Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

“სასახლის გადატრიალების” კრახი

1669
კიროვის დაკრძალვა

1918 წელს შეთქმულთა ჯგუფს, ტროცკისა და ბუხარინის მეთაურობით, განზრახული ჰქონდა ბრესტის ზავის ჩაშლა, ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის ფიზიკური განადგურება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება. კამენევმა განაცხადა, რომბუხარინმა ახალი მთავრობის მეთაურად პიატაკოვი დაასახელა”. ბუხარინმა კი სასამართლოს აუწყა, რომ ამ შეთქმულებაში აქტიურ როლს ტროცკი ასრულებდა.

განსასჯელმა გრინკომ შეთქმულთა ბლოკის ხელმძღვანელებად დაასახელა რიკოვი, ბუხარინი, გამარნიკი, კრესტინსკი, როზენგოლცი, იაგოდა, რუძუტაკი და დასძინა, რომ ეს ბლოკი, ძირითადად, აგრესორთა სამხედრო დახმარებაზე იყო ორიენტირებული.

ვიშინსკი (რიკოვს): _ თქვენ ადასტურებთ გრინკოს ჩვენების ამ ნაწილს?

რიკოვი: _ დიახ, ჩვენ მათ ორჯერ შევხვედით… როგორც არალეგალური ორგანიზაციის წევრებს.

ვიშინსკი: _ თქვენ ესაუბრეთ გრინკოს კრესტინსკის შესახებ?

რიკოვი: _ ჩემთვის საჭირო არ იყო მის შესახებ გრინკოსთან საუბარი, ვინაიდან ვიცოდი, რომ კრესტინსკი არის ტროცკისტი… არალეგალური ორგანიზაციის წევრი.

ვიშინსკი: _ გამოდის, რომ კრესტინსკი ცრუობს, თავის დაძვრენას ლამობს.

რიკოვი: _ იგი არამხოლოდ ცრუობს, არამედ არ სურს სიმართლის მოსმენა, რომელიც აქ ითქმის.

იგივე გაიმეორეს ბუხარინმა, როზენგოლცმა, იაგოდამ.

გენერალური პროკურორი იწყებს განსასჯელ რაკოვსკის დაკითხვას:

ვიშინსკი: _ განსასჯელო რაკოვსკი… თქვენ აქ მოისმინეთ კრესტინსკის პასუხები, რომლებშიც იგი უარყოფს წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, უარყოფს, რომ არის ტროცკისტი, ასევე უარყოფს დანაშაულის ჩადენას. რა იცით თქვენ მის ტროცკისტულ მოღვაწეობაზე ბოლო პერიოდში?

რაკოვსკი: _ მიუხედავად იმისა, რომ კრესტინსკიმ 1927 წლის ბოლოს ტროცკის გაუგზავნა წერილი, რომელშიც თითქოს ემიჯნებოდა ტროცკისტულ პოზიციებს, იგი დარჩა ტროცკისტად და მათთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

ვიშინსკი: _ თქვენთვის ცნობილია, რომ კრესტინსკი მოგვიანებითაც იყო ტროცკისტი?

რაკოვსკი: _ ცნობილია. 1929 წელს, როცა ასტრახანში ვიყავი გადასახლებული, ჩემმა დამ გადმომცა კრესტინსკის წერილი. ის მთხოვდა, დავბრუნებულიყავი პარტიაში და განმეგრძო ტროცკისტული მოღვაწეობა.

ვიშინსკი: _ განსასჯელო კრესტინსკი, სწორად გაიგო თქვენი წერილის შინაარსი განსასჯელმა რაკოვსკიმ?

კრესტინსკი: _ სწორად გაიგო.

ნიკოლაი კრესტინსკი
ნიკოლაი კრესტინსკი

ამის შემდეგ ვიშინსკიმ წაიკითხა კრესტინსკის წერილი ტროცკისადმი, დათარიღებული 1927 წლის 27 ნოემბრით (წერილი ამოიღეს კრესტინსკის ბინის ჩხრეკისას), რომელშიც საუბარია ტროცკისტების ტაქტიკური ხაზის შეფასებაზე და არაფერია ნათქვამი მისი ავტორის ტროცკიზმთან კავშირის გაწყვეტაზე. წერილის ავთენტურობა დაამოწმა, როგორც კრესტინსკიმ, აგრეთვე, რაკოვსკიმაც.

