მთავარი ყველაზე ყველაზე მსოფლიოს ულამაზესი პლაჟები

მსოფლიოს ულამაზესი პლაჟები

92
გააზიარეთ

თუ არ გიყვართ პლაჟზე დასვენება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, უბრალოდ, არ ყოფილხართ პლაჟზე _ ზედმეტი არაფერი, მხოლოდ ლაჟვარდოვანი ყურეები, ტროპიკული კორომები და აბრეშუმივით რბილი ქვიშა. საუკეთესო პლაჟების სარეიტინგო სია სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემისა და მოგზაურების შეფასებების გათვალისწინებით არის შედგენილი. თქვენ კი შეგიძლიათ, ამოირჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ზაფხულის ცხელ დღეებში შესანიშნავად დაისვენოთ.

სიყვარულის პლაჟი, კუნძული მარიეტა, მექსიკა

მექსიკამ იცის საიდუმლოს შენახვა: ულამაზესი პლაჟი დამალულია უკაცრიელ კუნძულზე, კლდეების შიგნით. საიდუმლო შესასვლელი ზღვის უკუქცევის შემდეგ იღება, როცა წყალი უკან იხევს. პატარა ნავით ან ცურვით ვიწრო გვირაბს გაივლით და მოხვდებით თეთრქვიშიან სანაპიროზე. მზის სხივების მეშვეობით, რომლებიც “გამოჭრილი” მრგვალი ნახვრეტიდან ეცემა, წყალი სიყვარულის პლაჟზე ფირუზისფერია, კლდის კედლები კი ამ მყუდრო კუთხეს ქარისგან იცავს, ამიტომ აქ ტალღები ყოველთვის წყნარია, წყალი _ სუფთა.

კალა-ენ-პორტერი, კუნძული მენორკა, ესპანეთი

მინიატურული კურორტი კალა-ენ-პორტერი დანახვისთანავე შეგიყვარდებათ. პლაჟზე ჩასასვლელად 180-საფეხურიან კიბეზე დაშვება მოგიწევთ (ასვლისასაც ამდენივე უნდა აიაროთ). სასტუმროები და კოტეჯები განლაგებულია კლდეებზე, რომლებიც გარს ერტყმის ქვიშიან სანაპიროს. წყალი ისეთი გამჭვირვალეა, რომ ფსკერის დათვალიერებას შეძლებთ.

ძველი გამოქვაბულები ესპანელებს რესტორნებად და ბარებად აქვთ გადაკეთებული.

ელ-ნიდო, კუნძული პალავანი, ფილიპინები

პალავანის ჩრდილოეთ ნაწილთან დაჯგუფებულია ათეულობით პატარა კუნძული. თეთრ ქვიშას გადაჰყურებს მთები ტროპიკული ტყეებით. ლაგუნებში წყალი ისე ბრწყინავს, როგორც დისკო-სფერო.

ვარდისფერი პლაჟი პინკ სენდ ბიჩი, ბაჰამის კუნძულები

ფოტოების მიხედვით ძნელი დასადგენია, სინამდვილეში როგორი ფერისაა პლაჟის ქვიშა, რადგან ზოგჯერ კაშკაშა ვარდისფერია, ზოგჯერ _ მკრთალი. ეს არ არის ფოტოშოპი ან სინათლის თამაში. როცა თეთრი ქვიშა ერევა მარჯნისა და წითელი ნიჟარების უწვრილეს ნაწილაკებში, იღებს ნაზ ვარდისფერს, ტალღები კი ქვიშას მკვეთრ ფერებში წარმოაჩენს.

კაიო-კოკო, კუბა

კაიო-კოკოზე პლაჟების, სასტუმროებისა და ბარების გარდა არაფერია, მაგრამ იქ მოხვედრაზე ოცნებობენ ფოტოგრაფები, დაივერები (ყვინთვის მოყვარულები), კოქტეილ “პინა კოლადასა” და კუბური მუსიკის მოყვარულები. მომსახურე პერსონალი კუნძულზე მეზობელი ქალაქებიდან ჩადის, ამიტომ ბუნება თითქოს ხელუხლებელია, მოულოდნელად შეიძლება ფლამინგოც გამოჩნდეს. ქვიშა შაქრის ფხვნილს ჰგავს, რომელზეც მიმოფანტულია ზღვის ვარსკვლავები და მარჯნები.

ტუერედა, კუნძული სარდინია, იტალია

ტუერედა ლამაზია, როგორც ველური, ძნელად მისასვლელი პლაჟები, მაგრამ მასთან მისვლა არც ისე რთულია. ტირენიის ზღვა ქალაქ კალიარის აეროპორტიდან 1 სთ-ის სავალზეა. სანაპირო დაფარულია ოქროსფერი ქვიშით. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა.

ანსე ლაციო, კუნძული პრასლენი, სეიშელი

ფირუზისფერი წყალი, რომელშიც თითოეული თევზი ჩანს, პალმები, რომლებიც ზოლიან ჩრდილებს ქმნის ოქროსფერ სანაპიროზე და გიგანტური ლოდები _ ასეთია კუნძულ პრასლენის სანაპირო, სეიშელის კუნძულის პლაჟი საუკეთესოა სნორკლინგისთვის.

ყურე ნავაიო, კუნძული ზაკინტოსი, საბერძნეთი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მაღალი თეთრი კლდეების ფონზე ჟანგმოკიდებული გემი ბუტაფორიაა ლამაზი ფოტოგრაფიებისთვის, მაგრამ გემი ნამდვილია, როგორც კონტრაბანდისტები, რომლებმაც ის ყურეში მიატოვეს, როცა დევნისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

ადგილს ჰქვია ნავაიო “გემების დაღუპვის” ადგილი, მაგრამ ათასობით ტურისტი იქ ყოველ ზაფხულს, ბანდიტებზე ისტორიების მოსასმენად კი არა, ულამაზესი ხედების სანახავად ჩადის. ტურისტებს ხიბლავს თეთრკენჭებიანი პლაჟი, ცისფერი წყალი და მიუვალი კლდეები.

მაია-ბეი, ფი-ფი-ლეს კუნძული, ტაილანდი

მაია-ბეიზე გადაღებულია ფილმი “პლაჟი” ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით. ეკრანებზე ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ფი-ფი-ლეს კუნძულზე დასვენება ისეთმა ადამიანებმაც კი მოისურვეს, რომლებმაც ტაილანდის შესახებ არაფერი იცოდნენ. ზურმუხტისფერი წყალი და რბილი თეთრქვიშიანი სანაპირო სამი მხრიდან მაღალი კლდეებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ალაგ-ალაგ ტროპიკული მცენარეებითაა დაფარული. აქ ათობით ნავს, კატერსა და ბორანს ყოველდღიურად 5 ათასამდე ტურისტი მოჰყავს საცურაოდ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here