Home რუბრიკები საზოგადოება ტრაბახობენ, გზები დავაგეთო. რა არის აქ სატრაბახო: რა, თავისი ფულით დააგეს გზები?

ტრაბახობენ, გზები დავაგეთო. რა არის აქ სატრაბახო: რა, თავისი ფულით დააგეს გზები?

788
გიორგი გუგავა

სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში 1 მილიონ 100 ათასი კაცი ცხოვრობს და საკრებულოში 50 ხელფასიანი წევრი გვყავს თავიანთი პრემიადანამატებითა და ბენზინის ტალონებით. არადა, თბილისზე დიდი ქალაქების საკრებულოებში უფრო ნაკლები წევრია. მაგალითად, რომში, სადაც 2 მილიონ 900 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საკრებულოში 48 წევრი ჰყავთ.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობას 3 677 ავტომობილი ემსახურება. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შარშან საქართველოს მთავრობამ 53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი მოიხმარა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი უწყების შემთხვევაში საწვავის ხარჯები ცალკე გამოყოფილი არ არის, რაც ჯამურ დანახარჯს კიდევ უფრო ზრდის. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ მთავრობის საკუთრებაში არსებულ ერთი ავტომობილის მოვლა წლის განმავლობაში 4300-დან 7800 ლარამდე ჯდება.

თბილისის მერიას 281 მანქანა ემსახურება, ერთი ავტომობილის მოვლა წლის განმავლობაში 4300-დან 7800 ლარამდე ჯდება.

ორიოდე სიტყვა ტენდერებზეც: პარლამენტარმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. შედეგად, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 ნაკვეთი ჩალის ფასად იყიდა. მათგან ერთი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.

2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 14 214 ლარად გაიყიდა.

აუქციონში გაიმარჯვა ერთადერთმა მონაწილემ _ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, თელავი-ყვარელის 27 ოლქიდან არჩეულმა მაჟორიტარმა. პარლამენტში სესიაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

ამის შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა თვითნებურად დაიკავა 311 კვ.მ მომიჯნავე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2017 წლის 10 მარტს თბილისის მერიამ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში ამჯერადაც მხოლოდ ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობდა, მან მიწის ნაკვეთი 16 480 ლარად შეიძინა.

ყბადაღებული თემაა გზები და ხიდები. ზაჰესის ხიდი უკვე მესამედ ჩაინგრა. 2 წელიწადია, რეაბილიტაცია მიმდინარეობს და, ჯამში, 4 მილიონი ლარია დახარჯული. ამბობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში (2,5 წელში) აშენდა ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური ხიდი – ბოსფორის ხიდი, რომელიც დღეში 200 ათას ავტომობილს ატარებს.

გვესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთერთ ლიდერი, თბილისის მერობის კანიდადტი გიორგი გუგავა:

_ კატასტროფულად მოიმატა პრემიებისა და დანამატების, ბენზინის ხარჯმა. საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებს თვეში 800-დან 1000 ლიტრამდე ბენზინი ეძლევათ თბილისში გადასაადგილებლად. შეუძლებელია, ამ რაოდენობის ბენზინი თბილისში დახარჯო _ ისინი საწვავს ან ყიდდნენ, ან ოჯახის წევრებისთვისაც ჰქონდათ გათვლილი.

ყველას გვახსოვს მერიისა და საკრებულოში რბილი ავეჯის შესყიდვის პროცესი დაუსრულებელი რომ იყო. იწყობდნენ რაღაცაღმოსავლურ ოთახებს”, ამაშიც მილიონები დაიხარჯა.

ტრაგიკომიკური იყო თანხის გამოყოფა ჭამა-სმის შემსწავლელი კურსებისთვის, რომელსაც შემდეგ საზოგადოებამ “დახვეწილობის” კურსები შეარქვა. ბიუჯეტის ხარჯზე ხშირად იმართებოდა ქეიფი, ნადიმი. უფრო მეტიც, მომღერალთა და დამკვრელთა, ანუ ფანოღების ფულიც ბიუჯეტიდან იხარჯებოდა. საქმე გაუმაძღრობასთან გვაქვს და ბიუჯეტიდან მილიონების ფლანგვასთან, მაშინ, როდესაც უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის გამოკვებაზე 1 ლარი და 18 თეთრია გამოყოფილი.

_ დედაქალაქის მთავრობას კარგი საქმეები არ უკეთებია? გზები ხომ დაიგო, ხიდებიც ხომ აშენდა და შერემონტდა?

_ ზაჰესის ხიდი მესამედ ჩაინგრა. ის, ვისთანაც კონტრაქტი პირველად გააფორმეს, ფულიანად გაიქცა საქართველოდან და კაციშვილს აღარ მოუკითხავს, სად წავიდა ბიუჯეტიდან წაღებული თანხა. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება, ამ საქმეში ვიღაც მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო გარეული. ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? სტალინის მმართველობის პერიოდში ასეთებს ხვრეტდნენ… თუ არ დახვრეტენ და სისხლისღვრის მომხრენი არ ვართ, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ხშირად ტრაბახობენ, გზები დავაგეთო. რა არის აქ სატრაბახო: რა, თავისი ფულით დააგეს გზები? მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს პირდაპირ ეხება ეს საქმე, ამისთვის ბიუჯეტში თანხებია გამოყოფილი, ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ, ხალხი, ვავსებთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here