ვიშინსკი: _ თუ ყველაფერი, რაც აქ რაკოვსკიმ ისაუბრა, სიმართლეს შეეფერება, თქვენ ისევ შეეცდებით სასამართლოს მოტყუებას თუ იტყვით სიმართლეს თქვენ მიერ გამოიძებისთვის მიცემული ჩვენებების სისწორეზე?

კრესტინსკი: _ წინასწარი გამოძიებისათვის ჩემ მიერ მიცემულ ჩვენებებს მთლიანად ვადასტურებ.

ვიშინსკი: _ ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია თქვენი გუშინდელი განცხადება ტროცკისტულ პროვოკაციად ჩავთვალოთ?

კრესტინსკი: _ გუშინ ჩემში აღძრულმა წუთიერმა სირცხვილის განცდამ, რომელიც გამოწვეული იყო განსასჯელის სკამზე ჯდომით და საბრალდებო დასკვნის შინაარსით, არ მომცა სიმართლის თქმის საშუალება და, იმის ნაცვლად, რომ მეთქვა, დამნაშავე ვარ-მეთქი, მექანიკურად წამომცდა: არა, არ ვარ დამნაშავე. მე არ აღმომაჩნდა ძალა, რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობის წინაშე მეთქვა სიმართლე, მეთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვეწეოდი ტროცკისტულ საქმიანობას. თავს დამნაშავედ მივიჩნევ ჩემ მიმართ წამოყენებულ ყველა უმძიმეს ბრალდებაში და ვაღიარებ, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს მიმართ, რაც საბოლოოდ სამშობლოს ღალატში გამოიხატა.

რიკოვმა სასამართლოს განუცხადა, რომ 1932 წელს ბუხარინმა კავშირი დაამყარა ესერ სემიონოვთან და მასთან ერთად დაგეგმა სტალინის მკვლელობა. სემიონოვმა აცნობა ბუხარინს, რომ ესერები ამზადებდნენ თავდასხმას სტალინსა და კაგანოვიჩზე.

მარცხნიდან მარჯვნივ: ბუხარინი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, რიკოვი, კუიბიშევი, სტალინი, ვოროშილოვი და რუძუტაკი. 1927 წ
მარცხნიდან მარჯვნივ: ბუხარინი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, რიკოვი, კუიბიშევი, სტალინი, ვოროშილოვი და რუძუტაკი. 1927 წ

“ეს ცნობა ჩვენ კმაყოფილებით აღვიქვით, _ განაგრძობდა რიკოვი, _ ენუქიძის შედგენილი გეგმის მიხედვით, 1933 წელს ვაპირებდით “სასახლის გადატრიალების” მოწყობას. ამ ოპერაციაში გადამწყვეტი როლი ეკისრებოდათ იაგოდასა და სამხედროების ჯგუფს ტუხაჩევსკის, ეგოროვის, უბორევიჩისა და კორკის მეთაურობით. ამ ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა ცენტრი, რომელშიც შევედით კამენევი, პიატაკოვი, ენუქიძე, ბუხარინი, ტომსკი და მე. ამ ცენტრთან დაკავშირებული იყო ტუხაჩევსკისა და იაგოდას ჯგუფები. გეგმის განხორციელებაზე ხელი აგვაღებინა ქვეყნის იმდროინდელმა მდგომარეობამ; კერძოდ, პარტიის მიღწევებმა და ხალხში სტალინის პოპულარობამ”.

ვიშინსკი (რიკოვს): _ თვლით თუ არა ბუხარინს მოღალატედ?

რიკოვი: _ ვთვლი ისევე, როგორც საკუთარ თავს.

ვიშინსკი (კრესტინსკის): _ გვითხარით, რა იცით ჯგუფის მემარჯვენე-ტროცკისტულ ბლოკში ტუხაჩევსკის მონაწილეობის შესახებ?

