Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული მარში” და “ცივი სამოქალაქო ომი”

“ქართული მარში” და “ცივი სამოქალაქო ომი”

3978
ქართული მარში

14 ივლისს თბილისში აქციაქართული მარშიგაიმართა. მისი ორგანიზატორების ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ აქციის დროს შეიძლება ექსცესები მოხდეს და ამან გარკვეული დაძაბულობა წარმოშვასო. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომმარშთანდაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდა.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს წინაშე ბევრი დანაშაული მიუძღვის. ზოგი იმდენად თვალსაჩინო არ არის, როგორც მიტინგების დარბევა ან პატიმართა წამება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად მძიმეა. ერთ-ერთ ასეთ, ნაკლებად თვალშისაცემ დანაშაულად (ამ შემთხვევაში ეს არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური შეფასებაა), ალბათ, უნდა ჩავთვალოთ პოლიტიკური დიალოგისა და შესაბამისი კულტურის განადგურება. რეჟიმი არ აპირებდა, ოპონენტისთვის რამე აეხსნა ან დაემტკიცებინა, არამედ საკუთარ პოზიციას ერთადერთ ჭეშმარიტებად აცხადებდა და ცდილობდა მათ მარგინალიზებას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ხოლო, როდესაც მათი პროტესტის იგორირება შეუძლებელი ხდებოდა, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა. ეს ავტორიტარული რეჟიმების ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართველმა ლიბერალებმა, ისევე, როგორც კონსერვატორებმა, ოპონენტებთან ურთიერთობის სტილი სწორედ სააკაშვილის რეჟიმისგან გადმოიღეს. ისინი არ უსმენენ მეორე მხარეს და, როგორც კი შესაძლებლობა ეძლევათ, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაუსწორდეს მათ და გააჩუმოს _ მთავარ მიზნად მოწინააღმდეგის პოლიტიკური და საინფორმაციო სივრციდან გაქრობა განიხილება.

როდესაც “ქართული მარშის” თავკაცებმა დღის წესრიგში საიმიგრაციო კანონის გადახედვის საკითხი დააყენეს და უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითეს, არც ერთმა მათმა ოპონენტმა არ თქვა, _ მოდით, დავსხდეთ, განვიხილოთ პრობლემა, ტელედებატები გავმართოთ და კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება შევიმუშავოთო. ამის ნაცვლად ისმოდა მხოლოდ ლანძღვა, რომელსაც მეორე მხარემ მყისიერად ლანძღვითვე უპასუხა. მარშისგამართვის, მიტინგზე პროტესტის გამოხატვისა და, ზოგადად, პოლიტიკის ქუჩაში გადატანის სურვილი იმის შედეგია, რომ პოლიტიკური დებატებისა და კონსენსუსის კულტურა დღეს საქართველოში ნულოვან ნიშნულზეა _ ეს, ფაქტობრივად, “ცივი სამოქალაქო ომისმდგომარეობაა; მადლობა ღმერთს, დაპირისპირებულ მხარეებს იარაღი (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) არ აქვთ.

საინფორმაციო ომს თან იარლიყების მიწებება სდევდა _ “ბნელები”, “ფაშისტები”, “ნაცისტები”, “კრემლის აგენტები”, რასაც ოპონენტები “ლიბერასტებით”, “სოროსის ნაბიჭვრებით” და სხვა მსგავსი ტერმინებით პასუხობდნენ. რაღაც მომენტში ამ კონფლიქტმა უკანა პლანზე გადაწია მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

“ქართულ მარშზე” სხვადახვა, ხშირ შემთხვევაში შეუთავსებელი შეხედულებების მქონე მოქალაქეები გამოვიდნენ. აქ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული ნაციონალიზმი (და კონსერვატიზმიც, თუმცა ამაზე სხვა დროს) ძალიან ცუდად შესწავლილი ფენომენია _ ის მთელი რიგი კონცეფციების უცნაურ სიმბიოზს წარმოადგენს.

