მთავარი სპორტი ჩემპიონი-სენსაცია

ჩემპიონი-სენსაცია

18 წლის გოგონამ, რომელმაც ახლახან დაამთავრა სკოლა, ამერიკის ღია პირველობა მოიგო. უყვარს მოტოციკლები და უკვე გადაიღეს Vogue-სთვის

49
გააზიარეთ

ამერიკის 2021 წლის ღია ჩემპიონატის ფინალში WTA სარეიტინგო სიაში 150- ჩოგანმა, ბრიტანელმა ემა რადუკანუმ სარეიტინგო სიის 73- ჩოგანი, კანადელი ლეილა ფერნანდესი დაამარცხა _ 6:4, 6:3. ეს 1999 წლის შემდეგ პირველი ფინალია, რომელშიც თინეიჯერები მონაწილეობდნენ. იმხანად სერენა უილიამსმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა. ვირჯინია უეიდის შემდეგ, რომელმაც 1977 წელს უიმბლდონის ტურნირი მოიგო, რადუკანუდიდი მუზარადისტურნირებში გამარჯვებული პირველი ბრიტანელია.

ემა რადუკანუმ ფინალამდე 6 ჩოგბურთელი დაამარცხა.

მან ამერიკის ღია პირველობა (US open) საკვალიფიკაციო ტურნირით დაიწყო და არც ერთი სეტი არ წაუგია. ამ მომენტისთვის რადუკანუმ, რომელსაც 13 ნოემბერს 19 წელი შეუსრულდება, სამ თვეში 7 მატჩი გამართა 50 საუკეთესოთა სიაში მყოფ ჩოგბურთელ ქალებთან და შვიდივეში გაიმარჯვა.

“მსურს მოვიგო ყველა მატჩი, ამიტომ მოვლენებს წინ არ ვუსწრებ და ვფიქრობ მხოლოდ დღევანდელზე. იმის კონტროლი, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია, შედეგის მიღწევის საუკეთესო მეთოდია. მე კონცენტრირებული ვარ მხოლოდ მიმდინარე მომენტზე, ასე რომ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ”, _ განაცხადა რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას. ასეთი აზროვნება X საუკუნის ბევრი ჩოგბურთელისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ რადუკანუ მათ ფონზეც გამოირჩევა. მოქნილობამ, მანევრირებამ და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარმა მას გამორჩეულად ნიჭიერი ჩოგბურთელის სტატუსი შესძინა.

ჩინელი ქალისა და რუმინელი მამაკაცის ერთადერთი ქალიშვილი, ემა რადუკანუ, კანადის ქალაქ მონრეალში დაიბადა. დედა რენე და მამა იენი ფინანსისტები არიან, მაგრამ მათ შვილს მრავალმხრივი უნარები და ინტერესები გაუღვივეს. შედეგად, ემა ბავშვობაში დაკავებული იყო ბალეტით, ცურვით, ცხენოსნობით, გოლფით, კარტინგითა და მოტოკროსით. მამამ კი გოგონას პროექტირება და მშენებლობისადმი ინტერესი გაუღვიძა.

6 წლის იყო, როცა ჩოგბურთში მეცადინეობა დაიწყო და იძულებული შეიქნა, ყველაფერი მიეტოვებინა, მოტოციკლებიც კი.

“კარტინგისა და მოტოკროსის ჯგუფში ერთადერთი გოგონა ვიყავი, _ უამბო რადუკანუმ ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში, _ ერთხელ მწვრთნელმა გვითხრა, ახლა იატაკიდან აზიდვები გავაკეთოთო, და მე აღმოვჩნდი ერთადერთი, ვინც ეს შეძლო. მეამაყებოდა ჩემი თავი”.

2020 წელს, როცა ჩოგბურთი ლოკდაუნიდან გამოვიდა, მშობლებმა ემას შესთავაზეს, არ განეახლებინა გამოსვლები, მის ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ დამუქრებოდა, აგრეთვე, მეტი ყურადღება დაეთმო სკოლისთვის. შედეგად, 16 თვის განმავლობაში არ უთამაშია. უიმბლდონის ტურნირის შემდეგ კი მამამ, იენ რადუკანუმ, შვილს მწვრთნელი შეუცვალა _ გაათავისუფლა ნაიჯელ სირსი და გამოსაცდელი ვადით მოიყვანა ენდრიუ რიჩარდსონი. მშობლების გასახარად ემამ წარმატებით ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ზაფხულში კი ოქროს ჭიშკრის ფონზე გადაღებულ ფოტოს მიაწერა: “(ჯოზეფ) სტროსის გენიალური ნაგებობა 1930-იანი წლებიდან, საუცხოოა მისი პირველად ნახვა ცოცხლად მას შემდეგ, რაც მერვე კლასში დიზაინისა და ტექნოლოგიების გაკვეთილზე შევისწავლე. ყველა ფიქრობს, რომ მე ვგიჟდები შეფასებებზე, მაგრამ ასე არ არის, მე, უბრალოდ, მაღალი სტანდარტები მაქვს და ამან მიმიყვანა იქ, სადაც ვარ _ ჩოგბურთშიც და სკოლაშიც”.

სხვათა შორის, გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა რადუკანუმ, სწავლობდა 200 მ-ზე სირბილში მსოფლიო ჩემპიონი დინა ეშერ-სმიტი, კოსმოსის კვლევის ექსპერტი ლიბი ჯეკსონი და მსახიობი ჯემა ჩანი, რომელმაც შემდეგ ოქსფორდში ჩააბარა და რომელიც ჟურნალ Vogue-ს სექტემბრის ნომრის ყდაზე გამოჩნდა, ოქტომბერში კი Vogue ყდაზე რადუკანუს ფოტოს დაბეჭდავს.

სწავლაზე რადუკანუ ამბობს, რომ ის საშუალებას აძლევს, მოწყდეს ჩოგბურთს და გაიუმჯობესოს ანალიტიკური უნარები.

შემიძლია დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადამუშავება. ამის შედეგად კორტზე ბევრ ჩოგბურთელზე ტაქტიკურად გამოცდილი ვჩანვარ. ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარე, ჩემი ძლიერი მხარე სწრაფი აზროვნებაა”.

“ის ძალიან ჭკვიანი და ჯანსაღი აზროვნების გოგონაა, _ ამბობდა უიმბლდონის ტურნირის მიმდინარეობისას რადუკანუს აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ნაიჯელ სირსი, _ მას დიდი ამბიციები აქვს. ჩემი აზრით, მისგან შესანიშნავი ჩოგბურთელი დადგება. ყურადღება მოსწონს და ვფიქრობ, ეს ხელს არ შეუშლის სამომავლოდ. ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული”.

ემა თავის კერპებად რუმინელ სიმონა ჰალეპსა და ჩინელ ლი ნას ასახელებს. ამბობს, რომ მისი მიზანი საუკეთესო ათეულში მოხვედრაა და “დიდი მუზარადის” რაც შეიძლება მეტჯერ მოგება. “მიმაჩნია, რომ მე მაქვს ხასიათი და გონებრივი შესაძლებლობები, დასახულ მიზნებს რომ მივაღწიო”.

“მე ვიყავი პატარა, მორცხვი გოგონა, რომელიც პირს ზედმეტად არ აღებდა, მაგრამ ვარჯიშისას ვისწავლე ბრძოლა, გაბედულება, სიმამაცე, განვივითარე შინაგანი ძალა, ამით კი, რასაც გინდა, იმას მიაღწევ”, _ ამბობს 19 წლის ჩემპიონი-სენსაცია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here