კრესტინსკი: _ გერმანიის ქალაქ მერანაში 1933 წელს, ტროცკისთან შეხვედრისას, მან მითხრა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს, ტროცკისტულ ძალებს, იმიტომ, რომ ეს ძალები არ არის საკმარისი. ამიტომ აუცილებლად უნდა მოველაპარაკოთ მემარჯვენეებს და სამხედროებს. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ტუხაჩევსკის, ადამიანს, რომელიც, მისი თქმით, ავანტიურისტულად მიილტვის პირველობისკენ, არა მხოლოდ სამხედრო ხაზით… ტროცკიმ მთხოვა, მისი აზრი გადამეცა პიატაკოვისთვის, ხოლო ტუხაჩევსკის პირადად გავსაუბრებოდი. …მე მას ვესაუბრე 1934 წლის დასაწყისში, მანამდე იგი უკვე იყო ნასაუბრები პიატაკოვთან. ტუხაჩევსკის გადავეცი ტროცკისთან ჩემი საუბრის შინაარსი. მან მითხრა, რომ იგი მხარს უჭერს, როგორც ძალების გაერთიანებას, ასევე მის წინაშე დასმულ ამოცანასაც, მაგრამ საკითხი მოითხოვს განხილვას, შესაძლებლობების გარკვევას. შემდეგ კი პიატაკოვს დაელაპარაკება ამ თემაზე. მათი მოლაპარაკების შესახებ მე შევიტყვე პიატაკოვისგან 1935 წლის თებერვალში. ამის შემდეგ ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე ტუხაჩევსკის. ერთ-ერთი საუბრისას, 1935 წელს, მან დამისახელა რამდენიმე პირი, რომლებსაც იგი ეყრდნობოდა: იაკირი, უბორევიჩი, კორკი, ეიდემანი. ჩვენი შემდეგი საუბარი გაიმართა საბჭოების მერვე საგანგებო ყრილობაზე. ტუხაჩევსკიმ ჩემ წინაშე დააყენა საკითხი გადატრიალების დაჩქარების შესახებ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ გადატრიალების გეგმას ვუკავშირებდით გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე, ეს კი ჭიანურდებოდა. ამასთანავე, დაიწყო კონტრრევოლუციური ძალების თანდათანობით განადგურება. დააპატიმრეს პიატაკოვი, რადეკი, დაიწყო სხვა ტროცკისტების დაპატიმრება, შეთქმულებას ჩავარდნა დაემუქრა და ტუხაჩევსკი შეშინდა, ამიტომაც მან მოითხოვა კონტრრევოლუციური გამოსვლის დაჩქარება. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ გამარნიკსა და რუძუტაკთან ერთად და დავასკვენით, რომ ტუხაჩევსკი მართალია. ამის შემდეგ მე ბესონოვის მეშვეობით წერილით დავუკავშირდი ტროცკის, რომლისგანაც მივიღეთ დადებითი პასუხი.

ვიშინსკი: _ განსასჯელო როზენგოლც, ამ ნაწილში თქვენ მხარს უჭერთ კრესტინსკის ჩვენებას?

როზენგოლცი: _ დიახ, მხარს ვუჭერ.

ბუხარინის დაკითხვა ხანგრძლივი იყო _ სასამართლო კოლეგიის ოთხი სხდომა დასჭირდა. ულრიხის შეკითხვაზე _ ადასტურებს თუ არა ის წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს თავისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ _ ბუხარინმა უპასუხა: “სრულიად ვადასტურებ”.

_ მე ვიყავი ანტისახელმწიფოებრივი ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი. ამ ბლოკის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და რუსეთში კაპიტალიზმის რესტავრაცია, – განაცხადა ბუხარინმა, – არსებული ხელისუფლების დამხობას ჩვენ ვვარაუდობდით უცხო სახელმწიფოების სამხედრო დახმარების საშუალებით, რის საფასურადაც გერმანიის, იაპონიისა და ნაწილობრივ ინგლისის სასარგებლოდ ვთმობდით უკრაინას, ბელორუსიას, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს, აგრეთვე, ზღვისპირეთს.

