ნაღების მოხმარების წინააღმდეგ.

ამერიკელ ფერმერებს თვითმკვლელობის ტალღამ გადაუარა. უკეთესად არც ევროპელი ფერმერები არიან

მცენარეულ რძეზე გადასვლისკენ აქტიურად მოუწოდებს “მწვანე” დღის წესრიგის მთავარი სახე გრეტა ტუნბერგი. ცოტა ხნის წინათ გამართულ “ოსკარებით” დაჯილდოების ცერემონიაზე ძროხის “ბავშვისთვის” რძის წართმევისა და მისი გაყიდვის წინააღმდეგ მგზნებარე სიტყვით გამოვიდა ცნობილი ვეგანი ხოაკინ ფენიქსი. ტვინების ასეთი გამორეცხვა უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. პროცესი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ისეთ პროგრესულ შტატში, როგორიც არის ნიუ-იორკი. იქ თვითმკვლელობის დონე რეკორდებს ხსნის.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკთა შორის სუიციდის მიზეზი დეპრესიასა და ალკოჰოლიზმშია. კლიმატოლოგები ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი გლობალური დათბობაა. სწორედ ეს იწვევს ისეთ მოულოდნელ კლიმატურ მოვლენებს, რომლებიც ანადგურებს მოსავალს. ექიმების თქმით, ყველაფრის საფუძველი სოფელში კვალიფიციური ფსიქიატრიული დახმარების არარსებობაა. სოციოლოგები კი ყველაფერში ადანაშაულებენ პატრიარქალურ ნორმებს, რომლებითაც მამაკაცი ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს და ამით სირცხვილისა და წუხილის ხაფანგისკენ უბიძგებს.

მაგრამ ეკონომიკური მექანიზმი, რომელსაც ფერმერი თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ძალიან უბრალო და ყველგან ერთნაირია _ როგორც ღარიბ, ისე მდიდარ ქვეყნებში. თავდაპირველად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი ეჯახება იმას, რომ უწევს თავისი პროდუქტების გაყიდვა თვითღირებულის ტოლ ან უფრო ნაკლებ ფასად. თუ შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, მომავალ წელს მაინც მოუწევს ბანკიდან კრედიტის აღება თესლის, სასუქის, დიზელის შესაძენად და ტექნიკის შესაკეთებლად.

ინდოეთში ბანკები გაურბიან ფერმერებთან მუშაობას და ისინიც იძულებულნი არიან, მიმართონ მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს. დაგროვებული უზარმაზარი პროცენტების გადახდის შესაძლებლობა კი ფერმერებს არ აქვთ. ორგანიზაცია გზავნის თავის წარმომადგენლებს, ვალების დამბრუნებელ კოლექტორებს, რომლებიც ემუქრებიან ფერმერებსა და მისი ოჯახის წევრებს, არცხვენენ მეზობლების თვალწინ ან მკვლელობით ემუქრებიან, ფერმერი კი იძულებულია, თავი მოიკლას, რათა გადაარჩინოს თავისი ოჯახის წევრები.

სწორედ ამაზე ფიქრობდა 50 წლის ფერმერი ფრედ მორგანი 2015 წელს. მას ხანძრის შემდეგ ახალი გარემონტებული ჰქონდა თავისი რძის ფერმა ნიუიორკის შტატში. ფერმა მას მემკვიდრეობით გადაეცა მამისგან. რემონტს საკმაო თანხა დასჭირდა. შედეგად, მორგანს ვალი დაუგროვდა. და უცებ რძე 2-ჯერ გაუფასურდა. ერთადერთი, რაც დარჩა მორგანს, 150 ათასი დოლარის სადაზღვევო პოლისი იყო. ის სერიოზულად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, მაგრამ მისმა ოჯახმა შეძლო ფერმის შენარჩუნება. მორგანმა ნელნელა თავი დააღწია კრიზისს. მან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, გადავიდა ორგანული რძის წარმოებაზე და თავისი უბედურების შესახებნიუ იორკ თაიმსისჟურნალისტებსაც კი ელაპარაკა.

