Home რუბრიკები პოლიტიკა შავი ოთხშაბათი

შავი ოთხშაბათი

1151
ბათუმი

გასული კვირა ძალიან მძიმე აღმოჩნდა როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ სამართალდამცავი უწყებები. ერთი მხრივ, ეს იყო დაახლოებით 20-საათიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია; მეორე მხრივ კი, ბათუმში, სასტუმროლეო გრანდშიგაჩენილი ძლიერი ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა. მსხვერპლით დასრულდა როგორც პირველი, ისე მეორე შემთხვევა. 27 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

21 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის გამზირზე სპეცოპერაცია დაიწყო. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი, დაიჭრა _ 2, დაიჭრა, აგრეთვე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ახალდანიშნული შს მინისტრი გიორგი გახარია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაკვირვება საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდებოდა. აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა თითქმის დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთია “ისლამური სახელმწიფოს” გამორჩეული ლიდერი, ლაფანყურის საქმის მონაწილე და თურქეთის აეროპორტში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორი ახმედ ჩატაევი. ეს არც უარყო და არც დაადასტურა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.

“ცხედარი სასტიკად არის დაზიანებული, მაგრამ თავის, ყურისა და პროთეზის, ასევე იმ ინფორმაციის მიხედვით, რომლის მოპოვებაც შევძელით, ის ნამდვილად ახმედია. როგორც გავარკვიეთ, ის საქართველოში დიდი ხნის შემოსული არ არის, დაახლოებით ერთ თვეზე მეტია, აქ იმყოფებოდა რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად. ისინი აპირებდნენ, საქართველოში გამოეზამთრებინათ, შემდეგ კი “კავკასიის იმირატში” დაბრუნებას გეგმავდნენ”, _ განუცხადეს ჩატაევის ახლობლებმა “რეგინფოს”. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის დასკვნამდე რთულია იმის მტკიცება, არის თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი.

მეორე ლიკვიდირებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი გურამ (ადამ) გუმაშვილია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი გავლენიანი პირია, თუმცა გუმაშვილის ახლობლები არ ადასტურებენ მის ლიკვიდაციას.

მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ჩნდება, შემდეგია: როგორ შეძლეს ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოსგავლენიანმა პირებმა საქართველოში შემოსვლა? არის თუ არა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახლა მაინც დაცული და ამ მძიმე ფაქტის შემდეგ თუ გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე? იმედია, გამოძიება ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასცემს პასუხს და დაადასტურებს ან უარყოფს ვერსიას იმის შესახებ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლიკვიდირებული წევრები საქართველოში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი 25 ნოემბერს ტერორისტული აქტის მოწყობას რაგბის მატჩის მსვლელობისას აპირებდნენ, მინიშნება კეთდებოდა საქართველოში დაგეგმილ სხვა მასშტაბურ ღონისძიებაზეც…

25 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრი გაჩნდა. შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ხანძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე დაიღუპა. როგორც სასტუმროში მყოფნი იხსენებენ, ძლიერი კვამლის შედეგად რამდენიმე წუთში ხილვადობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით აღიძრა. ეს მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევას, რომელმაც ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.

როგორც გაირკვა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროლეო გრანდიივლისში, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 177- მუხლის შესაბამისად, 100 ლარით დაჯარიმდა. თუ გამოძიებით დადგინდება, რომ სახანძრო ნორმები ხანძრის გაჩენის მომენტშიც დარღვეული იყო, პასუხისმგებლობა ამ ობიექტის ხელმძღვანელ პირებს დაეკისრებათ. ბათუმში ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც მედიის წარმომადგენლები უშუალობითა და კომუნიკაბელურობით მოხიბლა. პრემიერმა და შს მინისტრმა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის შესახებ განაცხადეს. იმედია, გამოძიება აქაც დროულად გასცემს პასუხს კითხვებზე და 11 ადამიანის დაღუპვის გამო დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

შეგახსენებთ: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროდ ითვლებოდა ბათუმში. ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 300 ადამიანი დასაქმდა. “ლეო გრანდში” 182 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია.

რატი ბერიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here