ბუხარინმა თქვა, რომ მისი კონტრრევოლუციური საქმიანობა სათავეს 1920 წლიდან იღებდა. თავდაპირველად იგი დაუახლოვდა ტომსკის, რიკოვსა და უგლანოვს. იაგოდა განზე იდგა, თუმცა მათთან ურთიერთობას ინარჩუნებდა. საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაზე ფიქრი მათ 1932 წლიდან დაიწყეს. თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბუხარინი, რიკოვი, ტომსკი და უგლანოვი, შემუშავდა ტერორის გზით “სასახლის გადატრიალების” განხორციელების პლატფორმა. ეს იდეა მოდიოდა ენუქიძისგან, რომელიც იმ დროს კრემლის დაცვას მეთაურობდა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა წითელ არმიაში შეთქმულთა ჯგუფი, რომლის სათავეში იყვნენ ტუხაჩევსკი, პრიმაკოვი და პუტნა.

ვიშინსკი: _ თქვენს ბლოკს თუ ჰქონდა მითითება, ტერორის გზით დაეხოცა პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები?

ბუხარინი: _ ჰქონდა და, ვფიქრობ, იგი თარიღდება 1932 წლის შემოდგომით.

ვიშინსკი: _ როგორია თქვენი დამოკიდებულება კიროვის მკვლელობასთან? ეს მკვლელობა მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის მითითებით განხორციელდა?

ბუხარინი: _ ეს ჩემთვის უცნობია.

ვიშინსკი (რიკოვს): _ რა იცით კიროვის მკვლელობის შესახებ?

რიკოვი: _ ჩემთვის უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა ამ მკვლელობაში მემარჯვენეები.

ვიშინსკი: _ მე გეკითხებით, ჰქონდა თუ არა მემარჯვენე-ტროცკისტულ ბლოკს შეხება კიროვის მკვლელობასთან?

რიკოვი: _ დარწმუნებული ვარ, რომ კიროვი მოკლეს ტროცკისტებმა, მემარჯვენეთა ჩარევის გარეშე.

ვიშინსკი: _ თქვენ დაკავშირებული იყავით ენუქიძესთან?

რიკოვი: _ 1933 წლიდან.

ვიშინსკი: _ ის ამ ბლოკში რომელ ფრთას მიეკუთვნებოდა _ ტროცკისტულის თუ მემარჯვენეების?

რიკოვი: _ ალბათ, მემარჯვენეების.

ვიშინსკი: _ განსასჯელო იაგოდა, ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ენუქიძე ბლოკის მემარჯვენეთა ფრთას წარმოადგენდა და მას უშუალო შეხება ჰქონდა კიროვის მკვლელობის ორგანიზებასთან?

იაგოდა: _ რიკოვიცა და ბუხარინიც ტყუილს ამბობენ. რიკოვი და ენუქიძე მონაწილეობდნენ ბლოკის იმ სხდომაში, რომელზეც კიროვის მკვლელობის საკითხი იხილებოდა.

ვიშინსკი: _ იყვნენ თუ არა გარეული ამ საქმეში მემარჯვენეები?

იაგოდა: _ რა თქმა უნდა. ბლოკი ხომ მემარჯვენე-ტროცკისტულია.

ვიშინსკი: _ ჰქონდათ თუ არა ამ მკვლელობასთან შეხება, კერძოდ, რიკოვსა და ბუხარინს?

იაგოდა: _ პირდაპირი.

ვიშინსკი: _ გქონდათ თუ არა თქვენ ამ მკვლელობასთან შეხება, როგორც მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის წევრს?

იაგოდა: _ მქონდა.

ვიშინსკი: _ მართალს ამბობენ ახლა ბუხარინი და რიკოვი, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ?

იაგოდა: _ ეს შეუძლებელია… ბლოკის სხდომაზე ეს საკითხი მათი მონაწილეობით გადაწყდა.