რძის დამამზადებელი ფერმების ბევრ მფლობელს კი სხვა გზა აღარ დარჩა, სუიციდის გარდა, მაგალითად, მორგანის მეზობელს.

პრობლემის მასშტაბი ისე დიდია, რომ ფერმერთა მხარდამჭერი ჯგუფი იძულებული იყო, ნიუ-იორკის შტატში ჩაეტარებინა სპეციალური სწავლებები თვითმკვლელობების თავიდან ასაცილებლად, ხოლო რძის მთავარმა ადგილობრივმა შემსყიდველმა Agri-mark-მა ფერმერებს დაუგზავნა “ბედნიერების წერილი” ფსიქოლოგებისა და ცხელი ხაზების ტელეფონის ნომრებით სუიციდის პროფილაქტიკის მიზნით. ამასთანავე, ფერმერებს აცნობეს, რომ რძის შესასყიდი ფასი კვლავ შემცირდა _ ასე განაგრძობს Agri-mark-ი, უკვე 4 წელიწადია.

სხვა შემოსავლის ძიებაში ფერმერები ესაუბრებიან თავიანთ კოლეგებს დეპრესიის დაძლევასა და თვითმკვლელობაზე აზრების უკუგდებაზე.

ჯეისონ მედოუზმა (მისურის შტატიდან) ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლებს უამბო, რომ 2014 წელს მისმა ფერმამ, რომელშიც ის ძროხებს ზრდიდა, ზარალი განიცადა და ამიტომ “ვალების ხაფანგში ამოყო თავი”. მედოუზმა მუშაობა დაიწყო ადგილობრივ აფთიაქში. ამ სამუშაოსგან ის ცოტა ფულს გამოიმუშავებს და ურთიერთობის დეფიციტსაც აღმოფხვრის. ამასთანავე, მედოუზი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს თავის მოსაზრებებს და ცდილობს აუხსნას ადამიანებს, როგორ დაიხსნან თავი ემოციური გადაღლილობისგან.

მაიკ როსმანმა საერთოდ გამოიცვალა პროფესია. ის ახლა ფსიქოლოგი და აშლილობის პრევენციის ექსპერტია. მას მიჰყავს ბლოგი, წერს გაზეთებში და ჩამოაყალიბა ასოციაცია კოლეგებისთვის უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად.

თავის სტატიებში როსმანი წერს, როგორ ურეკავენ მას თვითმკვლელობის ზღვარზე მოსული ადამიანები და აღნიშნავს, რომ სუიციდი გარკვეულწილად “გადამდებია” _ თვითმკვლელი საიქიოსკენ “ექაჩება” თავის ნათესავებსა და ახლობლებს.

საშინელ განცდებს აღძრავს წერილები ფერმერი ქალისა, რომლის თვალწინაც ქმარმა თავი მოიკლა. ქალი დათრგუნვილია მწუხარებით, შეშფოთებით ელოდება თავისი ფერმის დახურვას და თავს ვერ ანებებს სუიციდზე ფიქრს.

ყველაფერი, რასაც მაიკ როსმანი სთავაზობს ასეთ პაციენტებს, არის ჯგუფური თერაპია, დღიურების წერა, ხატვა, ფეხშიშველი სიარული და ღამით ცურვა ტბაში. ამერიკის სახელმწიფო კი ფერმერთა შორის თვითმკვლელობის გახშირებაზე კვლავ ხუჭავს თვალს.

არის რაღაც შემაძრწუნებელი სიმბოლიზმი იმაში, რომ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა, ოსკაროსანმა ხოაკინ ფენიქსმა რამდენიმე კვირის წინათ სასაკლაოსგან იხსნა ძროხა და ხბო და ისინი სპეციალურ თავშესაფარში მიიყვანა, სადაც უზრუნველად იცხოვრებენ სიცოცხლის ბოლომდე. ამის პარალელურად მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ერთ წელიწადში თავი მოიკლა დაახლოებით 100-მა ფერმერმა.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here