ნაციონალიზმის აღზევების ხანაში საქართველოში ვრცელდებოდა როგორც დასავლურ, ისე გერმანო-სლავურ სამყაროში დაბადებული იდეები _ პირველში, როგორც ცნობილია, სამოქალაქო ნაციონალიზმი დომინირებს, მეორეში კი (ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე) _ კულტურულ-ეთნიკური ნაციონალიზმი. ქართული ნაციონალიზმი დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდიდა, ადრეულ ეტაპზე ის ძალიან ჰგავდა კლასიკურ ეთნონაციონალიზმს. მოგვიანებით, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერების პარალელურად, ცენტრალური ადგილი ეტატისტურმა ნაციონალიზმმა დაიკავა, რომლის ფარგლებში ძლიერი სახელმწიფო ერთგვარ კერპად იქცა. საქართველოში, სადაც იდეოლოგიურ ნიუანსებს ყოველთვის ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ხშირია შემთხვევები, როდესაც, ამა თუ იმ ნაშრომის ფარგლებში ან ცალკე აღებული მოქალაქის ცნობიერებაში, სამოქალაქო და ეთნიკური ნაციონალიზმი ერთმანეთს ერწმყის და უცნაურ იდეურ კოქტეილს წარმოშობს, რომელიც პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტებისგან შედგება. თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მკაცრი ორიენტაციაა კონსერვატიულ ღირებულებებზე _ ლიბერალი ავტორები ასეთ ნაციონალიზმს ხშირად რეაქციულს უწოდებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ მარშზეგამოსულ ცალკეულ ჯგუფებსა და ადამიანებს ჰქონდათ ერის, სახელმწიფოსა და მათი როლის განსხვავებული აღქმა და, წესით, ერთად არ უნდა მდგარიყვნენ _ აქ, უპირველესად, რადიკალი ნაციონალისტების მონაწილეობა იგულისხმება. მაგრამ ისინი გააერთიანა არა მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამოხატვის ან მიგრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის სურვილმა, არამედ მძაფრმა პროტესტმა იმის წინააღმდეგ, რასაც ლიბერალურ დიქტატად, მათი აზრის იგნორირებად აღიქვამენ. 14 ივლისს კარგად გამოჩნდა, რომ ისინი არც ისე ცოტანი არიან და ნებისმიერ შემთხვევაში აიძულებენ ყველას, რომ მოუსმინონ.

2012-ში “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა კონსერვატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ადამიანების (მათ შორის თანმიმდევრული ნაციონალისტების) პროტესტი იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დაემარცხებინა. ამის სანაცვლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია _ იქნებოდა ეს საარჩევნო სიაში შესაბამისი ფიგურების შეყვანა, რომელთაც ლიბერალი კოლეგები ვერ იტანდნენ; მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება, უცხოელების გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის პერიოდული (უფრო სწორად კი დემონსტრაციული) გამკაცრება და ა.შ. თუმცა მთლიანობაში, დასავლელი პარტნიორების მიერ ინსპირირებული და ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების სულისკვეთება თითქმის იგივე რჩებოდა, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში და ეს ძლიერ აღიზიანებდა კონსერვატორებს _ ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მათი პროტესტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის, სასკოლო პროგრამებისა თუ სახელმძღვანელოების მიმართ და ა.შ.

“ქართული ოცნების” მმართველი რგოლის იდეოლოგია, უხეშად რომ ვთქვათ, ფული და თანამდებობაა, მაგრამ ის იძულებულია, დროდადრო გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დაამშვიდებს გაღიზიანებულ კონსერვატორებს, შემდეგ კი პირიქით _ ლიბერალებს მოეფეროს. ეს კარგად გამოჩნდა კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესშიც. პირველნი უფრო მრავალრიცხოვანი არიან, მეორენი კი _ გაცილებით აქტიური და, ამასთანავე, საზღვარგარეთ ძლიერი მოკავშირეები ჰყავთ. ეს ვითარება გაერთიანებისაკენ ბუნებრივად უბიძგებდა კონსერვატიულ ბანაკს და, როგორც “მარშის” დროს ვიხილეთ, მისი ნაწილი რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებთან კავშირამდეც კი მიიყვანა. ეს კი, როგორც გასული საუკუნის გამოცდილება გვიჩვენებს, არც ისე უსაფრთხოა.

ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რომ ხელისუფლებას შეიძლება ხელს აძლევდეს საზოგადოების “გადართვა” კონფლიქტზე, რომელშიც ჩართული იქნებიან, ერთი მხრივ, რადიკალი ნაციონალისტებისა და კონსერვატორების ალიანსი და; მეორე მხრივ, _ მიგრანტების ნაწილი თავის ლიბერალ მოკავშირეებთან ერთად. საქმე ისაა, რომ ამ დაპირისპირებას სხვა რამეზე გადააქვს საზოგადოების ყურადღება იმ პრეტენზიებისგან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ დაუგროვდა. ამასთანავე, მიგრანტების თემა ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ თბილისის მერობის ერთმა ან რამდენიმე ახალმა, ასე ვთქვათ, “მეორე რანგის” კანდიდატმა ნაციონალისტური რიტორიკა გამოიყენოს. ისინი, ცხადია, ვერ მოიგებენ არჩევნებს, მაგრამ ხელს შეუწყობენ ოპოზიციური ელექტორატის შემდგომ ფრაგმენტაციას და კახა კალაძეს გამარჯვებას გაუადვილებს.

თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ აშუქებდაქართული მარშისთემას ხელისუფლებასთან აფილირებული მედია და აქტივისტები სოციალურ ქსელებში, შეიძლება მივიდეთ პარადოქსულ დასკვნამდე, რომ ისინი კონფლიქტის გაღვივებაზე მუშაობდნენ. საქმე ისაა, რომ, როდესაც დაპირისპირებული რადიკალები ცდილობენ, ერთმანეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ, ნებისმიერი, თუნდაც ძალზე არაპოპულარული მთავრობა, მოქალაქეთა დიდი ნაწილისა და უცხოელი პარტნიორების მიერ აღიქმება, როგორც სტაბილურობის გარანტი და კეთილგონიერების განსახიერება. ამასთანავე, ხელისუფლებას სჭირდება, რომ მოსახლეობის მზარდი გაღიზიანება სხვა მიმართულებით გადაამისამართოს, ისე, რომ მისი მთავარი სამიზნე მიგრანტები, ლიბერალები, ნაციონალისტები (და ა.შ. საბოლოო ჯამში მნიშვნელობა არ აქვს _ ვინ) გახდნენ.

იმისათვის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა, თუნდაც საიმიგრაციო კანონის გარშემო დისკუსია გამართონ და სცადონ, კონსენსუსს მიაღწიონ, სასურველია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს დიალოგის გამართვას, რადგან განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყნებში მსგავს სიტუაციებში მან მედიატორის როლი უნდა იტვირთოს. მაგრამ, თუ ის, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ესკალაციის გაღრმავებაზე მუშაობს, საზოგადოებამ თვითონ უნდა იფიქროს მოსალოდნელი ზარალის მინიმიზაციაზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ქართული ოცნება” შეიცვალა _ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ მას სიფრთხილე დააკარგვინა. ის გაცილებით ხშირად მიმართავს ზეწოლას, ვიდრე ადრე და ამის ნათელი მაგალითია კონსტიტუციის რედაქტირების პროცესი. სხვათა შორის, მისი მთავარი კურატორი, ირაკლი კობახიძე, სახელისუფლო პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა და, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნო პერიოდში იმავე მეთოდებს გამოიყენებს (სხვა რა შეუძლია). ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ყოვლისშემძლეობის ილუზია და ჩათვალოს, რომ იოლად მოახერხებს იმ კონფლიქტის მართვას, რომელიცქართული მარშისგამო წინა პლანზე გამოვიდა და მომავალშიც გაგრძელდება. ისინი, ძალაუფლებით გაბრუებულნი, დიდი ალბათობით, ვერ აცნობიერებენ, რომ არა მხოლოდ ცალკე აღებული სუს, არამედ მთავრობაც და რეჟიმიც შეიძლება ხუხულასავით ჩამოეშალოთ, თუ მათ მიერ ინსპირირებულ პროცესზე, როგორც გოლემზე ცნობილი ლეგენდიდან, კონტროლს დაკარგავენ.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ქართული მარში სიმართლეს ემსახურება!გამარჯვება თქვენ ქართველო პატრიოტებო,მამულიშვილებოდა ქვეყნის გულშემატკივრებო.უფალი თქვენთან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here