ვიშინსკი: _ თქვენ ამის შემდეგ გაატარეთ რაიმე ღონისძიება, რომ კიროვის მკვლელობა მომხდარიყო?

იაგოდა: _ მე მივეცი განკარგულება ზაპოროჟეცს ლენინგრადში, როცა დააკავეს ნიკოლაევი… მას პორტფელში რევოლვერი და დღიური ჰქონდა… და მან იგი გაათავისუფლა.

ვიშინსკი: _ და თქვენ ეს მოიწონეთ?

იაგოდა: _ მე ეს ცნობად მივიღე.

ვიშინსკი: _ შემდეგ კი თქვენ მიეცით მითითება, დაბრკოლება არ შეექმნათ კიროვის მკვლელობისათვის?

იაგოდა: _ დიახ, მივეცი. ვადასტურებ.

შემდეგ ბუხარინს ჰკითხეს, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ტერორიზმთან. მან უპასუხა, მიუხედავად იმისა, ტროცკი ამას დაჟინებით მოითხოვდა, მე წინააღმდეგი ვიყავიო. მაშინ ვიშინსკიმ ჯიქურ დაუსვა კითხვა: “იყავით თუ არა თქვენ ტერორისტული აქტების მომხრე?” _ “ვიყავი, დაახლოებით 1931 წლიდან”, _ უპასუხა ბუხარინმა.

ვიშინსკი: 1918 წელს თქვენ არ იყავით ჩვენი პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა მკვლელობის მომხრე?

ბუხარინი: _ არ ვიყავი.

ვიშინსკი: _ თქვენ ხომ იყავით ლენინის დაპატიმრების მომხრე?

ბუხარინი: _ იყო ორი ასეთი შემთხევვა, რომელთაგან პირველის შესახებ მე თვით ლენინს ვუთხარი; მეორეზე, კონსპირაციული თვალსაზრისით, დუმილი ვარჩიე.

ვიშინსკი: _ ვლადიმერ ილიჩის მკვლელობის განზრახვაზე ლაპარაკობთ?

ბუხარინი: _ 24-საათიან დაკავებაზე იყო ლაპარაკი…

ვიშინსკი: _ და თუ ვლადიმერ ილიჩი არ დანებდებოდა?

ბუხარინი: _ მაგრამ, ვლადიმერ ილიჩი, როგორც ცნობილია, არ ებმებოდა შეიარაღებულ ბრძოლაში.

ვიშინსკი: _ თქვენ იმედოვნებდით, რომ ლენინი დაპატიმრების მცდელობისას წინააღმდეგობას არ გაგიწევდათ?

ბუხარინი: _ მაგალითად ძერჟინსკი გამოდგება. დაპატიმრებისას მას ესერებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ვიშინსკი: _ ამხანაგ სტალინის დაპატიმრება 1918-ში არ გიცდიათ?

ბუხარინი: _ არა სტალინის, არამედ იყო გეგმა ლენინის, სტალინის, სვერდლოვის დაპატიმრებისა.

ვიშინსკი: _ სამივესი?

ბუხარინი: _ ნამდვილად.

ვიშინსკი: _ რაც შეეხება ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის მკვლელობას?..

ბუხარინი: _ ამას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდით.

ვიშინსკი: _ მე შუამდგომლობა შემაქვს სასამართლო კოლეგიაში, გამოიძახოს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განსახილველი საქმის მოწმეები, მემარცხენე კომუნისტების ჯგუფის აქტიური მონაწილენი: იაკოვლევა, ოსინსკი, მანცევი, კარელინი, კამკოვი.

სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა.

ჩვენების მიცემა იაკოვლევამ დაიწყო. მან თქვა, რომ 1918 წელს მემარცხენე კომუნისტებს ხელმძღვანელობდა ბუხარინი და იგი და მთლიანად მისი ჯგუფი ბრესტის ზავის წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთ სხდომაზე, 1918 წლის თებერვალში, ბიუროს წევრმა სტუკოვმა ბუხარინის დავალებით შემოიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური ბრძოლისას ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი არათუ ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის დაპატიმრებას, არამედ მათ ფიზიკურად განადგურებასაც კი არ მოერიდებოდნენ.

ვიშინსკი (ბუხარინს): _ კარელინსა და კამკოვთან გქონდათ საუბარი ლენინის დაპატიმრების შესახებ?

ბუხარინი: _ ვადასტურებ, მქონდა… და იმ სამეულის შესახებაც, რომლებზეც იაკოვლევამ ისაუბრა.

ვიშინსკი: _ როგორ უნდა დაგეპატიმრებინათ, რის გამო და რა მიზნით?

ბუხარინი: _ ახალი მთავრობის შექმნის მიზნით.

ვიშინსკი: _ ვინ იყო ლენინის, სტალინისა და სვერდლოვის დაპატიმრების ინიციატორი?

ბუხარინი: _ ინიციატორი იყო ტროცკი.

ვიშინსკი: _ თქვენ დაეთანხმეთ, მხარი დაუჭირეთ?

ბუხარინი: _ დიახ. ფაქტობრივად, მხარი დავუჭირე.

იაკოვლევას ჩვენება დაადასტურეს მანცევმა, ოსინსკიმ, კამკოვმა. მანცევმა დასძინა, რომ გადაწყვეტილი იყო პარტიის ბელადების ფიზიკური განადგურება.

ვიშინსკი: _ წინასწარი გამოძიებისას თქვენ თქვით, 20 წლის განმავლობაში საბჭოთა ხალხისგან დამალული იყო ფაქტი, რომ თქვენ ბუხარინისგან დავალებული გქონდათ ლენინის მოკვლა. ამას ადასტურებთ?

კარელინი: _ ვადასტურებ.

სასამართლო გადავიდა ექიმების დაკითხვაზე, რომლებმაც განზრახ, არასწორი მკურნალობის შედეგად, სიცოცხლეს გამოასალმეს მაქსიმ გორკი, მისი შვილი _ მაქსიმ პეშკოვი, კუიბიშევი, მენჟინსკი. ექიმმა ლევინმა სასამართლოს განუცხადა, რომ ერთ-ერთი საუბრისას იაგოდამ მითხრა, მაქსიმ გორკის შვილი, მაქსიმ პეშკოვი, უვარგისი ადამიანია, იგი ცუდ ზეგავლენას ახდენს მასაზე და მისი მოცილება აუცილებელიაო.

ვიშინსკი: _ ესე იგი?

ლევინი: _ უნდა მომეხერხებინა მისი მოკვლა.

ვიშინსკი: _ ე.ი., უნდა მოგეკლათ?

ლევინი: _ დიახ.

ვიშინსკი: _ მაშასადამე, იაგოდამ თქვენ დაგავალათ ამ საქმის გაკეთება?

ლევინი: _ მან მითხრა, ამ საქმეში უნდა დაგვეხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც და თქვენს ოჯახსაც დაღუპვა გელითო. და მეც ჩავთვალე, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, უნდა დავმორჩილებულიყავი.

ვიშინსკი: _ პროტესტის გამოთქმა არ გიცდიათ ან ვინმესთვის გამხელა?

ლევინი: _ არა. იაგოდასთან ჭიდილი შეუძლებელი იყო. პირიქით, მოგვიანებით, უკვე 1933-ში, იგი შემეკითხა მენჟინსკის ჯანმრთელობის შესახებ და, როცა ვუთხარი, რომ იგი მძიმე ავადმყოფია, მითხრა, რა საჭიროა გაჭიანურება, დავაჩქაროთ. ის მაინც განწირულიაო.

ვიშინსკი: _ თქვენ არ უთხარით იაგოდას, რომ მენჟინსკი კიდევ იცოცხლებს?

ლევინი: _ რა თქმა უნდა, ვუთხარი.

ვიშინსკი: _ რა გიპასუხათ?

ლევინი: _ მან მითხრა: მე მაქვს ინფორმაცია, რომ იგი ცოცხალი ლეშიაო.

ვიშინსკი: _ გითხრათ იაგოდამ, რომ მენჟინსკის მოკვდინება აუცილებელია?

ლევინი: _ მითხრა.

ვიშინსკი: _ და თქვენ უთხარით, რომ საჭირო იყო ამ საქმეში ჩაერთოთ…

ლევინი: _ ექიმი კაზაკოვი.

ვიშინსკი: _ თქვენ კაზაკოვი მენჟინსკის სამკურნალოდ მოიწვიეთ თუ მოსაკლავად?

ლევინი: _ მოსაკლავად.

ვიშინსკი: _ ბრალდებულო კაზაკოვ, ადასტურებთ ლევინის ჩვენებებს?

კაზაკოვი: _ ძირითადად, ვადასტურებ.

ლევინი ყვება: _ ერთხელ იაგოდამ პირდაპირ გვითხრა: აუცილებელია მაქსიმ პეშკოვის მოკვლა. საქმე ის არის, რომ გორკის ძალიან უყვარს თავისი შვილი, მისი სიკვდილი მძიმე დარტყმა იქნება მამისთვის, იგი მას უწყინარ მოხუცად აქცევს… თქვენ უნდა მოკლათ მაქსი. ჩვენი ერთობლივი მავნებლური მოქმედების შედეგად 1934 წლის 10 მაისს გარდაიცვალა მენჟინსკი, ხოლო მეორე დღეს _ მაქსიმ პეშკოვი. შემდეგ მსხვერპლად იაგოდამ კუიბიშევი დაასახელა.

ვიშინსკი: _ განსასჯელო იაგოდა, ადასტურებთ ლევინის ჩვენებას?

იაგოდა: _ დიახ, ვადასტურებ.

ვიშინსკი: _ თქვენ ასეთ დავალებებს აძლევდით?

იაგოდა: _ კი, ვაძლევდი.

ლევინმა ისაუბრა იმაზეც, როგორ მოკლეს კუიბიშევი და გორკი. “ეს იყო მათი უაღრესად არასწორი, მავნებლური “მკურნალობის” შედეგი, _ დაასკვნა მან.

ვიშინსკი: _ რა როლი ითამაშეს რიკოვმა და ბუხარინმა მაქსიმ გორკის მკვლელობაში?

იაგოდა: _ ენუქიძის გადმოცემით, ვიცოდი, რომ ისინი მონაწილეობდნენ აღნიშნული საკითხის განხილვაში.

ვიშინსკი (ბუხარინს): _ თქვენთვის ცნობილი იყო, რომ გორკის მიმართ მტრულად განწყობილი იყო არა მხოლოდ ტროცკი, არამედ ტროცკისტებიც?

ბუხარინი: _ 1935 წელს ტომსკიმ მითხრა, რომ ტროცკი გორკის მიმართ რაღაც მტრულ აქციას ამზადებდა.

ვიშინსკი: _ მაშასადამე, იცოდით, რომ გორკის მიმართ მზადდებოდა მტრული აქცია?

ბუხარინი: _ ვიცოდი.

შემდეგ ჩვენება მისცა კრიუჩკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მაქსიმ გორკისა და მისი შვილის, მაქსიმ პეშკოვის, სიკვდილი მის სინდისზეა, და რომ ეს ჩაიდინა იაგოდას დავალებით.

სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა გარდაცვალების მიზეზი ექიმების მხრიდან დანაშაულებრივი, არასწორი მეთოდებით მკურნალობის შედეგი იყო.

საბოლოო საბრალდებო სიტყვაში ვიშინსკიმ აღნიშნა, რომ პროცესმა ბოლომდე გამოააშკარავა მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის საქმიანობის ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი; დაასაბუთა, რომ ისინი იყვნენ ფაშისტური დაზვერვის დაქირავებული აგენტები და მოქმედებდნენ მისი დავალებით. ბუხარინები და რიკოვები, იაგოდა და ბულანოვები, კრესტინსკები და როზენგოლცები… ეს იგივე “მეხუთე კოლონაა”, ეს ერთ-ერთი რაზმია საერთაშორისო არენაზე მოქმედი პროვოკატორებისა და ომის გამჩაღებლებისა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here